იბუპროფენი — რა უნდა ვიცოდეთ ტკივილგამაყუჩებლის შესახებ


იბუპროფენი ტკივილგამაყუჩებელია, რომლის მთავარი, აქტიური ნივთიერებაც თავად იბუპროფენია.  ის შეიძლება შეგხვდეთ როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიის ფორმით.

მედიკამენტი სხვადასხვა დოზის ტაბლეტებში გვხვდება - იბუპროფენი 200მგ-იანი, იბუპროფენი 400მგ-იანი და იბუპროფენი 600 მგ-იანი დოზით.

პსპ-ში შესაძლებელია ისეთი ცნობილი წარმოების მედიკამენტების შეძენა, როგორიცაა ესპანური წარმოების იბუპროფენ ნორმონი 400 მგ-იანი და გერმანიაში წარმოებული იბუპროფენ დენკი 400 მგ.  წამლის ფასი ცვალებადია.

გარდა ამისა, შესაძლებელია იბუპროფენი სიროფის სახითაც შეიძინოთ - იბუპროფენ ნორმონი 200მლ-იანი.

რისი წამალია იბუპროფენი? 

ეს ტკივილგამაყუჩებელი გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკივილის დროს და გაიცემა ურეცეპტოდ.

იბუპროფენის მიღება შეგიძლიათ ზომიერი ან სუსტი ტკივილის დროს, როგორიცაა თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი გავა-წელის მიდამოში, ძვლების და სახსრების ტკივილი, ნევრალგიური ტკივილები.

მედიკამენტი მიიღება მენსტრუალური ტკივილისა და გრიპის, გაციების და სხვა ინფექციური დაავადებებისას. 

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იბუპროფენი განურჩევლად იმისა, თუ რა დოზით ან ფორმით იღებთ, დროებითი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუკი მისი მოხმარების დროს ტკივილი ნარჩუნდება, ძლიერდება ან ახალი სიმპტომებიც ჩნდება, რეკომენდირებულია, რომ მიმართოთ ექიმს.

იბუპროფენის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

იბუპროფენის ანოტაციის მიხედვით, ტკივილგამაყუჩებლის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ გვერდით მოვლენებს. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მუცლის ტკივილით, გულისრევითა და გულძმარვით, ღებინებით, დიარეით, თავის ტკივილით, ქავილით,  გაღიზიანებითა და დაღლილობის გრძნობით და სხვ. 

იშვიათად, თუმცა, შეიძლება მაინც გამოვლინდეს მელენა, ჰემატემეზი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანი ანთება, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, თირკმლის უკმარისობა, ანემია, ჰემოგლობინის დაცემა და ა.შ. 

აუცილებელია, რომ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს და არ ვცადოთ თვითმკურნალობა.

იბუპროფენის უკუჩვენებები შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტის მიმღებს აქვს:

  • მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • ალერგიის სიმპტომები, ჭინჭრის ციება ან ასთმა;
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
  • თირკმლის, ღვიძლის ან/და გულის გამოხატული უკმარისობა;
  • ორსულობის III ტრიმესტრი;
  • ჰემორაგიული დიათეზი;
  • სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებისას, მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორებისა. 

შეიძლება თუ არა იბუპროფენი ბავშვებისთვის?  

  • 12 წლამდე მოზარდებში მედიკამენტი არ გამოიყენება – იბუპროფენი საბავშვო დოზით არ იწარმოება. გავრცელებული მითია, რომ იბუპროფენი 200მგ-იანი ბავშვებში გამოიყენება, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ყოველთვის უმჯობესია, გავესაუბროთ ექიმს.
  • 12 წელს გადაცილებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მედიკამენტი შეიძლება მიიღონ ისე, როგორც მოზრდილმა პაციენტებმა — 1 ტაბლეტი 4 საათში ერთხელ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ დღეში 1200მგ იბუპროფენზე მეტის მიღება არ შეიძლება. 

იბუპროფენი ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში 

მედიკამენტი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში არ გამოიყენება, ხოლო მესამე ტრიმესტრში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. 

რაც შეეხება ძუძუთი ბავშვთა კვების დროს მედიკამენტის მიღებას — ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევები, რომლებიც დედის მიერ პრეპარატის დალევის რაიმე მავნე გავლენას დაადასტურებდა. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ იბუპროფენის მიღება ლაქტაციის დროს უნდა მოხდეს ხანმოკლე მკურნალობისთვის (ტკივილის გასაყუჩებლად, სიცხის დამწევად, ა.შ.)