
კოჟრი, ე.წ. “მაზოლი”, არის კანის გასქელებული და გარქოვანებული უბანი, რომელიც ჩნდება ხანგრძლივი, განმეორებითი ხახუნის ან მუდმივი ზეწოლის საპასუხოდ. კოჟრები ხშირად ჩნდება ფეხებსა და ხელებზე.
დერმატოლოგიაში ორი ტიპის კოჟრი არსებობს: მშრალი და სველი.
მშრალი კოჟრი არის კანის სქელი, გარქოვანებული უბანი, რომელიც ყალიბდება ეპითელური შრის უჯრედების კვდომის და მათ ადგილზე შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო.
სველი კოჟრი კი ლიმფით სავსე ბუშტუკია. კანის დაზიანებული შრის ქვეშ გროვდება ლიმფა, წარმოქმნის ბუშტუკს, რომელიც ბალიშივით იცავს კანის ქვედა შრეებს შემდგომი დაზიანებისა და ტრავმისგან.
კოჟრები ყველაზე ხშირად ვითარდება ფეხის ტერფებზე ვიწრო ფეხსაცმლის ტარების გამო. გარდა ამისა, კოჟრები გვხვდება ხელის მტევნებზეც გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების ან ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის გამო.
ფეხის კოჟრები
ფეხის კოჟრები (მაზოლები) ძირითადად ტერფებზე გადამეტებული ხახუნისა და ზეწოლის შედეგად ჩნდება. ფეხის კოჟრები ყველაზე ხშირად გვხვდება ქუსლთან, თითებს შორის ან ტერფის ბალიშებთან, შესაბამისად, მოძრაობის დროს ისინი დისკომფორტს ქმნიან და მტკივნეულია.
ფეხის კოჟრების გაჩენის მთავარი მიზეზი არასწორად შერჩეული და ვიწრო ფეხსაცმლია. მისი გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს:
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებამ;
- ვიწრო ფეხსაცმლის ტარებამ;
- წინდის გარეშე ფეხსაცმლის ტარებამ;
- ხანგრძლივმა სიარულმა;
- არასწორმა დგომამ;
- სახსრების დეფორმაციამ;
- ზედმეტმა წნევამ ტერფის ძვლოვან ადგილებზე;
- სიმსუქნემ;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევებმა;
- კანის გამოშრობამ და ა.შ.
ხელის კოჟრები
ხელის მტევნებზე, თითების ბალიშებთან შესაძლოა განვითარდეს ხელის კოჟრები (მაზოლები). როგორც წესი, ხელის კოჟრები გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების ან ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის გამო ვითარდება.
ხელებზე კოჟრების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით სასურველია გარკვეული ტიპის სამუშაოს შესრულებისას სათანადო ზომის ხელთათმანების გამოყენება, ასევე, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენის დაცვა.
კოჟრების ნიშნები და სიმპტომები
კოჟრები ხასიათდება გარკვეული ნიშნებითა და სიმპტომებით, რაც მოიცავს შემდეგს:
- კანის გასქელებულ, უხეშ არეებს;
- კანის გამაგრებულ, ამობურცულ არეებს;
- სიწითლეს ან ანთებას კანის დაზიანებულ მიდამოებში;
- გამომშრალ და აქერცლილ კანს;
- მგრძნობელობას ან ტკივილს კანქვეშ.
როგორ ხდება კოჟრის დიაგნოსტირება ან პრევენცია?
კოჟრების დიაგნოსტირება შეუძლია დერმატოლოგს, კანის დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის არ არის აუცილებელი ანალიზების გაკეთება, კანის მარტივი ვიზუალური დათვალიერებაც საკმარისია მისი იდენტიფიცირებისთვის.
კოჟრების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
- ატარეთ კომფორტული და კარგად მორგებული ფეხსაცმელი;
- ატარეთ წინდები ფეხსაცმლის ქვეშ;
- ფეხსაცმელში გამოიყენეთ რბილი ზედაპირები;
- ატარეთ ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს და უზრუნველყოფს, რომ არ გაგიოფლიანდეთ ფეხი;
- ატარეთ ხელთათმანები, როდესაც მუშაობთ მძიმე ან უხეშ მასალებთან ან იყენებთ ხელსაწყოებს;
- დაიცავით ხელისა და ფეხის ჰიგიენა.
სველი კოჟრის გაჩენის პრევენციისთვის კი აპრობირებულია ჰიდროკოლოიდური პლასტერის გამოყენება.
როგორ მკურნალობენ კოჟრებს?
კანზე კოჟრების გაჩენისთანავე მნიშვნელოვანია მიმართოთ კვალიფიციურ ექიმს. თვითნებური მკურნალობა და მჟავის შემცველი მაზოლის პლასტირების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ადგილობრივად ამან შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი პროცესი.
კოჟრების მკურნალობისთვის აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. თერაპია შესაძლებელია პოდოლოგიური დამუშავებით და საჭიროების შემთხვევაში, კრიოდესტრუქციის მეთოდით, მოყინვით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account