
ასთმა ფილტვების დაავადებაა. ამ დროს სასუნთქი გზები ვიწროვდება და შეშუპებულია, თანაც იკეტება ზედმეტი ლორწოს გამო. ამ სიმპტომების მკურნალობა მედიკამენტებს შეუძლია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს ეს დაავადება დაახლოებით 262 მილიონი ადამიანს დაუდგინდა და გამოიწვია 455 000 სიკვდილი. ბრონქული ასთმის მკურნალობა, პრევენცია და დიაგნოსტირებაც კი ხშირად არ არის საჭიროსთან მიახლოებულ დონეზე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ეს კი მთელი რიგი პრობლემებითაა განპირობებული — იქნება ეს ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლების დაბალი დონე თუ სოციალური პრობლემები.
ამ დაავადების დასახელებასთან დაკავშირებით რამდენიმე არასწორ ინტერპრეტაციას შეხვდებით. პირველ რიგში, ხშირად არასწორად ჰგონიათ, რომ ასთმა და ბრონქული ასთმა სხვადასხვაა. ასევე, შესაძლოა შეხვდეთ სახელწოდებებს “ბრონქიალური ასთმა”, „ბრონხიალური ასთმა”, “ბრონხული ასთმა” — ამ შემთხვევაში უბრალოდ საერთაშორისო და რუსული სახელწოდების არაქართულ თარგმანთან გვაქვს საქმე. თუმცა, მთავარი ისაა, რომ დაავადება მხოლოდ ერთია — “ბრონქული ასთმა”.
როგორ ხდება ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკა
ასთმა საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და მხოლოდ თვითდიაგნოსტირება არ არის გამოსავალი. ამიტომაც აუცილებელია, ეჭვის შემთხვევაში, ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია და შემდეგ შესაბამისი მკურნალობაც დავიწყოთ.
ბრონქული ასთმის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ქოშინი;
- გულმკერდის არეში შებოჭილობა ან ტკივილი;
- ხიხინი ამოსუნთქვისას, რაც ბავშვებში ასთმის საერთო ნიშანია;
- უძილობა გამოწვეული ქოშინით, ხველითა თუ ხიხინით;
- ხველის ან/და ხიხინის შეტევები, რომლებიც გაუარესებულია რესპირატორული ვირუსით, როგორიცაა გაციება ან გრიპი.
რომელიმე ჩვენების შემთხვევაშიც კი, კარგი იქნება, მიმართოთ ექიმს. თუკი ეს სიმპტომები იღებს ქრონიკულ სახეს და, ამავდროულად, ძლიერდება მათი გამოხატულება, აუცილებელიც კია ექიმის ჩართვა დაავადების მართვის პროცესში.
ასთმის შეტევები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და მუდმივად იყავით მისი ყურადღების ქვეშ, რათა შეიმუშაოთ თქვენზე მორგებული მკურნალობა და ისწავლოთ სიმპტომების მართვა.
თუკი ვითარდება შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან უახლოეს აფთიაქს:
- ქოშინის ან ხიხინის სწრაფი გაუარესება;
- რელიეფური ინჰალატორის გამოყენების შემდეგაც კი მდგომარეობა არ სტაბილურდება და არ უმჯობესდება;
- მინიმალური ფიზიკური დატვირთვის პირობებშიც კი სუნთქვის გაძნელება.
დიაგნოსტირების ერთ-ერთი ეტაპი მკურნალობის დაწყებამდე იქნება ბრონქული ასთმის კლასიფიკაციის განსაზღვრა — ეს პროცესი მოიცავს შესწავლასა და იმის დადგენას, თუ რამდენად რთულ ფორმებში გაქვთ დაავადება.
ბრონქული ასთმის მკურნალობა
იკურნება თუ არა ასთმა? - ეს დიაგნოსტირების შემდეგ ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. დაავადება არ არის განკურნებადი, თუმცა, თანამედროვე მედიცინის მიღწევები გვაძლევს საშუალებას, იმდენად მაღალ დონეზე ვმართოთ, რომ ცხოვრების ჩვეულ ტემპში არაფერი შევცვალოთ.
საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურაში, სწორედ ამიტომ, ხშირად შეხვდებით ტერმინს "მენეჯმენტი" და არა "განკურნება". სამედიცინო ჩარევის მიზანი, როგორც წესი, ასთმის მართვა, მისი სიმპტომების კონტროლია. ეს კი ნიშნავს, რომ პაციენტს შეუძლია:
- აკეთოს ის, რისი კეთებაც სურს როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების ასპარეზზე და ამაში დაავადება ხელს არ უშლის;
- საერთოდ აღარ აქვს, ან აქვს მინიმალურად გამოხატული სიმპტომები;
- იშვიათად, თუმცა, საჭირო შეიძლება გახდეს სამაშველო ინჰალატორის გამოყენება;
- მოწესრიგებული აქვს ძილის რეჟიმი, რადგან სიმპტომები აღარ უშლის მოსვენებაში ხელს.
ინჰალატორი (ე.წ. ბრონქული ასთმის წამალი), რომელიც ასთმის მქონე პაციენტებს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეთ, პსპ-ს სააფთიაქო ქსელშიც შეგიძლიათ, შეიძინოთ.
ასეთია, მაგალითად, სალბუტამოლის აეროზოლი.
აეროზოლი გამოიყენება დიაგნოსტირებულ ასთმის მქონე პაციენტებში, როცა საჭიროა:
- ბრონქული ასთმის შეტევების კუპირება, მათ შორის მძიმე მიმდინარეობის ბრონქული ასთმის გამწვავების დროს;
- ბრონქოსპაზმის შეტევების პრევენცია, რომლებიც დაკავშირებულია ალერგენის ზემოქმედებასთან ან გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით;
- მისი გამოყენება ერთ-ერთი კომპონენტის სახით ბრონქული ასთმის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს.
გარდა ამისა, აეროზოლი შეიძლება დაენიშნოთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებს იმ შემთხვევებში, როცა ავადობას თან ახლავს სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქცია ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვების ემფიზემის ჩათვლით.
როგორ გამოიყენება სალბუტამოლის აეროზოლი ასთმის სამართავად?
აეროზოლი მხოლოდ ორალური გზით გამოსაყენებელია. თუკი რომელიმე ზემოხსენებული ჩვენება გაქვთ, ინჰალატორის ანოტაცია გვეუბნება, რომ პრეპარატის გამოყენების წესი ასეთია:
- მოხსენით თავსახური მუნდშტუკს, მის გვერდებზე მცირე ზეწოლით.
- დაათვალიერეთ ინჰალატორი შიგნიდან და გარედან, მუნდშტუკის ჩათვლით, უცხო საგნების აღმოჩენის მიზნით.
- კარგად შეანჯღრიეთ ინჰალატორი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერი უცხო საგანი მოცილებულია და ინჰალატორის შიგთავსი თანაბრად არის განაწილებული.
- დაიჭირეთ ინჰალატორი ცალი ხელის ცერა და დანარჩენ თითებს შორის ვერტიკალურ მდგომარეობაში ძირით ზევით ისე, რომ ცერა თითი მოთავსებული იყოს ინჰალატორის ფუძეზე მუნდშტუკის ქვეშ.
- შეძლებისდაგვარად ღრმად ამოისუნთქეთ, შემდეგ მოითავსეთ მუნდშტუკი პირში, კბილებს შორის და შემოაჭდეთ ტუჩები ისე, რომ კბილებით არ შეეხოთ მას.
- პირით ჩასუნთქვის დაწყებისთანავე დააჭირეთ ინჰალატორის წვეროს პრეპარატ სალბუტამოლის გამოსაფრქვევად, ამავდროულად განაგრძეთ ნელი და ღრმა ჩასუნთქვა.
- სუნთქვის შეკავების პარალელურად გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან და მოაცილეთ თითი მის წვეროს. შეძლებისდაგვარად დიდხანს შეიკავეთ სუნთქვა.
- მეორე ნაკადის გამოფრქვევის მიზნით დაიჭირეთ ინჰალატორი ვერტიკალურად და დაახლოებით 30 წამის შემდეგ გაიმეორეთ საფეხურები 3-7.
- ინჰალატორის გამოყენების შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ პირში წყალი და გადაღვარეთ.
- დაუყოვნებლივ დაახურეთ თავსახური მუნდშტუკს მისი შესაბამის ადგილას ჩასმამდე. თუ დახურების დროს არ ისმის თავსახურის ჩაკეტვის ხმა, დაატრიალეთ თავსახური და ხელახლა სცადეთ მისი მორგება. არ დაატანოთ თავსახურს ძალა.
ასევე, გამოყენებისას დააკვირდით, ხომ არ მოჩანს ინჰალატორის ზედა ნაწილიდან ან პირის კიდეებიდან გამოსული ე.წ. ნისლი. თუ ჩანს, მაშინ გამოყენების ეტაპები მეორე პუნქტიდან უნდა გაიმეოროთ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ექიმის მიერ მოცემული მითითებები. თუკი მკურნალმა სპეციალისტმა სხვაგვარი ინსტრუქცია მოგცათ, იმოქმედეთ მის მიერ მოცემული წესებით, რადგან ზემოთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია ზოგადია და, შესაძლოა, საჭირო იყოს ინდივიდუალური მიდგომის გამოყენებაც.
აეროზოლის გამოყენება, როგორც სხვა მედიკამენტის, არ არის სასურველი ორსულებისა და ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის. პრეპარატი ამ ჯგუფების პაციენტებმა მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენონ, როცა დედისთვის მოტანილი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისა თუ ჩვილისთვის არსებულ რისკებს. მედიკამენტი არ გამოიყენება 2 წლამდე ბავშვებშიც.
სალბუტამოლის აეროზოლი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გაიცემა. გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს გადაუდებელი დახმარების საჭიროება, როცა ფარმაცევტს პრეპარატის შესაძენად ცალსახად ასთმური შეტევების სიმპტომებით პაციენტი მიმართავს.
ასთმის ტიპები - რა უნდა ვიცოდეთ მათზე?
ასთმა შეიძლება გამოუვლინდეს და დაუდასტურდეს ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. დაავადება შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოშობისა და მიმდინარეობის სირთულის მიხედვით, როგორც ზემოთაც ვახსენეთ.
სირთულის მიხედვით ასთმა შეიძლება იყოს:
- წყვეტილი;
- მსუბუქი მდგრადი;
- ზომიერი მდგრადი;
- მძიმე მდგრადი.
თუმცა, არსებობს დაავადების სხვა ქვეტიპებიც. მაგალითად, ასთმის გამომწვევი მიზეზების მიხედვით ის შეიძლება იყოს ალერგიული და არაალერგიული წარმოშობის. ზოგ ადამიანში ისეთმა ალერგენებმა, როგორიცაა ობი, მტვერი და შინაური ცხოველების ბეწვი, შეიძლება გამოიწვიოს ასთმური შეტევა — ეს ალერგიული ასთმაა. ხოლო თუკი ასთმის გამწვავებას სხვა გარეფაქტორები იწვევს, მაშინ ის არაალერგიულია.
ასაკობრივ კატეგორიებში ასთმა შეიძლება იყოს უფროსებისა და პედიატრიული. უფროსებში ასთმის ეს ტიპი 18 წლის ასაკიდან იწყება/ვლინდება.
რაც შეეხება პედიატრიულ ტიპს, ბრონქული ასთმა ბავშვებში შეიძლება 5 წლამდე გამოვლინდეს, მათ შორის, ჩვილებსა და მცირეწლოვნებშიც. დაავადების ეს ტიპი ბავშვმა შეიძლება გადალახოს კიდეც. ასეთ დროს, როგორც წესი, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის მიერ სწორ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის მეთოდს.
ასთმის ტიპები შეიძლება იყოს შემდეგიც:
- ვარჯიშით გამოწვეული — როცა ასთმურ შეტევებს, სუნთქვის გაძნელებას იწვევს ფიზიკური დატვირთვა. მას ვარჯიშით გამოწვეულ ბრონქოსპაზმსაც უწოდებენ;
- პროფესიული ასთმა — როცა ასთმურ სიმპტომებს ადამიანებში იწვევს სამუშაო გარემოში არსებული გამღიზიანებელი;
- ასთმა-COPD გადაფარვის სინდრომი (ACOS) — როცა პაციენტს ერთდროულად აქვს ასთმა და ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება. ეს ორივე ავადობა ართულებს სუნთქვას.
რა იწვევს ასთმას?
მეცნიერები ვერ გაგცემენ ზუსტ პასუხს, თუ რამ გამოიწვია ასთმა. თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც უფრო მეტად ზრდიან რისკს.
პირველ რიგში, მსგავსი რისკფაქტორია ალერგიულობა — ალერგენების მიმართ თქვენი ორგანიზმის პასუხი შესაძლოა იყოს ასთმის განვითარების მიზეზი.
ასევე, გარემო ფაქტორები ასრულებს დიდ როლს იმაში, თუ რამდენად დიდია ასთმის ჩამოყალიბების შანსი. თუკი მუშაობა გიწევთ ისეთ გარემოში, სადაც სასუნთქი სისტემა გიღიზიანდებათ და შეხება გაქვთ მტვერთან, ალერგენებთან, ორთქლთან, ტოქსინებთან თუ მეორე და მესამეხარისხოვან კვამლთან (მათ შორის, სიგარეტის კვამლი), ამან შეიძლება ასთმის პროვოცირება მოახდინოს.
მსგავსი გარემო შეიძლება იყოს განსაკუთრებით საზიანო ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომელთა იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა.
ცხადია, მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი - თუკი ოჯახში ასთმური დაავადებებისა და ალერგიებისადმი მიდრეკილება მეტია, იზრდება ასთმის განვითარების შანსი.
მნიშვნელოვანია რესპირატორული ინფექციების ფაქტორიც, განსაკუთრებით ბავშვებში — მათ შეიძლება დააზიანონ ფილტვები და გაზარდონ ასთმის ჩამოყალიბების რისკი.
შეიძლება გქონდეთ ასთმის შეტევა, თუ შეხვალთ ნივთიერებებთან, რომლებიც გაღიზიანებთ. ჯანდაცვის პროვაიდერები ამ ნივთიერებებს "გამომწვევს" უწოდებენ. იმის ცოდნა, თუ რა იწვევს თქვენს ასთმას, გაადვილებს ასთმის შეტევების თავიდან აცილებას.
ასთმის შეტევის გამომწვევი ფაქტორებიც შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს. ცხადია, ასთმური შეტევა შეიძლება ინდივიდუალურმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს, თუმცა, არის კონკრეტული ტრიგერები, რომლებიც შედარებით საყოველთაოა, მაგალითად, დაბინძურებული ჰაერი.
ქარხნების, ავტომობილების გამონაბოლქვი, ხანძრებისა თუ თამბაქოს კვამლი ხშირადაა ასთმური შეტევის ტრიგერი. ასევე, სასუნთქ გზებზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს ძლიერმა ქიმიკატებმა და სპეციფიკურმა სუნმა.
შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა თვალით უხილავმა არსებებმაც, როგორების მტვრის ტკიპები არიან. ისინი შეიძლება იყოს ჩვენს სახლებში ისე, რომ ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ. მაპროვოცირებლები არიან საყოფაცხოვრებო მავნებლებიც: ტარაკნები, თაგვები და ა.შ. ტრიგერი შეიძლება იყოს შინაური ცხოველის ბეწვიც და ქერტლიც კი.
ასევე, გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს ე.წ. მოლდი - ნესტიან ადგილას გაჩენილი ყვავილი, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს.
შეგვიძლია თუ არა ასთმის პრევენცია
ასთმის დიაგნოსტირების შემდეგ ექიმი აუცილებლად მოგცემთ რჩევებს, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა გარემოში, რათა შეამციროთ შეტევის განვითარების რისკი.
თუმცა, შეუძლებელია, რომელიმე ექიმმა მოგცეთ რჩევა, როგორ აირიდოთ ასთმა. პირველ რიგში, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტი გამომწვევი მიზეზები მეცნიერებისთვის უცნობია.
მაგრამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, კონკრეტულ გამაღიზიანებლებს მოვერიდოთ — ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი ის ე.წ. ტრიგერი, რაც ზემოთ მოცემულ ქვეთავში განვიხილეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account