რისი წამალია კორსიზი? — რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე

“გულის ჩხვლეტას როგორ ვუშველო?” “ნერვიულობის დროს ყელში სპაზმს როგორ შველით?” “შფოთვას როგორ შველით?” “მაღალი წნევის დროს, რა მივიღო?”  — ამ კითხვებზე ყველაზე ხშირი პასუხი ერთ-ერთ ფეისბუკ ჯგუფში — კორსიზი და ექიმთან კონსულტაციაა. 

 

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ჩივილის დროს ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით წამლის ეფექტიანობა, შეიძლება, განსხვავებული იყოს. ხოლო თუ რისი წამალია კორსიზი, როდის და როგორ უნდა მიიღოთ მედიკამენტი, ან რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს მას,  ამ კითხვებზე პასუხებს აქ მოვუყრით თავს. 

 

რისი წამალია კორსიზი? 

 

კორსიზი საძილე და სედაციური (დამამშვიდებელი) მედიკამენტების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. 

 

რადგანაც კორსიზი ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობის შემცირებას, მისი მიღება შეგიძლიათ სწორედ ნერვული აგზნებადობის — შფოთვის, ძილის დარღვევების, ასევე ჩაძინების გაძნელების, გულმკერდის არეში დისკომფორტის, ტაქიკარდიის, არამკვეთრად გამოხატული კორონაროსპაზმის, მაღალი წნევის — ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის და ასევე ნეიროვეგეტატიური აშლილობით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სპაზმის დროს. 

 

როგორია კორსიზის შემადგენლობა

 

კორსიზი სააფთიაქო ქსელებში შეგხვდებათ თეთრი (ან თითქმის თეთრი ფერის) მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტების სახით. კორსიზის ტაბლეტებს ამოიცნობთ დამახასიათებელი, სპეციფიკური სუნით.

 

კორსიზის 1 ტაბლეტი შეიცავს: ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს — 8.2 მგ, ფენობარბიტალს — 7.5 მგ, პიტნის ზეთს — 0.58 მგ. 

 

დამხმარე ნივთიერებები კი არის: ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

 

როდის მივიღოთ კორსიზი? 

 

როგორც ბლოგის პირველ ნაწილში შევაჯამეთ, კორსიზი გამოიყენება მაღალი წნევის და ტაქიკარდიის დროს, ასევე პრეპარატს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება და იგი აადვილებს ჩაძინების პროცესცაც. 

 

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ მივიღოთ კორსიზი? კორსიზისის მიღების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რატომ ვიღებთ მედიკამენტს. ზოგადად, კი კორსიზის დოზირება და მკურნალობის რეჟიმის ხანგრძლოვობა თქვენს მკურნალ ექიმთან უნდა შეათანხმოთ. მკურნალობა შეიძლება, თითოეული პაციენთისთვის ინდივიდუალურად და გასხვავებულად დაინიშნოს. 

 

როგორც წესი, მოზრდილებში კორსიზი ინიშნება ჭამის წინ 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. თუ გაწუხებთ ტაქიკარდია, ან კორონაროსპაზმი ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე, მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. 

 

კორსიზის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

 

გაითვალისწინეთ, რომ:

  • არ უნდა დალიოთ ალკოჰოლი კორსიზის მიღების დროს;
  • არ უნდა მიიღოთ კორსიზი ორსულობისა და ჩვილის ძუძუთი გამოკვების დროს;
  • თავი შეიკავეთ კორსიზის მიღებისგან, თუკი ისეთი საქმის გაკეთებას აპირებთ, რაც თქვენგან განსაკუთერბულ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს;
  • არ  არსებობს მონაცემები კორსიზის ბავშვებში გამოყენების შესახებ, შესაბამისად პედიატრიულ პრაქტიკაში კორსიზი არ გამოიყენება;
  • თუკი ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობით აუტანლობა გაქვთ, თქვენთვის კორსიზის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგანაც მედიკამენტი ლაქტოზას შეიცავს;
  • იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ არ წყდება ტკივილი გულის არეში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად;
  • პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკინეზების, ჰიპერთირეოზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის, მწვავე და მუდმივი ტკივილის, სამკურნალო საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციის დროს.

 

კორსიზის მიღების დროს, უკუჩვენება იმ შემთხვევებში გამოიხატება, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუჩვენება, შესაძლოა, იყოს ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის პორფირია, გულის მძიმე უკმარისობა.  

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, კორსიზის მიღების დროს, ცალკეულ შემთხვევებში, ასევე ზედოზირების დროს შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომები — ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოშლილობა. კორსიზის ხანგრძლივი გამოყენების დროს, კი შესაძლოა სიმპტომების იყოს — ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გულისრევა, ღებინება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართეთ ექიმს. სიმპტომები გაივლის მკურნალობის შეწყვეტასთან, ან მედიკამენტის დოზის შემცირებასთან ერთად. 

კორსიზის ჭარბი დოზირების დროს თქვენ შეიძლება განიცადოთ: სუნთქვის დათრგუნვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, გულ-სისხლძარღვთა მოქმედების  დათრგუნვა, რითმის დარღვევის ჩათვლით, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, სისუსტე, ტემპერატურის დაქვეითება, დიურეზის შემცირება.

კორსიზს კონკრეტული ანტიდოტი არ გააჩნია. მედიკამენტის ჭარბი დოზირების დროს მკურნალობის მეთოდებში გაწერილია: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია, პრეპარატის მიღების შეწყვეტა. 

იყავით ფრთხილად, გაეცანით კორსიზის ანოტაციას და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. 

კორსიზის ფასი სააფთიაქო ქსელების მიხედვით განსხვავებულია.