როგორ გვეხმარება ნოლიპრელი ჰიპერტენზიის დროს?

ნოლიპრელი (Noliprel) — ეს არის ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც ორ აქტიურ კომპონენტს შეიცავს: პერინდოპრილსა და ინდაპიმიდს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი უკეთ რომ გავიგოთ, დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანის ფუნქცია:

 

  • პერინდოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორს, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებასა და წნევის შემცირებას უწყობს ხელს. 
  • ხოლო ინდაპიმიდი არის შარდმდენი, რომელიც ორგანიზმში სითხის დაგროვებას ამცირებს და, შედეგად, არტერიული წნევაც იკლებს. 

 

რა სახით და დოზებით იწარმოება ნოლიპრელი?

ნოლიპრელი მხოლოდ ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი და მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ზემოხსენებულ ორ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, განსხვავებულია პრეპარატის დოზირება. ასე უფრო მარტივია ექიმისთვის, პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგოს მედიკამენტი და მკურნალობაც ეფექტიანად წარმართოს.

ნოლიპრელის ძირითადი დოზირება:

  1. ნოლიპრელი 2.5 mg/0.625 mg — გამოიყენება ნაკლები ინტენსივობის ჰიპერტენზიის დროს ან ზოგიერთ მსუბუქ მდგომარეობაში;
  2. ნოლიპრელი 5 mg/1.25 mg — ეს დოზა უფრო ხშირად გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ;
  3. ნოლიპრელი ფორტე 5 mg/1.25 mg — ეს უფრო ინტენსიური ვერსიაა, რომელიც რთული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის დროს გამოიყენება;
  4. ნოლიპრელი ბი ფორტე 10 mg/2.5 mg — პრეპარატი გამოიყენება იმ პაციენტებისთვის, ვისაც სჭირდება ძლიერი და ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი;
  5. ნოლიპრელი არგინინი 5 mg/1.25 mg — ეს ფორმა შეიცავს პერინდოპრილის არგინინის შემცველ ვერსიას, რაც უფრო ხანგრძლივი მოქმედების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს სტაბილურ ეფექტს;
  6. ნოლიპრელი ფორტე არგინინი 10 mg/2.5 mg — ეს არის ყველაზე ძლიერი დოზა, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა პაციენტს წნევის ინტენსიური კონტროლი ესაჭიროება;
  7. ნოლიპრელი ბი ფორტე არგინინი 10 mg/2.5 mg — ეს პრეპარატი წარმოადგენს პერინდოპრილის არგინინის უფრო ხანგრძლივი მოქმედების ფორმას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ჰიპოტენზიურ ეფექტს. შესაბამისად, იგი გამოიყენება ჰიპერტენზიის უფრო ინტენსიური მკურნალობისთვის.

როგორია ნოლიპრელის მიღების წესი?

ზოგადი რეკომენდაციებით, ნოლიპრელი მიიღება დღეში ერთხელ — დილით, უზმოზე, ვინაიდან ასე მეტად მიიღწევა პრეპარატის მაქსიმალური ეფექტიანობა. რაც შეეხება დოზას, ის მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს, პაციენტის მდგომარეობის, წნევის დონისა და სხვა სამედიცინო ფაქტორების გათვალისწინებით.

ჩვეულებრივ, როგორც წესი, მკურნალობა იწყება ყველაზე დაბალი დოზებით; დროთა განმავლობაში კი შეიძლება გაიზარდოს, თუკი ორგანიზმს საკმარისი რეაქცია არ აქვს მკურნალობაზე.

რა ჩვენებების დროს ინიშნება ნოლიპრელი?

ნოლიპრელის გამოყენება რამდენიმე ჩვენების დროს შეიძლება, ექიმი კი ინდივიდუალურად ადგენს მის საჭიროებას, დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას. 

  • ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) — როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ნოლიპრელი ფართოდ გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მისი აქტიური ინგრედიენტები (პერინდოპრილი და ინდაპამიდი) გვეხმარება არტერიული წნევის კონტროლში, სისხლძარღვების მოდუნებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში;
  • ჰიპერტენზიის გართულებების პრევენცია — აქ იგულისხმება ისეთი გართულებები, როგორებიცაა გულის უკმარისობა და ინსულტის ან გულის შეტევის პრევენცია. პირველ რიგში, მედიკამენტი ამცირებს გულის დატვირთვას, ასევე მონაწილეობს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაში და ხელს უშლის მაღალი წნევის შედეგად სისხლძარღვების დაზიანებას;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა — რიგ შემთხვევებში, ნოლიპრელს ნიშნავენ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რათა შემცირდეს ულის დატვირთვა და ხელი შეუწყოს სისხლის მიწოდებას ორგანოებში;
  • კარდიოვასკულარული რისკების შემცირება — შესაძლოა, ნოლიპრელი დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთაც გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ; მაგალითად, ინიშნება დიაბეტის ან მულტიფაქტორული რისკის მქონე პაციენტებში.

 

როგორია ნოლიპრელის უკუჩვენებები — როდის არ შეიძლება მისი მიღება?

 

როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, ნოლიპრელსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები, როცა მისი მიღება რეკომენდებული არაა:

 

  • ალერგიული რეაქციები — პაციენტებმა, რომელთაც ალერგიული რეაქციები აღენიშნებათ პერინდოპრილის, ინდაპამიდის ან მედიკამენტის სხვა კომპონენტების მიმართ, ნოლიპრელი არ უნდა მიიღონ;
  • რენალური არტერიის შევიწროება ორივე თირკმელზე — თუკი პაციენტს მსგავსი მდგომარეობა აღენიშნება, ნოლიპრელის მიღებამ შეიძლება თირკმლების ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს;
  • ჰიპერკალემია — პაციენტებში, რომელთაც კალიუმის მომატებული დონე აქვთ სისხლში, ნოლიპრელის მიღებამ შეიძლება ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავოს;
  • ჰიპოტენზია — დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ნოლიპრელი, რადგან ის კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს წნევის ვარდნაზე;
  • ნატრიუმის ძალიან დაბალი დონე — როდესაც პაციენტს დაბალი ნატრიუმის დონე აქვს, ნოლიპრელის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი — ინდაპამიდი — კიდევ უფრო ამცირებს ნატრიუმის დონეს. ამან შეიძლება სერიოზული ჰიპონატრემია გამოიწვიოს, რასაც ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულება მოჰყვება.

 

ლაქტაცია და ორსულობა 

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნოლიპრელის მიღება რამდენიმე მიზეზის გამო არაა რეკომენდებული. თითოეულ მათგანს კი ვრცლად განვიხილავთ.

 

ორსულობის შემთხვევაში, ნოლიპრელის მიღება ნაყოფს პოტენციურ რისკს უქმნის — კერძოდ, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორების ჯგუფმა, რომელსაც მიეკუთვნება პერინდოპრილი, შეიძლება ნეგატიური გავლება იქონიოს ნაყოფზე:

 

  • ბავშვის გულისა და თირკმლების პრობლემები — შესაძლოა, გამოიწვიოს თირკმელების დეფექტები, გულ-სისხლძარღვთა ანომალიები;
  • საშარდე ფუნქციის დარღვევა — შეიძლება ორსული ქალის ორგანიზმში დაირღვეს სითხეებისა და ელექტროლიტების ბალანსი, რაც საშიშია ნაყოფისთვის;
  • მეორე და მესამე ტრიმესტრში ნოლიპრელის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლების დაქვეითებული ფუნქცია, სისხლძარღვების პრობლემები და სხვა სერიოზული გართულებები.

 

რაც შეეხება ლაქტაციას, ნოლიპრელის აქტიური ინგრედიენტები (პერინდოპრილი და ინდაპამიდი) შეიძლება გადაიდოს დედის რძეში, რაც ახალშობილის ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს. მათ შორის, შესაძლოა, ახალშობილში ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) გამოიწვიოს; ასევე, ელექტროლიტურს დარღვევებს შეუწყოს ხელი — ხელოვნურად შეიცვალოს კალიუმისა და ნატრიუმის დონე. 

 

ამიტომაც, თუკი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიპერტენზიის მკურნალობას საჭიროებთ, ექიმმა უსაფრთხო ალტერნატიული პრეპარატები უნდა დაგინიშნოთ. 

 

როგორია ნოლიპრელის გვერდითი ეფექტები? 

 

ნოლიპრელის გამოყენებისას პოტენციური გვერდითი ეფექტები მოიცავს როგორც საერთო, ისე სპეციფიკურ რეაქციებს. შესაძლოა, ეს გვერდითი მოვლენები განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობაზე:

 

  • თავბრუსხვევა — ხშირია პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დოზა არასწორადაა შერჩეული;
  • თავის ტკივილი — ასევე ხშირი რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც მსუბუქი, ისე ძლიერი ფორმებით;
  • დაბალი წნევა — შესაძლოა, ნოლიპრელის არასწორი დოზებითა და ვადით მიღებამ ჰიპოტენზია გამოიწვიოს, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა თუ სისუსტის შეგრძნება;
  • დაღლილობა — ზოგჯერ აღინიშნება ენერგიის ნაკლებობა;
  • ჰიპოკალემია — ანუ კალიუმის დაბალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები გამოიწვიოს;
  • ჰიპონატრემია — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის ნატრიუმის მეტისმეტად დაბალი დონე სისხლში, რასაც თან სდევს დეპრესიული განწყობა თუ საშარდე გზებთან დაკავშირებული გართულებები, მაგალითად,  შარდის სიხშირის ზრდა ან ზედმეტი სითხის დაკარგვა;
  • ალერგიული რეაქციები — კანის სიწითლე, ქავილი ან გამონაყარი. ასევე, არსებობს ანაფილაქსიის რისკიც, რაც სერიოზულ ალერგიულ რეაქციას წარმოადგენს და დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს;
  • თირკმლების ფუნქციის გაუარესება — განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც უკვე აქვს თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები;
  • წნევის მკვეთრი ვარდნა — ამას თან სდევს  ძლიერი თავბრუსხვევა;
  • გულის არითმია — შესაძლოა, ცვლილებები შეინიშნებოდეს პულსში.