ტავეგილი — ალერგიული რინიტისა და სხვა მსგავსი ჩვენებების სამკურნალოდ

 

ალერგიული რინიტი, კანის ალერგიული დაავადებები, ქავილის შეგრძნება, ატიპიური ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, მწერების ნაკბენი, ალერგია წამლებზე — ეს იმ მდგომარეობების არასრული ჩამონათვალია, როდესაც ექიმი მედიკამენტ ტავეგილს გამოგიწერდათ. 

 

ერთი ტაბლეტი ტავეგილი, მოქმედი ნივთიერების სახით, კლემასტინს შეიცავს, რომელიც, თავის მხრივ, ანტიჰისტამინების ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

როგორც ცნობილია, ანტიჰისტამინური საშუალებები თერაპიული მოქმედების სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფია. ეს საშუალებები გამოიყენება ალერგიული პათოლოგიის დროს და მათი სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, ზოგჯერ როგორც შფოთვის მომხსნელი და საძილე საშუალება. სწორედ კლემასტინია ტავეგილის საერთაშორისო დასახელებაც და იგი ანტიჰისტამინური პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

როგორია ტავეგილის დოზირება და მიღების წესი

 

ტავეგილის დოზირება და მიღების წესი, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის, არ უნდა გადაწყვიტოთ თვითნებურად და აუცილებლად უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ამ ბლოგში კი, გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც ანოტაციაში არის ჩაწერილი. 

 

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ტავეგილი უნდა მიიღოთ ჭამის წინ, პერორალურად, წყლის მიყოლებით.

 

თუკი პაციენტი 6-დან 12 წლამდეა, რეკომენდებული დოზაა ნახევარი ტაბლეტი, დილით და საღამოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე მეტხანს, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 

 

რაც შეეხება ბავშვებს 12 წლის ზემოთ და მოზრდილებს, მათთვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დილით და საღამოს, თუკი რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულება სხვაგვარი არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფში არ შეიძლება 6 ტაბლეტზე მეტის მიღება 24 საათის განმავლობაში.

სიფრთხილის ზომები და გვერდითი ეფექტები

 

ყურადღებით იყავით ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან, ტავეგილის მიღების შემდეგ მათ შეიძლება გამოუვლინდეთ ისეთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა პარადოქსული აგზნება, გონების არევა. ამიტომ მედიკამენტის მიღებამდე ხანდაზმული ასაკის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. დაუშვებელია რეკომენდებული დოზირების, ან გამოყენების ხანგრძლივობის გადამეტება. 

 

ზოგადად კი, გაითვალისწინეთ, რომ იმ პაციენტებმა, რომელთაც აწუხებთ ეპილეფსია, ან კრუნჩხვები, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მასტენოზირებელი პეპტიკური წყლული, პოლოროდუოდენალური ობსტრუქცია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ანტიჰისტამინური პრეპარატები, მათ შორის ტავეგილი

 

მედიკამენტის მიღებამდე ყურადღება მიაქციეთ ასევე მის შედგენილობას. მაგალითად ტავეგილის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას, შესაბამისად ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი ჩვენებები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას ტოტალური დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის დარღვევები.

 

იყავით ყურადღებით თუკი უკვე იღებთ ისეთ პრეპარატებს, რომელთაც აქვთ სედაციური, საძილე ეფექტი, რადგანაც ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ მათი მოქმედება. 

 

ტავეგილის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ტავეგილთან ერთად არ მიიღოთ ალკოჰოლი. ასევე ორსულებმა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა არ უნდა მიიღონ ტავეგილი. გარდა ამისა, თუ ტავეგილის მიღების შემდეგ გრძნობთ თავბრუსხვევას, ან ძილიანობას, აუცილებლად უნდა შეიკავოთ თავი ავტომობილის, ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვისგან. 


ტავეგილის მიღების შემდეგ არასასურველ მოვლენებსა და რეაქციებში აღწერილია ტაქიკარდია, ყაბზობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქოშინი, გამონაყარი. ნებისმიერი მსგავსი საეჭვო მდგომარეობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.