ბრეტარისი

ბრეტარისი

ბრეტარის ჯენუეირი მშრალი ფხვნილის ინჰალატორია, რომლის შესუნთქვის მეშვეობითაც სამკურნალო საშუალება პირდაპირ მიეწოდება ფილტვებს. ეს უადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე პაციენტებს.

ბრეტარისი უზრუნველყოფს სასუნთქი გზების გათავისუფლებასა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას. 

ფქოდი მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტს სუნთქვა უძნელდება. პრეპარატ ბრეტარისის რეგულარულად გამოყენებას შეუძლია, დაგეხმაროთ დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებიასთან გამკლავებაში, ხელი შეუწყოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე შემცირებასა და აღკვეთოს ფქოდ-ის სიმპტომების დამძიმება რამდენიმე დღის განმავლობაში. 

ბრეტარისის მოქმედი ნივთიერება აკლიდინიუმის ბრომიდია, რომელიც ბრონქოდილატატორების სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფს მიეკუთვნება.  ბრონქოდილატატორები ადუნებენ სასუნთქ გზებს და უზრუნველყოფენ ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. 

პრეპარატის ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს შეესაბამება. ბრეტარისი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატსაც. 

რა უნდა გავითვალისწინოთ ბრეტარისის გამოყენებამდე 

რა თქმა უნდა, ბრეტარისი ჯენუეირის გამოყენება არ შეიძლება, თუ გაქვთ ალერგია აკლიდინიუმის ბრომიდის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მის გამოყენებამდე, კონსულტაცია უნდა გაიაროთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ასევე, არ შეიძლება მოცემული საშუალების გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 

ასევე, ბრეტარისის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ ახლო წარსულში გულის პრობლემები გაწუხებდათ, გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, შარდის გამოყოფის დარღვევა ან შარდის შეკავება. 

გასათვალისწინებელია გარემოებაც, როცა სინათლის წყაროს, ფერადი გამოსახულებების გარშემო ჰალოს ხედავთ, რაც გლაუკომის ნიშანი შეიძლება იყოს — ბრეტარისის მიღებისგან თავი ამ შემთხვევაშიც უნდა შეიკავოთ. 

აუცილებელია, ბრეტარისი ჯენუეირი მიზნობრივად მიიღოთ — ის შემანარჩუნებელი თერაპიისთვისაა განკუთვნილი და არ შეიძლება, გამოიყენოთ ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევების სამკურნალოდ.  დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატის მიღების მიუხედავად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომები გაგიღრმავდებათ. 

ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ბრეტარისი პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს — ამან, პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კარიესი გამოიწვიოს. ამიტომ, ბრეტარისის მოხმარების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პირის ღრუს ჰიგიენასაც.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, ბრეტარის ჯენუეირის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

პრეპარატი შეიცავს  ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, ბრეტარისის მიღებამდე, ამის შესახებ ექიმს უნდა აცნობოთ.

თუ ბრეტარისის გამოყენების შემდეგ იგრძნობთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, ან დაგეწყებათ ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი პრეპარატის მიღებისთანავე, აუცილებლად უნდა მოიძიოთ სამედიცინო დახმარება, რადგან, შესაძლოა, ბრონქოსპაზმი ვითარდებოდეს. 

ბრეტარისის გამოყენება — წესები 

ბრეტარისი მხოლოდ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების მკაცრად დაცვით გამოიყენება. კონკრეტულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სწორედ მათ უნდა მიმართოთ. 

ვინაიდან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა, ბრეტარის ჯენუეირის მიღება ყოველდღიურადაა უმჯობესი და არა მხოლოდ სუნთქვის დარღვევის ეპიზოდებში. 

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში – დილით და საღამოს. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ მაქსიმალური ეფექტიანობისათვის სასურველია, გამოიყენოთ ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს ყოველ დილასა და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. 

პრეპარატის რეკომენდებული დოზის მიღება შესაძლებელია ხანდაზმულ და თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებშიც. ასევე, ბრეტარისის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს — ჭამის წინ ან შემდეგ.

თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატ ბრეტარისის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პრეპარატის მიღება დაგავიწყდებათ, გახსენებისთანავე გაიკეთეთ ინჰალაცია — იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გვიან გაგახსენდათ და უკვე მომდევნო დოზის დროა მოსული, ნუ ეცდებით გამოტოვებული დოზის ანაზღაურებას. არ მიიღოთ ორმაგი დოზა კომპენსაციისთვის!

როგორც აღინიშნა, ბრეტარისი ხანგრძლივი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართეთ, რადგან უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში, სიმპტომების გაღრმავების საფრთხე არსებობს.

ბრეტარისის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად 

 

ბრეტარისით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ, მაგალითად, თიოტროპიუმის და იპრატროპიუმის შემცველ პრეპარატებს. 

ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ბრეტარისის გამოყენება ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

ბრეტარისის შესაძლო გვერდითი მოვლენები 

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ალერგიული რეაქციები ვლინდება იშვიათად, საშუალოდ, ყოველი 1000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში. სახის, ხახის, ტუჩების ან ენის შეშუპების, თავბრუსხვევის, გონების დაკარგვის, გულისცემის აჩქარების ან კანზე ქავილით გამოხატული ბუშტუკების (ჭინჭრის ციება) განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს.

შედარებით ხშირია ნაკლებად მწვავე ეფექტები, როგორებიცაა თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირის წიაღების ანთება), ნაზოფარინგიტი (ზოგადი გაციება), ხველა, ფაღარათი და გულისრევა. 

ასევე, შესაძლოა გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს პირის სიმშრალის, სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ხმის ჩახლეჩვის, შარდის შეკავების, არამკვეთრი მხედველობისა და კანის ქავილის სახით. 

ბრეტარისს შეუძლია, მოახდინოს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. როგორც აღინიშნა, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან არამკვეთრი მხედველობა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა. 

ბრეტარისი — შენახვის წესი და სხვა მონაცემები 

მოცემული სამკურნალო საშუალება აუცილებლად შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ასევე, ბრეტარისი არ გამოიყენება მოხმარების ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის მარკირებაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ — პრეპარატი ვარგისია 3 წლის განმავლობაში.

მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი შეინახეთ დახურულ შეფუთვაში. შენახვის სხვა განსაკუთრებულ პირობებს ბრეტარისი არ საჭიროებს — ის გამოყენებული უნდა იქნას შეფუთვის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც - ნუ გადააგდებთ ბრეტარისს გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. 

Bretaris Genuair თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილია. ინჰალატორი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს ჩადგმული დოზების ინდიკატორით და დოზირების მწვანე ღილაკით. 

შეგახსენებთ, რომ ბრეტარისი გაიცემა რეცეპტით, ექიმის დანიშნულებით და მისი შენახვის ვადა 3 წელს შეადგენს. ნუ გადასცემთ პრეპარატს სხვა პირებს, რადგან ეს, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები თქვენის იდენტურია.