
მაგნეო მედიკამენტია, რომელიც მაგნიუმის, კალიუმისა და ასპარაგინმჟავას დეფიციტის დროს, ასევე ამ მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. მისი მთავარი კომპონენტები ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს და ნერვულ, ასევე ნერვულ-კუნთურ გამტარობას აუმჯობესებს; ისინი გულის კუნთის გამართულ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს.
მოდით, გავიგოთ, კონკრეტულად რისგან შედგება და როგორ მუშაობს პრეპარატი მაგნეო, შემდეგ კი მისი მიღების წესი და სიფრთხილის ზომებიც განვიხილოთ.
გაითვალისწინეთ, რომ მაგნეო ბ6 ვიტამინის შემცველ პრეპარატში, მაგნე B6-ში, არ უნდა აგვერიოს. ეს ორი სხვადასხვა მედიკამენტია.
როგორია მაგნეოს შედგენილობა?
პრეპარატის მთავარი კომპონენტები მაგნიუმისა და კალიუმის ასპარტატებია. უფრო ზუსტად, მაგნეოს აბი (მაგნეო 250 მგ.) მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს 250 მგ. მაგნიუმის ჰიდროასპარტატსა და 250 მგ. კალიუმის ჰიდროასპარტატს.
დამხმარე ნივთიერებებია: კარტოფილის სახამებელი, უწყლო კაჟბადის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი, ტალკი და მაგნიუმის სტერეატი. ეს პრეპარატი შაქარს არ შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც უსაფრთხოა.
თუკი პრეპარატი მაღალი დოზებით დაგინიშნეს, გაითვალისწინეთ, რომ მაგნეო 500-მილიგრამიანი შემცველობით ხელმისაწვდომი არ არის. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, 250 მგ.-იანი აბების მიღება მეტი რაოდენობით მოგიწევთ. ეს საკითხი ექიმთან უნდა დააზუსტოთ.
როგორც წესი, სააფთიაქო ქსელებში მაგნეო 50-ტაბლეტიანი შეფუთვით არის ხელმისაწვდომი. მის გადამოწმებას PSP-ს ონლაინაფთიაქიდან შეძლებთ.
როგორ მუშაობს წამალი მაგნეო?
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს პრეპარატი მაგნიუმის, კალიუმისა და ასპარაგინმჟავის დეფიციტის აღსადგენად, ასევე პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
პრეპარატის კომპონენტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გაიწოვება. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინმჟავა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობს და იონების ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება; ეს ნივთიერებები ორგანიზმში ნერვული თუ ნერვულ-კუნთური გამტარობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს და გულის კუნთის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
მაგნიუმს ყველაზე დიდი რაოდენობით ის ქსოვილები შეიცავს, რომლებიც მეტაბოლურ პროცესებში უფრო მეტადაა ჩართული. ესენია: თავის ტვინი და გულის, ასევე ღვიძლის კუნთები. მაგნიუმისა და კალიუმის იონები ერთად მონაწილეობს ძვლის ქსოვილის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
ორგანიზმში მაგნიუმის ჯანსაღი რაოდენობით ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს:
- მცირდება აღგზნებადობა;
- მარტივდება ყურადღების კონცენტრაცია და დაძინება;
- მცირდება სტრესთან დაკავშირებული გამოვლინებები კუნთებში, მათ შორის: კანკალი, კრუნჩხვა და ტიკები;
- მცირდება კორონარული დაავადების განვითარების, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტისა და არითმიის რისკები (მაგნიუმის დეფიციტი ამ რისკებს, პირიქით, ზრდის).
რაც შეეხება კალიუმს, უჯრედებში მისი იონების კონცენტრაცია იმაზე 15-ჯერ მეტია, ვიდრე არაუჯრედულ სითხეში. თუ კალიუმის დეფიციტის შედეგად ეს ბალანსი და კალიუმის ცვლა დაირღვევა, შესაძლოა, ზოგიერთი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას სერიოზული საფრთხე შეექმნას.
ეს სისტემებია:
- ნერვული სისტემა, ასევე ნერვული და ნერვულ-კუნთური გამტარობა (მოიაზრება მოძრაობა, გულის კუნთისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციონირება);
- სისტემები, რომლებიც უჯრედიდან ქსოვილის უჯრედში სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტირებას ემსახურება (კვება, სუნთქვა, გამოყოფა);
- სისხლის მიმოქცევისა და გამომყოფი სისტემები, მათ შორის წყლისა და ელექტროლიტების ცვლის მოწესრიგება (პერიფერიული წნევისა და სისხლის მჟავიანობის ზღვრის შენარჩუნების გზით).
ასპარაგინის მჟავა, თავის მხრივ, ნეიროტრანსმიტერია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. იგი ორგანიზმის აქტივობას ასტიმულირებს; ამასთანავე, ეს ნივთიერება უჯრედებში კალიუმის, ნატრიუმისა და კალციუმის იონების კონცენტრაციას არეგულირებს.
როგორ მივიღოთ პრეპარატი — ინსტრუქცია
გაითვალისწინეთ, რომ მაგნეოს მიღება ყოველთვის უსაფრთხო არაა, მაგალითად, მაშინ, თუ პარალელურად მაგნიუმის ან კალიუმის შემცველ მედიკამენტებს იღებთ. ამან, შესაძლოა, დოზის გადაჭარბების საფრთხე შეგიქმნათ. ამასთანავე, პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ძლიერი გაუწყლოების დროს და სხეულის ფართო დაზიანებებისას (მაგალითად, როცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარია). ხანდაზმულებისთვის მაგნეო სიფრთხილით ინიშნება, რადგან ამ ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში კალიუმის გამოყოფა დაქვეითებულია.
ეს პრეპარატი პერორალურად მიიღება, წყლის მიყოლებით. უფროსებმა დღეში სულ 2-6 ტაბლეტი უნდა მიიღონ; სასურველია, ეს დილასა და საღამოს გააკეთოთ, დაყოფილი დოზებით. ზუსტ დოზას ექიმი განსაზღვრავს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მაგნეოს დოზა გამოგრჩებათ, კომპენსაციის მიზნით ეს წამალი ორმაგი რაოდენობით არ უნდა მიიღოთ. ამ შემთხვევაში მაგნეოს კვლავაც დანიშნულ დროს უნდა მიმართოთ სტანდარტული დოზით, ანუ მისი გამოყენება ჩვეულებრივად უნდა განაგრძოთ. თუკი ამ პრეპარატის დოზას გადააჭარბებთ, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ფარმაცევტს დაუკავშირდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ მაგნეო ხანგრძლივი მოხმარებისას მაგნიუმისა და კალიუმის დონეები უნდა აკონტროლოთ.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ მაგნეოს მიღებისას?
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ პრეპარატის მიღებისას ზოგჯერ გვერდითი მოვლენები იჩენს თავს. შეიძლება წარმოიშვას სხვა პრობლემებიც, თუკი მას ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად გამოვიყენებთ ან შენახვის პირობებს არ დავიცავთ.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატმა?
სხვა პრეპარატების მსგავსად, გვერდით მოვლენებს ზოგჯერ მაგნეოს გამოყენებაც იწვევს. თუკი მას ჭამამდე მიიღებთ, შესაძლოა, ღებინება და დიარეა დაგეწყოთ. სხვა გვერდითი ეფექტების (რომლებიც პრეპარატისათვის თანდართულ ინსტრუქციაში არ წერია) გამოვლენის შემთხვევაში, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. სამედიცინო დახმარებაა საჭირო მაშინაც, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ძლიერ დისკომფორტს გიქმნით ან დიდხანს გრძელდება.
სხვა მხრივ, ცნობილია, რომ ეს მედიკამენტი არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის ანდა სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
რომელ წამლებთან ურთიერთქმედებს მაგნეო?
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მაგნეო ზოგიერთ მედიკამენტთან ინტერაქციაში შედის. სხვა სიტყვებით, მასთან ერთად სხვა წამლის მიღებისას, შესაძლოა, რომელიმეს მოქმედება შეიცვალოს. სწორედ ამიტომ, მაგნეოს მიღებამდე აუცილებლად უნდა აცნობოთ, იყენებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს — იქნება ეს რეცეპტული თუ ურეცეპტო საშუალებები.
ცნობილია, რომ მაგნიუმის შემცველი პრეპარატები (როგორიცაა მაგნეო) შედედების საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების (მაგალითად, ვარფარინის პროდუქტები) შეწოვის უნარს აქვეითებს.
მაგნეოსთან ერთად არ უნდა გამოიყენოთ შემდეგი ნივთიერებები: ფოსფატები, რკინის შემაერთებლები, კალციუმი (საუბარია მაღალ დოზაზე), ფტორქინოლონი და ტეტრაციკლინი. თუკი ამ წამალთან ერთად მათი გამოყენება აუცილებელია, მიღებებს შორის ინტერვალი მინიმუმ 3 საათი უნდა იყოს. ფოსფატების, რკინის შემაერთებლებისა და კალციუმის შემცველი საშუალებების გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის უნარს აქვეითებს.
საგულისხმოა ისიც, რომ მაგნეოსთან ერთად მაგნიუმის შემცველი სხვა პრეპარატების (რომლებიც კუჭის მჟავას ასუსტებს ან ანეიტრალებს) მიღებამ, შესაძლოა, მაგნიუმით მოწამვლის სიმპტომები გამოიწვიოს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მეორე მხრივ, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების, აკფ ინჰიბიტორებისა და ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი არასტეროიდული პრეპარატის (მაგალითად, ინდომეტაცინი) მიღებისას იზრდება რისკი, რომ კალიუმის ნაკლებობა განვითარდება.
როგორ უნდა შევინახოთ ეს წამალი?
მაგნეო მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, აუცილებლად ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ უნდა მიიღოთ, თუ შეფუთვაზე დატანილი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account