
ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვირუსული ინფექციები იწვევს. არსებობს დაავადების მსუბუქი და მძიმე ფორმები, ამ უკანასკნელმა კი შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური გართულებები წარმოქმნას.
ენცეფალიტის განვითარებისა და მისი მძიმე ფორმაში გადაზრდის პროგნოზირება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, დაავადების თანმდევი რისკების შესამცირებლად, დროული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია.
რა იწვევს ენცეფალიტს?
ენცეფალიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. როგორც აღვნიშნეთ, მათ შორის ყველაზე ხშირად დაავადებაზე პასუხისმგებლად ვირუსული ინფექციები სახელდება. თუმცა ზოგჯერ ენცეფალიტი ბაქტერიული და არაინფექციური ანთებითი მდგომარეობის დროსაც ვითარდება. გამომწვევი მიზეზებისა და დაავადების განვითარების მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ ინფექციურ, ინფექციურ-ალერგიულ, ალერგიულ და ტოქსიკურ ენცეფალიტებს.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ ენცეფალიტს, მას პირველად და მეორეულ, იგივე პოსტინფექციურ ენცეფალიტად ყოფენ. პირველ შემთხვევაში ვირუსი ან სხვა ინფექციური ორგანიზმი პირდაპირ აინფიცირებს თავის ტვინს. მეორე შემთხვევაში კი დაავადება ორგანიზმის სხვა წერტილში მიმდინარე ინფექციაზე იმუნური სისტემის არასწორი რეაქციის შედეგად ვითარდება. ასეთ დროს, იმუნური სისტემა თავის ტვინის ჯანმრთელ უჯრედებსაც აზიანებს. ამას ავტოიმუნურ ენცეფალიტს უწოდებენ.
პირველადს მიეკუთვნება ეპიდემიური, ჰერპესული, ტკიპისმიერი, კოღოსმიერი, ენტეროვირუსულ ენცეფალიტი. მეორეული ენცეფალიტი კი, ძირითადად, თავს იჩენს გრიპის, წითელას, თავის ტვინის აბსცესის, ოსტეომიელიტის, ტოქსოპლაზმოზისა და სხვა დაავადებების ფონზე.
ინფექციურიდან ხშირია ჰერპესული ენცეფალიტი, რომელიც ჰერპეს სიმლექს ვირუსის ორი ტიპის შედეგად ვითარდება. ვირუსის პირველი ტიპი პირის გარშემო მუწუკებისა და წყლულების გაჩენას იწვევს, მეორე ტიპი კი, უმეტესად, გენიტალურ ჰერპესს წარმოქმნის. ენცეფალიტის გამოწვევა ჰერპესის სხვა ვირუსებსაც შეუძლია. ჰერპესული ენცეფალიტის დროს შეიძლება დაზიანდეს ტვინის თეთრი ნივთიერება, ასევე განვითარდეს კეროვანი ან დიფუზური ხასიათის ნეკროზული პროცესი.
ტკიპისმიერი ენცეფალიტიც პირველადი ვირუსული ენცეფალიტია, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს და ძირითადად გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, ამ ფეხსახსრიანების ნაკბენის შედეგად ვითარდება. გარდა ამისა, არსებობს კოღოსმიერი ენცეფალიტიც, რომელიც ამ მწერის ნაკბენით არის გამოწვეული. ენცეფალიტის გამოწვევა ცოფის ვირუსის მატარებელი ცხოველის ნაკბენსაც შეუძლია, თუმცა მსგავსი შემთხვევები არც ისე ხშირია.
კიდევ ერთი სახეობა ლიმფური ენცეფალიტია, რომელიც მეორეულ, ავტოიმუნურ ენცეფალიტებში შედის. ის გულისხმობს ლიმფური სისტემის ანთებას, რომელიც ხშირად ნერვულ უჯრედებში ანტისხეულების ცილებზე შეტევის შედეგად ვითარდება.
მეორეულ, პოსტინფექციურ ენცეფალიტს მიეკუთვნება მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტი. ის, ძირითადად, თავს იჩენს ვირუსული დაავადების ან ვაქცინაციის შემდეგ.
როგორია ენცეფალიტის სიმპტომები
ენცეფალიტით დაავადებული ადამიანების დიდ ნაწილში სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა შესაძლოა, მსუბუქმა, გრიპისმაგვარმა გამოვლინებებმა იჩინოს თავი. მათ შორის ზოგჯერ პაციენტს აღენიშნება სიცხე, დაღლილობა და სისუსტე, ასევე უჩივის თავის, კუნთების ან სახსრების ტკივილს.
შედარებით მძიმე ფორმის ენცეფალიტის სიმპტომებია დაბნეულობა, ფორიაქი ან ჰალუცინაციები, კუნთების სისუსტე, გაორებული მხედველობა და უსიამოვნო სუნების შეგრძნება. გარდა ამისა, შესაძლოა, პაციენტს ჰქონდეს ეპილეფსიური ტიპის შეტევები, განუვითარდეს მეტყველებისა და სმენის პრობლემები, გაუქრეს მგრძნობელობა სხეულის რომელიმე ნაწილში ან ცნობიერება დაკარგოს.
თუ პაციენტს ენცეფალიტის მძიმე ფორმასთან დაკავშირებული სიმპტომები გამოუვლინდება, აუცილებელია სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება. სპეციალისტის დახმარება იმ შემთხვევაშიც საჭიროა, როდესაც დაავადებული მძიმე ტკივილს განიცდის და მომატებული აქვს სხეულის ტემპერატურა ან ცნობიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნება.
ენცეფალიტის რისკფაქტორები
ენცეფალიტის განვითარების რისკფაქტორებს შორის არის დასუსტებული იმუნური სისტემა. რისკი შედარებით მაღალია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით/შიდსით დაავადებულებში, ასევე მათ შემთხვევაში, ვისაც ორგანოების ტრანსპლანტაციის, გადანერგვის ოპერაცია აქვს ჩატარებული.
ამასთან ერთად, დაავადების რისკის შესაფასებლად მნიშვნელოვანია გეოგრაფია და კლიმატი. მაგალითად, რეგიონები, სადაც კოღოების ნაკბენით გადამდები ვირუსების შემთხვევები მაღალია, ენცეფალიტით დაავადების დიდ რისკსაც შეიცავს.
კიდევ ერთი რისკფაქტორი ასაკია. მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები ენცეფალიტით დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ენცეფალიტი ბავშვებში
როგორც აღვნიშნეთ, ბავშვები ენცეფალიტით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ისინი ხშირად ინფექციური ენცეფალიტით ავადდებიან. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წითელათი, წითურათი ან ყბაყურათი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვაქცინაციის მასშტაბების ზრდასა და, შესაბამისად, ვაქცინირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად, ამ ვირუსებით გამოწვეული ენცეფალიტით დაავადების შემთხვევები ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა.
ბავშვებში ენცეფალიტის გამომწვევ მიზეზებს შორის ხშირად ვხვდებით ასევე ჰერპესის ვირუსს, ენტეროვირუსებს, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსს, იგივე ჩუტყვავილას და არბოვირუსებს. ეს უკანასკნელი მწერების, მათ შორის კოღოების ნაკბენით გადამდები ვირუსია.
აღსანიშნავია, რომ ჰერპესული ენცეფალიტი ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად ახასიათებს სხეულის მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ეპილეფსიური შეტევები, ცნობიერების და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები.
პატარებში შევხვდებით მწვავე გაფანტულ ენცეფალომიელიტსაც, რომელიც, ძირითადად, სწორედ ბავშვებში ვლინდება. ის ვირუსული დაავადების ან ვაქცინაციის შემდგომ ვითარდება.
ენცეფალიტის ზოგად სიმპტომებზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ახალშობილებსა და ბავშვებში დამატებით კიდევ ეს გამოვლინებები არის ხოლმე შესამჩნევი: ტირილი, გაღიზიანებადობა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, მადის დაქვეითება, სხეულის გაშეშება. აღნიშნული დაავადების დროს ახალშობილებს თავის ქალის რბილ კერებში შეიძლება ზოგჯერ ამობურცულობები გაუჩნდეთ. ბავშვებში ენცეფალიტი კრუნჩხვებითაც ვლინდება.
სწრაფი დიაგნოზი და მკურნალობა ტვინის დაზიანების მინიმიზაციისთვის გადამწყვეტია, აქედან გამომდინარე, ბავშვებში ენცეფალიტის სიმპტომების აღმოჩენისთანავე რეკომენდებულია ექიმს მიმართოთ.
როგორ ხდება ენცეფალიტის დიაგნოსტირება
ენცეფალიტის გამოსავლენად რამდენიმე გზა არსებობს. კერძოდ, მისი დიაგნოსტიკა მოიცავს კლინიკურ შეფასებას, ლაბორატორიულ ტესტებს და ვიზუალიზაციის ტექნიკას. შედეგად, ტვინის ანთების იდენტიფიცირება ხდება და გამომწვევი მიზეზი დგინდება, რაც სწორი მკურნალობის შესარჩევად გადამწყვეტია.
რაც შეეხება დიაგნოსტირების მეთოდებს, კლინიკური შეფასების დროს ექიმები აკვირდებიან დაავადების მიმდინარეობისას გამოხატულ სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები, ცვლილებები ქცევაში ან ცნობიერებაში.
გარდა ამისა, დიაგნოზის დასასმელად სპეციალისტები მიმართავენ წელის პუნქციას, ცერებროსპინალური სითხის (CSF) ანალიზს. მისი დახმარებით ექიმები არკვევენ, რამდენად არის მომატებული სისხლის თეთრი უჯრედები ან ვირუსულ-ბაქტერიული პათოგენები. ცილებისა და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა CSF-ში შეიძლება, ანთებაზე მიუთითებდეს. სპეციფიკური ვირუსული ან ბაქტერიული აგენტების იდენტიფიცირება ასევე ხდება PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტესტების გამოყენებით.
დაავადების გამოსავლენად მიმართავენ MRI ან CT სკანირებას, რის შედეგადაც ენცეფალიტით გამოწვეული ტვინის ანთების, შეშუპების ან სტრუქტურული ცვლილებების აღმოჩენაა შესაძლებელი.
დიაგნოზის დასასმელად იყენებენ ელექტროენცეფალოგრამასაც (EEG), რომელიც ტვინის ელექტრულ აქტივობას ზომავს. მისი დახმარებით შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვითი აქტივობა, რაც ენცეფალიტის ერთ-ერთი სიმპტომია.
სისხლის ტესტები ექიმებს ინფექციებისა და ავტოიმუნური მდგომარეობის იდენტიფიცირებაში ეხმარება. ტექსტების დახმარებით შეიძლება გამოვლინდეს სპეციფიკური ანტისხეულები ან ვირუსული ანტიგენები, რომლებიც ზოგჯერ ენცეფალიტის გამომწვევ მიზეზზე მიუთითებს. გარდა ამისა, დიაგნოზის დასმაში სპეციალისტებს შეიძლება სხვა ლაბორატორიული ტექსტებიც დაეხმაროს.
ძალიან იშვიათ და მძიმე შემთხვევებში, როდესაც სხვა მეთოდები საბოლოო დიაგნოზს ვერ იძლევა, შეიძლება ჩატარდეს თავის ტვინის ბიოფსია. ამ მეთოდს უშუალოდ ტვინის ქსოვილის გამოსაკვლევად მიმართავენ.
როგორ მკურნალობენ ენცაფალიტს?
ენცეფალიტის დიაგნოზის დასმისთანავე ავადმყოფი ინფექციურ საავადმყოფოში ან ნევროლოგიურ განყოფილებაში უნდა მოთავსდეს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ჰოსპიტალიზაციამდე რეკომენდებულია პაციენტისთვის დეჰიდრატაციული საშუალებების მიცემა.
ენცეფალიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე, სიმძიმესა და პაციენტის საერთო ჯანმრთელობაზე. ის ზოგადად მიმართულია სიმპტომების მართვისკენ ან მოიცავს თერაპიას კონკრეტული ინფექციის ან ანთების გამომწვევი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. ენცეფალიტის მკურნალობის მეთოდი დიაგნოზის დასმის შემდეგ, მხოლოდ სპეციალისტის მიერ უნდა შეირჩეს.
თუ საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ პაციენტს ენცეფალიტის შემდეგი სიმპტომები - თავის ან კუნთების ძლიერი ტკივილი, ტოქსიკოზი, ღებინება და სხვა -აღინიშნება, სავარაუდოდ, მას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარს. ამის პარალელურად კი, კანქვეშ ან ვენაში B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას გაუკეთებენ.
ავადმყოფის მეტისმეტად დასუსტების შემთხვევაში, მას ხშირად გლუკოზის 5%-იან ხსნარს უსხამენ.
ენცეფალიტის მძიმე შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის ჩატარება ხდება აუცილებელი. ტვინის პარაინფექციური დაზიანებისას ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები და გლუკოკორტიკოიდები.
ენცეფალიტის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ექინაცეა კომპოზიტუმი, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი სისტემის სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, აქედან გამომდინარე, უმჯობესია, რეკომენდაცია ექიმისგან მიიღოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account