ყაბზობა და მისი მკურნალობა — ყველაფერი დუფალაკის შესახებ


ცხოვრების თანამედროვე სტილი, რომელიც ნაკლებად იძლევა სწორი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის საშუალებას, მრავალი დაავადების ჩამოყალიბების წინაპირობა გახდა. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ყაბზობა, იგივე შეკრულობა, რომელსაც ხშირად 21 საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ.

ჯანმრთელ ადამიანს კუჭის მოქმედება დღე-ღამეში 1-2–ჯერ უნდა ჰქონდეს, ასევე ნორმად ითვლება ორ დღეში 1-ჯერ ნაწლავების დაცლაც. ყაბზობად ითვლება მდგომარეობა, როცა კუჭის მოქმედება 48 საათით ან უფრო მეტი ხნით ვერ ხდება, ან ხდება გაძნელებულად და არასრულად.

გარდა კუჭის მოქმედების გაძნელებისა,  ყაბზობის დროს ადამიანი ხშირად უჩივის მუცლის შებერვას, ყურყურს, საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, მადის დაქვეითებას, ბოყინს, გულისრევას, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული. 

ყაბზობას, შესაძლოა, გართულებებიც მოჰყვეს, მათ შორისაა: სისხლდენა, რექტალური ფისტულა, ჰემორიდული კვანძები, რექტალური ანალური ნაპრალი, რექტალური პროლაფსი, ნაწლავის პერფორაცია და სხვა.

ყაბზობის უმთავრესი მიზეზი ცხოვრების უმოძრაო წესი და არასწორი კვებაა, თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს მთელი რიგი სხვა მიზეზებიც, როგორებიცაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადება, სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება; მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები; დეფეკაციის (კუჭში გასვლის) მოთხოვნილების იგნორირება; არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღება; მღელვარება ან დეპრესია და სხვა.

ყაბზობის დროს მნიშვნელოვანია ისეთი ნიუანსები, როგორებიცაა: კვების კორექცია (დაახლოებით 20-26 გრამი ბოჭკოს მიღება დღის განმავლობაში), წყლის მიღება (მინიმუმ 2 ლ წყალი/დღეში) და ფიზიკური აქტივობის გაზრდა, თუმცა რიგ შემთხვევებში მხოლოდ ჩამოთვლილი მეთოდები არაეფექტიანია და საჭიროა საფაღარათო საშუალებების მიღება.

ერთ-ერთი ასეთი საფაღარათო საშუალებაა დუფალაკი, რომელიც გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებსა და ორსულებში. 

რა არის დუფალაკი და როდისაა რეკომენდებული მისი მიღება? 

დუფალაკი ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებაა, რომელიც არბილებს განავლოვან მასებს და ნაწლავებში სითხის შეწოვის გზით აადვილებს დეფეკაციას. 

დუფალაკის სიროფი გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ (არახშირი დეფეკაცია, მშრალი და მყარი განავალი) ისეთ შემთხვევებშიც კი თუ პაციენტს აქვს ბუასილი, ან ჩატარებული ოპერაცია ანალურ ხვრელსა და მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილზე.; ქრონიკული ყაბზობისას, (როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებსა და ორსულებში).

დუფალაკი ასევე გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის (მათ შორის ღვიძლის პრეკომა და კომა). ასევე, ანტიბიოტიკოთერაპიის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის აღსადგენად; გარდა ამისა, ახალშობილებსა და ბავშვებში ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ფორმირებისა და აღდგენისთვის, განსაკუთრებით თუ ბავშვი დაბადებულია საკეისრო კვებით ან ხელოვნურ კვებაზეა.

დუფალაკს იყენებენ ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ. სალმონელური მატარებლობის დროს და წარმოიდგინეთ, ალკოჰოლდამოკიდებულების დროსაც კი.

რა უნდა იცოდეთ დუფალაკის მიღებამდე? 

დუფალაკის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ალერგიულები არიან ლაქტულოზას ან დუფალაკის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. 

ასევე, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს, თუ გაწუხებთ გალაქტოზემია — იშვიათი გენეტიკური დაავადება, რა დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია გალაქტოზის შეწოვა. დუფალაკი ასევე არ მიიღება ნაწლავების ობსტრუქციის შემთხვევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ პრეპარატი თუ პაციენტის ორგანიზმს არ შეუძლია რძის შაქრის (ლაქტოზა) შეწოვა, აქვს გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, შაქრიანი დიაბეტი. ასეთ შემთხვევებში პაციენტმა ექიმის გარეშე დუფალაკი არ უნდა მიიღოს.

მკურნალობის დასაწყისში ან მისი მაღალი დოზით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: მუცლის არეში ტკივილი, სპაზმები, მეტეორიზმი, ბოყინი.

როგორ მივიღოთ დუფალაკი — პრეპარატის დოზირება და მიღების წესი 

დუფალაკი მიიღება პერორალურად. 

ბავშვებში 3 წლამდე 5მლ, 3-6 წლამდე — 10მლ, 6-12 წლამდე — 15 მლ, 12 წლის ზევით და მოზრდილებში — 15-45 მლ, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. 

დოზა შეიძლება შემცირდეს პრეპარატის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, თუ პოაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობის გაუმჯობესება მკურნალობიდან რამდენიმე დღის განმავლობაშიც არ აღინიშნება.

საჭიროა პრეპარატი მიიღოთ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს.

მწვავე ყაბზობის შემთხვევებში, დუფალაკი შეიძლება დაინიშნოს ოყნის სახით — 300 მლ დუფალაკი/700 მლ წყალზე .

შესაძლებელია თუ არა პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში? 

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისა და ლაქტაციის დროს დუფალაკის მიღება უსაფრთხოა, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან. აუცილებელია პრეპარატის მიღება ზუსტი მითითებების შესაბამისად.

რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას? 

დოზის გადაჭარბებისას სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ძალიან მაღალი დოზების გამოყენებისას, შეძლება გამოვლინდეს მუცლის ტკივილი და დიარეა. ასეთ დროს საკმარისია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

შეიძლება თუ არა დუფალაკის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად? 

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ დუფალაკის პარალელურად იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემსაც.