ჰორმონების დარღვევა — რა სიმპტომებით ვლინდება ის ქალებსა და კაცებში

ჰორმონალური ბალანსი ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის შეიძლება დაირღვეს როგორ ბუნებრივი მიზეზების გამო, ისე გარემოსა და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგად. მოდით, გავიგოთ რა როლს ასრულებენ ჰორმონები ადამიანის ორგანიზმში, რა სიმპტომებით ვლინდება და რა პათოლოგიები ვითარდება ჰორმონების დარღვევის შემთხვევაში და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჯანმრთელი ჰორმონალური სისტემა გვქონდეს?

რა არის ჰორმონი? 

პირველი რიგში დავიწყოთ იმით თუ რა არის ჰორმონი. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელიც გამომუშავდება ენდოკრინულ ჯირკვლებში, შემდეგ სინთეზირდება და სისხლის საშუალებით ხვდება მთელ ორგანიზმში. ჰორმონების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. 

ჰორმონების წარმოშობა ხდება როგორც გარე პირობებიდან, ასევე გარკვეული შინაგანი მიზეზებიდან გამომდინარე. 

ენდოკრინული ჯირკვლები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ჰორმონებს გამოყოფენ:

  • ჰიპოთალამუსი - ანტიდიურეზული ჰორმონი, ოქსიტოცინი;
  • ჰიპოფიზი - ფოლიკულო მასტიმულირებელი, თიროიდ მასტიმულირებელი, მალუთეიზირებელი, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონი, პროლაქტინი, ზრდის ჰორმონი;
  • ჭალღუზისებური ჯიკვალი - მელატონინი;
  • ფარისებრი ჯირკვალი - თიროქსინი, ტრი-იოდთირონინი; კალციტონინი;
  • პარათირეოიდული ჯირკვალი - პარათირეოიდული ჰორმონი;
  • თირკმელზედა ჯირკვალი - ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, ალდოსტერონი;
  • პანკრეასი -  ინსულინი, გლუკაგონი, სომატოსტატინი;
  • საკვერცხეები - ესტროგენი, პროგესტერონი;
  • სათესლეები  - ტესტოსტერონი.

რა პათოლოგიები ვითარდება ჰორმონალური ბალანსის დარღვევის შემთხვევაში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჰორმონზეა საუბარი. თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ბალანსი ირღვევა, ან ვთქვათ პათოლოგია გვაქვს ფარისებრ ჯირკვალში, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი. 

თუ გვაქვს თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა, რომელშიც გამომუშავდება კორტიზოლი, მომატებული ფუნქციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სახის დაავადებები. 

ესტროგენზე, პროგესტრონსა და პროლაქტინზე დამოკიდებულია ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენებისა და ტესტოსტერონის დარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება და სხვა პრობლემები და ა.შ. 

ჰორმონული დარღვევა — სიმპტომები

ჰორმონალური დისბალანსის დროს ადამიანის ორგანიზმში, შეიძლება ითქვას, რომ იწყება სრული ქაოსი.  მისი ნიშნები მრავალია:

  • წონაში მატება;
  • მოჭარბებული ოფლიანობა;
  • თმის ცვენა ან პირიქით მომატებული თმიანობა ქალებში;
  • აკნე;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • დეპრესია, უხასიათობა, თავის ტკივილი;
  • ძილის დარღვევები;
  • მომნელებელი სისტემის პრობლემები;
  • მკერდის სიმკვრივის ცვლილება;
  • ერექციული დისფუნქცია და ლიბიდოს დაქვეითება;
  • უნაყოფობა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ორსულობის დროს გართულებები.

 

ჰორმონალური დარღვევა ქალებში

როგორც წესი, ჯანმრთელ ორგანიზმში მამაკაცისა და ქალის ჰორმონები თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს, მაგრამ ხანდახან ადგილი აქვს მათ დისბალანსს, რასაც იწვევს რიგი გინეკოლოგიური დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობა ასაკი და სხვა ფაქტორები. 

ქალის ორგანიზმში ჰორმონულ დარღვევებზე მიუთითებს მენსტრუაციის ციკლის დარღვევა, დაორსულების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კლიმაქტერიული სინდრომი, ორსულობისა და მშობიარობის მძიმედ მიმდინარეობა.  

თუ ამ ყველაფერთან ერთად, აგეღნიშნებათ არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, ხშირი თავბრუსხვევები, მუცლის შებერილობა, შეშუპება, საერთო სისუსტე, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰორმონალური დარღვევები გაქვთ. 

ჰორმონული დარღვევები გარეგნულადაც შეინიშნება, რადგან მომატებული მამაკაცური ჰორმონების არსებობა ქალებში იწვევს: გამონაყარს, თმიანობას და თმების ცხიმიანობას, სტრიების წარმოშობას, ხოლო ამავე ჰორმონების ნაკლებობა იწვევს: მენსტრუაციის დროს სარძევე ჯირკვლების ტკივილს.

ქალებში ჰორმონალურ დისბალანსზე ეჭვის არსებობისას, გირჩევთ, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის საფუძველზე ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს რა პრეპარატებითა და მეთოდებით უნდა ჩატარდეს მკურნალობა, მაგალითად ამ შემთხვევაში გამოიყენება ისეთი პრეპარატი როგორიცაა, ცეფანორმი. ძირითადად ტარდება შემდეგი კვლევები: პროლაქტინი, ესტრადიოლი, პროჟესტერონი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ტესტოსტერონი, TSH, FT4. 

 

ჰორმონალური დარღვევა კაცებში

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტესტოსტერონი მამაკაცის მთავარი სასქესო ჰორმონი გახლავთ. სწორედ იგი განაპირობებს ყმაწვილკაცობისას სათესლეებისა თუ სასქესო ასოს გადიდებას, სახესა და ბოქვენზე თმის ამოსვლას, ხმის დაბოხებას, სიმაღლეში ზრდას, კუნთოვანი მასისა და ძალის მატებას, გარდა ამისა, ტესტოსტერონი უნარჩუნებს მამაკაცს სქესობრივ ლტოლვას, სპერმატოზოიდების წარმოქმნას, თმიანობის მამაკაცურ ტიპს, კუნთოვან და ძვლოვან მასას. აქედან გამომდინარე, ტესტოსტერონის ნაკლებობა ვლინდება: სქესობრივი ლტოლვის შემცირებით, ერექციული დისფუნქციით, სპერმის ხარისხის გაუარესებით, უნაყოფობით, მკერდის ზრდით. არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ისეთმა სიმპტომებმაც, რომლებიც ქალებს აწუხებთ მენოპაუზის დროს: ალები, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დაქვეითება, ისევე, როგორც დეპრესია.

თუ ტესტოსტერონის წარმოქმნა მეტისმეტად და დიდხანს შეფერხდა, მამაკაცს შესაძლოა სხეულზე თმები გასცვივდეს, კუნთები დაუპატარავდეს და დაუსუსტდეს, ძვლები უფრო მყიფე და ადვილად მსხვრევადი გაუხდეს, სათესლე ჯირკვლებიც დაუპატარავდეს და დაურბილდეს.

კაცებში ჰორმონალურ დარღვევაზე ეჭვის შემთხვევაში, ექიმი პირველ რიგში ტესტოსტერონის დონის დადგენას მოინდომებს. ტესტოსტერონის ანალიზი დილით უნდა ჩატარდეს, რადგან იგი ორგანიზმში ყველაზე მეტი რაოდენობით დილაობითაა.  ასევე ამოწმებენ ჰიპოფიზისა და ჰიიპოთალამუსის ჰორმონების ოდენობას. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ დარღვევის მიზეზი სწორედ იქ არის საძებნელი, უფრო მეტი გამოკვლევის ჩატარება დაგჭირდებათ. მემკვიდრეობითი პათოლოგიის დასადგენად რეკომენდებულია გენეტიკურ გამოკვლევების ჩატარებაც.

გჭირდებათ თუ არა ჩანაცვლებითი თერაპია, წამლის რომელი ფორმის მიღება იქნება უფრო ეფექტიანი ან რომელი გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.