რა არის და როგორ ვმართოთ ნეიროდერმიტი?

ნეიროდერმიტი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ქავილი, გამოკვეთილი ფერის გამუქებული კანი და დაავადებული უბნების შესქელება. ის ეგზემის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და მოსახლეობის დაახლოებით 12%-შია გავრცელებული.

ნეიროდერმიტი მრავალი სხვა სახელით შეიძლება შეგხვდეს, ძირითადად, სამეცნიერო ლიტერატურაში — ნეიროდერმატიტი, lichen simplex,  lichen simplex chronicus ან neurodermatitis circumscripta. ყველა მათგანი ერთსა და იმავე დაავადებას გულისხმობს.

ატოპიური დერმატიტისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ფართოდ იყოს გავრცელებული, ნეიროდერმიტი ჩვეულებრივ შემოიფარგლება კანის ერთი ან ორი ლაქით. ის იშვიათად ქრება მკურნალობის გარეშე და განგრძობითმა ქავილმა შეიძლება გააღიზიანოს კანის ნერვული დაბოლოებები, გააძლიეროს როგორც ნერვული ქავილი, ასევე უსიამოვნო შეგრძნებები კანზე.

ნეიროდერმიტი ლოკალიზების მიხედვით შეიძლება იყოს: შეზღუდული, დიფუზური, ხაზოვანი, ფოლიკულური, ჰიპერტროფული და ფსორიაზული. თუმცა, სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს მხოლოდ ორი - ლოკალური და დიფუზური ნეიროდერმიტი.

როგორ ჩნდება ნეიროდერმიტი? 

დაავადების ზუსტი წარმოშობა მეცნიერებისთვის უცნობია. თუმცა, მთელი რიგი სამედიცინო ჩვენებები მეტად ზრდის შანსს, რომ ადამიანს ნეიროდერმიტი განუვითარდეს.

მაგალითად, ნეიროდერმიტის წარმოშობის რისკს ზრდის ფსორიაზი და შფოთვითი აშლილობები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კონკრეტული მახასიათებლების მქონე ადამიანები შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ დაავადების განვითარებისკენ. ასეთები, შეიძლება იყვნენ ე.წ. people pleaser-ადამიანები, ვინც მუდმივად სხვების განწყობაზე ფიქრობენ და ცდილობენ, ყველასთან დადებითი ინტერაქცია ჰქონდეთ. ასევე, დაავადებისკენ მეტად მიდრეკილნი არიან ადამიანები, ვინც ემოციების გამოხატვისგან იკავებს თავს და ა.შ.

ნეიროდერმიტის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს ძალიან მჭიდროდ მომდგარი სამოსი (განსაკუთრებით მატყლისა და სინთეტიკური მასალის), მწერების ნაკბენები, ნერვული დაზიანებები და კანის ზოგადი სიმშრალე.

ნეიროდერმიტი ყველაზე გავრცელებულია ზრდასრულებში 30-დან 50 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ნებისმიერი რასის, სქესის წარმომადგენელს შეიძლება დაუდგინდეს - უფრო ხშირად გავრცელებულია ქალებში და იმ პირებში, ვისაც დერმატიტის ან ატოპიურ დერმატიტის მქონე პაციენტებთან აქვს შეხება. ძალიან იშვიათად, თუმცა, ვლინდება ბავშვებშიც. ასევე, ნეიროდერმიტი შეიძლება განვითარდეს ატოპიური დერმატიტიდანაც.

რა არის დაავადების სიმპტომები? 

ნეიროდერმიტი კანის სერიოზული დაავადებაა, რომლის სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა ეჩვენოთ ექიმს და ისწავლოთ მისი მართვა. 

ნეიროდერმიტი შეიძლება განვითარდეს სხეულზე ყველგან. მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ტერფებზე, კოჭებზე, ხელებზე, მაჯებზე, იდაყვებზე, მხრებზე, კისერსა და სკალპზე. ასევე შეიძლება დაზიანდეს ქუთუთოები, ისევე როგორც სასქესო ორგანოები და ანალური უბნები.

პირველი სიმპტომი, რაც შემაწუხებლად ჩნდება და მოსვენებას აკარგვინებს პაციენტებს, არის ქავილი. ის შეიძლება პერიოდულობით ხასიათდებოდეს, ან მუდმივიც იყოს. შემდგომში კი ეს იწვევს ძილის დარღვევას, სტრესს, შფოთვასა და მოუსვენრობას. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა შეიძლება სექსუალური ფუნქციის დარღვევამდეც მიგიყვანოთ.

როგორ უკვე ითქვა, ნეიროდერმიტს ახასიათებს სქელი, გამუქებული უბნები - მასზე შეიძლება განვითარდეს ხაზები, კანმა დაიწყოს აქერცვლა და ფერის შეცვლა - უმეტესწილად, წითელი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ხდება. 

იმ ადგილას, სადაც ხშირად იქავებთ, შეიძლება განვითარდეს ჭრილობების მსგავსი მდგომარეობა, რაც იწვევს სისხლდენას, ინფექციასა და ნაწიბურებს. თუკი ნეიროდერმიტი სკალპზე ვითარდება, შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენაც კი.

როგორ მკურნალობენ ნეიროდერმიტს 

საბედნიეროდ, ნეიროდერმიტი მკურნალობას ექვემდებარება. მთავარია მისი დროზე გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და მდგომარეობის მართვა. მკურნალობის დაწყებამდე ნებისმიერ პაციენტს ექიმმა უნდა აუხსნას, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ წამლების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ნეიროდერმიტის წარმოშობასა და გამწვავებაში ნერვული სისტემა დიდ როლს თამაშობს, მკურნალობა შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს:

  • ქავილი-ნაკაწრის ციკლის დარღვევა
  • ცნობიერების ამაღლება დაავადების შესახებ
  • ქცევის ცვლილება
  • ფარმაკოთერაპია
  • სხვადასხვა დამატებითი პროცედურა

პირველ რიგში, საჭიროა კანზე უსიამოვნო შეგრძნების მართვა. ქავილის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც შეიძლება დერმატოლოგმაც დაგინიშნოთ, დეკლოსიდის მალამოა. მას ხშირად ნეიროდერმიტის მალამოსაც უწოდებენ, თუმცა, პრეპარატი ბევრი სხვა დერმატოლოგიური პრობლემის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ცხადია, მის მოხმარებამდე უნდა გაესაუბროთ სპეციალისტს. 

ზოგადად კი ნეიროდერმიტის მკურნალობის მიზანი, პირველ რიგში, დაზიანებული კანის აღდგენა და ქავილის, შემდეგ წარმოქმნილი ნაკაწრებისა და გაუარესებული ქავილის ციკლის დასრულებაა. ამ ეტაპზე ნეიროდერმიტის სამკურნალოდ მალამოს გამოყენება აუცილებლად ექიმის მითითებით უნდა მოხდეს. 

ყველაზე ხშირად დერმატოლოგები მკურნალობაში იყენებენ კორტიკოსტეროიდებს - მათ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. ესენი ძლიერი მოქმედების სტეროიდებია, რომლებიც ექიმმა კანში პაჩის საშუალებითაც შეიყვანოს.

არსებობს სამკურნალო არასტეროიდული საშუალებებიც, როგორიცაა კალცინეურინის ინჰიბიტორები და სალიცილის მჟავით დამზადებული მალამოები. ნეიროდერმიტისას მალამოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ქავილის შესამცირებლადაც.

კიდევ ერთი გზა დაზიანებული ადგილების დასაფარად და ქავილის გასაკონტროლებლად არის ოკლუზიური საშუალებები. მაგალითად, ექიმმა შეიძლება შეგირჩიოთ სამედიცინო ვაზელინი, სქელი კრემები და მალამოები, თუთიის ოქსიდის კრემები, ქოქოსის ზეთი/კარაქი, ფუტკრის ცვილზე დამზადებული პროდუქტები და სხვ. თუმცა, ეს საშუალებებიც თქვენთვის ინდივიდუალურად, სამედიცინო ჩვენების საფუძველს უნდა შეირჩეს - ამიტომაც, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითნებურად მკურნალობას.

ასევე, შეიძლება დაგენიშნოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ლიდოკაინს ან რაიმე სხვა დამამშვიდებელ აგენტს კაპსაიცინთან ერთად. ეს უკანასკნელი ჩილის წიწაკის შემადგენელია და ხელს უწყობს ნერვულ დაბოლოებებში აღქმის შემცირებას - შესაბამისად, ამცირებს ქავილსაც.

მკურნალობა შეიძლება წარიმართოს პერორალური მედიკამენტების მიღებითაც. ამ დროს უმეტესწილად გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც პაციენტს ჰგვრის ძილს, ამცირებს შფოთს და ქავილიც იკლებს.

როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ქცევის ცვლილებაც - სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა შესაბამისი კონსულტაციის გავლა და შემეცნებითი ქცევითი თერაპიით დაკავება გთხოვოთ. ეს დაგეხმარებათ, მარტივად მართოთ შფოთვა, ემოციური ფონი და ხელი შეუწყოთ ქავილი-ნაკაწრის ციკლის დასრულებას.

მეცნიერება ამბობენ, რომ ამ დაავადების დასამარცხებლად რელაქსაცია, ემოციური ფონის კონტროლი და ისეთი აქტივობები, როგორიცაა მაგალითად იოგა, ძალიან დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომელსაც თქვენი მდგომარეობის შესაბამისად ექიმიც მოგცემთ. ეს შეიძლება იყოს გრილი კომპრესები, აბაზანები, თავისუფალი ტანსაცმლის ტარება და მკურნალობის პერიოდში მოკლე ფრჩხილების ტარება, რათა შემცირდეს ქავილით მიყენებული ზიანი კანზე.