
ოტიპაქსი ფრანგული წარმოების ყურის წვეთებია, რომელიც ფენაზონსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით, პრეპარატში ასევე შედის ნატრიუმის თიოსულფატი, გლიცეროლი, ეთანოლი და გამოხდილი წყალი.
ოტიპაქსის ერთ ფლაკონში 16 გ ხსნარია მოთავსებული, რომელშიც 0.64 გ ფენაზონი და 0.16 გ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შედის. PSP-ის აფთიაქებში პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა.
როდის და რისთვის გამოიყენება ოტიპაქსი?
ოტიპაქსი ბავშვებსა და მოზრდილებში ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისა და ტკივილის შემცირების მიზნით გამოიყენება. მას მიმართავენ შუა ყურის ანთების, იმავე ოტიტის მწვავე ფორმის დროს.
მათ შორის, პრეპარატი გამოიყენება გრიპის გართულების შედეგად წარმოქმნილი, ასევე ბაროტრავმული ოტიტის შემთხვევაში. ოტიპაქსი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება.
ამ მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, პრეპარატისგან თავის შეკავებაა საჭირო მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
როგორ და რა დოზებით გამოვიყენოთ პრეპარატი?
ოტიპაქსი რეკომენდებულია როგორც დიდებში, ისე პატარებში, სიცოცხლის პირველი დღიდანვე. ჩვეულებრივ, ინიშნება პრეპარატის 4 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, გარეთა სასმენ მილში ჩასაწვეთებლად. ოტიპაქსით მკურნალობის ხანგრძლივობამ 10 დღეს არ უნდა გადააჭარბოს.
რაც შეეხება გამოყენების წესს, ფლაკონს თეთრი თავსახური უნდა მოეხსნას და საწვეთური მიეხრახნოს, რომელიც მუყაოს კოლოფში წამალთან ერთად არის მოთავსებული. ამის შემდეგ საწვეთურის ცენტრალურ ნაწილზე მსუბუქი ზეწოლაა საჭირო, რათა პრეპარატის წვეთები გარეთა სასმენ მილში მოხვდეს. გამოყენების შემდეგ თავსახური საწვეთურს უნდა მიეხრახნოს და ფლაკონი კვლავ კოლოფში შეინახოს.
ტკივილისა და დაფის აპკის ანთების შემცირება ოტიპაქსის ჩაწვეთებიდან 5 წუთში იწყება. ტკივილის პრაქტიკულად სრული კუპირება კი 15-30 წთ-ის განმავლობაში მიიღწევა.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა, გაუხსნელად შენახვის შემთხვევაში, გამოშვებიდან 3 წელს შეადგენს. გახსნის შემდეგ ოტიპაქსის გამოყენება მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაშია რეკომენდებული. ვადაგასული წამლის ყურში ჩაწვეთება დაუშვებელია.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები ოტიპაქსის გამოყენებისას
მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები ზოგჯერ ოტიპაქსის გამოყენებასაც ახლავს თან, თუმცა ეს არც ისე ხშირია და ყველა პაციენტის შემთხვევაში არ აღინიშნება.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ძალიან იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები, მათ შორის: ქავილი, გაღიზიანება და სიწითლე.
თუ ოტიპაქსის ჩაწვეთების შემდეგ ეს ან სხვა გვერდითი ეფექტები განვითარდება, პრეპარატის გამოყენება შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ.
იმისათვის, რომ უკუმოქმედების რისკები შეამციროთ, მედიკამენტის გამოყენებამდე ზოგჯერ უმჯობესია, რჩევა სპეციალისტს ჰკითხოთ. მაგალითად, თუ სხვა სამკურნალო საშუალებებს იღებთ. მსგავს შემთხვევებში პრეპარატების ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა, თუმცა სიფრთხილის ზომები რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ.
ექიმის ინფორმირება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ პრეპარატების გამოყენებისას ხშირად აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები.
სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ ორსულად ხართ ან ჩვილს ძუძუთი კვებავთ. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ოტიპაქსის გამოყენების უკუჩვენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენით მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების თავიდან არიდებას შეძლებთ, როგორც თქვენთვის, ასევე ნაყოფის ან ჩვილისთვის.
გარდა ამისა, პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია, ექიმმა პაციენტის ყურის დაფის აპკის მთლიანობა შეამოწმოს. თუ ის დარღვეულია, ოტიპაქსის შუა ყურის სტრუქტურებთან კონტაქტმა შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account