ნევროზალი — ნევროზული დაავადებების სამკურნალოდ და მშვიდი ძილისთვის

ნევროზალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, რომელიც საფრანგეთში იწარმოება. ის ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და პასიფლორას, სვიისა და კატაბალახას, იმავე ვალერიანის მშრალ ექსტრაქტებს შეიცავს. ნევროზალში დამხმარე ნივთიერებების სახით ასევე სორბიტოლი და მაგნიუმის მარილების ცხიმოვანი მჟავა შედის.

პრეპარატის ერთ შეკვრაში ორი ბლისტერია, თითოეულ ბლისტერზე კი 15-15 ტაბლეტი. PSP-ის აფთიაქების ქსელში მედიკამენტი რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რისი წამალია ნევროზალი? 

ნევროზალი შფოთვისა და მოუსვენრობის, ასევე ნევრასთენიის მსუბუქი ფორმების, სტრესის შემდგომი მდგომარეობის, შიშისა და დაძაბულობის შესამსუბუქებლად გამოიყენება.

ხშირად მას ექიმი მომატებული აგზნებადობისა და გაღიზიანებადობის შესამცირებლად ნიშნავს. ამასთან ერთად, ნევროზალი ეფექტიანია ემოციური დაძაბულობისა და დათრგუნვის, კონცენტრაციის დაქვეითებისა და ძილთან დაკავშირებული დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მედიკამენტს მიმართავენ კლიმაქტერული სინდრომისა და ე.წ. „მენეჯერის სინდრომის“, მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის დროს.

ნევროზალის ტაბლეტები ანგიონევროზითა (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზით (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) დაავადებული პირებისთვისაც ინიშნება.

პრეპარატი, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილისა და შაკიკის დროსაც გამოიყენება.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ნევროზალის თითოეული ტაბლეტი 40 მგ პასიფლორას, 100 მგ სვიის და ასევე 100 მგ კატაბალახას მშრალ ექსტრაქტებს შეიცავს.

პრეპარატი პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. იმისათვის, რომ ტაბლეტები ადვილად გადაიყლაპოს, დაშვებულია მცირე რაოდენობის სითხის დაყოლება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ წამლის დაღეჭვა და ისე მიღება სასურველი არ არის.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა დღეში 2-3-ჯერ მისაღებად 1-2 ტაბლეტს შეადგენს, იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობა იგეგმება.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დაშვებულია 1 ტაბლეტის მიცემა დღეში 1-3-ჯერ.

როგორ მოქმედებს ნევროზალი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ? 

ნევროზალი ზომიერი სედატიური მოქმედებით ხასიათდება. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იგი შფოთვას, დაძაბულობასა და გაღიზიანებადობას ამცირებს. შედეგად, პრეპარატი ფსიქიკური წონასწორობის აღდგენასა და ძილის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ნევროზალი გულის მუშაობას არეგულირებს და სპაზმოლიზური თვისებებით გამოირჩევა. ამასთან, მედიკამენტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობასაც აძლიერებს.

ნევროზალის ეფექტს მასში შემავალი მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება განაპირობებს. მათ შორის:

პასიფლორა, რომელსაც ვნების ყვავილის სახელითაც მოიხსენიებენ, ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ასევე კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი აქვს. იგი ამას გამა-ამინობუტერინის მჟავის დონის ზრდით და მონოამინ ოქსიდაზის გარკვეულწილად დათრგუნვით ახერხებს.

პირველი მათგანი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც ნეირონების აგზნებადობას ამცირებს. ეს სტრესისა და შფოთვის რეგულირების საშუალებას იძლევა. მეორე მათგანი კი ფერმენტია, რომელიც განწყობის მარეგულირებელ ნეიროტრანსმიტერებზე უარყოფითად ზემოქმედებს. მისი დათრგუნვა უფრო სტაბილური და ამაღლებული განწყობის ჩამოყალიბებას განაპირობებს.

რაც შეეხება სვიას, ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და, მასში შემავალი ალფა მჟავებისა და ფლავონოიდების გავლენით, მსუბუქი საძილე ეფექტი აქვს. სვია ტკივილსა და კრუნჩხვების განვითარების ალბათობასაც ამცირებს. პასიფლორას მსგავსად, ისიც გამა-ამინობუტერინის მჟავის დონის ზრდით მოქმედებს.

დაბოლოს, კატაბალახა ბუნებრივი ძილის გამოწვევას უზრუნველყოფს. მისი დამამშვიდებელი ეფექტი თანდათან ვითარდება და სტაბილურობას ინარჩუნებს. კატაბალახაც გამა-ამინობუტერინის მჟავის დონზე ზემოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ნევროზალი საძილე, სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას აძლიერებს. მის გვერდით მოვლენებს შორის კი იშვითად კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობი ვლინდება.