დეპრესია - გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა

 

სარჩევი:

რა არის დეპრესია - განმარტება

დეპრესიის ტიპები

დეპრესიის სიმპტომები

რა იწვევს დეპრესიას

დეპრესია მოზარდებში

როგორ პროგრესირებს დეპრესია

დეპრესიის დიაგნოზი

დეპრესიის მკურნალობა

რა უნდა გააკეთოთ დეპრესიის დროს

როგორ ავიცილოთ თავიდან დეპრესია

როდის მივმართოთ ექიმს

ხშირად დასმული კითხვები



დეპრესია მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ძალიან გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. დეპრესიის ნიშნები სხვადასხვაგვარია და შეიძლება მოიცავდეს: სევდას, თვითშეფასების გაუარესებას, ნეგატიურ განწყობას, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას და ა.შ. 

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, მათ შორის საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი მცდარი წარმოდგენა მის ირგვლივ. ამ ბლოგში ვრცლად ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, თუ რა არის დეპრესია, მიმოვიხილავთ დაავადების სხვადასხვა ტიპებს, სიმპტომებს, მიზეზებს, გაგიზიარებთ რჩევებს მკურნალობასა და პრევენციის სტრატეგიების შესახებ.

რა არის დეპრესია - განმარტება

დეპრესია ფსიქიკური აშლილობაა. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სევდის შეგრძნება და გუნება-განწყობილების დაქვეითება. დეპრესია რეალურად სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე, ქცევაზე და ზოგად კეთილდღეობაზე. დეპრესიას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.

დეპრესიის ტიპები

არსებობს დეპრესიის რამდენიმე სახეობა. თითოეულს აქვს თავისი განსხვავებული მახასიათებელი.

ძირითადი დეპრესიული აშლილობა (MDD) 

ეს არის დეპრესიის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი მწუხარება, უიმედობა და ინტერესის დაკარგვა.

მუდმივი დეპრესიული აშლილობა (PDD)

ასევე ცნობილი როგორც დისთიმია. ამ ტიპს ახასიათებს ხანგრძლივი დეპრესიული სიმპტომები, რომლებიც გრძელდება ორი წელი ან მეტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომები უფრო მსუბუქია, ვიდრე MDD-ს დროს. 

ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობა ხშირად მოხსენიებულია როგორც მანიაკალური დეპრესია. ბიპოლარული აშლილობის დროს განწყობა უკიდურესად იცვლება. დეპრესიული ეპიზოდი უეცრად შეიძლება შეიცვალოს მანიაკალური, ან ჰიპომანიური ეპიზოდებით.

სეზონური აფექტური აშლილობა (SAD)

სეზონური დეპრესია, როგორც სახელიდან ვხვდებით, სეზონურად ემართება ადამიანს. როგორც წესი, ზამთრის თვეებში, როდესაც დღე უფრო მოკლეა.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია

ზოგიერთ ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწყება. ამ ტიპის დეპრესიის ნიშნები სხვადასხვანაირია. საერთო მახასიათებლებია: შფოთვა, დაღლილობა, უხასიათობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ახალშობილთან ურთიერთობას.

დეპრესიის სიმპტომები

დეპრესიის სიმპტომები განსხვავდება ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ მოიცავს:

  • მუდმივი სევდა და სიცარიელე
  • ინტერესისა და სიამოვნების გრძნობის დაკარგვა
  • მადის ცვლილება
  • ძილის დარღვევა
  • დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა
  • უსარგებლობის ან დანაშაულის გრძნობა
  • კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღების სირთულე
  • ფიქრები სიკვდილზე ან სუიციდზე

რა იწვევს დეპრესიას

დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური, ბიოლოგიური, გარემო და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაციით. ზოგადი გამომწვევი მიზეზები ქვემოთაა მოცემული. 

გენეტიკა

კვლევებმა აჩვენა, რომ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ ოჯახის ახლო წევრს, მაგალითად მშობელს, აქვს დეპრესია, დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება. თუმცა, გენეტიკური მიდრეკილება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვინმეს განუვითარდება დეპრესია; ეს მხოლოდ ზრდის რისკს.

ტვინის ქიმია 

ნეიროტრანსმიტერები თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალებს გადასცემენ. ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი, ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. სეროტონინი არეგულირებს განწყობას, ძილს, მადას და სხვა აუცილებელ ფუნქციებს. სეროტონინის დაბალი დონე ასოცირდება დეპრესიის სიმპტომებთან. ანალოგიურად, სხვა ნეიროტრანსმიტერების ფუნქციონირების დარღვევა ასევე ხელის შემწყობი ფაქტორია

ცხოვრებისეული ფაქტორები

ტრავმული გამოცდილება, ტრაგიკული შემთხვევა, ძალადობის ფაქტები და სხვა მძიმე შემთხვევები დეპრესიული ეპიზოდების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა. 

ჯანმრთელობის პრობლემები

დაავადებებმა, როგორიცაა კიბო, დიაბეტი, გულის დაავადება და ქრონიკული ტკივილის მდგომარეობა, შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ კეთილდღეობაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება აძლიერებს დეპრესიას. ალკოჰოლს და ნარკოტიკს ხშირად იყენებენ როგორც თვითმკურნალობის ფორმას, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

დეპრესია მოზარდებში

როგორც ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში, დეპრესია მოზარდებში სხვადასხვა ფორმითაა გამოხატული. დეპრესია ბავშვებში ხშირად არაა დიაგნოსტირებული და უყურადღებოდ რჩება. მოზარდის დეპრესიის სიმპტომები მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ხასიათისა და ემოციების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. 

ბავშვებში დეპრესიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხშირი სიბრაზე 
  • სევდისა და უიმედობის უწყვეტი განცდა
  • სოციალური დისტანცირება
  • მადის ცვლილებები, გაიზარდა ან შემცირდა
  • ძილის ცვლილებები (უძილობა ან გადაჭარბებული ძილი)
  • ვოკალური გამოხტომები ან ტირილი
  • კონცენტრაციის დარღვევა
  • დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა
  • ფიზიკური ჩივილები (როგორიცაა კუჭისა და თავის ტკივილი), რომლებიც არ პასუხობენ მკურნალობას
  • პრობლემები სახლში ან მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, სკოლაში, ან ნებისმიერი აქტივობის დროს
  • უსარგებლობის ან დანაშაულის გრძნობა
  • აზროვნების, კონცენტრაციის დარღვევა

რა იწვევს დეპრესიას ბავშვებში

როგორც მოზრდილებში, ბავშვებში დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი კომბინაციით - ფიზიკური ჯანმრთელობა, ცხოვრებისეული მოვლენები, ოჯახური ისტორია, გარემო, გენეტიკური ფაქტორები და ბიოქიმიური დარღვევები. დეპრესია არ არის წარმავალი განწყობა და არც ისეთი მდგომარეობა, რომელიც გაივლის სათანადო მკურნალობის გარეშე.

დეპრესია ბავშვებში - როგორ ხდება დიაგნოსტიკა

თუ ბავშვს დეპრესიის სიმპტომები გაუგრძელდა მინიმუმ 2 კვირა, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად საჭიროა მშობელთან და შვილთან გასაუბრება. მასწავლებლების, მეგობრებისა და თანაკლასელების ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო იყოს იმის გასაგებად, რომ ბავშვის სიმპტომები თანმიმდევრულია სხვადასხვა აქტივობების დროს.

როგორ პროგრესირებს დეპრესია?

დეპრესია, როგორც წესი, თანდათან ვითარდება და დროთა განმავლობაში უარესდება. ის შეიძლება მერყეობდეს რემისიის და რეციდივის პერიოდებს შორის, ხოლო სიმპტომები უფრო მძაფრდება სტრესული სიტუაციების დროს.

დეპრესიის დიაგნოზი

დეპრესიის დიაგნოსტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის პრეროგატივაა. ის ატარებს ფსიქოლოგიურ შეფასებას, აფასებს სიმპტომების სიმძიმესა და ხანგრძლივობას და დეპრესიის მქონე ადამიანთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ სვამს დიაგნოზს.

დეპრესიის მკურნალობა

დეპრესიის მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს, ან ორივეს ერთად. მკურნალობის საერთო ვარიანტები ასეთია:

  • კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია (CBT)
  • ანტიდეპრესანტული მედიკამენტები, ნევროლოგიური მედიკამენტები 
  • ვარჯიში
  • სტრესის მართვის ტექნიკა
  • სოციალური მხარდაჭერის ქსელები

დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ დამამშვიდებელი მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება არაა რეკომენდებული.


ბუსპირონი არის შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატი. უპირატესად გენერალიზებული შფოთვის ხანმოკლე მართვისათვის გამოიყენება.
პრეპარატი ეგოლანზა შიზოფრენიის წამალი გახლავთ.
ანტიდეპრესანტი ზოლოფტი სეროტონინის (5-HT) უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორია. ექიმები მას ნიშნავენ სხვადასხვა შემთხვევების დროს: პანიკური აშლილობა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, სოციალური ფობია.
სტიმულოტონი განეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სპეციფიკური ინჰიბიტორების ჯგუფს. იგი გამოიყენება დეპრესიის, პანიკური აშლილობების, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების, სოციალური ფობიისა (სოციალური შფოთვის მდგომარეობები) და პოსტტრავმული სტრესული დარღვევების სამკურნალოდ.
ველაქსინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებაა. იყენებენ დეპრესიის სამკურნალოდ. ასევე მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ეპიზოდების პროფილაქტიკისათვის.
დეპრესიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალო საშუალება არის ასევე რექსეტინი.  მათ შორის იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს შიში.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება დაუშვებელია,

რა უნდა გავაკეთოთ დეპრესიის დროს

  • მიმართეთ თერაპევტს, ან ფსიქიატრს. პროფესიონალური დახმარება აუცილებელია.
  • ღიად ისაუბრეთ ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან თქვენი გრძნობების შესახებ.
  • ვარჯიში, სწორი კვება და საკმარისი ძილი.
  • ჩაერთეთ ისეთ საქმიანობაში, რომელიც მოგწონთ, მაშინაც კი, თუ არ ხართ მოტივირებული.

ერთ-ერთი მთავარი რჩევაა, რომ არ სცადოთ სიმპტომების იგნორირება. დეპრესიის დროს იზოლირება მეგობრებისგან და ახლობელი ადამიანებისგან ცუდად მოქმედებს ადამიანის მდგომარეობაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები იცვლება, სტიგმა ისევ არსებობს, თუმცა არ შეუშინდეს და  არ თქვათ უარი პროფესიონალური დახმარების მიღებაზე. 

როგორ ავიცილოთ თავიდან დეპრესია

გარკვეული მეთოდები დაგეხმარებათ დეპრესიის განვითარების რისკის შემცირებაში:

  • დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. რეგულარული ვარჯიში, დაბალანსებული კვება და ადეკვატური ძილი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  • ჩამოაყალიბეთ ძლიერი სოციალური კავშირები და ეძიეთ მხარდაჭერა რთულ დროს.
  • ივარჯიშეთ სტრესის მართვის ტექნიკებზე. მაგალითად - რელაქსაციის ვარჯიშები.
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ან ვინმე, ვისაც იცნობთ, განიცდის დეპრესიის სიმპტომებს, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ პროფესიონალურ დახმარებას. დაუკავშირდით ექიმს ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პროვაიდერს, თუ შეამჩნევთ:

  • სევდის ან უიმედობის მუდმივი გრძნობა
  • ფუნქციონირების სირთულე ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • მადის, ძილის ან ენერგიის დონის ცვლილებები
  • თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები

დეპრესია არის მძიმე, მაგრამ განკურნებადი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დაავადების მიზეზების, სიმპტომებისა და მკურნალობის ვარიანტების გააზრებით, შეგიძლიათ გადადგათ პროაქტიული ნაბიჯები, რათა ეფექტურად მართოთ ფსიქიკური მდგომარეობა.

დაიმახსოვრეთ, თქვენ მარტო არ ხართ და დახმარება ხელმისაწვდომია. 

ხშირად დასმული კითხვები

1. შესაძლებელია დეპრესიის მკურნალობა?

დიახ, დეპრესიის მკურნალობა შესაძლებელია. თერაპია, შესაბამისი ნევროლოგიურ ფსიქიატრიული წამლები და საჭიროების შემთხვევაში ცხოვრების წესის ცვლილება ეფექტური საშუალებებია. ადრეული ჩარევა კი წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.

2. როგორ შემიძლია დავეხმარო დეპრესიულ ადამიანს?

მხარდაჭერა და ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. მოუსმინეთ განსჯის გარეშე, ახლოს მიიტანეთ მათი გრძნობები და საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ პრაქტიკული დახმარება.

3. შეიძლება თუ არა დეპრესია განმეორდეს მკურნალობის შემდეგ?

დიახ, დეპრესია შეიძლება განმეორდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი პრობლემები არ მოგვარებულა, ან მკურნალობა ნაადრევად შეწყდა. რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს თერაპიის თავიდან დაწყება.

4. რატომ უჩნდებათ ქალებს უფრო ხშირად დეპრესია?

ქალებს დეპრესია ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონების დონის ცვლილება, რომელსაც ქალები განიცდიან. მაგალითად, დეპრესია ხშირია ორსულობისა და მენოპაუზის დროს, ასევე მშობიარობის, სპონტანური აბორტის ან ჰისტერექტომიის შემდეგ - ყველა ამ შემთხვევაში ქალებს ჰორმონების დონე ძალიან ეცვლებათ. პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) და პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD), PMS-ის უკიდურესი ფორმა, ასევე დეპრესიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

5.რამდენ ხანს გრძელდება დეპრესია?

სხვადასხვა ტიპის დეპრესიული აშლილობა შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან ზოგჯერ წლების განმავლობაში. ძირითადი დეპრესიული ეპიზოდი ხასიათდება სიმპტომების ერთობლიობით, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.