აერტალი — მედიკამენტი, რომელიც ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოიყენება

აერტალი (Airtal) არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:

 

  • ოსტეოართრიტი (სახსრების დეგენერაციული დაავადება, სახსრის ართრიტი);
  • რევმატოიდული ართრიტი (რევმატული დაავადება, რომელიც სახსრების ანთებას უკავშირდება); 
  • მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადება);
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილი.

 

გარდა ამისა, ეს მედიკამენტი ასევე გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად (მაგალითად, წელის და კბილის).

 

აერტალი პსპ-ს აფთიაქებში რამდენიმე სახით არის ხელმისაწვდომი: 100მგ-იანი ტაბლეტები, 1.5%-იანი კრემი და პაკეტები, რომლებშიც მოთავსებულია ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის დასამზადებლად. ფასი მედიკამენტის თითოეული ვერსიისთვის განსხვავებულია.

 

როგორია პრეპარატის მოხმარების წესები და დოზირება?

 

მოდით, აერტალის მოხმარების წესები და დოზირება მედიკამენტის თითოეული ვერსიის მიხედვით განვიხილოთ:

 

ტაბლეტების შემთხვევაში

 

აერტალის აბები მთლიანად, საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად, უნდა გადაიყლაპოს კვებამდე ან მის შემდეგ. რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 200მგ-ს, ანუ 1 შემოგარსულ ტაბლეტს შეადგენს დილით და საღამოს (1 ცალი აბი, ყოველ 12 საათში).

 

პაკეტების გამოყენების წესი

 

პაკეტის შიგთავსი 40-60მლ წყალში უნდა გაზავდეს და სითხე მიღებულ იქნას დამზადებისთანავე. რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს).

 

საგულისხმოა, რომ აერტალის წყალში გახსნილი ფხვნილის საკვებთან ერთად მიღება მოქმედი ნივთიერების აბსორბციის სიჩქარეს ანელებს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის ხარისხს არ ამცირებს.

 

კრემის გამოყენების ინსტრუქცია

 

აერტალის მალამო დაზიანებულ უბანზე დღეში სამჯერ, მსუბუქი შეზელვითი მოძრაობით უნდა დაიტანოთ. დოზირება დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ფართობზე — საორიენტაციოდ გაითვალისწინეთ, რომ 1.5-2გრ აერტალის გელი დაახლოებით 5-7სმ-ის სიგრძის გელის ზოლს შეესაბამება.

 

გაფრთხილება: იოგების ანთების დროს, ასევე დაზიანებული კუნთების ან სახსრების სამკურნალოდ პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების ხანგრძლივობა 2 კვირას არ უნდა აღემატებოდეს. ართრიტის შემთხვევაში ეს ვადა 3 კვირას შეადგენს. თუ აერტალის მაზის 7-დღიანი მოხმარების შემდეგ სიმპტომები არ მცირდება ან, პირიქით, უარესდება პაციენტმა, შემდგომი გამოკვლევებისთვის, ექიმს უნდა მიმართოს.

 

გაითვალისწინეთ: აერტალის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, დაუზიანებელ კანზე და მისი დანიშვნისას ოკლუზიური სახვევების გამოყენება არ შეიძლება. მალამოს წასმის შემდეგ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეპარატი სწორედ მათ სამკურნალოდ გამოიყენება. აერტალის კრემი პირის ღრუში ან თვალში არ უნდა მოხვდეს.

 

ხანდაზმულ ადამიანებში, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული დოზების შემცირების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში, პრეპარატით მკურნალობისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რადგან მათში უფრო ხშირია გვერდითი მოვლენები.

 

გარდა ამისა, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტებში აერტალის საწყისი რეკომენდებული დღიური დოზა 100მგ-ს შეადგენს. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შემცირების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, 100მგ-იანი ტაბლეტების მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

 

პრეპარატის ჭარბი დოზირება და გვერდითი ეფექტები

 

თუ აერტალის დანიშნულ დოზას გადააჭარბებთ, აუცილებელია, კონსულტაციისთვის ფარმაცევტს ან პირად ექიმს დაუყოვნებლივ მიმართოთ. პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

 

  • თავის ტკივილი;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება;
  • ტკივილი ეპიგასტრიუმში (მუცლის ზედა მიდამო);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
  • დეზორიენტაცია;
  • აგზნებადობა;
  • კომა;
  • ძილიანობა;
  • თავბრუსხვევა;
  • ხმაური ყურებში;
  • ჰიპოტენზია (დაბალი წნევა); 
  • სუნთქვის დათრგუნვა;
  • გულისწასვლა;
  • იშვიათად დიარეა და კრუნჩხვები.

 

გარდა ამისა, მძიმე მოწამვლის შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება და თირკმელების მწვავე უკმარისობა.

 

რა უკუჩვენებები აქვს აერტალს?

 

აერტალის ანოტაციის თანახმად, მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

 

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
  • სისხლდენა ან დაწყლულება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატით არის გამოწვეული;
  • ბრონქოსპაზმის, ასთმის, ჭინჭრის ციების ან მწვავე რინიტის შეტევები აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების გამო;
  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები ან გულის მწვავე უკმარისობა;
  • გულის უკმარისობა, ცერებროვასკულარული დაავადებები ან პერიფერიული არტერიების დაავადებები, გულის იშემიური დაავადება (გულის მკვებავი სისხლძარღვების — კორონარული არტერიების — შევიწროება ან დახშობა);
  • ჰემოფილია (სისხლის შედედების მემკვიდრეობითი დარღვევა) და სისხლის შედედების სხვა დარღვევები.

 

გარდა ამისა, აერტალის მიღება არ შეიძლება ბავშვებისთვის, ვინაიდან მათში ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

 

მედიკამენტის აქტიური ნივთიერების — აცეკლოფენაკის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს.

 

გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში აერტალის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, აერტალის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

როგორი გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?

აერტალის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ხშირად:

  • თავბრუსხვევა;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა);
  • დიარეა;
  • ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

 

არახშირად:

  • გასტრიტი;
  • ნაწლავის შებერილობა;
  • შეკრულობა;
  • პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება;
  • ღებინება;
  • გამონაყარი;
  • ქავილი;
  • ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამონაყარით ხასიათდება);
  • დერმატიტი (კანის ანთების ზოგადი ტერმინი);
  • სისხლში კრეატინინის და შარდოვანას მომატება.

 

იშვიათად:

  • ანემია (სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის შემცირება);
  • მომატებული მგრძნობელობა;
  • ანაფილაქსიური რეაქცია (შოკის ჩათვლით);
  • გულის უკმარისობა;
  • მხედველობის დარღვევა;
  • არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) და ამ სამედიცინო მდგომარეობის მიმდინარეობის გაუარესება;
  • ქოშინი;
  • კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაწყლულება;
  • მელენა (შავი ფერის, შედედებული, სისხლიანი განავალი);
  • ჰემორაგიები (სხეულის რომელიმე ღრუში ან ორგანოში სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, რომელიც სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევით არის გამოწვეული) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში;
  • ჰემორაგიული დიარეა;
  • ანგიონევროზული შეშუპება (კანქვეშ არსებული შეშუპება).

 

ძალიან იშვიათად:

  • ძვლის ტვინის აქტივობის დათრგუნვა;
  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა);
  • გრანულოციტოპენია (მდგომარეობა, როდესაც პერიფერიულ სისხლში გრანულოციტების რაოდენობა მცირდება);
  • ჰემოლიზური ანემია (სისხლის დაავადება, რომელიც, როგორც წესი, თავს იჩენს მაშინ, როდესაც სისხლის წითელი უჯრედების დაშლა ან კვდომა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მათი ახალი უჯრედებით ჩანაცვლება);
  • ნეითროპენია (სისხლში ნეიტროფილების პათოლოგიურად დაბალი შემცველობა);
  • ჰიპერკალიემია (მდგომარეობა, როდესაც სისხლში კალიუმის დონე ნორმას აღემატება);
  • დეპრესია;
  • უძილობა;
  • უჩვეულო სიზმრები;
  • პარესთეზია (ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება);
  • დისგევზია (გემოვნების გაუკუღმართება);
  • ტრემორი (სხეულის ნაწილის რიტმული მოძრაობა, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება);
  • თავის ტკივილი;
  • ძილიანობა;
  • ხმაური ყურებში;
  • ვერტიგო (სხეულის ბრუნვის შეგრძნება);
  • გულის ფრიალის შეგრძნება;
  • კანის ჰიპერემია (სისხლის მოწოლა, დაგროვება);
  • ვასკულიტი (სისხლძარღვების კედლის ანთებითი პროცესი);
  • ალები (კისრის, სახის, გულმკერდის კანზე შეხურების გარდამავალი შეგრძნება, რომელიც კანის სისხლძარღვების გაფართოებით არის გამოწვეული. დამახასიათებელია კლიმაქსისთვის);
  • ბრონქოსპაზმი (ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება);
  • პანკრეატიტი (პანკრეასის, ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);
  • სტომატიტი (წყლული ან ანთება პირის ღრუში);
  • სისხლიანი ღებინება;
  • კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის (ნაწლავის ანთებითი დაავადების ტიპები) მიმდინარეობის გაუარესება;
  • ნაწლავის პერფორაცია (ნაწლავის გამჭოლი დაზიანება, გახვრეტა);
  • სისხლში ტუტე ფოსფატაზას (ფერმენტი, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება) აქტივობის მომატება;
  • ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტის ჩათვლით);
  • მძიმე რეაქციები კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ;
  • ეგზემა (კანის გავრცელებული დაავადება, რომელიც ლაქებს, გამონაყარს, ქავილსა და ინფექციას იწვევს);
  • პურპურა (დაავადება, რომელიც თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით ხასიათდება);
  • თირკმლის უკმარისობა;
  • შეშუპება;
  • კუნთების სპაზმები (ფეხებში);
  • მომატებული დაღლილობა;
  • სხეულის მასის მომატება.


გაითვალისწინეთ: ეს გვერდითი ეფექტების სრული სია არ არის და ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.