რა არის ფსორიაზი და როგორ ვლინდება

ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა, სოკოვანი ინფექციები — ეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებია, რომლებიც ჩვენს კანზე ახდენს გავლენას და მის ცვლილებას განაპირობებს. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი ფსორიაზის მსგავსი სიმპტომებით გამოვლინდეს, მაგრამ გამომწვევი მიზეზები, რისკ-ფაქტორები და კონკრეტული ნიშნები სხვადასხვაგვარია.

როგორია ფსორიაზის თავისებურებები  

მაშასადამე, ფსორიაზი კანის სოკო სულაც არაა და არც, მაგალითად, ეგზემის ნაირსახეობა. ის სრულიად დამოუკიდებელი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ქრონიკული ხასიათისაა. ეს ნიშნავს, რომ იგი ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვს, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, ფსორიაზი გადამდებია თუ არა. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მისი გადადების შანსი 0-ს უდრის. ის არც ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, არც შეხებით და არც სქესობრივი კავშირით, ამიტომ მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანთან ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტი 100%-ით უსაფრთხოა. 

როგორც ვახსენეთ, ფსორიაზი ავტოიმუნური დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ის არასწორ იმუნურ პასუხს უკავშირდება. შედეგად, კანის შემადგენელი უჯრედების სიცოცხლის ციკლი ირღვევა. კერძოდ, ამ დროს ეპიდერმული კერატინოციტები ჭარბი რაოდენობით წარმოიქმნება, რასაც ანთებითი პროცესები ახლავს თან. ასე ჩნდება კანზე მოვარდისფრო პაპულოზური გამონაყარი, რომელსაც სხვადასხვა ზომა აქვს და ზედაპირზე გამოხატული უხვი აქერცვლით ხასიათდება. აქერცლილი ნაფლეთები მოვერცხლისფრო შეფერილობისაა.

ხშირად ფსორიაზის გამო დაზიანებულ კანში სისხლძარღვების ცვლილებებიც შეინიშნება, რაც მათი შეშუპებით გამოიხატება. ასევე, უჯრედებს საკმარისი რაოდენობის ლიპიდების გამოთავისუფლება უჭირს, შედეგად კი რქოვანას მიმდებარედ წებოვანი შრე წარმოიქმნება. სწორედ ამ პროცესს უკავშირდება აქერცვლა.

რა უწყობს ხელს ფსორიაზის განვითარებას — რისკ-ფაქტორები  

ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ამის მიუხედავად, გამოვლენილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც მსგავსი პრობლემის ჩამოყალიბების შანსს ზრდის. ესენია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა — კვლევებით დადგინდა, რომ გენეტიკა ფსორიაზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს. თუ ეს პრობლემა ერთ-ერთ მშობელს აქვს, 8-15%-ია შანსი, რომ ის შვილსაც აღმოაჩნდეს. ორივე მშობლის ავადობის შემთხვევაში რისკი საგრძნობლად იზრდება;
  • სტრესი — ზოგადად, ცნობილია, რომ სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს. გამონაკლისი არც ფსორიაზია, რადგან სტრესი მისი ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, რომელიც ხშირად მდგომარეობის გაუარესებას იწვევს;
  • ინფექციები — ისეთი ინფექციები, რომლებსაც ბაქტერიები ან ვირუსები იწვევს, ასევე მათთან დაკავშირებული ტოქსინები, ფსორიაზის განვითარების რისკს ზრდის;
  • კანის მექანიკური დაზიანება — კანის მექანიკური ტრავმები, როგორიცაა ნაკაწრი, ჭრილობა და დამწვრობა, დაავადების მაპროვოცირებელია;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება — ეს ორი ფაქტორი ფსორიაზის გამწვავების მიზეზად შეიძლება იქცეს;
  • მედიკამენტები — ფსორიაზის მაპროვოცირებელია ანთების ან მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ბეტა-ბლოკატორები, ანტიბიოტიკები, ლითიუმი;
  • ჰორმონალური ცვლილებები და სიმსუქნე — ორსულობის, მენოპაუზის ან სქესობრივი მომწიფებისას ფსორიაზის რისკი იმატებს. ასევე, ცნობილია, რომ წონის მატების პარალელურად ხშირად მდგომარეობა უარესდება, კლებისას კი უკეთესობა შეინიშნება.

რისკ-ფაქტორებს შორისაა ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა. ასეთია, მაგალითად, ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებები.

როგორია დაავადების სიმპტომები 

ფსორიაზი ქალებსა და კაცებში თანაბრადაა გავრცელებული, ყველაზე ხშირად კი 15-30 წლის ასაკში ვლინდება. ამის მიუხედავად, ფსორიაზი ბავშვებშიც გხვდება. სიმპტომები ყველა შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ერთნაირია და სხეულის სხვადასხვა ნაწილზეა გამოხატული.

ფსორიაზი საწყის ეტაპზე კანზე სპეციფიკური გამონაყარის სახით ჩნდება და შესაძლოა, მსუბუქი ფორმით იყოს წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში სხეულზე კანის დაახლოებით ⅓-ია დაზიანებული და დროული მკურნალობით მისი კონტროლი შედარებით მარტივია. საშუალო სიმძიმის და მწვავე ფორმებისას ის შედარებით დიდ არეალზეა გავრცელებული და, შესაბამისად, მკურნალობაც რთულდება. ყველაზე მძიმე ფორმა ერითროდერმიაა, როცა კანის საფარველის 70%-ზე მეტი ზიანდება და ამის გამო ზოგჯერ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.

ფსორიაზისთვის დამახასიათებელი წარმონაქმნები მოწითალო-მოვარდისფრო შეფერილობის პაპულებია. ისინი თავდაპირველად წერტილოვანია, შემდეგ კი ზომაში იზრდება, ერთიანდება და ბალთების ფორმირებას უწყობს ხელს. კანზე არსებული ეს ბალთები ზედაპირიდან ოდნავ ამოზრდილია და მოვერცხლისფრო ნაფლეთებითაა დაფარული, რომლებიც ძლიერ იქერცლება. შესაძლოა, ამას თან ახლდეს ქავილი.

ფსორიაზი ყველაზე მეტად სხეულის მოძრავ ნაწილებში ვლინდება. ასეთია, მაგალითად, იდაყვები, მუხლები, კიდურების გაშლაში მონაწილე უბნები. გამონაყარი გვხვდება თავის კანზე, სახეზე, მუცელზე, გულ-მკერდზე, ზურგზე, ხელებსა და ფეხებზეც. არის შემთხვევები, როცა გამონაყარი საერთოდ არ შეინიშნება, მაგრამ ფსორიაზი სახსრებს აზიანებს — ამას ართროპათიური ფსორიაზი ეწოდება.

ფსორიაზი თავზე — რა უნდა ვიცოდეთ 

როგორც უკვე ვახსენეთ, შესაძლოა, ფსორიაზი თავის კანზე გაჩნდეს, რასაც სკალპის ფსორიაზი ეწოდება. ეს საკმაოდ ხშირია, მაგრამ კანის განსხვავებულ ტიპებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. მაგალითად, ღია შეფერილობის კანის მქონე ადამიანებში ზედაპირიდან ამოწეული მოწითალო ბალთებია, თეთრი ანაქერცლით. მუქი კანის შემთხვევაში ბალთები მოიისფრო შეფერილობისაა, მოვერცხლისფრო ანაქერცლით. 

გამონაყარი ზოგჯერ ადგილ-ადგილაა, ზოგჯერ კი მთელს სკალპზე გვხვდება. შესაძლებელია, ის ყურების უკან, თავად ყურებში, შუბლისა და კისრის არეშიც გავრცელდეს. 

სკალპის ფსორიაზს ხშირად ძლიერი ქავილი ახლავს თან, რაც ადამიანს დისკომფორტს უქმნის და ზოგჯერ ძილშიც უშლის ხელს. თუ თავის დაზიანებულ კანს ინტენსიურად მოიქავებთ, არაა გამორიცხული, ეს ინფექციებისა და თმის ცვენის მაპროვოცირებელი გახდეს. თავის კანის ფსორიაზის შესამსუბუქებლად სხვადასხვა ფარმაცევტული საშუალება გამოიყენება, მათ შორის შამპუნები, სპრეები და ა.შ.

თავის თმიანი ნაწილის გარდა, ფსორიაზი სახეზეც ჩნდება. ეს ფორმა შედარებით განსხვავებულია, რადგან სხეულის ამ ნაწილში კანი ძალიან თხელია და შესაძლებელია, სამკურნალო საშუალებების მიმართ უფრო მგრძნობიარე იყოს.

სახის არეში ფსორიაზი უფრო ხშირად ვლინდება წარბების, შუბლის ზედა მხრის, თმის ხაზის გასწვრივ და ზედა ტუჩის მაღლა მიდამოში, შედარებით იშვიათად — თვალების გარშემო, ქუთუთოებზე, პირისა და ცხვირის ღრუში. 

სახეზე, ძირითადად, ორი ტიპის ფსორიაზია გავრცელებული: ა) წვეთისებრი, რომელიც ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციას უკავშირდება; ბ) პუსტულოზური, რომლის დროსაც ჩირქგროვები წარმოიქმნება. სამკურნალოდ ეფექტიანია კუპრის შემცველი საშუალებები.

დაავადების მიმდინარეობა ხელებსა და ფეხებზე

ეს დაავადება კიდურებზეც ჩნდება. ფსორიაზი ფეხზე იმავენაირი სიმპტომებით ვლინდება, როგორც სხეულის სხვა უბნებში — კანიდან ამოწეული ბალთებით (რომელთა შეფერილობაც კანის ტიპზეა დამოკიდებული) და მოვერცხლისფრო ქერცლოვანი ნაფლეთებით. ფსორიაზი ხელებზე იმავენაირად ჩნდება.

ასეთი წარმონაქმნები უმეტესწილად ისეთ არეალებშია, რომლებზეც მოძრაობა ან ხახუნი მოქმედებს: მუხლები, კოჭები, ტერფები, იდაყვები. ასევე, ართროპათიური ფსორიაზი უშუალოდ სახსრებს ვნებს, რა დროსაც პაციენტი სახსრების ტკივილს უჩივის. შესაძლოა, ეს დასივებით გამოიხატოს, მათ შორის ფეხისა და ხელის თითების მიმდებარედ.

არსებობს ფრჩხილის ფსორიაზი, რომელსაც ფრჩხილებზე წერტილოვანი ჩანაჭდევები, მათი გაყვითლება, რელიეფის ცვლილება და/ან გასქელება ახასიათებს. რაც შეეხება ფეხისა და ხელის გულების იზოლირებულ ფსორიაზს, ის ორი სხვადასხვა ფორმით გვხვდება. პირველი პუსტულოზურია, ანუ ჩირქოვანი, ხოლო მეორე ჰიპერკერატოზულია. ის განსაკუთრებულად სქელი ქერცლით გამოირჩევა, რომლის ფორმირებაც კანის დასკდომას იწვევს, ამიტომ ზოგჯერ ადამიანს მოძრაობა ეზღუდება. 

ფსორიაზის მკურნალობა ხელებსა და ფეხებზე მოიცავს სპეციალურ მალამოებს, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი ეფექტი აქვს. ასევე, კორტიკოსტეროიდებს, როგორიც დერმოვეიტია, ვიტამინებისა და სალიცილის მჟავის შემცველ კრემებს, გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებს და სხვა.

იჩენს თუ არა თავს ფსორიაზი ბავშვებში  

ფსორიაზი ბავშვებში შემთხვევების 10%-ში 10 წელზე ნაკლებ ასაკში ვითარდება. მწვავე ფორმებისგან ისინი დაზღვეულები არ არიან, მაგრამ პედიატრიული ფსორიაზი მეტწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. 

ბავშვებში ფსორიაზის რისკ-ფაქტორები იგივეა, რაც ზრდასრულებში, მაგრამ უფრო მეტად მათში ეს გენეტიკურ წინასწარგანწყობასა და ბაქტერიულ ინფექციებს უკავშირდება. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ მცირეწლოვნებში ყველაზე ხშირად წვეთისებრი ფსორიაზი ვლინდება.

ბავშვს ამ დროს სხეულზე მცირე ზომის პაპულები უვითარდება, რისი მაპროვოცირებელიც ყელის სტრეპტოკოკული ინფექციაა ხოლმე. ეს ფსორიაზის ერთადერთი ტიპია, რომლის სამკურნალოდაც ანტიბიოტიკები ეფექტიანია. სხვა შემთხვევებში ანტიბიოტიკ და სტეროიდ თერაპიებს პაციენტისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

პატარებში ზოგჯერ თავს იჩენს ბავშვის საფენით გამოწვეული ფსორიაზული გამონაყარიც, რომელიც საფენით დაფარულ ადგილებში შეინიშნება. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი წითელი ლაქები, რომლებიც ჩვეულებრივი მკურნალობით არ ქრება.

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, ექიმის გარეშე ფსორიაზის საწინააღმდეგო საშუალებას ნუ გამოიყენებით. გამონაყარის შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს, რომელიც დიაგნოზს დასვამს და პატარას სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს.