რა არის იმპეტიგო — რა უნდა ვიცოდეთ კანის ინფექციური დაავადების შესახებ

იმპეტიგო პიოდერმიის, კანის ინფექციური დაავადების ერთ-ერთი ფორმაა. მას ოქროსფერი სტაფილოკოკისა (Staphylococcus aureus) და პიოგენური სტრეპტოკოკის (Streptococcus pyogenes) ბაქტერიები იწვევს. იმპეტიგო გადამდებია და კანზე სითხით სავსე გამონაყარის სახით ვლინდება.

იმპეტიგო ბავშვებში 

ყველაზე ხშირად იმპეტიგო ბავშვებში გვხვდება. ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ კი ახალშობილები და მცირე ასაკის ბავშვები არიან. თუმცა ინფექცია შეიძლება უფროსებშიც გავრცელდეს.

ახალშობილებში იმპეტიგო შესაძლოა გამოიწვიოს საფენების გამოყენებამ, რაც ხშირად მის გარშემო გამონაყარით ვლინდება. ბავშვებში კი ინფექცია ძირითადად ბაღებიდან და სკოლებიდან ვრცელდება, სადაც ინფიცირებულთან ან მის ნივთებთან შეხების ალბათობა მაღალია.

როგორია იმპეტიგოს სიმპტომები  

როგორც აღვნიშნეთ, იმპეტიგოს მთავარი სიმპტომი კანზე გამონაყარია, რომელიც ჩირქოვანი სითხით სავსე ბუშტუკებისა და წითელი წყლულების სახით ჩნდება. ამასთან ერთად, შესაძლოა ინფექციამ ლიმფური კვანძების გადიდებაც გამოიწვიოს.

იმპეტიგოთი გამოწვეული გამონაყარი ხშირად ჩნდება სახეზე, ცხვირისა და პირის გარშემო, მაგრამ შეიძლება მსგავსი წარმონაქმნები სხეულის სხვა ნაწილებშიც გაჩნდეს.

დაავადებას ქავილი და დისკომფორტის შეგრძნება ახასიათებს, პაციენტების ნაწილი სუსტი ინტენსივობის ტკივილსაც უჩივის.

რა შეიძლება იყოს დაავადების რისკფაქტორები? 

დაავადების ხელშემწყობი რისკფაქტორები, ასაკის გარდა, შეიძლება იყოს კანის გაღიზიანება და ბარიერული ფუნქციის დარღვევა. იმპეტიგოს ხელი შეიძლება შეუწყოს ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ, ასევე მომატებულმა ოფლიანობამ.

ინფექციის რისკი იზრდება ცუდი ჰიგიენურ-სანიტარული პირობებისას, არასაკმარისი კვებისა და ხალხმრავლობის დროს, ამასთან, სუსტი იმუნური სისტემის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, იმპეტიგოს რისკფაქტორებს შორის არის დერმატიტი (კანის ანთება, ალერგიული რეაქციები და ქავილი). საყურადღებოა, რომ მცირე ტრავმით ან სხვა დაავადებით დაზიანებული კანი ამ ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. კიდევ ერთი რისკფაქტორი კი დიაბეტია.

რაც შეეხება გადაცემას, იმპეტიგო ადვილად გადამდები ბაქტერიული ინფექციაა და ინფიცირებულის კანთან კონტაქტის ან მის ნივთებთან (მაგალითად, პირსახოცი, სათამაშო, ტანსაცმელი) შეხების შედეგად გადადის. ამასთან ერთად, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს მწერის ან ცხოველის ნაკბენით.

იმპეტიგოს რა ფორმები არსებობს? 

იმპეტიგოს ორი კლინიკური ფორმა აქვს: არა ბულოზური და ბულოზური. ცნობისთვის, ბულები 0.5 სანტიმეტრზე დიდი ზომის სითხით შევსებული წარმონაქმნებია.

ზემოთ ნახსენები ფორმებიდან უფრო გავრცელებულია არა ბულოზური იმპეტიგო და მასზე ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 70% მოდის. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ამ შემთხვევაში დაავადებისას ბულები არ ჩნდება, თუმცა ადრეულ სტადიაზე შეიძლება წარმოიქმნას 0.5 სანტიმეტრზე მცირე ზომის სითხით სავსე კერები, ვეზიკულები. ეს ვეზიკულები შედარებით სწრაფად იშლება.

ბულოზური იმპეტიგო ოქროსფერი სტაფილოკოკის კანის ინფექციით არის გამოწვეული. დაავადების დროს კერები ინტაქტურ (დაუზიანებელი) კანზე ჩნდება.

არა ბულოზური იმპეტიგო კი გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, პიოგენური სტრეპტოკოკით ან ამ ორი ბაქტერიის კომბინაციით. დაზიანების კერებს ამ შემთხვევაში ტრავმის ადგილები წარმოადგენს. 

როგორ მკურნალობენ კანის ინფექციას? 

იმპეტიგო განკურნებადი დაავადებაა, მკურნალობა კი, მისი სიმძიმიდან და ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა 2-3 კვირას გაგრძელდეს.

იმპეტიგოს დიაგნოზი, როგორც წესი, კლინიკური ნიშნების საფუძველზე და ანამნეზით (ექიმის მიერ ავადმყოფისა და მისი ახლობლების გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ცნობები) დგინდება. დაავადების გამოსავლენად იყენებენ კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეთოდსაც და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ანალიზებსაც ატარებენ. ამის შემდეგ სპეციალისტი განსაზღვრას, დაავადების რომელ ტიპთან გვაქვს საქმე, არის ეს სტაფილოკოკური იმპეტიგო თუ სტრეპტოკოკული იმპეტიგო.

რაც შეეხება იმპეტიგოს მკურნალობას, დაავადების დროს წარმოქმნილი ბუშტუკები და წყლულები შეიძლება სპონტანურად ალაგდეს. ეს ძირითადად მოსალოდნელია, თუ დაავადება საწყის ეტაპზეა. ამ დროს გამონაყარის გასაქრობად შესაძლოა მხოლოდ ჰიგიენის ნორმების დაცვაც იყოს საკმარისი.

სხვა შემთხვევაში იმპეტიგოს დაავადების მქონდე პაციენტის მკურნალობისას ხშირად მიმართავენ ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკის შემცველ პრეპარატებს. ის უფრო ეფექტიანია, თუმცა, შეიძლება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა წარმოშვას.

თუ ინფექცია არ ემორჩილება ადგილობრივ მკურნალობას, თუ არსებობს გართულებების საფრთხე, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენება.

PSP-ის აფთიაქებში იმპეტიგოს სამკურნალოდ უზბეკური წარმოების, ადგილობრივი გამოყენების გიოქსიზონის მალამოა (10გ) ხელმისაწვდომი, რომელიც 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის არის რეკომენდებული.