
გაციება და სიცხე ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებული სიმპტომებია, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს სხვადასხვა ინფექციურ და ანთებით პროცესს. არც თუ ისე იშვიათად მას თავის, სახსრებისა და სხვა ტიპის ტკივილიც ახასიათებს. ამიტომ ამგვარი დაავადებების მართვასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატის დანიშნვა, რომელიც ამ სამივე სიმპტომს ეფექტიანად უმკურნალებს.
ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია ციტრამონი (ციტრამონი დარნიცა, ციტრამონი ბორიმედი), რომელსაც ანთებითი და ინფექციური პროცესებისას ყველაზე ხშირად იყენებენ.
რას წარმოადგენს ციტრამონი და როგორია მისი შედგენილობა?
ციტრამონი ფართოდ გამოყენებადი ანალგეზიური ჯგუფის კომბინირებული მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება გაციების, სიცხისა და ტკივილის დროს. მისი ეფექტიანობა დაფუძნებულია მასში არსებულ აქტიურ ინგრედიენტებზე.
მასში შემავალი ასპირინი მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ხელს უშლის პროსტაგლანდინების წარმოებას, რომლებიც ტკივილსა და ანთებას იწვევენ.
ციტრამონის კიდევ ერთ ინგრედიენტს — პარაცეტამოლს გააჩნია სხეულის ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ხოლო კოფეინი აუმჯობესებს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ეფექტიანობას. ასევე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის შეგრძნებას და ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.
რისი წამალია ციტრამონი?
ციტრამონი გამოიყენება მოზრდილებში ზომიერად, ან სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომისას, როგორებიცაა: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, მენსტრუაციული ტკივილი და სხვა. პრეპარატი ასევე ეფექტიანია გაციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას, სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაქვეითებლად.
რა უკუჩვენებები გააჩნია ციტრამონს?
ციტრამონის უკუჩვენებებს წარმოადგენს:
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
- სისხლჩაქცევებისადმი და სისხლდენებისადმი მიდრეკილი სისხლის დაავადებები;
- გლაუკომა;
- ბრონქული ასთმა;
- ორსულობის I და III ტრიმესტრი (ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენებისას ციტრამონს აქვს ტერატოგენული მოქმედება; III ტრიმესტრში კი შეიძლენა გამოიწვიოს სამშობიარო მოქმედების დამუხრუჭება) და ლაქტაციის პერიოდი (პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია);
- ალკოჰოლის მიღება (პრეპარატის მიღებისას არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის მიღება, ასევე არ მიიღოთ პრეპარატი ნაბახუსევზე, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების რისკი).
- თირკმლის უკმარისობა. ბრონქოობსტრუქციული შეტევა, ჭინჭრის ციება, ან მწვავე რინიტი ანამნეზში;
- ჰემოფილია, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოპროთრომბინემია, პორტული ჰიპერტენზია;
- ვიტამინ K ავიტამინოზი;
- დადასტურებული ჰიპერკალიემია;
- არტერიული ჰიპერტენზია (ციტრამონი არ ინიშნება წნევის დროს), მძიმედ მიმდინარე გულის იშემიური დაავადება;
- მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა;
- ქირურგიული ჩარევა, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა.
ინიშნება თუ არა ციტრამონი ბავშვებში და ხანდაზმულებში?
ციტრამონი არ ინიშნება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვირუსული ინფექციით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, რადგან არსებობს რეის სინდრომის (ჰიპერპირექსია, მეტაბოლური აციდოზი, დარღვევები ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ, გულისრევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა) განვითარების საშიშროება.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პირებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც აქვს ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 60 მლ/წთ), პოდაგრა; გიდ-ი, ცერებროვასკულური დაავადებები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებება.
როგორია ციტრამონის გამოყენების წესი და დოზირება?
ციტრამონი უნდა მიიღოთ პერორალურად, ჭამის შემდეგ 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 ტაბლეტი. შუალედი მიღებებს შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 6 საათი.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა გაიზარდოს არანაკლებ 8 საათამდე.
არ მიიღოთ პრეპარატი 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის და 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში — ტემპერატურის დასაწევად. უფრო ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, დოზირების და მიღების სქემა მკურნალმა ექიმმა უნდა დაადგინოს.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღებისას?
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება), გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში.
მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები. გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატოტოქსიკურობა, ნეფროტოქსიკურობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლების დაზიანება პაპილარული ნეკროზით, ალერგიული რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ბრონქოსპაზმი.
ზემოთ აღწერილი და სხვა გვრედითი მოვლენების გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს.
როგორია ციტრამონის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან?
ციტრამონი აძლიერებს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლის შედედებას, ასევე აძლიერებს ისეთი პრეპარატების გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა: მეტოტრექსატი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, არანარკოტიკული ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
ციტრამონის მიღება ამცირებს ფუროსემიდის, სპირონოლაქტონის, ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებებისა და პოდაგრის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.
სალიცილამიდი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები და მიკროსომალური დაჟანგვის სხვა სტიმულატორები ხელს უწყობენ ციტრამონში შემავალი პარაცეტამოლის ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნას და გავლენას ახდენენ ღვიძლის ფუნქციაზე.
ციტრამონთან ერთობლივად სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება აუცილებლად უნდა შეათანხმოთ მკურნალ ექიმთან.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account