
ყველაზე ხშირად მოთხოვნად მედიკამენტებში, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში, ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია კორვალ-G-ს.
უმეტესობა მას გულის დამამშვიდებელ წამალს უწოდებს და იმდენად ეიმედება და იმდენადაა დარწმუნებული მის სწრაფ ეფექტში, რომ წამალი მუდმივად თან დააქვს - ჩანთით თუ ჯიბით. თუმცა ბევრმა არც კი იცის ზუსტად კორვალ-G-ის შემადგენლობა და კონკრეტულად რა დაავადების სამკურნალო მედიკამენტია.
რისი წამალია კორვალ-G
ვიდრე კორვალ G-ის შესახებ დაწვრილებით ინსტრუქციას გაგაცნობთ გეტყვით, რომ პრეპარატი იწარმოება საქართველოში, კომპანია GMP-ის მიერ - Korval-G - კორვალ ჯი 10 ტაბლეტი და Korval-G - კორვალ ჯი 50 ტაბლეტი - დასახელებით.
მოკლე დახასიათებით, კორვალ-G მომატებული გაღიზიანებით გამოწვეული ნევროზების, კორონარული სისხლძარღვების სპაზმის და ტაქიკარდიის სამკურნალო მედიკამენტია.
თუმცა მისი ჩვენებები გაცილებით ფართოა: ნევროზები, უძილობა, კორონარული სისხლძარღვების არამკვეთრად გამოხატული სპაზმი, ტაქიკარდია, ჰიპერტონული დაავადებები, ნეიროვეგეტატიური დარღვევებით განპირობებული ნაწლავის სპაზმი (როგორც სპაზმოლიზური საშუალება).
კორვალ-ჯი ამცირებს გამაღიზიანებელ მოქმედებას სისხლძარღვების ცენტრებზე, რითაც იწვევს საერთო არტერიულ წნევის კლებას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით გულის სისხლძარღვების.
მოქმედების მექანიზმი
კორვალ ჯის ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - საძილე და სედატიური პრეპარატებია.
ეს დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალებაა, რომლის ეფექტიანობა დამყარებულია შემადგენელი ნივთიერებების - ალფა-ბრომოიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერის, ფენობარბიტალის და პიტნის ზეთის ერთობლივ მოქმედებაზე.
ალფა-ბრომოიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი რეფლექსების დონეზე იწვევს დამშვიდებას და სპაზმების მოხსნას - ეს პროცესი მიმდინარეობს პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის რეცეპტორების აღგზნებით, ცენტრალური ნერვული სისტემის უბნების დაქვეითებით და თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა ნეირონებში შეკავების პროცესების გაძლიერებით. ამასთან ცენტრალური სისხლძარღვოვანი ცენტრების აქტივობის დაქვეითებით და სისხლძარღვების კუნთებზე პირდაპირი სპაზმური მოქმედებით.
ფენობარბიტალი აქვეითებს და ამცირებს თავის ტვინის ქერქსა და ქერქქვეშა სტრუქტურებზე გამაღიზიანებელ მოქმედებას. კორვალ ჯის დოზიდან გამომდინარე კი შესაძლოა მედიკამენტს ჰქონდეს დამამშვიდებელი, ტრანკვილიზატორული ან საძილე ეფექტი.
პიტნის ზეთი, მოგეხსენებათ, დიდი ოდენობით შეიცავს ეთერულ ცხიმებს, რომლებსაც შეუძლიათ გააღიზიანონ პირის ღრუს რეცეპტორები და რეფლექსურად გააფართოონ გულისა და ტვინის სისხლძარღვები. ეს კი გლუვ კუნთებს ათავისუფლებს სპაზმისგან და იწვევს დამამშვიდებელ მოქმედებას, ასევე ამცირებს მეტეორიზმს.
დოზები და მიღების წესი
კორვალ ჯი აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა და გარდა ექიმის დანიშნულებისა, მას პაციენტები პროფილაქტიკის მიზნითაც, თვითნებურად იყენებენ. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ კორვალ G-ის ანოტაცია, მისი დოზები და მიღების წესი.
ორგანიზმში კორვალ ჯის შეწოვა ეფექტიანად ხდება ენის ქვედა არიდან, ამიტომ შესაბამისი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, ერთი აბი დაიდეთ ენის ქვეშ და დაელოდეთ გადნობას. ეფექტი ვლინდება სწრაფად, 5-10 წუთში. მოქმედება კი ვლინდება 15-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 3-6 საათის განმავლობაში.
მოზრდილებში დასაშვებია 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. გააჩნია საჭიროებას - ტაქიკარდიის ან სპაზმის სიმძიმეს.
პაციენტებში, რომლებიც ადრე იღებდნენ ბარბიტურის მჟავას პრეპარატებს (ძირითადად დეპრესიის დროს გამოიყენება) კორვალ G-ის მოქმედება უფრო ხანმოკლეა. ხოლო ასაკოვან და ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში კორვალ-G-ის მეტაბოლიზმი შემცირებულია, ამიტომ საჭირო ხდება დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი კორვალ ჯის უპრობლემო მედიკამენტად მოიაზრებს, მას საკმაოდ მნიშვნელოვანი გვერდით მოვლენები და უკუჩვენება გააჩნია. მნიშვნელოვანია მიღებამდე კარგად გაეცნოთ კორვალ ჯის ანოტაციას და დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.
კორვალ-G-ის მიღებისას შეიძლება დაფიქსირდეს მისი კომპონენტებისადმი და ბრომისადმი მომატებული მგრძნობელობა, ღვიძლისა ან თირკმლების გამოხატული დარღვევები, ღვიძლის პორფირია (დაავადება უმთავრესად კანს და ნერვულ სისტემას აზიანებს, მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კი მუცლის ტკივილია) და გულის მძიმე უკმარისობა.
გვერდით მოვლენებში კი შემდეგი გამოვლინებებია დაფიქსირებული:
ალერგია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავში, გულისრევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება,
გულის რიტმის შენელება.
ამიტომ, თუ დასახელებულ სიმპტომებს შენიშნავთ, მაშინვე შეწყვიტეთ წამლის მიღება ან შეამცირეთ დოზა.
გახსოვდეთ, პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატისადმი დამოკიდებულება და ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, აპათია, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე, ჰემორაგიული დიათეზი, კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა.
გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომები
- კორვალ ჯი-სთან ერთად არ უნდა დალიოთ ალკოჰოლური სასმელები;
- არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება;
- ფრთხილად იყავით არტერიული ჰიპოტენზიის დროს;
- ბავშვებში პრეპარატის დანიშვნის გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ მოზარდებში ნუ გამოიყენებთ კორვალ-G-ის;
- მედიკამენტს ნუ დალევთ ავტომობილისა ან სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს;
- გახსოვდეთ, კორვალ ჯი არ უნდა მიიღოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის (კანკალი, თავის ტკივილი, სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისრევა) სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნებადობა. ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა. მძიმე შემთხვევებში მოწამვლა - სუნთქვის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, კომა.
აქედან გამომდინარე, თუ ეს სინდრომები დააფიქსირეთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს, ან გამოიძახეთ სასწრაფო.
კორვალ ჯი რეაქციაში შედის სხვა მედიკამენტებთან და ხშირად აძლიერებს ან ასუსტებს მისი ეფექტიანობას; მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ტოქსიკურიც შეიძლება გახდეს. ამიტომ კორვალ ჯის მიღებამდე ექიმთან გაიარეთ კონსურტაცია და უთხარით სხვა რა პრეპარატს მოიხმართ.
ვადები და შენახვის წესები
კორვალ ჯის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი (გამოშვების თარიღი ნახეთ კოლოფზე). იგი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, სიბნელეში, არა უმეტეს 25 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე.
დაბოლოს, რამდენადაც უპრობლემო პრეპარატად მიიჩნევთ კორვალ ჯი-ს, იმდენად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ მისი გამოყენების დროს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account