სორვიტიმბი - პრეპარატი ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის

სორვიტიმბი (Sorvitimb) წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინისა (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) და ტრიგლიცერიდების (ცხიმის (ლიპიდების) ტიპი, რომელიც გვხვდება სისხლში) დონის შემცირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ეს მედიკამენტი „კარგი“ ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) დონეს ზრდის.

 

პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც თავიანთი ქოლესტერინის დონის კონტროლს მხოლოდ შესაბამისი დიეტის საშუალებით ვერ ახერხებენ. 

 

გაფრთხილება: ეს მედიკამენტი წონაში დასაკლებად არ არის განკუთვნილი.

 

სორვიტიმბი პერორალურად მიიღება. ის ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და აქტიური ნივთიერებების (როზუვასტატინი და ეზეტიმიბი) დოზების მიხედვით ხელმისაწვდომია მისი შემდეგი ვერსიები: სორვიტიმბი 10/10მგ, 20/10მგ და 40/10მგ.

 

როგორია სორვიტიმბის მოხმარების წესები და დოზირება?

 

სორვიტიმბის მიღებამდე უნდა დაიცვათ დიეტა, რომლის მიზანიც ქოლესტერინის დონის შემცირებაა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დიეტა მედიკამენტის გამოყენების პარალელურადაც გაგრძელდეს. 

 

რეკომენდებული დოზა დღეში ერთ ტაბლეტს შეადგენს. მისი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. ტაბლეტი მთლიანად, წყალთან ერთად უნდა გადაყლაპოთ და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველდღე დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში გააკეთოთ. 

 

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს მიმართეთ. ხოლო თუ ტაბლეტის დალევა დაგავიწყდათ, უბრალოდ შემდეგი დოზა მიიღეთ განრიგის მიხედვით. ანაზღაურების მიზნით დოზას ნუ გააორმაგებთ.

 

გაფრთხილება: ბავშვებისა და მოზრდილებისთვის სორვიტიმბის გამოყენება არ შეიძლება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ამ მედიკამენტის მიღება მაშინაც უნდა განაგრძოთ, თუ თქვენი ქოლესტერინის დონე ნორმას დაუბრუნდება — ეს მისი ხელახლა მომატების პრევენციაში დაგეხმარებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შედეგად უნდა იქნას მიღებული.

 

რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს?

 

სორვიტიმბის ანოტაციის თანახმად, მისი მიღება არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

 

  • ალერგია მედიკამენტის ნებისმიერ ინგრედიენტზე;

  • თირკმლის მწვავე პრობლემები;

  • ღვიძლის დაავადება;

  • კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი;

  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. თუ სორვიტიმბს მოიხმართ და დაორსულდით, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და ექიმს დაუკავშირდით. სორვიტიმბის გამოყენების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა დაორსულებას თავი შესაფერისი კონტრაცეფციის გამოყენებით აარიდონ.

 

საგულისხმოა, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ასევე არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში სორვიტიმბის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, სორვიტიმბის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. 

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს სორვიტიმბს?

სხვა მედიკამენტების მსგავსად, სორვიტიმბსაც შეუძლია გარკვეული გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და ექიმს მიმართეთ, თუ აღგენიშნებათ შემდეგი ალერგიული რეაქციებიდან რომელიმე:

  • კანის ძლიერი ქავილი და მუწუკები;
  • სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპებასთან ერთად ან მათ გარეშე;
  • სახის, ტუჩების, ენისა და/ან ყელის შეშუპება, რის შედეგადაც შეიძლება ყლაპვა გაგიჭირდეთ;
  • კუნთების გაწყვეტა;
  • მგლურას (ქრონიკული ანთებითი დაავადება) მსგავსი დაავადების სინდრომი (მათ შორის დარღვევები სახსრების მხრივ, გამონაყარი და ზემოქმედება სისხლის უჯრედებზე).

ამასთან, სორვიტიმბის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ და ექიმს დაუკავშირდეთ, თუ აღგენიშნებათ კუნთების რაიმე სახის უჩვეულო ტკივილი, რომელიც მოსალოდნელზე ხანგრძლივია. ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ადამიანთა მცირე ჯგუფს უვლინდება კუნთებთან დაკავშირებული უსიამოვნო ეფექტები და იშვიათ შემთხვევებში ისინი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ კუნთების დაზიანებაში — რაბდომიოლიზში გადაიზარდოს. 

 

გარდა ამისა, სორვიტიმბმა შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს, რომლებიც ქვემოთ, გამოვლენის სიხშირის მიხედვით არის დაჯგუფებული:

 

ხშირი:

 

  • კუჭის ტკივილი;
  • შეკრულობა;
  • მეტეორიზმი;
  • დიარეა;
  • თავის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი;
  • კუნთების მგრძნობელობა ან სისუსტე;
  • თავბრუსხვევა;
  • შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
  • სისუსტის შეგრძნება;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • დიაბეტი — ეს უფრო მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ცხიმებისა და შაქრის მაღალი დონე აღგენიშნებათ, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა და ჭარბი წონა;
  • ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთ ლაბორატორიულ სისხლის ანალიზებში მაჩვენებლების (ტრანსამინაზები) მომატება;
  • შარდში ცილების რაოდენობის ზრდა — ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, ნორმას თავისით, სორვიტიმბის მიღების შეწყვეტის გარეშეც, უბრუნდება (მხოლოდ როზუვასტატინის 40მგ-იანი დოზებით).

 

არახშირი:

  • ქავილი, გამონაყარი ან კანთან დაკავშირებული სხვა რეაქციები;
  • პირის სიმშრალე;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • ზურგის ტკივილი;
  • ჭინჭრის ციება;
  • შეშუპება, განსაკუთრებით ხელებისა და ტერფების;
  • კუნთების სისუსტე, ტკივილი ხელებსა და ფეხებში;
  • კუნთების ფუნქციის (CK) ზოგიერთ ლაბორატორიულ სისხლის ანალიზში მაჩვენებლების მომატება;
  • გულძმარვა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
  • ხველა;
  • კუნთის სპაზმები;
  • სახსრების ტკივილი;
  • კისრის ტკივილი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • წამოხურება;
  • მადის დაქვეითება;
  • მაღალი არტერიული წნევა.

 

იშვიათი:

  • მწვავე ალერგიული რეაქცია;
  • მოზრდილებში კუნთების დაზიანება;
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება სისხლჩაქცევები/სისხლდენა (თრომბოციტოპენია) გამოიწვიოს;
  • კუჭის მწვავე ტკივილი (პანკრეასის ანთება).

 

ძალიან იშვიათი:

  • ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
  • სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);
  • ნერვების დაზიანება ხელებსა და ფეხებში (მაგალითად, დაბუჟება);
  • სისხლის კვალი შარდში;
  • მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია);
  • მეხსიერების დაკარგვა.

 

გაითვალისწინეთ: ეს გვერდითი ეფექტების სრული სია არ არის და ნებისმიერი აქ ჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.