სენადე — საფაღარათო საშუალება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის

დეფეკაციის გაძნელება სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნებაა და მას ყაბზობა, იგივე შეკრულობა ეწოდება. შეკრულობა ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა. იგი სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შესაძლოა გართულდეს ბუასილით, სწორი ნაწლავიდან სისხლდენით, ანალური ნაპრალით, ან ნახეთქით, რომელიც ძალიან მტკივნეულია. 

თუ შეკრულობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, დაყოვნებული ფეკალიების გამკვრივებამ გაზარდოს პერფორაციის (ნაწლავის გახვრეტის) რისკი.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს გართულებები მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს. ჩივილებისა და ანამნეზის საფუძველზე, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად, ირიგოსკოპია, მუცლის ღრუს რენტგენოსკოპია ბარიუმით, მუცლის ღრუს ექოსკოპიური და კომპიუტერული დიაგნოსტირება, კოლონოსკოპია და ა.შ.

რაც შეეხება მკურნალობას, ყაბზობის სამკურნალოდ ძირითადად საფაღარათო მედიკამენტებს იყენებენ, რომლებსაც სხვადასხვა მოქმედება აქვს, მაგალითად, ზოგიერთი ხელს უწყობს განავლის გათხიერებას, ზოგი ასტიმულირებს ნაწლავთა მოტორიკას და ა.შ. ეს მედიკამენტები საკმაოდ სწრაფ ეფექტს იძლევა, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ მათი შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

ამჯერად ერთ-ერთ საფაღარათო საშუალებას - სენადეს წარმოგიდგენთ, რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ ყაბზობის მკურნალობის პროცესში.

რა არის სენადე და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?

სენადე არის პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის: A და B სენოზიდების კალციუმის მარილები — 13,5მგ (სენას ფოთლების ექსტრაქტის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მიკრო კრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მეთილპარაბენი, ტალკი, მაგნიუმის სტეარტი.

სენადე აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორებს და რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას, რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის აღდგენას. პრეპარატი ხელს არ უშლის საკვების მონელებას და არ იწვევს მიჩვევას. სამკურნალო ეფექტი იწყება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ.

როდის და როგორ გამოიყენება სენადე?

სენადე გამოიყენება მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიითა და პერისტალტიკის მოდუნებით გამოწვეული შეკრულობების დროს. აგრეთვე კუჭის მოქმედების რეგულირებისთვის, ბუასილის, პროქტიტისა და ანალური ნაპრალების შემთხვევებში.

სენადე უნდა მიიღოთ პერორალურად, ძილის წინ, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. 

6-დან 12 წლამდე ბავშვებში რეკომენდებული დოზაა: 1/2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა უნდა გაზარდოთ 1-2 ტაბლეტამდე.

12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში რეკომენდებულია: 1 ტაბლეტის მიღება დღეში 1-ჯერ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ  2-3 ტაბლეტამდე.

არ არის რეკომენდებული სენადეს გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.

მიზანშეწონილია თუ არა სენადეს გამოყენება გასახდომად?

საფაღარათო საშუალებებს, მათ შორის სენადეს ბოლო დროს ბევრი იყენებს გასახდომად. მიუხედავად იმისა, რომ სენადე მცენარეული პრეპარატია, მისმა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს. 

ამიტომ სანამ პრეპარატის აღნიშნული მიზნით გამოყენებას დაიწყებთ, უმჯობესია კონსულტაცია ექიმთან ან კვების სპეციალისტთან გაიაროთ.

ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან

სენადეს დიდი დოზებით და ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება და გაიზარდოს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი.

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს პრეპარატს?

თუ თქვენ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, მისი მიღება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის მიღება ასევე არ შეიძლება ნაწლავების გაუვალობის, ჩაჭედილი თიაქარის, აპენდიციტის, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებების, პერიტონიტის,  კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, მეტრორაგიის, ცისტიტის, სპასტიური კოლიტის, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევს დროს. 

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 6 წლამდე ბავშვებსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

პრეპარატის მიღებისას ასევე შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით მისი ხანგრძლივი გამოყენების ან დოზის გადაჭარბებისას. 

შესაძლო გვერდითი მოვლენებია: მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი და დიარეა.