თეთრი კასტელანი — ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო ხსნარი

თეთრი კასტელანი არის გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის სითხე, ფენოლის დამახასიათებელი სუნით. ის აქტიურად გამოიყენება დერმატოლოგიაში. ეს არის არის გარეგანი გამოყენების ხსნარი, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

საშუალება გამოიყენება კანის ჩირქოვანი და ზედაპირული ჭრილობების დროს, ეროზიების, ნახეთქებისა და და ნაკაწრების დასამუშავებლად. 

გარდა ამისა, თეთრი კასტელანი გამოიყენება კანდიდოზების სამკურნალოდ, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. 

თეთრი კასტელანი იწარმოება 30მლ-იან ნარინჯისფერ მინის ან 25მლ-იან პოლიეთილენის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

შედგენილობა და ფარმაკოლოგიური თვისებები

თეთრი კასტელანის შემადგენლობაში შედის: 

  • რეზორცინი (2.03გ)
  • ბორმჟავა (0.203გ) 
  • ფენოლი (1.016გ) 
  • ეთანოლი 95% (3.05მლ)
  • გამოხდილი წყალი (25მლ-მდე).

თეთრ კასტელანს ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, რადგან მის შემადგენლობაში შემავალ ფენოლს აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება ვეგეტაციური ფორმის მიკროორგანიზმებთან მიმართებით. 

კასტელანის შემადგენლობაში შემავალი ფენოლი ზემოქმედებს კანზე და ლორწოვან გარსზე, როგორც გამაღიზიანებელი და მოსაწვავი საშუალება. იგი ადვილად შეიწოვება კანში და შესაბამისად, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ზემოქმედება (თაბრუსხვევა და საერთო სისუსტე). ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ არ შეიძლება მისი გამოყენება ღრმა ჭრილობების დასამუშავებლად.

როდის არ უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი?

თეთრი კასტელანის უკუჩვენება ვლინდება მომატებული მგრძნობელობით მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

გარდა ამისა, თეთრ კასტელანს ახასიათებს უკუჩვენებები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, შესაბამისად, აკრძალულია მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.     

ამასთან, თეთრი კასტელანის ხსნარი არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

როგორ გამოვიყენოთ თეთრი კასტელანი — დოზირება

როგორც ზემოთ აღინიშნა, თეთრი კასტელანი არის ხსნარი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

რაც შეეხება თეთრი კასტელანის დოზებს: კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებული უბნები უნდა დაიმუშაოთ თეთრი კასტელანის ხსნარით 2-4-ჯერ დღეში კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე.

ხსნარის გაშრობის შემდეგ დამუშავებულ ადგილზე შესაძლებელია მალამოს დატანებაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრი კასტელანის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.            

თეთრი კასტელანის გვერდითი მოვლენები

თეთრმა კასტელანმა კანის დაზიანებულ უბნებზე დატანის შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და ხანმოკლე წვის და ქავილის შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტას.

ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს დერმატიტებისა და ადგილობრივი ალერგიული რეაქციების გამოვლენა.

შენახვის პირობები და ვარგისიანობა

თეთრი კასტელანის ხსნარის გამოყენება შესაძლებელია წარმოებიდან 2 წლის განმავლობაში.

აკრძალულია ხსნარის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რამე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში.

რაც შეეხება შენახვის პირობებს, თეთრი კასტელანის ხსნარი ინახება სინათლისგან დაცულ, ბნელ და გრილ ადგილას.

თეთრი კასტელანის ხსნარი მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფს, შესაბამისად, იგი აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.