
სეფსისი წარმოადგენს უკიდურეს რეაქციას ინფექციაზე. ამ დაავადების დროს ადამიანის ორგანიზმი ქიმიკატების ნაკადს სისხლში აგზავნის, რათა საფრთხეს ებრძოლოს. ეს კი იწვევს ფართოდ გავრცელებულ ანთებას, რომელსაც დროთა განმავლობაში სისხლის ნაკადის შენელება და ორგანოების დაზიანება შეუძლია.
ზოგჯერ სეფსისი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ ის გადავა გვიანდელ სტადიებზე, როგორებიც არის მძიმე სეფსისი ან სეპტიკური შოკი. თუ სეფსისის ნიშნები გაქვთ, მნიშვნელოვანია, სამედიცინო დახმარებას რაც შეიძლება მალე მიმართოთ.
როგორია სტადიები?
სეფსისის სამი სტადია არსებობს:
- სეფსისი: ინფექცია სისხლში ხვდება და სხეულში ანთებას იწვევს.
- მძიმე სეფსისი: ინფექცია და ანთება საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ორგანოების ფუნქციებზე ზემოქმედება დაიწყოს.
- სეპტიკური შოკი: სეფსისის ეს მძიმე გართულება განაპირობებს არტერიული წნევის მნიშვნელოვან ვარდნას. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორებიც არის:
- ორგანოების დისფუნქცია;
- სუნთქვის ან გულის უკმარისობა;
- ინსულტი;
- შესაძლო სიკვდილი.
მიუხედავად იმისა, რომ სეფსისით დაავადებას ხშირად ადგილი აქვს საავადმყოფოს გარემოში, ის შეიძლება ადამიანს სხვა პირობებშიც დაემართოს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა არც კი იცოდეთ, რომ გაქვთ ინფექცია, რომელიც პოტენციურად სეფსისის გამომწვევია.
რა სიმპტომები ახასიათებს?
სეფსისით დაავადების შემთხვევაში, რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, სეფსისის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს შორის არის:
- ცხელება;
- ციება;
- გონების დაბინდვა;
- სუნთქვის გაძნელება;
- სწრაფი გულისცემა;
- ექსტრემალური ტკივილი;
- ოფლიანი, წებოვანი კანი;
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
აღსანიშნავია, რომ, შესაძლოა, ეს სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებდეს, ამიტომ სწორი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია, ექიმს მიმართოთ.
რაც შეეხება მძიმე სეფსისს, მას ახასიათებს ორგანოთა უკმარისობა და ასევე შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
- გონებრივი შესაძლებლობების ცვლილებები;
- კანის მოლურჯო გაუფერულება — განსაკუთრებით ტუჩების, ხელისა და ფეხის თითების;
- შემცირებული შარდვა.
ეს მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად გადაიზარდოს სეპტიკურ შოკში, რაც პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია.
მძიმე სეფსისისა და სეპტიკური შოკის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ ამ უკანასკნელის ძირითადი ნიშანი დაბალი წნევაა.
როგორია სიმპტომები ბავშვებში?
აღსანიშნავია, რომ სეფსისი, გარდა ზრდასრული ადამიანებისა, შეიძლება ჩვილებშიც გამოვლინდეს. ახალშობილთა შემთხვევაში სეფსისი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:
- ცუდად კვება;
- გაღიზიანებადობა;
- ლეთარგია (ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ღრმა ძილს ჰგავს);
- სუნთქვის გაძნელება;
- ცხელება;
- სიყვითლე;
- კანის მოლურჯო გაუფერულება.
რა იწვევს და როგორია მისი რისკ-ფაქტორები?
ეს დაავადება ჩვეულებრივ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. სეფსისის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- პნევმონია;
- მუცლის შიდა ინფექციები;
- საშარდე გზების ინფექციები.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თანახმად, სეფსისი ასევე შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანმა და ვირუსულმა ინფექციებმა, მათ შორის COVID-19-მა და გრიპმა.
მკვლევრები და ჯანდაცვის ორგანიზაციები სეფსისთან დაკავშირებულ რამდენიმე რისკ-ფაქტორს გამოყოფენ, მათ შორის:
- 65+ ასაკი;
- 1 წელზე მცირე ასაკი;
- ორსულობა ან ლაქტაცია;
- დასუსტებული იმუნური სისტემა (მაგალითად, თუ ადამიანი ქიმიოთერაპიის კურსს გადის);
- გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, როგორებიც არის დიაბეტი, ღვიძლის დაავადება, თირკმლის დაავადება და სიმსივნე;
- გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორებიც არის კორტიკოსტეროიდები;
- ოპერაცია უახლოეს წარსულში;
- ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნა;
- შეხება ინვაზიურ მოწყობილობებთან, როგორებიც არის ინტრავენური კათეტერები ან სასუნთქი მილები.
როგორ სვამს ექიმის დიაგნოზს?
ექიმი შეისწავლის პაციენტის სიმპტომებს და დანიშნავს გამოკვლევებს მისი ინფექციის მიზეზისა და სიმძიმის დიაგნოსტირებისთვის.
ერთ-ერთი პირველი ტესტი არის სისხლის ანალიზი, რომელიც ექიმს დაეხმარება გაიგოს, აღინიშნება, თუ არა ორგანიზმში:
- ინფექციები;
- ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების დისფუნქცია;
- ჟანგბადის დაბალი დონე;
- შედედების პრობლემები;
- ელექტროლიტების დისბალანსი.
ექიმმა, პაციენტის ორგანიზმში ბაქტერიების აღმოსაჩენად და სხვადასხვა ორგანოს დასათვალიერებლად, ასევე შეიძლება დანიშნოს სხვა ტიპის გამოკვლევები, როგორებიც არის, მაგალითად: შარდის ანალიზი, გულმკერდის რენტგენი, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ა. შ.
როგორ მკურნალობენ სეფსისს?
სეფსისი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სეპტიკურ შოკში და საბოლოოდ დასრულდეს პაციენტის გარდაცვალებით, თუ შესაბამისი სამედიცინო ზომები არ იქნება მიღებული. სეფსისის მკურნალობის პროტოკოლი ასეთია — დიაგნოზის დასმის შემდეგ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ანტიბიოტიკების გამოყენება.
სეფსისით დაავადებულ პაციენტს შეიძლება ექიმმა სხვადასხვა მედიკამენტი დაუნიშნოს, ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, პეო ლიდოკაინით. ეს პრეპარატი გამოიყენება მისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ და სწორედ მათ შორის არის სეფსისიც. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი არა თვითნებურად, არამედ ექიმის დანიშნულების მიხედვით მიიღოთ.
სეფსისისგან გამოჯანმრთელება
სეფსისისგან გამოჯანმრთელება დამოკიდებულია თქვენი მდგომარეობის სიმძიმეზე და ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება ამ დაავადებამდე გაწუხებდათ.
სეფსისის მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებისას არსებობს შანსი, განიცადოთ ფიზიკური, კოგნიტიური და ემოციური სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. მათ შორის შეიძლება იყოს:
- დაღლილობა;
- კუნთების სისუსტე და ტკივილი;
- დეზორიენტაცია;
- ძილის გაძნელება;
- თმისცვენა;
- წონაში კლება;
- განწყობის ცვლილებები.
არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: სეფსისი სრულად განკურნებადია? მასზე პასუხი კი დადებითია — ბევრი ადამიანი ამ დაავადებისგან სრულად გამოჯანმრთელებას ახერხებს, თუმცა ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება ხანგრძლივი ეფექტები, რომლებიც ცნობილია, როგორც პოსტ-სეფსისური სინდრომი (PSS). CDC-ის თანახმად, ამ უკანასკნელმა შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ეფექტები, როგორებიც არის:
- ორგანოების დაზიანება;
- ამპუტაცია;
- უძილობა;
- კოშმარები;
- კონცენტრაციის გართულება;
- დაღლილობა;
- დაბალი თვითშეფასება.
როგორ უნდა მოვიქცეთ პრევენციისთვის?
სეფსისის პრევენციის საუკეთესო საშუალება ინფექციების დროული მკურნალობა და ჰიგიენის დაცვაა. ამაში იგულისხმება ჭრილობების სათანადო მოვლა, ხელების დაბანა და შხაპის რეგულარულად მიღება.
სეფსისის თავიდან ასაცილებლად შემდეგი საუკეთესო გზა ინფექციების პრევენციაა. ეს შეიძლება მოიცავდეს სათანადო ვაქცინაციას, ასევე შესაბამისი მედიკამენტების მიღების საშუალებით ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობების მართვას.
გაითვალისწინეთ: ამ დაავადების რაიმე სიმპტომის გამოვლენისას მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელს შეუწყობს ნებისმიერი გართულების თავიდან აცილებას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account