სარჩევი:
დიაბეტი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს სისხლში შაქრის (გლუკოზის) მეტაბოლიზმზე. გლუკოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს სხეულის უჯრედების ენერგიის ძირითად წყაროს. ამ დაავადების მართვა მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის გარეშე დიაბეტი სხვადასხვა სერიოზულ გართულებას იწვევს. სტატიაში განვიხილავთ დიაბეტის ტიპებს, სიმპტომებს, გამომწვევ მიზეზებს, გართულებებსა და ამჟამინდელ მიდგომებს დაავადების მართვისა და კონტროლისთვის.
რა არის დიაბეტი?
დიაბეტი ვითარდება, როცა სხეული ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან ვერ იყენებს ეფექტურად წარმოებულ ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასის მიერ და საშუალებას აძლევს გლუკოზას შევიდეს უჯრედებში და წარმოქმნას ენერგია. ინსულინის ფუნქციის დარღვევის გარეშე, გლუკოზა შეიძლება დაგროვდეს სისხლში, რაც იწვევს სისხლში შაქრის მომატებულ დონეს.
დიაბეტის ტიპები
დიაბეტი ტიპი 1
დიაბეტი ტიპი 1 არის ავტოიმუნური მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა უტევს და ანადგურებს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს პანკრეასში. ეს ტიპი ჩვეულებრივ ვლინდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ინსულინი.
ტიპი 2 დიაბეტი
ტიპი 2 დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის დროსაც სხეული ან უპირისპირდება ინსულინის მოქმედებას, ან საკმარისად არ გამოიმუშავებს ინსულინს ნორმალური გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად. მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად ვლინდება ზრდასრულებში, მაგრამ ბოლო წლებში უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებშსა და ახალგაზრდებში ჭარბი წონის მზარდი ტენდენციის გამო.
გესტაციური დიაბეტი
გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის დროს და ჩვეულებრივ ქრება მშობიარობის შემდეგ. თუმცა, ის მნიშვნელოვნად ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს შემდგომში როგორც დედის, ისე შვილის შემთხვევაში. ის მართვადია ორსულობის დროს დიეტისა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების საშუალებით.
პრედიაბეტი
პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე უფრო მაღალია ნორმაზე, მაგრამ არა საკმარისად მაღალი დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად. ის ხშირად გადაიქცევა მე-2 ტიპის დიაბეტად, თუ არ განხორციელდება ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებები.
დიაბეტის სიმპტომები
დიაბეტის სიმპტომები განსხვავდება ტიპის მიხედვით. გავრცელებული სიმპტომები მოიცავს:
- წყურვილისა და შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება
- დაღლილობა
- ბუნდოვანი მხედველობა
- მოულოდნელი წონის დაკლება (განსაკუთრებით პირველი ტიპის დიაბეტის დროს)
- ნელა შეხორცებადი წყლულები ან ხშირი ინფექციები
- ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში ან ფეხებში (ძირითადად მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევაში)
დიაბეტის გამომწვევი მიზეზები
დიაბეტის თითოეული ტიპის ზუსტი მიზეზი განსხვავებულია.
ტიპი ერთი დიაბეტი დიდწილად განპირობებულია გენეტიკითა და ვირუსული ტრიგერებით. მე-2 ტიპის დიაბეტის ძირითადი მიზეზია გენეტიკა და ცხოვრების წესის ფაქტორები, მათ შორის არასწორი კვება, ფიზიკური უმოქმედობა და ჭარბი წონა. გესტაციური დიაბეტი გამოწვეულია ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებებით, რაც აისახება ინსულინის ეფექტურობაზე.
დიაბეტის გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ იყენებს ორგანიზმი გლუკოზას ჩვეულებრივ პირობებში.
ინსულინის მოქმედება
ინსულინი ჰორმონია, რომელიც გამოიყოფა კუჭისა და მუცლის უკან მდებარე ჯირკვლის - პანკრეასის მიერ.
- პანკრეასი გამოყოფს ინსულინს სისხლში.
- ინსულინი ცირკულირებს სისხლში და საშუალებას აძლევს შაქარს შევიდეს უჯრედებში.
- ინსულინი ამცირებს შაქრის რაოდენობას სისხლში.
- როცა სისხლში შაქრის დონე მცირდება, ასევე მცირდება ინსულინის სეკრეცია პანკრეასიდან.
გლუკოზის როლი
გლუკოზა - შაქარი, წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და სხვა ქსოვილებს.
- გლუკოზის ორი ძირითადი წყაროა: საკვები და ღვიძლი.
- შაქარი შეიწოვება სისხლში, სადაც ინსულინის დახმარებით შედის უჯრედებში.
- ღვიძლი ინახავს და აწარმოებს გლუკოზას.
- როდესაც გლუკოზის დონე დაბალია, მაგალითად, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ მიგიღიათ საკვები, ღვიძლი შლის დამარაგებულ გლიკოგენს გლუკოზად. ეს ინარჩუნებს გლუკოზის დონეს ნორმის ფარგლებში.
დიაბეტის უმეტესი ტიპის ზუსტი მიზეზი უცნობია. ყველა შემთხვევაში, შაქარი გროვდება სისხლში. ეს ხდება იმიტომ, რომ პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს. როგორც 1-ლი, ისე მე-2 ტიპის დიაბეტი შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური ან გარემო ფაქტორების კომბინაციით.
დიაბეტის გართულებები
დიაბეტის გრძელვადიანი გართულებები თანდათანობით ვითარდება, მაგრამ შეიძლება გახდეს სიცოცხლისათვის საშიში:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ნერვული დაზიანება (ნეიროპათია)
თირკმლის დაზიანება (ნეფროპათია)
თვალის დაზიანება (რეტინოპათია)
კიდურის დაზიანება
კანის დაავადებები, მათ შორის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.
პრევენცია
ტიპის 1 დიაბეტის პრევენცია შეუძლებელია. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია პრედიაბეტის, მე-2 ტიპისა და გესტაციური დიაბეტის პრევენციისთვის.
- მიირთვით ჯანსაღი საკვები. აირჩიეთ დაბალი ცხიმისა და კალორიების, მაგრამ მაღალი ბოჭკოს შემცველი საკვები. ფოკუსირება გააკეთეთ ხილზე, ბოსტნეულსა და მთლიან მარცვლეულზე.
- იყავით ფიზიკურად უფრო აქტიური. ეცადეთ, რომ კვირის უმეტეს დღეს დაახლოებით 30 წუთი ზომიერი ფიზიკური აქტივობას დაუთმოთ. საბოლოო ჯამში, კვირაში სულ მცირე 150 წუთი ზომიერი აქტივობა აუცილებელია.
- დაიკელით ზედმეტი წონა. თუ ჭარბი წონა გაქვთ, თქვენი სხეულის წონის მხოლოდ 7%-ის დაკლებაც კი შეიძლება შეამციროს დიაბეტის რისკი. მაგალითად, თუ 90.7 კგ-ს იწონით, 6.4 კგ-ის დაკლება შეამცირებს დიაბეტის რისკს.
მაგრამ ნუ შეეცდებით წონაში დაკლებას ორსულობის დროს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ რამდენი წონის მომატება არის ჯანსაღი ორსულობის პერიოდში.
დიაბეტის მართვა და მკურნალობა
მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტის განკურნება არ ხდება, შესაძლებელია დაავადების მართვა და კონტროლი.
- ტიპის 1 დიაბეტი მართვადია ინსულინის თერაპიით, დიეტითა და ცხოვრების წესის შეცვლით.
- ტიპი 2 დიაბეტის სამართავად აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილებები. ექიმი თავად განსაზღვრავს პერორალური მედიკამენტებისა და ინსულინის საჭიროებას.
- გესტაციური დიაბეტი მოითხოვს გლუკოზის დონის კონტროლს როგორც დედის, ისე ბავშვის დასაცავად, ძირითადად დიეტური ცვლილებებით და საჭიროების შემთხვევაში ინსულინით.
- პრედიაბეტის მართვა ფოკუსირებულია ცხოვრების წესის მოდიფიკაციებზე, როგორიცაა დიეტის გაუმჯობესება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება მე-2 ტიპის დიაბეტში გადასვლის თავიდან ასაცილებლად.
სისხლში შაქრის დონის რეგულარული მონიტორინგი თერაპიულ მართვასთან ერთად დიაბეტის მქონე ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების საშუალებას აძლევს. ადრეული დიაგნოსტიკა და ინტერვენცია მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს, რაც ხაზს უსვამს და რეგულარული შემოწმების მნიშვნელობას.
მკურნალობის პროცესში ექიმის მიერ ინიშნება სხვადასხვა ენდოკრინოლოგიური მედიკამენტები:
- Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი დიაბეტიკების ვიტამინები შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
- დიაბეტიკების ვიტამინები გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებისათვის.
- Siofor 850 - სიოფორი განეკუთვნება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს 10 წლის ასაკიდან ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
- GalvusMet - გალვუს მეტი გამოიყენება ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. იგი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
- ნოვონორმი გახლავთ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება არაა რეკომენდებული.
დიაბეტი რჩება მსოფლიოში ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვან პრობლემად, მაგრამ გაგებისა და მკურნალობის წინსვლასთან ერთად, დიაბეტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ეფექტურად მართონ თავიანთი მდგომარეობა. ინფორმირებულობა, განათლება და სათანადო ზრუნვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დაავადების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account