სორვასტა — მედიკამენტი, რომელიც ქოლესტერინის მაღალი დონის დარეგულირებაში გვეხმარება

სორვასტა (Sorvasta) არის ქოლესტერინის მაღალი დონის დასარეგულირებელი მედიკამენტი საერთაშორისო დასახელებით — როზუვასტატინი (Rosuvastatin). ის ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის მაღალი დონე ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ინსულტის, გულის შეტევის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.

სორვასტა ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი და მისი სხვადასხვა ვერსია ერთმანეთისგან აქტიური ნივთიერების — როზუვასტატინის — მილიგრამების რაოდენობით განსხვავდება: სორვასტა 5 მგ, სორვასტა 10 მგ, სორვასტა 15 მგ, სორვასტა 20 მგ, სორვასტა 25 მგ, სორვასტა 30 მგ, სორვასტა 40 მგ.

როგორია პრეპარატის მოქმედების მექანიზმი? 

აღსანიშნავია, რომ სისხლი შეიცავს როგორც “ცუდ” (LDL-ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები), ისე “კარგ” (HDL - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები) ქოლესტერინს. სორვასტა კი ხელს უშლის “ცუდი” ქოლესტერინის წარმოქმნას და ორგანიზმში სისხლიდან ამ ტიპის ქოლესტერინების გამოდევნის უნარს აუმჯობესებს. ამავდროულად, შესაძლოა მედიკამენტმა ხელი შეუწყოს “კარგი” ქოლესტერინის დონის ზრდას.

გაითვალისწინეთ, რომ სორვასტას მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით შეიძლება. მედიკამენტის მოხმარება უნდა შეწყდეს ორსულობის შემთხვევაში. მისი გამოყენებისას უნდა მისდიოთ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრების წესს და დაიცვათ დიეტა.

როგორ მივიღოთ სორვასტა? 

სორვასტას რეკომენდებული საწყისი დოზა დღეში ერთხელ 5 მგ-ს ან 10 მგ-ს შეადგენს. ეს არის სწორი დოზირება იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს სხვა სტატინების (სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დასაქვეითებელი მედიკამენტები) დოზა უკვე მიღებული აქვს. ექიმი საწყის დოზას შემდეგი მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრავს:

  • გულის შეტევისა და ინსულტის რისკი;
  • ქოლესტერინის დონე ორგანიზმში;
  • თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მიმართ მგრძნობელობა გაზარდოს.

გაითვალისწინეთ, რომ სორვასტას ინდივიდუალურად თქვენთვის რეკომენდებული დოზის დასანიშნად ექიმს არ ფარმაცევტს უნდა მიმართოთ.

შესაძლოა, ექიმის მიერ დანიშნული საწყისი დოზა იყოს 5 მგ დღეში ერთხელ, თუ:

  • პაციენტის ასაკი 70 წელს აღემატება;
  •  პაციენტი აზიური წარმოშობისაა (ჩინელი, იაპონელი, ვიეტნამელი, ფილიპინელი, ინდოელი ან კორეელი);
  • აღინიშნება კუნთების ტკივილი;
  •  აღინიშნება თირკმელების ზომიერი პრობლემები;
  • ღვიძლის ზომიერი პრობლემები;
  •  პაციენტს სისხლში როზუვასტატინის მაღალი კონცენტრაციის არსებობის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება უვლინდება.

რა უკუჩვენებები აქვს სორვასტას? 

სორვასტას ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი იწვევს უკუჩვენებებს პაციენტებში, რომლებსაც შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები აღენიშნებათ:

  • ალერგია როზუვასტატინის ან სორვასტას შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ;
  • ღვიძლის დაავადება;
  • ქრონიკული ან აუხსნელი გენეზის კუნთების ტკივილები;
  • პაციენტი, ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ციკლოსპორინს იღებს;

აღსანიშნავია, რომ სორვასტას მაღალი (30 მგ ან 40 მგ) დოზების გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ:

  •  აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
  •  აღინიშნება თირკმლის ზომიერი პრობლემები;
  •  აღინიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები;
  •  პაციენტი ალკოჰოლს რეგულარულად იღებს;
  •  პაციენტი აზიური წარმოშობისაა (ჩინელი, იაპონელი, ვიეტნამელი, ფილიპინელი, ინდოელი ან კორეელი);
  • პაციენტი იღებს ქოლესტერინის დამწევ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ფიბრატებად იწოდება;
  •  პაციენტი 18 წლამდე ასაკის არის. 

გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტის 30 და 40 მგ-იანი დოზები ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სორვასტა 10 წლამდე პაციენტებში არ გამოიყენება ისევე, როგორც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

როგორია სორვასტას გვერდითი ეფექტები? 

სორვასტამ, ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება სხვადასხვა გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს. პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ კუნთების ტკივილი ჩვეულებრივზე დიდი ხნის განმავლობაში აღგენიშნებათ ან ქვემოთ მოცემული ალერგიული რეაქციებიდან რომელიმე გამოგივლინდებათ:

  • კანის ძლიერი ქავილი, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი ან ბუშტუკები;
  • ყლაპვის გართულება, რაც ტუჩების, პირის, სახის და/ან ყელის შეშუპებით არის გამოწვეული;
  •  ქოშინი (ტუჩების, ენის, ყელის და/ან სახის შეშუპებით ან მის გარეშე).

გარდა ამისა, სორვასტას მიღებისას შეიძლება მრავალი სხვა გვერდითი ეფექტი გამოვლინდეს, მაგრამ მოდით, ყურადღება გავამახვილოთ უფრო ზოგად ეფექტებზე, რომლებიც, როგორც წესი, 10 პაციენტიდან 1-ში ვლინდება:

  •  სისუსტე და ღებინება;
  •  თავის ტკივილი;
  • ხუთვა;
  • მუცლის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა;
  • კუნთების ტკივილი;
  • შარდში ცილების რაოდენობის გაზრდა — ეს მდგომარეობა, როგორც წესი, თავისთავად გვარდება სორვატას მიღების შეწყვეტის გარეშეც, მხოლოდ 5-დან 20მგ-მდე ტაბლეტების მიღების შემთხვევაში;
  • შაქრიანი დიაბეტი

აღსანიშნავია, რომ სორვატას გამოყენებისას შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია, თუ სისხლში ცხიმებისა და შაქრის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება, ასევე პაციენტს აწუხებს ჭარბი წონა და სისხლის მაღალი წნევა. ამიტომაც, აუცილებელია მედიკამენტის ექიმის კონტროლის ქვეშ მიღება.