
ონკოლოგიის განმარტება გვეუბნება, რომ ეს არის მიმდინარეობა მედიცინაში, რომელიც სიმსივნურ დაავადებებს უწევს დიაგნოსტიკასა და შემდეგ მკურნალობას. ის სამ ძირითად ქვედარგად იყოფა: კლინიკური ონკოლოგია (მოიცავს ქიმიოთერაპიას, ჰორმონულ თერაპიასა და სხვა მედიკამენტების გამოყენებას სიმსივნის წინააღმდეგ), რადიაციული ონკოლოგია და ქირურგიული ონკოლოგია.
ამ სპეციალიზაციით მომუშავე პროფესიონალს ონკოლოგი ჰქვია. ეს ექიმები სპეციალიზებულნი არიან როგორც სიმსივნის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ისე ჩართულნი არიან კვლევებში. ეს შეიძლება მოიცავდეს თერაპიის, ეპიდემიოლოგიის, კლინიკური შედეგების კვლევასა და სამეცნიერო ლიტერატურად ქცევას, საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობას და ეთიკურ საბჭოებში მუშაობას.
ასევე, შესაძლებელია, ზოგიერთი ონკოლოგი სიმსივნის კონკრეტულ სახეობაში იყოს სპეციალიზებული. მაგალითად, შესაძლებელია ადამიანის სპეციალიზაცია კლინიკური ონკოლოგია იყოს - ამ შემთხვევაში პროფესიონალი პაციენტთან ერთად ქიმიოთერაპიის, ჰორმონული თერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის სხვადასხვა გზით მუშაობს. თუკი ონკოლოგი რადიაციული მიმართულებით სპეციალიზდება, ის რადიოთერაპიის საშუალებით ეხმარება პაციენტს დაავადებისგან განკურნებაში. ხოლო ქირურგი-ონკოლოგები ის ექიმები არიან, რომლებიც ოპერაციებს ატარებენ.
ხშირად ონკოლოგები მრავალდისციპლინარული გუნდის ნაწილი არიან და ასე ეხმარებიან პაციენტს - სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით.
როდის მივმართოთ ონკოლოგს?
პირველ რიგში, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ინტერნეტში არსებული მრავალი წყარო არ არის სანდო და იქ ამოკითხული სიმპტომები აპრიორი სიმსივნის დიაგნოზს არ ნიშნავს. როგორც ხშირად ამბობენ, “სიმპტომები გუგლით არასდროს უნდა შეამოწმოთ”.
თუკი თქვენს მკურნალ ექიმს სხვადასხვა ჩვენების გამო ეჭვი აქვს ონკოლოგიურ დაავადებებზე, ის მოგცემთ კიდეც მიმართვას, რომ გაესაუბროთ სპეციალისტს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად სიმსივნე აღმოგაჩნდებათ - შესაძლებელია, რომ სიმპტომები სხვა დაავადების იყოს, ან სულაც არ გქონდეთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. თუმცა, ექიმი ვალდებულია, გამორიცხოს სიმსივნის ალბათობაც.
იმისათვის, რომ დანამდვილებით დადგინდეს სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა, საჭიროა ბიოფსიის პროცედურის ჩატარება - ეს არის პათოლოგისტის მიერ ჩატარებული კვლევების ერთობლიობა, რითაც მოწმდება უჯრედების ბუნება და დგინდება მათი ხასიათი.
მას შემდეგ, რაც დანამდვილებით იქნება შესაძლებელი სიმსივნის დიაგნოზის დასმა, უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რა ზომისაა ეს წარმონაქმნი, კონკრეტულ სადაა ორგანიზმში და რამდენად არის გავრცელებული. ნებისმიერი პაციენტისთვის ონკოლოგების ჯგუფი ინდივიდუალურ სამკურნალო კურსს შეიმუშავებს.
რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ - თუკი ექიმთა ერთი ჯგუფის მიერ დასმული დიაგნოზი ეჭვებს ბადებს, არ ენდობით მათ მიერ გამოტანილ დასკვნებს, სრული უფლება გაქვთ, გადაამოწმოთ სხვა სპეციალისტებთანაც.
კლივლენდის კლინიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ვეცადოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ონკოლოგთან ვიზიტამდე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმსივნის დიაგნოზი დაგისვეს, არ შეუშინდეთ ახალ ამბავს. ცხადია, ეს იწვევს დაბნეულობას, ბევრ კითხვას, მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზეც - ამ დროს პაციენტებს აქვთ კითხვები, რომლებსაც მარტივად ვერცერთი ექიმი ვერ პასუხობს. თუმცა, უნდა იცოდეთ - ეს ემოციები ონკოლოგებს შესანიშნავად ესმით და იციან, რა გზას გადიხართ მათთან ერთად. მათთან ყოველი ვიზიტი გამოიყენეთ შეკითხვების დასასმელად, ისაუბრეთ თქვენს წუხილზე და ემოციებზე. ექიმი სწორედ იმიტომაა თქვენს გვერდით, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ.
როგორია მკურნალობის ეტაპი?
დიაგნოზის დასმის შემდეგ მნიშვნელოვანია სწორი სამკურნალო გზის არჩევა და თერაპიის განმავლობაშიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. როგორი ტიპის მკურნალობა დასჭირდება პაციენტს, მრავალ საკითხზეა დამოკიდებული - როგორი ტიპისაა სიმსივნე, სად მდებარეობს ის, რამდენად დიდი არეალი აქვს მოცული და როგორია მისი გავრცელების ტემპი, აქვს თუ არა პაციენტს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები და ა.შ.
იმის მიხედვით, თუ რა ტიპის არის სიმსივნე და როგორ მკურნალობას ექვემდებარება, შესაძლოა, პროცესში ჩართოთ ონკოლოგიური წამლები და მთელი თერაპია კლინიკური, მედიკამენტური მკურნალობა იყოს.
იმის შესახებ, თუ სად შეიძლება შეიძინოთ ონკოლოგიურ თერაპიაში გამოსაყენებელი მედიკამენტები, აუცილებლად დაგელაპარაკებათ მკურნალი ექიმიც. როგორც წესი, მსგავსი მოქმედების მედიკამენტები სპეციალურ აფთიაქებში (ე.წ. ონკოლოგიურ აფთიაქებში) არის ხელმისაწვდომი. დიდ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლოა ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის საკუთარი სააფთიაქო განყოფილებაც ჰქონდეთ და პაციენტებს სწორედ ისინი მოემსახურონ.
როგორ მუშაობს ქიმიოთერაპია?
მკურნალობის ერთ-ერთი გზაა ქიმიოთერაპიაც. ამ დროს მედიკამენტი გამოიყენება იმისათვის, რომ სიმსივნური წარმოშობის უჯრედები განადგურდეს და მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი ახლიდან არ წარმოიქმნებიან.
ქიმიოთერაპია სიმსივნის მრავალი სახეობის წინააღმდეგ გამოიყენება. ხშირად ეს ერთადერთი გამოსავალიც კია პაციენტებისთვის. თუმცა, როგორც წესი, თერაპიის ეს მეთოდი სხვა მედიკამენტებთან ან მეთოდებთან ერთად გამოიყენება დაავადების წინაარმდეგ.
ქიმიოთერაპიას შეუძლია, მნიშვნელოვნად შეამციროს მეტასტაზების გავრცელება ოპერაციამდე, ან სხივურ თერაპიამდე; შეუძლია, ებრძოლოს და გაანადგუროს ორგანიზმში არსებული სიმსივნური უჯრედები იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი სრული ამოკვეთა ოპერაციით ვერ მოხერხდა. ქიმიოთერაპია აძლიერებს მკურნალობის სხვა მეთოდების ეფექტსაც და ანადგურებს იმ უჯრედებს, რომლებიც მკურნალობის სრული კურსის შემდეგ კიდევ შეიძლება გაჩნდნენ.
ჰორმონული თერაპია გამოიყენება ისეთი სიმსივნის სამკურნალოდ, რომლის უჯრედებიც ჰორმონების დახმარებით იზრდებიან. მკურნალობის ამ მეთოდს იყენებენ ორი ძირითადი მიზეზით. პირველ რიგში, მსგავსი ჩარევა ხელს უშლის ახალი უჯრედების წარმოქმნას და ამცირებს შანსს, რომ სიმსივნე ახლიდან გაჩნდება და მეორე - ამსუბუქებს სიმპტომებს. ის საუკეთესო გამოსავალი შეიძლება იყოს ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, პროსტატის სიმსივნე - როცა პრაქტიკულად შეუძლებელია ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია.
მკურნალობის კიდევ ერთი გზაა იმუნოთერაპია - ეს არის მეთოდი, როცა სამედიცინო ჩარევით ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერდება, რათა თავად ებრძოლოს სიმსივნურ წარმონაქმნებს ორგანიზმში.
როგორ მუშაობს იმუნოთერაპია?
ჩვენი იმუნური სისტემა აღმოაჩენს და ანადგურებს ანომალიურ უჯრედებს. შესაბამისად, ხელს უშლის სიმსივნის ზრდასაც. ხშირად იმუნური უჯრედები სიმსივნის გარშემოც გვხვდება - ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი რეაგირებს დაავადებაზე. ადამიანები, რომელთა ორგანიზმიც სიმსივნის გარშემო ავითარებს მსგავს უჯრედებს, უკეთ შეიძლება ებრძოდნენ დაავადებას.
რაც შეეხება რადიოთერაპიას - ეს არის მეთოდი, რომელიც იყენებს რადიაციის მაღალ დოზას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად და დაავადების სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცია ერთი შეხედვით საშიშად ჟღერს ხოლმე, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალი დოზებით რადიაცია უკვე წლებია, მედიცინაში გამოიყენება რენტგენის სხივებში. ამიტომაც, სამედიცინო თვალსაზრისით მისი გამოყენება უკვე აპრობირებული მეთოდია.
რადიაციის შესაბამისი დოზის დასხივებით სიმსივნური უჯრედები კვდებიან. ეს დასხივებისთანავე არ ხდება. რადიაცია აზიანებს უჯრედების დნმ-ს, გენეტიკური მასალის გარეშე კი უჯრედები გამრავლებას წყვეტენ, ხოლო ორგანიზმი მკვდარ უჯრედებს იშორებს.
და ბოლოს, მკურნალობის კიდევ ერთი გზაა ქირურგიული ჩარევა. ეს არის პროცედურა, როცა ონკოქირურგები სიმსივნეს ამოკვეთს ორგანიზმიდან.
ქირურგიული ჩარევა ყველანაირ სიმსივნურ დაავადებას ვერ უშველის - საქმე იმაშია, რომ სიმსივნე შეიძლება ისე იყოს განლაგებული, მისი ამოკვეთა და ქირურგიული ჩარევა არც შეიძლებოდეს. გარდა ამისა, ქირურგიული ჩარევის შემდეგაც შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობის სხვა მეთოდების ჩართვა.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები, ასე თუ ისე, ყველაზე გავრცელებული გზებია სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, თანამედროვე მედიცინა წინ და წინ მიიწევს, რაც პაციენტებსა და მკურნალ ექიმებს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვანი და ახალ-ახალი მეთოდები გამოიყენონ თერაპიაში.
რა არის სიმსივნე?
თავის მხრივ, რა არის სიმსივნე? ეს არის ჩვენს ორგანიზმში ანომალიური უჯრედების გამრავლებით მიღებული წარმონაქმნი. ჩვენს სხეულში უჯრედების წარმოქმნა მუდმივად მიმდინარეობს. სიმსივნური უჯრედები კი მაშინ ჩნდება, როცა ზოგიერთი მათგანი არსებულ წესებს არ ემორჩილება და იწყება ანომალიური უჯრედების გამრავლება.
დღესდღეობით პლანეტაზე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, ვინც ებრძვის ან დაამარცხა სიმსივნე. სამედიცინო სიახლეების პლატფორმის მონაცემებით, აშშ-ში კაცების ნახევარ და ქალების — მესამედი ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც გამოცდის სიმსივნური ტიპის დაავადებას.
სიმსივნე საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, როგორც უჯრედების ანომალიური ქცევა და შემდეგ წარმონაქმნების გაჩენა. ყველაზე ძველი ცნობები სიმსივნური წარმონაქმნების შესახებ ძველ ეგვიპტეშია ნაპოვნი. აქ სარკოფაგებსა და სამარხებში აღმოჩენილია ძვლები, რომლებსაც სიმსივნური უჯრედების არსებობდა უდასტურდებათ. სხვადასხვა ცნობებით, ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ ძვლის სიმსივნის, ოსტეოსარკომის, არსებობის შესახებ.
გარდა ამისა, აღმოჩენილია უძველესი მანუსკრიპტები, რომლებიც სხვადასხვა ცნობას შეიცავს ძველ ეგვიპტეში ამ მიმართულებით ქირურგიის შესახებაც. ერთ-ერთი ასეთი პაპირუსი, რომელიც ძვ.წ. 3000წლით თარიღდება, ედვინ სმიტს ეკუთვნის და მასში აღწერილია სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისა და წყლულების 8 შემთხვევა. ამ დაავადებებს მაშინ ბურღის საშუალებით ებრძოდნენ. ძველ ეგვიპტეში ამ დაავადებებს უკურნებელ სენად მოიხსენიებდნენ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account