
ორსულობის გარკვეული სიმპტომები შეიძლება ტესტის გაკეთებამდე შეამჩნიოთ. სხვა ნიშნები კი რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება, იმის ფონზე, რომ თქვენი ჰორმონების დონე შეცვლას დაიწყებს.
როგორია და როდის იწყება ორსულობის სიმპტომები?
ორსულობის ადრეული ნიშანი, როგორიც არის დაღლილობა, შეიძლება გამოვლინდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ერთი კვირის შემდეგ. ორსულობის სიმპტომები პირველ კვირაში, დაღლილობასთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს ვაგინალურ გამონადენს ან მენსტრუაციის დაგვიანებას.
მოდით, გავრცელებული სიმპტომები უფრო დეტალურად განვიხილოთ.
დაგვიანებული მენსტრუაცია
ციკლის გადაცდენა ორსულობის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია (და შესაძლოა ყველაზე კლასიკური). თუმცა დაგვიანებული მენსტრუაცია ორსულობის უტყუარ ნიშნებს არ მიეკუთვნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზოგადად თქვენი ციკლი არარეგულარულია.
გაითვალისწინეთ, რომ არსებობს მრავალი სამედიცინო მდგომარეობა, გარდა ორსულობისა, რომელმაც შეიძლება ციკლის დაგვიანება ან გამოტოვება გამოიწვიოს.
თავის ტკივილი
თავის ტკივილი ხშირია ორსულობის ადრეულ ეტაპზე. როგორც წესი, ეს გამოწვეულია ჰორმონების დონის შეცვლით და სისხლის მოცულობის გაზრდით. თუ თავის ტკივილი არ ქრება ან განსაკუთრებით მტკივნეულია,აუცილებელია, ექიმს მიმართოთ.
მცირე გამონადენი
ორსულობის დასაწყისში ზოგიერთ ქალს შეიძლება აღენიშნებოდეს მსუბუქი სისხლდენა ან გამონადენი. როგორც წესი, ეს უკანასკნელი ვარდისფერი ან მოყავისფროა.
სისხლდენა ასევე შეიძლება ზოგჯერ მიუთითებდეს ორსულობასთან დაკავშირებულ სერიოზულ გართულებაზე, როგორიც არის, მაგალითად, მუცლის მოშლა.
გაითვალისწინეთ! შეწყვეტილი ორსულობის ნიშნებია:
- ძლიერი გამონადენი;
- ვაგინალური სისხლდენა;
- ქსოვილის ან სითხის გამონადენი საშოდან;
- მუცლის ძლიერი ტკივილი ან კრუნჩხვები;
- მსუბუქი ან ძლიერი ზურგის ტკივილი.
წონის მატება
ორსულობის პირველ თვეებში შეიძლება 0.5-დან 2 კილომდე მოიმატოთ. ეს სიმპტომი უფრო შესამჩნევი ხდება მეორე ტრიმესტრის დასაწყისში.
ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია
ორსულობის დროს ზოგჯერ ვითარდება ჰიპერტენზია, ანუ სისხლის მაღალი წნევა. რისკი შეიძლება გაზარდოს რამდენიმე ფაქტორმა, როგორიც არის:
- ჭარბი წონა;
- თამბაქოს მოხმარება;
- ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის პირადი ან ოჯახური ისტორია.
გულძმარვა
ორსულობის დროს გამოთავისუფლებულმა ჰორმონებმა შეიძლება ზოგჯერ კუჭსა და საყლაპავ მილს შორის არსებული სარქველი მოადუნოს. ასეთ დროს კუჭის მჟავას გამოყოფამ კი შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს.
შეკრულობა
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ჰორმონების ცვლილებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედება შეანელოს. შედეგად, შესაძლოა, შეკრულობა დაგემართოთ.
კრუნჩხვები
როდესაც თქვენს საშვილოსნოში კუნთები იწყებენ დაჭიმვას და გაფართოებას, შეიძლება მენსტრუალური კრუნჩხვების მსგავსი რამ იგრძნოთ. ამასთან ერთად ლაქების გაჩენა ან სისხლდენა შეიძლება მუცლის მოშლაზე ან საშვილოსნოსგარე ორსულობაზე მიუთითებდეს.
გაითვალისწინეთ! საშვილოსნოსგარე ორსულობის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილის მკვეთრი ტალღები მუცელში, მენჯში, მხარში ან კისერში;
- ძლიერი ტკივილი, რომელიც ჩნდება მუცლის ერთ მხარეს;
- მსუბუქი ან მძიმე ვაგინალური გამონადენი ან სისხლდენა;
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლა;
- ზეწოლის შეგრძნება ანუსში.
ზურგის ტკივილი
ორსულობის ადრეულ ეტაპზე ზურგის ტკივილის ყველაზე დიდი მიზეზები ჰორმონები და კუნთებზე ზეწოლაა. მოგვიანებით, ამას შეიძლება გაზრდილი წონა და სიმძიმის ცენტრის გადაადგილება დაემატოს.
ანემია
ორსული ქალები ანემიის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან, რამაც შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. თავის მხრივ, ანემია წარმოადგენს სამედიცინო მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმში არ არის სხეულის ქსოვილებში ჟანგბადის გადასატანად საკმარისი ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედები ან ჰემოგლობინი.
გუნება-განწყობის ცვალებადობა და დეპრესია
ამ მდგომარეობის ხელშემწყობ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს მრავალი ბიოლოგიური და ემოციური ცვლილება, რომელსაც ორსულობის პერიოდში განიცდით. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ თავს ისე არ გრძნობთ, როგორც — ჩვეულებრივ.
უძილობა
უძილობა ორსულობის ადრეული ეტაპის გავრცელებული სიმპტომია. ამის ხელშემწყობი მიზეზები შეიძლება იყოს სტრესი, ფიზიკური დისკომფორტი და ჰორმონალური ცვლილებები. უკეთ გამოძინებაში დაბალანსებული დიეტა და ძილის ჯანსაღი ჩვევები დაგეხმარებათ.
ორსულობის ნიშნები მკერდზე
მკერდში მიმდინარე ცვლილებები ორსულობის ერთ-ერთი პირველი შესამჩნევი ნიშანია. ტესტზე დადებითი შედეგის მიღებამდეც კი შეიძლება, მკერდის არეში იგრძნოთ შეშუპება, ტკივილი, დისკომფორტი და მგრძნობელობის მომატება.
აკნე
ანდროგენული ჰორმონების გაზრდის გამო, ბევრ ქალს ორსულობის დასაწყისში აკნე აღენიშნება. ამ ჰორმონებს შესწევს უნარი, თქვენი კანი უფრო ცხიმიანი გახადოს, რამაც შეიძლება ფორების დაბლოკვა გამოიწვიოს. ორსულობასთან დაკავშირებული აკნე, როგორც წესი, დროებითია და ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ.
ღებინება
ღებინება ჩვეულებრივ, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ვლინდება. ხშირად ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ ორსულად ხართ. ადრეულ პერიოდში ღებინების მთავარი მიზეზი ჰორმონების ზრდაა.
დიარეა
ორსულობის დროს ხშირია დიარეა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სხვა გართულებები. შესაძლო ახსნებს შორის არის ჰორმონების ცვლილებები, განსხვავებული დიეტა და დამატებითი სტრესი. თუ დიარეა რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ დეჰიდრატაცია არ დაგემართებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ორსულობის სიმპტომების სრული ჩამონათვალი და, შესაძლოა, სხვა ნიშნებიც გამოგივლინდეთ.
როგორ გამოვიყენოთ ორსულობის ტესტი
ორსულობის ტესტის გამოყენებით პასუხის დადგენისთვის შემდეგ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ:
- დილის შარდი სუფთა ჭურჭელში მოაგროვეთ;
- ტესტი ალუმინის პაკეტიდან ამოიღეთ;
- ის ვერტიკალურად წითელ ნიშნულამდე ჩაუშვით და ამ მდგომარეობაში 5-10 წამის განმავლობაში გააჩერეთ;
- ტესტი ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოათავსეთ და შედეგს 5-10 წუთით დაელოდეთ.
ტესტირების შედეგები კი ასე უნდა შეაფასოთ:
- 2 ხაზი ნიშნავს, რომ ორსულად ხართ;
- თუ ტესტი 1 ხაზს აჩვენებს, მაშინ პასუხი უარყოფითია;
- თუ ინდიკატორზე არცერთი ხაზი არ გამოჩნდება, პროცედურა არასწორად ჩაატარეთ ან ტესტი დაზიანებულია. ასეთ შემთხვევაში ტესტირება ხელახლა უნდა ჩაატაროთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account