რა შემთხვევებში ინიშნება ანალგინი? — პრეპარატის დადებითი მხარეები და გვერდითი ეფექტები

ანალგინი (ანალგეზინი, მეტამიზოლი) ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მედიკამენტს წარმოადგენს, რომლის მოქმედების არეალიც საკმაოდ ფართოა. კერძოდ, გამოიყენება ისეთი ტიპის ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორიცაა თავის, კბილის, სახსრებისა და სხვა სახით ტკივილი.

 

რეალურად, ანალგინი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, თუმცა მისი გამოყენება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს — განსაკუთრებით მისი შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ. ამიტომაც, ანალგინის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით.

 

აღნიშნული პრეპარატი სხვადასხვა ფორმით იწარმოება, მათი გამოყენება კი საჭიროების მიხედვით განისაზღვრება:

 

  • ანალგინი ტაბლეტი — ეს მედიკამენტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ჩვეულებრივ, ტაბლეტები საშუალოს და მსუბუქი ტკივილის ან სიცხის დროს გამოიყენება;
  • სიროფი ან ხსნარი — უმეტესად გამოიყენება მაშინ, როცა ანალგინი ბავშვებში ინიშნება, რადგან პატარებისთვის სითხის მიღება გაცილებით ადვილია;
  • ანალგინი ამპულა (საინიექციო ხსნარი) — გამოიყენება ინტრავენური ან ინტრამუსკულური ინიექციისთვის. ხშირად მიმართავენ მაშინ, როცა საჭიროა სწრაფი და ძლიერი ეფექტი, მაგალითად, ძალიან ძლიერი ტკივილის ან მაღალი სიცხის დროს;
  • ანალგინი სანთელი — ეს ფორმა გამოიყენება, ძირითადად, ბავშვებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც ორალურად არ შეუძლიათ პრეპარატის მიღება.

 

რა ჩვენებების დროს გამოიყენება ანალგინი? 

 

მართალია, დასაწყისში ზოგადად ვახსენეთ ანალგინის დანიშნულება, მაგრამ ახლა დეტალურად განვიხილავთ, ანალგინი რისი წამალია და ძირითადად როდის გამოიყენება ის:

 

  • თავის ტკივილი — გამოიყენება მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის თავის ტკივილის შესამსუბუქებლად;
  • კბილის ტკივილი —  ხშირად ინიშნება კბილის ტკივილის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწრაფი დახმარებაა საჭირო;
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი — შეიძლება, ანალგინი დაინიშნოს ართრიტისა და სახსრების სხვა ანთებითი მდგომარეობების დროს;
  • ნევრალგია — ანალგინი ეფექტურია ნერვის დაზიანებით გამოწვეული მწვავე ტკივილის დროსაც;
  • მენსტრუალური ტკივილი — ზოგჯერ გამოიყენება მენსტრუალური ციკლის თანმხლები ტკივილის შესამსუბუქებლად;
  • პოსტოპერაციული ტკივილი — გამოიყენება ოპერაციის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლად;
  • მაღალი სიცხე — ძირითადად, ანალგინს ნიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ სიცხის დამწევი სხვა საშუალებები არაეფექტურია ან რაღაც მიზეზების გამო ვერ გამოიყენება.

 

რა შემთხვევებში გამოიყენება ანალგინი ბავშვებში?


ვინაიდან აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება არაერთ გვერდით ეფექტთანაა დაკავშირებული, ბავშვებში ანალგინს განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ კონკრეტული ჩვენებების დროს ნიშნავენ. ძირითადად მაშინ, როცა სხვა მედიკამენტები არაეფექტურია მაღალი სიცხის დასაწევად ან ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად.

 

ზოგადად, ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ანალგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი ტოქსიკურობისა და გვერდითი ეფექტების მაღალი რისკის გამო. ბავშვებისთვის ანალგინის სპეციალური გამოშვება არსებობს Analgin Kids, რომელიც მცირე ასაკზეა გათვლილი.

როდის არ შეიძლება ანალგინის მიღება? 

 

ანალგინის მიღებას რიგი უკუჩვენებები აქვს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რათა შემდგომი გვერდითი მოვლენები ან გართულებები თავიდან ავირიდოთ.

 

ანალგინის ძირითადი უკუჩვენებებია:

 

  1. ალერგია ანალგინზე ან მის რომელიმე კომპონენტზე;
  2. აგრანულოციტოზი ან თრომბოციტოპენია — ანალგინმა შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების დონის დაქვეითება), რაც ორგანიზმს უქმნის სერიოზულ ინფექციურ რისკებს. ამიტომ, ის არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც უკვე აღენიშნებათ ეს მდგომარეობა;
  3. ჰემოლიტიკური ანემია — პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზის (G6PD) დეფიციტი, ანალგინი არ უნდა გამოიყენონ, რადგან ამან შეიძლება სისხლის წითელი უჯრედების განადგურება გამოიწვიოს;
  4. ასთმა — ანალგინის მიღება არაა რეკომენდებული ასთმის მქონე პაციენტებში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასთმა გამოწვეულია ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAIDs) მიღებით;
  5. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები — ამ შემთხვევაში ან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ანდაც საერთოდ არ შეიძლება ანალგინის მიღება. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა;
  6. ორსულობა და ლაქტაცია — ანალგინი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს პირველ და მესამე ტრიმესტრებში, ასევე ლაქტაციის პერიოდში, რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფსა და ჩვილს;
  7. გასტროინტესტინალური წყლულები — პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გასტროინტესტინალური სისტემის წყლულები, ანალგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან პრეპარატმა შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს.

 

როგორია ანალგინის გვერდითი ეფექტები?

 

ანალგინის გამოყენებას რიგი პოტენციური გვერდითი ეფექტები ახლავს, რომელთა სიმძიმეც  დამოკიდებულია დოზაზე, გამოყენების ხანგრძლივობასა და პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. აქ მოცემულია ყველაზე გავრცელებული და სერიოზული გვერდითი ეფექტები:

 

  1. აგრანულოციტოზი — ეს არის ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტი, რომელიც თეთრი სისხლის უჯრედების დონის მკვეთრ შემცირებასთანაა დაკავშირებული, რაც ინფექციების რისკს ზრდის. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ყელის ტკივილს, პირის ღრუს წყლულებს და საერთო სისუსტეს.
  2. ლევკოპენია და თრომბოციტოპენია — ანალგინმა შეიძლება გამოიწვიოს ლევკოპენია (თეთრი სისხლის უჯრედების დონის შემცირება) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დონის შემცირება), რაც ზრდის სისხლდენისა და ინფექციების რისკს.
  3. ალერგიული რეაქციები — შესაძლოა, ანალგინის მიღების შედეგად კანზე გაჩნდეს გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება;
  4. ანაფილაქსია — იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი, რომელიც მოიცავს ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომებს, როგორებიცაა ტაქიკარდია, ქოშინი, სახისა და კისრის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;
  5. გასტროინტესტინალური დარღვევები — შესაძლოა, გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, როგორებიცაა ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება ან დიარეა. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენაც დაიწყოს;
  6. ჰიპოტენზია (სისხლის წნევის დაწევა) — ანალგინის ინტრავენურმა ინიექციამ შეიძლება ჰიპოტენზია გამოიწვიოს;
  7. თირკმლების ფუნქციის დარღვევა — ანალგინმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ოლიგურია (შარდის მოცულობის შემცირება), ანურია (შარდის არარსებობა), პროტეინურია (ცილა შარდში);
  8. ჰეპატიტი — იშვიათ შემთხვევაში, ანალგინმა შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტოზური ჰეპატიტი, რაც გულისხმობს ღვიძლის ანთებას;
  9. ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები — არსებობს თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, კრუნჩხვებისა და ზოგჯერ ცნობიერების დარღვევის რისკი.

 

ანალგინისა და დიმედროლის კომბინაცია

 

ზოგჯერ მედიცინაში ანალგინი და დიმედროლი ერთად გამოიყენება — განსაკუთრებით მწვავე ტკივილისა და ალერგიული რეაქციების დროს, ან როდესაც საჭიროა ტემპერატურის სწრაფად დაწევა. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ამ კომბინაციას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

 

ზოგადად, დიმედროლი (დიფენჰიდრამინი) არის ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის, ანაფილაქსიის, უძილობისა და გულისრევის სამკურნალოდ. 

როდის მიმართავენ ანალგინისა და დიმედროლის კომბინაციას?

აღნიშნული მედიკამენტების ერთად მიღებას რამდენიმე ჩვენება აქვს:

 

  • მაღალი სიცხე —  ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს მაღალი სიცხე, რომელსაც ვერ აკონტროლებენ სხვა საშუალებებით, ანალგინის და დიმედროლის კომბინაცია გამოიყენება სიცხის სწრაფად დასაწევად;
  • მწვავე ტკივილი — ანალგინისა და დიმედროლის ერთად გამოყენება შეიძლება მწვავე ტკივილის დროს გახდეს საჭირო; განსაკუთრებით მაშინ, თუ ძლიერი ანთებითი პროცესი ან ალერგიული კომპონენტი გამოვლინდა.

 

გაითვალისწინეთ, პრეპარატების არასწორად დოზირებამ ან გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტოქსიკური რეაქციები — მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, გულის რიტმის დარღვევა და სასუნთქი სისტემის პრობლემები.

 

ასევე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ალერგიული ისტორია და სხვა მედიკამენტების მიღების ისტორია, რადგან კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტები ან გვერდითი მოვლენები.

 

ანალგინისა და პარაცეტამოლის კომბინაცია 

 

არის შემთხვევები, როცა ანალგინი და პარაცეტამოლი ერთად ინიშნება. მოგეხსენებათ, ორივე პრეპარატი ეფექტიანია ტკივილგამაყუჩებლად და სიცხის დამწევად, მაგრამ მათ სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი და გვერდითი ეფექტები აქვს. ამიტომაც, ამ კომბინაციასაც განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

 

  • ტკივილი — ორივე მედიკამენტი ეფექტურია სხვადასხვა სახის ტკივილის დასამარცხებლად, მათ შორის თავის, კბილის, კუნთების და მენსტრუალური ტკივილების დროს;
  • სიცხე — ორივე პრეპარატს შეუძლია სიცხის დაწევა, თუმცა მათი კომბინაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ვერ აკონტროლებს მაღალ ტემპერატურას.

 

თავის მხრივ, კომბინაციის უპირატესობებად მიიჩნევა ძლიერი ეფექტი და მრავალმხრივი მოქმედება… კერძოდ, როდესაც სხვა სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებლები არაეფექტურია, ანალგინისა და პარაცეტამოლის კომბინაციამ შეიძლება უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ეფექტი უზრუნველყოს.

 

ამასთან, პრეპარატების კომბინაცია მოქმედებს სხვადასხვა მექანიზმით, რაც ხელს უწყობს სიცხისა და ტკივილის უფრო ეფექტიანად დაქვეითებას.

 

გაითვალისწინეთ, რომ ანალგინსაც და პარაცეტამოლსაც ტოქსიკურობის რისკი ახლავს თან — განსაკუთრებით, მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, მათი კომბინაცია ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს, როგორებიცაა ღვიძლის ან თირკმლის დაზიანება, კუჭ-ნაწლავის დარღვევები და ჰემატოლოგიური პრობლემები. ამიტომაც, აუცილებელია პრეპარატების დოზების ზუსტი კონტროლი, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი.