როგორ გვეხმარება სნუპი ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებაში?

სნუპი (Snup) ცხვირის სპრეია, რომლის საერთაშორისო დასახელებაც არის ქსილომეტაზოლინი. ეს მედიკამენტი გრიპის, გაციების და ალერგიული რინიტის დროს გამოიყენება. სნუპი სწრაფად ხსნის ცხვირით სუნთქვის გაძნელებასა და სურდოს, ასევე ცხვირის ლორწოვან გარსს სიმშრალისგან იცავს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ორი სხვადასხვა ვერსიაა ხელმისაწვდომი — სნუპი საბავშვო (2-დან 6 წლამდე) და სნუპი დიდების (მოზრდილებისთვის და 6+ ბავშვებისთვის). როგორც წესი, ორივე ვერსიის შემთხვევაში სნუპის ფასი იდენტურია.

დიდების და საბავშვო სნუპი — რა განსხვავებაა მათ შორის?

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სნუპს შორის განსხვავება მოქმედი ნივთიერების — ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციაშია. სნუპი 2 წლიდან გამოიყენება და საბავშვო სპრეის 1 დოზა (90 მკლ) 45მკგ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს. დიდების სნუპის შემთხვევაში ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის შემცველობა 90მკგ-ს შეადგენს.

გარდა ამისა, პრეპარატის ორივე ვერსია შეიცავს შემდეგ დამატებით ნივთიერებებს: გაფილტრული წყალი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ზღვის წყალი.

როგორია სნუპის მოქმედების მექანიზმი? 

სნუპის სპრეი ავიწროებს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს, რისი შედეგიცაა მისი შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნა, ცხვირის ღრუს გამტარობის აღდგენა და სუნთქვის გამარტივება.

სნუპის მოქმედება იწყება მისი შესხურებიდან 5-10 წუთის შემდეგ და ეფექტი დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გრძელდება.

რა შემთხვევაში გამოიყენება სნუპი?

სნუპის სპრეის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს რინიტის (სურდოს) ნიშნებით, ასევე მწვავე ალერგიული რინიტის, სინუსიტის, ევსტაქიიტის, პოლინოზის, შუა ოტიტის შემთხვევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეპარატი გამოიყენება პაციენტის მოსამზადებლად ნესტოებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

 

როგორ მივიღოთ სნუპი? 

რაც შეეხება სნუპის დოზირებას, ის პრეპარატის ვერსიების მიხედვით განსხვავებულია:

45მკგ/დოზა: 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თითო ნესტოში 1 შესხურება, დღეში 1-3- ჯერ. მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თითო ნესტოში 1-2 შესხურება, დღეში 2-3-ჯერ.

90მკგ/დოზა: მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თითო ნესტოში 1 შესხურება, დღეში 2-3-ჯერ.

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის გამოყენებისას რამდენიმე საკითხი გაითვალისწინოთ 

  • სნუპის გამოყენება შეიძლება დღეში არაუმეტეს 3-ჯერ;
  • რეკომენდებულია, რომ შესხურების ბოლო პროცედურა უშუალოდ ძილის წინ ჩატარდეს;
  • გამოყენებამდე საჭიროა ნესტოების გამოსუფთავება;
  • ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია მოზრდილების მეთვალყურეობა;
  • სნუპის 7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გამოყენება რეკომენდებული არ არის;
  • რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში;
  • პრეპარატის უწყვეტად 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებამ ან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება მისი თერაპიული ეფექტი შეასუსტოს, ასევე გაზარდოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის და რეაქციული ჰიპერემიის განვითარების რისკი.

რა უკუჩვენებები აქვს სნუპს? 

სნუპი იწვევს უკუჩვენებებს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:

  • ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ;
  • მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი;
  • ჰიპერთირეოზი, ატროფიული რინიტი, კანის ან ცხვირის ვესტიბულის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), ტრანსფენოიდული ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობები, ორსულობა;

ასევე აღსანიშნავია, რომ პრეპარატი არ გამოიყენება ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებით, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო) (მათი მოხსნიდან 14 დღის ჩათვლით), სისხლძარღვების შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებებით (დეკონგესტანტებით) მკურნალობის პარალელურად.  ამასთან, სხვა პრეპარატებით თერაპიის დროს, რომლებიც არტერიული წნევის მომატებას იწვევს.

გარდა ამისა, პრეპარატი არ გამოიყენება 2 წლამდე ბავშვებში, ხოლო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება სნუპის მხოლოდ ის ვერსია, რომლის ერთი დოზაც 45მკგ ქსილომეტაზოლინს შეიცავს.

შეიძლება თუ არა პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში? 

ორსულობისას სნუპის გამოყენება არ არის დაშვებული. რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, ამ შემთხვევაში პრეპარატი მხოლოდ დედისა და ბავშვისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი — ამასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა. თუ კონსულტაციის შემდეგ ლაქტაციის პერიოდში სნუპის გამოყენების გადაწყვეტილება იქნა მიღებული გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.

როგორია სნუპის გვერდითი ეფექტები? 

რაც შეეხება სნუპის გვერდით ეფექტებს, მოდით, ისინი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით დავალაგოთ. პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილოთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც უფრო ხშირად შეინიშნება პრეპარატის გამოყენებისას:

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, ჩხვლეტის შეგრძნება, წვა გამოყენების ადგილას, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია, ცემინება;
  • თავის ტკივილი;
  • ღებინება.

სნუპის გამოყენებისას იშვიათად ან ძალიან იშვიათად ვლინდება შემდეგი გვერდითი ეფექტები:

  • მომატებული არტერიული წნევა, გულისცემის შეგრძნება;
  • არითმია, ტაქიკარდია;
  • სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირის ლორწოვანი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქციული ჰიპერემია);
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორებიც არის გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება;
  • მხედველობითი აღქმის სიმკვეთრის დარღვევა;
  • დაღლილობა, შფოთვა, ჰალუცინაციები, პარესთეზია და კრუნჩხვები (უფრო მეტად ბავშვებში);
  • უძილობა, ასევე დეპრესია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში.