
21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ დაავადებად გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლა/დაკარგვა ითვლება. მიზეზი არაჯანსაღი კვება, მავნე ნივთიერების მოხმარება, ჯდომითი სამუშაოები, სტრესი და სხვა ჯანმრთელობისთვის არასასურველი ჩვევებია. ამ დაავადებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კი ათეროთრომბოზული დარღვევებია. ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც ორგანიზმში საჭიროების გარეშე ხდება სისხლის შედედება.
ეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საკმაოდ მძიმე დაავადებაა, ამიტომ თუ იგრძენით კიდურების დაბუჟება, ჰიპერტენზია, გულის არეში ტკივილი ან სხვა უჩვეულო სიმპტომი, აუცილებლად მაშინვე მიმართეთ ექიმს, რომ მოხდეს სასწრაფო დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის კურსის დანიშვნა.
ჩვენ ბლოგში კი მედიკამენტ ზილტზე გესაუბრებით, რომელსაც მედიკოსები ათეროთრომბოზული დარღვევების პროფილაქტიკისთვის მიმართავენ, რათა დაავადება არ განვითარდეს და მძიმე შედეგამდე მისი კონტროლი შესაძლებელი გახდეს.
რისი წამალია ზილტი?
თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც სმენია ისეთი ავადმყოფობის შესახებ, როგორიც არის იშემია, ინფარქტი ან სისხლძარღვების ოკლუზია. ყოველი მათგანი სწორედ ათეროთრომბოზულ წარმონაქმნებთან არის კავშირში.
მიოკარდიუმის ინფარქტის (ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო) ან იშემიური ინსულტის (არტერიის თრომბით დახშობა) საშიშროების, ანუ თრომბების პათოლოგიური წარმოქმნისკენ მიდრეკილებისას, პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია მიიღოთ ანტითრომბოზული პრეპარატები. მათ შორის ერთ-ერთი მაღალეფექტიანი საშუალებაა ზილტია, რომლის საერთაშორისო დასახელებაა კლოპიდროგელი.
რომელი დაავადების პროფილაქტიკისთვის ინიშნება პრეპარატი და როგორ მუშაობს ის
- ათეროთრომბოზული დარღვევები;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- პერიფერიული არტერიების თრომბოზი;
- სისხლძარღვოვანი დაავადება;
- ათეროსკლეროზი;
- იშემიური ინსულტი.
ვინაიდან ზილტი 75 ებრძვის თრომბების წარმოქმნას, იგი მიეკუთვნება ანტიაგრეგანტულ, ანუ შედედების საწინააღმდეგო საშუალებათა ჯგუფს. მისი აქტიური ნივთიერებაა კლოპიდოგრელი 75 მგ, კლოპიდოგრელის ჰიდროსულფატის სახით.
ეს ნივთიერებები თრომბოციტებზე არსებულ რეცეპტორებს კონკურენტული გზით უკავშირდება და ხელს უშლის შედედების აქტივაციას. თრომბოციტური ფუნქცია აღდგება პრეპარატის მოხსნიდან 7-10 დღეში
როგორია პრეპარატის მიღების წესები და უკუჩვენებები
ზილტის დღიური დოზა როგორც მოზრდილ, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში არის 1 აბი ანუ 75მგ. წამლის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. ანუ ის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დალიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი რეკომენდებულია პროფილაქტიკის მიზნით და მისი მიღების განმავლობაში პრეპარატი ეფექტიანობის პიკს უკვე 3-7 დღის განმავლობაში აღწევს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიღება ყველა ტიპის პაციენტისთვის არ არის სასურველი.
პაციენტი, რომელიც მიდრეკილია ალერგიისკენ, ფრთხილად უნდა იყოს ზილტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ, რომელსაც მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ.
ასევე უკუჩვენება ფიქსირდება:
- თირკმლის მწვავე უკმარისობის;
- მწვავე სისხლდენის (მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულიდან, ქალაშიდა სისხლჩაქცევა);
- ლაქტაციის დროს.
ვინ უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილად ზილტით მკურნალობის დროს
დაიმახსოვრეთ, კლოპიდოგრელით მკურნალობა პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დაუშვებელია იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი.
ხოლო პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ღვიძლის უკმარისობით, სისხლდენის მომატებული რისკის გამო, ამ ნივთიერებით მკურნალობა ენიშნებათ დიდი სიფრთხილით.
ტრავმის, ოპერაციის ან სისხლდენის სხვა პათოლოგიის დროს, განსაკუთრებით, კუჭ - ნაწლავის და თვალშიდა სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილი პაციენტებისთვის, კლოპიდოგრელის გამოყენება სახიფათოა, რადგან იგი ახანგრძლივებს სისხლდენას.
ასევე გახსოვდეთ, თუ გეგმავთ ოპერაციის გაკეთებას (მათ შორის სტომატოლოგიურ პროცედურებს), ზილტით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ მინიმუმ 7 დღით ადრე.
არ დაგავიწყდეთ, მკურნალობის პროცესში აუცილებელია ჰემოსტაზის სისტემის მაჩვენებლების (თრომბოციტების რაოდენობა, თრომბოციტების ფუნქციონალური აქტივობის ტესტები) კონტროლი; ღვიძლის ფუნქციური აქტივობის რეგულარული კვლევა.
რა გვერდით ეფექტებს უნდა ველოდოთ პრეპარატით თერაპიისას
მართალია, კლოპიდროგელს უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის, ის ასევე იწვევს გარკვეულ გვერდით მოვლენებს, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის მოხსნა.
ზილტით თერაპიისას შესაძლოა იგრძნოთ:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- გრიპისმაგვარი სიმპტომები;
- უენერგიობა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- პარესთეზია (დაბუჟება, ჩხვლეტა);
- ქვედა კიდურების კრუნჩხვები;
- ჰიპერსეთეზია;
- ნევრალგია;
- გულისცემის გახშირება, გულის წასვლა;
- პერიფერიული შეშუპება;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის უკმარისობა;
- ტკივილი მუცლის არეში;
- დიარეა;
- გულისრევა , ღებინება;
- გემოვნების დარღვევა;
- კუჭის წყლულის პერფორაცია;
- ჰემორაგიული გასტრიტი;
- სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების წყლულიდან ;
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება; - ჰეპატიტი;
- თრომბოციტოპენია;
- ანემია ( აპლასტური ან ჰიპოქრომული ); ლეიკოპენია;
- სისხლდენა კუჭ -ნაწლავის ტრაქტიდან;
- სისხლჩაქცევა სახსრებში;
- სისხლდენა საშარდე გზებიდან;
- სისხლიანი ნახველი;
- თვალშიდა სისხლჩაქცევები;
- ალერგიული პურპურა და ა.შ.
ჩამონათვალმა არ შეგაშინოთ. გახსოვდეთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, მედიკამენტის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტებიც სულაც არაა სავალდებულო, რომ აუცილებლად გამოგივლინდებათ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ზილტით თერაპიის დროს, თუ განსხვავებულ სიმპტომებს იგრძნობთ, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
შეიძლება თუ არა ზილტის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
მედიკოსების რჩევით ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კლოპიდოგრელის დანიშვნა ან თვითნებური გამოყენება არ არის რეკომენდებული. მეტიც ლაქტაციის პერიოდში პირდაპირაა დადგენილი უკუჩვენება.
საბოლოოდ, გახსოვდეთ, ათეროთრომბოზული დარღვევების პროფილაქტიკური მედიკამენტი ზილტი, რამდენადაც იცავს თქვენ ჯანმრთელობას დამატებითი გართულებებისგან, იმდენად საფრთხილოა მისი გამოყენება.
ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ დაიწყებთ მკურნალობას, დაიმახსოვრეთ რჩევები და მიჰყევით ინსტრუქციას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account