რეაფემი - პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებთან საბრძოლველად

რეაფემი ესპანეთში წარმოებული პრეპარატია, რომელიც კაფსულების ფორმით არის წარმოდგენილი. მედიკამენტი აქტიურ ნივთიერება მიკრონიზებულ პროგესტერონს შეიცავს. PSP-ში რეაფემი 100 მგ და 200 მგ დოზირებით არის ხელმისაწვდომი. ორივე შემთხვევაში, ერთ შეკვრაში პრეპარატის 30 კაფსულია მოთავსებული. რეაფემი აფთიაქებში ექიმის რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

როდის მკურნალობენ რეაფემით? 

რეაფემი პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული მდგომარეობების მკურნალობისას გამოიყენება. პერორალური გზით მიღებისას, მისი დახმარებით ლუთეინური უკმარისობით გამოწვეულ უნაყოფობას მკურნალობენ. მას ასევე მიმართავენ მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს.

პრეპარატი რეკომენდებულია მეორადი ამენორეის, პრემენსტრუალური სინდრომის, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის, პრემენოპაუზისა და მენოპაუზური, ასევე  პოსტმენოპაუზური პერიოდის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის სახით. ამ შემთხვევაში რეაფემი ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოიყენება.

ინტრავაგინალური გზით გამოყენებისას, პრეპარატი უზრუნველყოფს ლუთეინური ფაზის შენარჩუნებას ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მზადების დროს. მას ასევე მიმართავენ ლუთეინური ფაზის შენარჩუნებისთვის სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

რეაფემი რეკომენდებულია ლუთეინური უკმარისობით განპირობებული უნაყოფობისას. გარდა ამისა, ის წარმოადგენს ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას პროგესტერონის დეფიციტის დროს, საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას.

მედიკამენტი ინტრავაგინალურად მიიღება ნაადრევი მენოპაუზის შემთხვევაში. ის წარმოადგენს ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

რეაფემს მიმართავენ პროგესტერონის უკმარისობით გამოწვეული ჩვეული ან მოსალოდნელი აბორტის, საშვილოსნოს მიომისა და ენდომეტრიოზის  პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება პერორალური გამოყენებისას  

რეაფემით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად, კლინიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ განსაზღვრას. პერორალურად გამოყენების შემთხვევაში, უმჯობესია პრეპარატი ძილის წინ დალიოთ. ეს თავბრუსხვევისა და ძილიანობის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა. პრეპარატის მიღება კვებათა შორის პერიოდშია რეკომენდებული. რეაფემის კაფსულების ადვილად გადასაყლაპად წყლის მიყოლება შეგიძლიათ.

რაც შეეხება კონკრეტული დაავადებების ან მდგომარეობების სამკურნალოდ განსაზღვრულ დოზებს, ლუთეინური ფაზის უკმარისობისას, მათ შორის დისმენორეის, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიისა და პრემენოპაუზის დროს პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 200-300 მგ-ის შეადგენს. მისაღები დოზა ორად უნდა გაიყოს (დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს, ჩვეულებრივ, ის ციკლის მე-17-დან იწყება 26-ე დღის ჩათვლით გრძელდება.

მეორადი ამენორეის მკურნალობის მიზნით, მედიკამენტი საღამოს უნდა მიიღოთ. ერთჯერადი სადღეღამისო დოზა 400 მგ-ია, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაშიც 10 დღეს შეადგენს.

პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ 100 ან 200 მგ ინიშნება. პრეპარატი პერორალურად, დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ. უმჯობესია, თუ წამლის დასალევად საღამოს პერიოდს შეარჩევთ. მკურნალობა ციკლის მე-14 დღიდან 10-12 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

პრემენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს, რომელიც ესტროგენული თერაპიის ფონზე ტარდება, რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ-ის დღეში ერთხელ მისაღებად. მკურნალობის კურსი 10-12 დღეს მოიცავს. მენოპაუზის პერიოდში, ესტროგენების მიღების პარალელურად, ინიშნება 100 მგ დღეში, უწყვეტ რეჟიმში.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი ინტრავაგინალური გამოყენებისას? 

ინტრავაგინალური გამოყენებისას კაფსული ვაგინაში ღრმად შეჰყავთ. დოზები კი ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია.

პროგესტერონის დეფიციტის დროს საკვერცხეების არაფუნქციონირების ან არარსებობისას რეაფემი, ესტროგენული თერაპიის ფონზე, ინტრავაგინალურად 100 მგ-ის დოზირებით გამოიყენება.

თავდაპირველად ვაგინაში პრეპარატი დღეში ერთხელ, ციკლის მე-13 და მე-14 დღეს შეჰყავთ, შემდეგ აღნიშნული დოზა დღეში 2-ჯერ, ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით გამოიყენება. 26-ე დღიდან და ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში დოზა ყოველ კვირას, დღეში 100 მგ-ით იზრდება, ვიდრე მაქსიმალურ დოზას, დღეში 600 მგ-ს არ მიაღწევს, რომელიც 3 მიღებაზე იყოფა. მოცემული დოზით მედიკამენტის გამოყენება რეკომენდებულია 60 დღის განმავლობაში.

ლუთეინური ფაზის შენარჩუნების მიზნით, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის ჩატარებისას ინტრავაგინალურად რეკომენდებულია დღეში 400-600 მგ დოზის მიღება. მკურნალობა ქორიონული გონადოტროპინის ინიექციის დღიდან უნდა დაიწყოს და ორსულობის მე-12 კვირამდე გაგრძელდეს.

ლუთეინური ფაზის შენარჩუნებისთვის, სპონტანური ან ინდუცირებული მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ასევე ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევით განპირობებული უნაყოფობისას ინტრავაგინალურად მისაღებად ინიშნება 200-300 მგ დღეში ერთხელ. მკურნალობა ციკლის მე-17 დღიდან იწყება და 10 დღის განმავლობაში გრძელდება. მენსტრუაციის შეჩერებისა და ორსულობის დიაგნოსტირებისას მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.

ორსულობის შეწყვეტის საფრთხის არსებობისას, აგრეთვე ჩვეული აბორტის პროფილაქტიკისთვის, რომელიც პროგესტერონის უკმარისობით არის გამოწვეული, რეკომენდებულია 200-400 მგ ინტრავაგინალურად ყოველდღიურად ორ ნაწილად მისაღებად, დილით და საღამოს. მკურნალობა ორსულობის I და II ტრიმესტრში უნდა ჩატარდეს.

რეაფემის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები 

რეაფემის მიღებამ შეიძლება ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, როგორიცაა ძილიანობა ან დაღლილობა. მიკრონიზებულ პროგესტერონს შეიძლება ჰქონდეს სედატიური ეფექტი, განსაკუთრებით პერორალურად მიღებისას.

პრეპარატის მიღების შემდეგ, ჰორმონალურმა ცვლილებებმა, შეიძლება თავის მსუბუქი ან ზომიერი ტკივილი გამოიწვიოს. ამავე მიზეზით ზოგჯერ მკერდის ტკივილი აღინიშნება.

გარდა ამისა, რეაფემის მოსალოდნელ გვერდით ეფექტებს შორისაა თავბრუსხვევა, გაღიზიანება და განწყობის ზომიერი ცვალებადობა.

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა ან კუჭის აშლილობა, არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა, წონის ცვლილებები (ძირითადად, მომატება). ამასთან, შეიძლება აღინიშნოს კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი ან მსუბუქი გამონაყარი.

იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენებია ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ან ხშირ გამონაყარს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეწყვიტეთ და მკურნალობის გასაგრძელებლად რჩევების მისაღებად ექიმს მიმართეთ.