ესკაპელი — გადაუდებელი კონტრაცეფცია მხოლოდ ექსტრემალური შემთხვევებისთვის

დაუცველი სექსის შემდეგ, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, ხშირად გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდს მიმართავენ. გადაუდებელი კონტრაცეფციის სხვადასხვა ფორმა და საშუალება არსებობს. მათ ხშირად შემდეგი დღის, მეორე დილის აბებს, ან პოსტკოიტალურ (სექსის შემდგომ) კონტრაცეპტივებსაც უწოდებენ.

 

გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენებას სხვადასხვა, ინდივიუალური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ამ მეთოდს ყველაზე ხშირად მიმართავენ: ორსულობის თავიდან ასაცილებლად დაუცველი სექსის, კონტრაცეფციის არ გამოყენების, ან არასწორად გამოყენების, პრეზერვატივის გახევის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბის გამოტოვების, სექსუალური ძალადობის შემთხვევების დროს. 

 

ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც პოსტკოიტალური კონტრაცეპტივების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება —  ესკაპელია. მის შემადგენლობაში ლევონორგესტრელი (პროგესტინის ჰორმონი) შედის, რომელიც მოქმედებს ოვულაციასა და განაყოფიერებაზე, კონკრეტულად კი, (მედიკამენტის სწორად მიღების შემთხვევაში) აფერხებს მათ, შესაბამისად, არ დგება ორსულობა. 

 

გაითვალისწინეთ, გადაუდებელი კონტრაცეფცია ყოველთვის ვერ არის ეფექტიანი გამოსავალი და არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის თავიდან აცილება ვერ ხდება. 

 

ესკაპელის მიღების წესი და დოზირება 

 

ესკაპელის ფარმაკოლოგიური თვისებების მიხედვით, მედიკამენტის გამოყენების შემთხვევათა 84 პროცენტში ორსულობა არ დგება. თუმცა ესკაპელის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად და დროულად მიიღეთ აღნიშნული მედიკამენტი. 

 

ესკაპელი უნდა მიიღოთ პერორალურად (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით)  სქესობრივი აქტის შემდეგ 72 საათის განმავლობაში. თუკი ესკაპელის მიღებიდან სამ საათში გექნებათ ღებინება, შესაძლოა, დაგჭირდეთ მედიკამენტის მეორეჯერ მიღება. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ესკაპელის მიღების შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად მომდევნო მენსტრუაციამდე, უნდა გამოიყენოთ ადგილობრივი ბარიერული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად პრეზერვატივი; ასევე შეგიძლიათ გააგრძელოთ ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მიღება. 

 

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ 16 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ესკაპელის მიღების კლინიკური გამოცდილება ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მედიკამენტის მიღება ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. 

 

ესკაპელი და მენსტრუაცია 

 

იმ შემთხვევაში, თუკი წინა მენსტრუაცია ნორმალურად მიმდინარეობდა, ესკაპელი მენსტრუაციის დღეებშიც მიიღება. უმეტესწილად ესკაპელის მიღებას არ აქვს გავლენა მენსტრუაციის რეგულარობასა და ნორმალურ ხასიათზე, თუმცა შესაძლებელია მენსტრუაციის ადრე დაწყება, ან გადაცდენა.

 

მენსტრუაციასთან დაკავშირებით მედიკამენტის გვერდით მოვლენებში აღწერილია მენსტრუაციის დარღვევა, ან მენსტრუაციის გადაცდენა. თუმცა თუკი მენსტრუაცია 5 დღეზე მეტ ხანს გადაგიცდათ, ან უჩვეულოდ მიმდინარეობს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება ორსულობის გამოსარიცხად. 

 

ესკაპელის მიღებისას ხშირად ფიქსირდება საშვილოსნოს გარე ორსულობა, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ შემდეგ სიმპტომებთან: ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, გულყრა, ექტოპიური ორსულობის ანამნეზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ოპერაციები და მათი ანთებები. 

 

გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ესკაპელის განმეორებით მიღება ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.



ესკაპელი საშიშია? პრეპარატის გვერდითი მოვლენები 

 

სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება შემდეგი კითხვა: ესკაპელი საშიშია? აქ თავს მოვუყრით ესკაპელის მიღების დროს ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს.

 

  • გულისრევა;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ტკივილები მუცლის ქვეშ;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა;
  • ფაღარათი;
  • ღებინება;
  • მენსტრუაციის დარღვევა, მენსტრუაციის გადაცდენა 7 დღეზე მეტ ხანს.

ეს გვერდითი რეაქციებია ჩამოთვლილი ესკაპელის ანოტაციაში. უკუჩვენებებში კი ორსულობა, ღვიძლის მაღალი ხარისხის უკმარისრობა და მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ არის ჩაწერილი.

შესაბამისად, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს ესკაპელის მიღება რეკომენდებული არ არის. ასევე საყურადღებოა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეწოვის მძიმე დარღვევები, მაგალითად როგორიცაა კრონის დაავადება, ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. 

 

რაც შეეხება ორსულობას და ლაქტაციას, ესკაპელის მიღება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ხოლო ძუძუთი კვების დროს, გაითვალისწინეთ, რომ ლევონორგესტრელი დედის რძეში აღწევს. შესაბამისად, თუკი ესკაპელის მიღებას ლაქტაციის დროს გადაწყვეტთ, პრეპარატი უნდა მიიღოთ ბავშვის ძუძუთი გამოკვების შემდეგ. ხოლო ესკაპელის მიღებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში ბავშვი ძუძუთი აღარ უნდა გამოკვებოთ.

 

რეკომენდებული არ არის ესკაპელის გამოყენება კონტრაცეფციის რეგულარული მეთოდის სახით. იგი გამოიყენება მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში.

გახსოვდეთ, რომ გადაუდებელი კონტრაცეფცია არ ანაცვლებს რეგულარულ კონტრაცეფციას, იგი არ გიცავთ სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან. 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ასევე თქვენზე მორგებული კონტრაცეფციის მეთოდის ასარჩევად, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.