
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც.
ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება.
ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. ექიმები ამ პრეპარატს ირჩევენ იმიტომ, რომ მას ჰორმონალური დისბალანსის საუკეთესოდ აღმოფხვრა შეუძლია – დუფასტონის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, თუ როგორ შეცვლის ის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.
დუფასტონის ანოტაცია
დუფასტონი (საერთაშორისო დასახელება: დიდროგესტერონი) პროგესტერონის სინთეზური ანალოგია. დიდროგესტერონი პერორალური მიღებისას შერჩევითად მოქმედებს ენდომეტრიუმზე, რითაც პაციენტს ესტროგენებით გამოწვეული ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და/ან კარცინოგენეზის განვითარების რისკის ზრდას არიდებს. პრეპარატი დაგეხმარებათ მენსტრუალური ციკლის რეგულირებაში, ასევე, ენდომეტრიოზისა და დისმენორეის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება მიკრონიზებული დიდროგესტერონია, რომლის 10მგ-საც თითოეულ კაფსულაში ვხვდებით. დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 2910, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის (კაჟის) დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
აღსანიშნავია, რომ დიდროგესტერონით მკურნალობისას თერაპიული ეფექტი ოვულაციის ჩახშობის გარეშე მიიღწევა. დიდროგესტერონი მკურნალობის დროს ჩასახვასა და ორსულობის შენარჩუნებას შესაძლებელს ხდის.
დუფასტონი პერორალური მიღების შემდეგ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან საკმაოდ სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო 0.5-დან 2.5 საათამდე მერყეობს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, დიდროგესტერონი სწრაფად მეტაბოლიზდება დიჰიდროდიდროგესტერონად (დჰდ). დიდროგესტერონისა და დიჰიდროდიდროგესტერონის 90%-ზე მეტი შეიკვრება პლაზმის ცილებთან.
დუფასტონის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 63% მარტივად, შარდთან ერთად გამოიყოფა. პლაზმის საერთო კლირენსი 6.4 ლ/წთ-ს შეადგენს. ორგანიზმიდან აქტიური ნივთიერება დიდროგესტერონის სრულად გამოყოფა 72 საათში სრულდება.
როდის ნიშნავენ დუფასტონს?
დუფასტონს თქვენი ექიმი ძირითადად ჩამოთვლილი ჩვენებების არსებობისას დაგინიშნავთ:
- თუ გაწუხებთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
- ენდომეტრიოზი - დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიდა გარსის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება;
- დისმენორეა (ძალიან ძლიერ ტკივილი მენსტრუაციის დროს);
- ლუტეინის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა;
- თუ საჭიროა ლუტეინის ფაზის მხარდაჭერა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (დრტ);
- თუ პროგესტერონის დეფიციტის გამო დგახართ ნაყოფის დაკარგვის საფრთხის ქვეშ.
ასევე, შესაძლოა, დუფასტონი გამოიყენოთ ციკლურ რეჟიმში, ესტროგენული თერაპიის დამატებით ღონისძიებად საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენისას, პოსტმენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკისთვის და მეორეული ამენორეისას.
როგორ გამოვიყენოთ დუფასტონი? - მიღების წესი და დოზები
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დუფასტონის დოზები ამ ნაწილში მოცემულისგან განსხვავებული, ინდივიდუალური შეიძლება იყოს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე, ამიტომ, პრეპარატის მიღებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მენსტრუალური ციკლის რეგულირებისათვის, 28-დღიანი ხანგრძლივობის მისაღწევად, შესაძლოა მიიღოთ 1 აბი დუფასტონი, ციკლის მე-11 დღიდან 25-ე დღემდე.
თუ ენდომეტრიოზი გაწუხებთ, საშუალო დოზას ციკლის მე-5 დღიდან 25-ე დღემდე, დღეში 1-დან 3 აბამდე დუფასტონი შეადგენს.
დღეში 1-დან 3-მდე აბი დუფასტონი ციკლის მე-5-დან 25-ე დღემდე ან მთელი ციკლის მიმდინარეობისას. დოზები განაწილებული უნდა იყოს თანაბრად დღის განმავლობაში.
დისმენორეის შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლის მე-5 დღიდან 25-ე დღემდე, დღეში 1-დან 2 აბამდე რაოდენობის დუფასტონი ინიშნება. ამ შემთხვევაშიც, დოზები, ჯერადი 10მგ/დღეში, უნდა განაწილდეს თანაბრად და საწყის ეტაპზე მაქსიმალური დოზა უნდა განისაზღვროს.
ლუტეინის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობის მქონე პაციენტებისათვის, მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია. პაციენტმა უნდა მიიღოს 1 აბი დუფასტონი ყოველდღიურად, ციკლის მე-14 დღიდან 25-ე დღემდე, ზედიზედ 6 ციკლის განმავლობაში (მინიმუმ). პაციენტმა დუფასტონი ორსულობის დროს, პირველი თვის განმავლობაში, იგივე დოზებით უნდა მიიღოს, რომლებიც ნაყოფის ჩვეული დაკარგვის შემთხვევაში მიიღება.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით ლუტეინის ფაზის მხარდაჭერისას, უნდა მიიღოთ დუფასტონის 1 აბი დღეში 3-ჯერ (ჯამში 30მგ). როგორც წესი, მკურნალობა იწყება ოოციტების ამოღების დღიდან და გრძელდება 10 კვირის განმავლობაში, თუკი ორსულობა დადასტურდება.
თუ დუფასტონს იღებთ პროგესტერონის დეფიციტის გამო ნაყოფის პოტენციური დაკარგვის შემთხვევაში, საწყის დოზად უნდა მიიღოთ ერთჯერადად 4, შემდეგ კი ყოველ 8 საათში თითო აბი. დოზები დღის განმავლობაში თანაბრად უნდა განაწილდეს. თუ სიმპტომები არ ქრება ან კვლავ ჩნდება მკურნალობის დროს, აუცილებელია დოზის გაზრდა (ექიმის რეკომენდაციით).
სიმპტომების გაქრობის შემდეგ აუცილებელია ეფექტიანი დოზის შენარჩუნება 1 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ის შეიძლება თანდათანობით შემცირდეს. თუ სიმპტომები კვლავ გამოჩნდება, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს იმ დოზირებით, რომელიც ეფექტიანი აღმოჩნდა.
საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენის შესაჩერებლად, როგორც წესი, ინიშნება 2 აბი დუფასტონი 5-7 დღის განმავლობაში. სისხლის დაკარგვა მნიშვნელოვნად მცირდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ასეთი მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში თავს იჩენს გაუქმების სისხლდენა, რის შესახებაც პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული.
სისხლდენის განმეორების თავიდან არიდების მიზნით ინიშნება პრეპარატის დოზა დღეში 1 აბის ოდენობით ციკლის მე-11-დან 25-ე დღემდე – საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ესტროგენთან ერთად მიღება, 2-3 ციკლის განმავლობაში. ამ ყველაფრის შემდეგ, სასურველია, შეწყდეს მკურნალობა, რათა დადგინდეს, ნორმალიზდა თუ არა პაციენტის ციკლი.
მეორეული ამენორეის წარმოშობის შემთხვევაში, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 1 ან 2 აბი დუფასტონი ციკლის მე-11-დან 25-ე დღემდე ენდომეტრიუმის ოპტიმალური სეკრეტორული გარდაქმნის მიზნით.
პოსტმენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პროფილაქტიკისათვის, ესტროგენებით თერაპიის ყოველი 28-დღიანი ციკლისათვის პირველი 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ესტროგენი, ხოლო დანარჩენი 14 დღის განმავლობაში, პარალელურად, დუფასტონი 10მგ-ის 1 ან 2 აბი.
ესტროგენისა და პროგესტერონის კომბინირებული თერაპია, პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების შემთხვევაში, მინიმალურ ეფექტიან დოზამდე და შესაძლო უმოკლეს ვადამდე უნდა შეიზღუდოს. ასევე, პერიოდულად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა შესაძლო რისკები მუდმივად იყოს შეფასებული პროფესიონალის მიერ.
დუფასტონის მენარქემდე გამოყენების შესახებ ცნობები არ არსებობს. 12-18 წლის ასაკის მოზარდებში დიდროგესტერონის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი.
ზედოზირების შემთხვევაში, ნუ შეგეშინდებათ. დუფასტონი ძალიან დაბალი ტოქსიკურობის პრეპარატია. გულისრევა, პირღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა არის ის სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, თეორიულად წარმოიშვას დოზის გადაჭარბებისას. არ არის ცნობილი შემთხვევები, როდესაც დიდროგესტერონის დოზის გადაჭარბებამ პაციენტის ჯანმრთელობას განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიაყენა. სწორედ ამიტომ, ზედოზირების შედეგების აღმოსაფხვრელად, როგორც წესი, სიმპტომური მკურნალობაც საკმარისია.
დუფასტონის გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტს, გვერდითი ეფექტები დუფასტონსაც ახასიათებს. მათი ჩამონათვალი, შესაძლოა ძალიან გრძლად მოგეჩვენოთ და დაიზაფროთ, თუმცა ნუ შეგეშინდებათ! მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაციის გავლისა და დანიშნულების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, რისკებს მინიმუმამდე შეამცირებთ.
პრეპარატის მიღების შემდეგ, კლინიკურმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირი თანმდევი რეაქციები იყო არამენსტრუალური სისხლდენა საშვილოსნოდან (მეტრორაგია), სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა (ტკივილი) და შაკიკი, გამოხატული თავის ტკივილით.
Შედარებით არახშირ შემთხვევებში (ყოველ ას შემთხვევაში 1-ზე ნაკლები, ყოველ ათასში ერთი ან მეტი) დაფიქსირდა დეპრესია, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (გამოხატული სიყვითლით, ასთენიით, მუცლის ტკივილით), ალერგიული დერმატიტი (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება), სხეულის მასის მატება – რაც პასუხობს ხშირად დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ასუქებს დუფასტონი თუ არა – პასუხია, რომ ეს პრეპარატის გვერდითი მოვლენაა, რომლის გამოვლენის ალბათობა 1%-ზე ნაკლებია.
ხოლო კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში (ყოველ 1000 შემთხვევაში 1-ზე ნაკლები, ყოველ 10000 შემთხვევაში ≥1) შესაძლოა, დუფასტონს უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი ჰქონდეს, მაგალითად პროგესტეროგენზე დამოკიდებული ნეოპლაზმების ზომის ზრდა (მაგალითად, მენინგიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი), ჰემოლიზური ანემია, ჰიპერმგრძნობელობა, ძილიანობა, ანგიონევროტული შეშუპება, სარძევე ჯირკვლების გადიდება.
გახსოვდეთ, რომ სქესობრივ ჰორმონებს შეუძლიათ, გამოიწვიონ ქოლესტაზური სიყვითლე, ოტოსკლეროზი, პორფირია, ორსულების ჰერპესი, ძლიერი ქავილი – ეს მდგომარეობები, შესაძლოა, წარმოიშვას ან გაუარესდეს ორსულობის ან წინა ჰორმონალური მკურნალობის დროს.
დუფასტონი ორსულობის დროს – გავლენა ლაქტაციაზე
სანამ უშუალოდ ორსულობასა და ლაქტაციაზე ვისაუბრებთ, ერთი მნიშვნელოვანი საკთხი უნდა გადაწყდეს: ხშირად ისმის კითხვა – ახდენს თუ არა გავლენას დუფასტონი ორსულობის ტესტის შედეგზე? კვლევებით დასტურდება, რომ არა.
დუფასტონით მკრნალობა მილიონობით ორსულ ქალს ჩაუტარდა, თუმცა პრეპარატის უარყოფით გავლენაზე მონაცემები არ არსებობს.
კლინიკურმა კვლევებმა, რომელთა ფარგლებშიც ქალების შეზღუდულ რაოდენობას ორსულობის ადრეულ ეტაპზე უტარდებოდა დიდროგესტერონით მკურნალობა, რაიმე სახით რისკის ზრდა ვერ გამოავლინა. არასასურველი ეფექტები, კვლევების მიხედვით, მხოლოდ ადამიანისათვის განკუთვნილი მაქსიმალური დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისას წარმოიშობა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დუფასტონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს, თუ არსებობს ჩვენება მისი გამოყენებისათვის და თუ ექიმიც ამის ნებართვას გასცემს.
რაც შეეხება ლაქტაციას, უცნობია, ხვდება თუ არა დუფასტონის აქტიური ნივთიერება დედის რძეში. სხვა პროგესტაგენების შესახებ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ პროგესტაგენები და მათი მეტაბოლიტები დედის რძეში მცირე რაოდენობით მაინც ხვდება. ვინაიდან დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს ბავშვის ჯანმრთელობის შესაძლო რისკების შესახებ, ნუ მიიღებთ დუფასტონს ძუძუთი კვების პერიოდში.
სიფრთხილის დაცვა დუფასტონის გამოყენებისას
უკვე მიხვდებოდით, რომ დუფასტონი ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად, მისი გამოყენებისას სიფრთხილის გარკვეული ზომების მიღება გმართებთ. ნუ მიიღებთ დუფასტონს, თუ აღგენიშნებათ ვაგინალური სისხლდენა, რომლის ზუსტი მიზეზიც დადგენილი არ არის – ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია ჯერ ექიმთან უნდა გაიაროთ. ასევე, თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება, ან წარსულში დაგიფიქსირდათ უკუჩვენებები კომბინირებული ჰორმონალური თერაპიის მიზნით ესტროგენების დიდროგესტერონის მსგავს პროგესტაგენებთან ერთად გამოყენებისას. დიდროგესტერონით საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სისხლდენის ორგანული მიზეზი.
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (დრტ) გამოყენებისას, ლუტეინის ფაზის მხარდამჭერი მკუნალობა აუცილებლად უნდა შეწყდეს, თუ ნაყოფის დაკარგვა ან აბორტი დაფიქსირდება.
გარდა ამისა, აუცილებლად გაეცანით ბლოგის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ შემადგენლობას. თუ დუფასტონის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევით, ბუნებრივია, პრეპარატის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
ასევე, არ მიიღოთ დუფასტონი, თუ გაქვთ სქესობრივ ჰორმონებზე დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე.
მკურნალობის პირველ თვეებში, შეიძლება აციკლურმა სისხლდენამ ან სისხლიანმა გამონადენმა შეგაწუხოთ – დუფასტონი და გამონადენი ნამდვილად შესაძლოა ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. თუ აციკლური სისხლდენა ან გამონადენი პრეპარატის მიღების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოიშობა ან გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგაც, ამის მიზეზი აუცილებლად უნდა დაადგინოთ – ასეთ დროს ენდომეტრიუმის ბიოფსიის აღებაც შეიძლება გახდეს საჭირო, რათა ავთვისებიანი ცვლილებები გამოირიცხოს.
თუ დუფასტონით მკურნალობის რომელიმე ეტაპზე უჩვეულოდ ძლიერ თავის ტკივილს იგრძნობთ, შაკიკი შეგაწუხებთ, აღგენიშნებათ სიმპტომები, რომელიც თავის ტვინის იშემიის ნიშნები შეიძლება იყოს, მკურნალობის შეწყვეტა უნდა განიხილოთ. ეს ეხება სისხლის წნევის მნიშვნელოვან მატებას და ვენური თრომბოემბოლიის წარმოშობასაც.
ნაყოფის ჩვეული ან პოტენციური დაკარგვის შემთხვევაში, მკურნალობის მიმდინარეობისას უნდა გაკონტროლდეს ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობა, რათა ორსულობის პროგრესირება დადასტურდეს.
დეპრესიის ეპიზოდების ისტორიის მქონე პაციენტები მუდმივად ექიმის ყურადღების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ვინაიდან გვერდით ეფექტთა შორის დეპრესიაცაა მოსალოდნელი, მძიმე რეციდივის შემთხვევაში დუფასტონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დუფასტონი არ უნდა მიიღონ ისეთმა პირებმაც, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები, როგორებიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი.
დუფასტონმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა მიღებიდან პირველ რამდენიმე საათში. აქედან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა – ნუ დაჯდებით ავტომობილის ან რაიმე მექანიზმის საჭესთან, თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს მაინც იგრძნობთ.
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
დუფასტონის მიღების კონტექსტში ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია მნიშვნელოვანი სამედიცინო პრაქტიკაა. ის ინიშნება მაშინ, როცა ქალის ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება მენოპაუზის შემდგომი სიმპტომები. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, რისკები და უპირატესობები საფუძვლიანად უნდა შეფასდეს და ამ კონტროლს რეგულარული ხასიათი ჰქონდეს. თერაპია გრძელდება იქამდე, სანამ მოსალოდნელი უპირატესობები შესაძლო რისკებს სჭარბობს.
ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე, სრული სამედიცინო და ოჯახური ანამნეზი უნდა შეგროვდეს. სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, სარძევე ჯირკვლებისა და მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევის ჩათვლით, აუცილებელია შესაძლო უკუჩვენებებისა და ისეთი მდგომარეობების ხაზგასასმელად და კონტროლზე ასაყვანად, რომლებიც სიფრთხილის დამატებით ზომებს ითხოვენ. გახსოვდეთ, რომ სარძევე ჯირკვლებში მომხდარი ყველა ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს.
ჯანსაღი საშვილოსნოს მქონე ქალებში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიისა და კიბოს რისკი იზრდება მხოლოდ ესტროგენების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი ესტროგენული მონოთერაპიისას ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქალებში, რომლებიც ჩჰთ-ს არ მიმართავენ – ეს მკურნალობის ხანგრძლივობასა და ესტროგენის დოზაზეა დამოკიდებული. ესტროგენის მიღების შემდეგ, კიდევ 10 წლის განმავლობაში რისკი მაღალია. ამ გართულების არიდება დუფასტონთან ესტროგენებით მკურნალობის კომბინირებითაა შესაძლებელი, 28-დღიანი ციკლიდან სულ მცირე, 12 დღის განმავლობაში.
მედიცინისათვის არსებული მონაცემები მიუთითებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს გაზრდილ რისკზე ქალებში, რომლებიც ესტროგენს პროგესტაგენთან კომბინაციაში იღებენ და ასევე, მოიხმარენ მონოესტროგენულ პრეპარატებს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მიზნით. რისკი თერაპიის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევამ და ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი იმ ქალებში, რომლებიც კომბინირებულ პრეპარატებს ჩჰთ-ისთვის 3 წლისა და მეტი დროის განმავლობაში იღებდნენ. Ხსენებული რისკი მკურნალობის შეწყვეტიდან მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში მაინც ნარჩუნდება. კომბინირებული ჩჰთ პრეპარატების მიღება მამოგრაფიულ გამოსახულებას ცვლის, კერძოდ, იზრდება სიმჭიდროვე, რაც პოტენციურად სარძევე ჯირკვლის კიბოს რადიოლოგიურ დიაგნოსტიკას ართულებს.
რაც შეეხება საკვერცხის კიბოს, ის სარძევე ჯირკვლის კიბოზე ბევრად იშვიათია. ვრცელი მეტა-ანალიზის შედეგად მიღებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები ცხადყოფს რამდენადმე მომატებულ რისკს ქალებში, რომლებიც მიმართავდნენ ესტროგენულ მონოთერაპიას, ან ესტროგენულ თერაპიას პროგესტერონთან კომბინირებით ჩჰთ-ის სახით. როგორც სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, რისკი აქაც 5-წლიანია და დროთა განმავლობაში იკლებს.
ჩჰთ პრეპარატების გამოყენება, პოტენციურად, ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკის ზრდას იწვევს, რაც ძირითადად მკურნალობის პირველ წელს იჩენს ხოლმე თავს, ვიდრე მოგვიანებით. პაციენტები, რომლებსაც თრომბოფილური მდგომარეობების დიაგნოზი აქვთ, ბენური თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან – ამ რისკს ჩჰთ უფრო ზრდის, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებმა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისგან თავი უნდა შეიკავონ.
პოსტოპერაციულ პაციენტებში, რომლებსაც ხანგრძლივად უწევთ უძრავად ყოფნა, ვენური თრომბოემბოლიის აღსაკვეთი ღონისძიებების გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თერაპია უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე. მკურნალობის განახლება შესაძლებელია მხოლოდ ძალების სრული აღდგენის შემდეგ, როცა ინდივიდი ყოველდღიურ აქტიურობას ისევ დაუბრუნდება.
თუ ვენური თრომბოემბოლია ჩჰთ-ის მიღების ფონზე წარმოიშვა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ვენური თრომბოემბოლიის პირველივე შესაძლებელი სიმპტომების გაჩენისას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ფეხების ტკივილი და შეშუპება, ქოშინი და გულმკერდის არეში მოულოდნელი ტკივილი.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ კომბინირებული პრეპარატებით განხორციელებული ჩჰთ-ის ან ესტროგენული მონოთერაპიის დროს, იშემიური ინსულტის რისკი დაახლოებით 1.5 -ჯერ იზრდება. რისკი არ არის დამოკიდებული ასაკზე ან მენოპაუზის ხანგრძლივობაზე. თუმცა, ინსულტის განვითარების საერთო რისკი ქალებში, რომელთაც უტარდებათ ჩჰთ, ასაკთან ერთად იზრდება, ვინაიდან ინსულტის განვითარების საწყისი აბსოლუტური რისკი არსებითად ასაკზეა დამოკიდებული.
დუფასტონის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
დიდროგესტერონისა და დიჰიდროდიდროგესტერონის მეტაბოლიზმი შეიძლება დაჩქარდეს იმ ნივთიერებების ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში, რომლებიც ციტოქრომ 450-ის სისტემის ფერმენტების ინდუქტორებს წარმოადგენს. შესაბამისად, არ არის სასურველი დუფასტონთან ერთად ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღება:
- კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი);
- ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები (რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ნევირაპინი, ეფავირენზი);
- მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კრაზანას (Hypericum perforatum), სალბსა და გინგკო ბილობას
დიდროგესტერონის კლინიკურად გაძლიერებულმა მეტაბოლიზმმა თერაპიის კლინიკური ეფექტიანობის შემცირება და საშვილოსნოს სისხლდენის ხასიათის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.
შენახვის პირობები და სხვა მონაცემები
დუფასტონი მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის აბია წაკვეთილი კიდეებით, აპკისებრი გარსითა და ცალ მხარეს გამყოფი ზოლით, რომელიც აბის მარტივ გადატეხვაში დაგეხმარებათ. გამყოფი ზოლის ორივე მხარეზე ამოტვიფრულია „155“.
შეინახეთ პრეპარატი ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ასევე, შეინახეთ პრეპარატი ისეთ ადგილას, სადაც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ.
დუფასტონის ვარგისობის ვადა 5 წელს შეადგენს და ნურავითარ შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ მას შეფუთვაზე გამოსახული ვადის გასვლის შემდეგ. აგარიდებთ დაბნეულობას და გეტყვით, რომ ვარგისობის ვადაში იგულისხმება შეფუთვაზე გამოსახული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი ურეცეპტოდ არ გაიცემა, ამიტომ გთხოვთ, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა მათი სიმპტომები თქვენსას. შესაძლოა, ამან ამ პიროვნების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება ნაგავში და გამდინარე წყალში — საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემდეგ, გარემოზე ზრუნვაც არ არის ცუდი არჩევანი. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს და ამ კეთილშობილური მიზნის შესრულებაში ის დაგეხმარებათ.
ნუ მისცემთ საშუალებას არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს, თქვენი ყოველდღიურობა უარესობისკენ შეცვალონ – შეიძლება, ასი წლის წინ ამ პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტი განაჩენი ყოფილიყო, თუმცა 21-ე საუკუნე ამ კუთხით მრავალ გამოსავალს გვთავაზობს – ერთ-ერთი წარმატებული და საიმედო გამოსავალი კი ნამდვილად დუფასტონია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account