პანტოპრაზოლი ნორმონი — კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ

პანტოპრაზოლი ნორმონი აპკიანი გარსით დაფარული, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტების სახით ესპანეთში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლს შეიცავს, რომლის დოზირება ტაბლეტებში განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 20მგ და 40მგ პანტოპრაზოლის შემცველი ტაბლეტებია ხელმისაწვდომი.

პანტოპრაზოლი ნორმონი 20მგ-ისა და პანტოპრაზოლი ნორმონი 40მგ-ის ერთ შეკვრაში 28-28 ტაბლეტია. პრეპარატი ორივე დოზირებით რეცეპტის გარეშე გაიცემა.

როდის გამოიყენება პანტოპრაზოლი ნორმონი?  

პანტოპრაზოლი ნორმონი პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას, ასევე მათი რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით გამოიყენება.

პანტოპრაზოლით მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, რომლის დროსაც მჟავის კუჭიდან საყლაპავში უკან გადასვლა ხდება. აღნიშნული დარღვევისას ვითარდება ანთება, პაციენტი კი ტკივილსა და გულძმარვას უჩივის.

პრეპარატი გამოიყენება ასევე ეროზიული ეზოფაგიტი დროს, რომელსაც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლა იწვევს. პანტოპრაზოლი ნორმონით მკურნალობენ ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მქონე პაციენტებსაც. მსგავს შემთხვევებში კუჭის მჟავის წარმოქმნის შემცირება საყლაპავის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ნევროტული გენეზის დისპეფსიების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები, პანტოპრაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობისა და 16 წლამდე ასაკის პირებში.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი 

პანტოპრაზოლი ნორმონი პროტონული ტურბოს ინჰიბიტორების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. პანტოპრაზოლი წარმოადგენს ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლს, რომელიც პარიენტალური უჯრედების პროტონულ ტურბოზე ზემოქმედების ხარჯზე კუჭში მარილმჟავას გამომუშავებას თრგუნავს და მჟავიანობის დონეს ამცირებს.

პანტოპრაზოლი აქტიურ ფორმაში აინჰიბირებს ფერმენტ H+ K+ ატფ-აზას, რითაც მარილმჟავას გამომუშავების ბოლო ეტაპის ბლოკირებას უზრუნველყოფს. ეს ეფექტი პრეპარატის დოზაზეა დამოკიდებული. პანტოპრაზოლი მარილმჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას თრგუნავს.

პაციენტებში სიმპტომატური გაუმჯობესება, როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება.

პანტოპრაზოლი ნორმონის მიღების წესი და დოზირება 

პრეპარატი პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. პანტოპრაზოლი ნორმონის ტაბლეტი მთლიანად, დაუღეჭავად და გატეხის გარეშე უნდა გადაიყლაპოს. ამისთვის მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებაც საკმარისია. მედიკამენტი საუზმის წინ და ვახშმამდე გამოიყენება.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიული გასტრიტის დროს დღიური რეკომენდებული დოზა 40-80 მგ-ს შეადგენს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა თორმეტგოჯა ნაწლავის შემთხვევაში 2 კვირაა, კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას კი - 4-8 კვირა.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით დღეში 20 მგ პანტოპრაზოლია რეკომენდებული.

ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის დადგენისას ტარდება ერადიკაცია - სამმაგი თერაპიის სახით გამოიყენება კომბინაციები, რა შემთხვევაშიც პანტოპრაზოლ ნორმონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-40 მგ-ს 2-ჯერ მისაღებად. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-14 დღეს მოიცავს. კომბინაცია ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს, კომბინირებული თერაპიის დასრულების შემდეგ კი პრეპარატ პანტოპრაზოლი ნორმონით მკურნალობა შეიძლება წყლულის შეხორცების მიზნით გაგრძელდეს.

საყურადღებოა, რომ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ჰელიკობაქტერ პილორის ერადიკაციული თერაპია არ ენიშნებათ.

მსუბუქი ხარისხის გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების მკურნალობისას დღიური რეკომენდებული დოზა 20 მგ პანტოპრაზოლს შეადგენს.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დღიურად მისაღებად ინიშნება 40-80 მგ პანტოპრაზოლი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს დოზა 2 დღეში ერთხელ მისაღებად, 40 მგ-მდე უნდა შეუმცირდეთ. მკურნალობის პარალელურად მნიშვნელოვანია სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლის ფერმენტების აქტივობა მოიმატებს, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, თუმცა სადღეღამისო დოზა 40 მგ-ს არ უნდა აჭარბებდეს.

პანტოპრაზოლი ნორმონის გვერდითი ეფექტები  

პანტოპრაზოლის მიღებას შესაძლოა მოჰყვეს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მათ შორის: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მეტეორიზმი.

პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტების ნაწილი თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას უჩივის.

გარდა ამისა, პანტოპრაზოლმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგია: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია და ანაფილაქსიური რეაქციები.

მედიკამენტის უკუმოქმედებებს შორის არის ასევე მიალგია (კუნთების ტკივილი), სისუსტე და მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა. ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე და ფოტოსენსიბილიზაცია (ჭარბი მგრძნობელობა სხივური ზემოქმედებისადმი).