ბლოკიუმ b12

ბლოკიუმი

 

ადამიანებში, რომლებსაც ერთხელ მაინც განუცდიათ ართრიტის გაუსაძლისი ტკივილი, ბლოკიუმ B12-ის შესახებ ბევრი მოსაზრება და შეკითხვა არსებობს. თუმცა მთავარი დასკვნა ისაა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო მედიკამენტია მწვავე ანთებითი ტკივილის გასანეიტრალებლად და განსაკურნებლად.

ანთებითი რევმატიზმის მწვავე კრიზისის დროს, ანუ თუ წელის მიდამოში ხანგრძლივი და გაუსაძლისი ტკივილი გაწუხებთ (სამედიცინო  დიაგნოზი — ლუმბოციატალგია) ბლოკიუმ B12 ინიშნება. ასევე,  კისრის ბრაქიალგიის ანუ შეტევითი, მუდმივი, ყრუ ან მწვავე ნევრალგიური მხრის სახსრის, მხრის სარტყელის ან მხრის არის ტკივილის დროსაც ნიშნავენ, ისევე როგორც პოლირადიკულონეიროპათიის - რამდენიმე სახსრის ერთდოული ანთება/ ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთების დროს. 

მაგრამ ბლოკიუმ B12-ის დანიშვნას თან უამრავი შეკითხვა მოჰყვება, როგორც ექიმის, ასევე პაციენტის მხრიდან. ხელმისაწვდომია როგორც ბლოკიუმი ტაბლეტი, ასევე ბლოკიუმი ნემსი (ბლოკიუმი ამპულა). ბლოგში ამ მედიკამენტის გარშემო ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ.

რისგან შედგება ბლოკიუმ B12 

არგენტინაში წარმოებული პრეპარატის კოლოფი 5 ამპულას შეიცავს, გაიცემა მხოლოდ რეცეპტით და მისი მოქმედი ნივთიერებაა - betamethasone+diclofenac+hydroxycobalam - პრეპარატის ძლიერმოქმედი თვისება სწორედ მის შემადგენლობაშია:  

თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს:

  • დიკლოფენაკ კალიუმს - 75.0 მგ;
  • ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი  - 2.63 მგ;
  • ბენზილის სპირტი - 0.06 გრ;
  • უწყლო დინატრიუმის ფოსფატი - 4.98 მგ;
  • ნატრიუმის ჰიდროქსიდი - q.s.p. pH 8.4;
  • მეთილპარაბენი - 2.4 მგ;
  • პროპილპარაბენი - 0.45 მგ;
  • პროპილენგლიკოლი  - 76 მგ;
  • საინექციო წყალი - q.s.p 3.0 მლ;

თითოეული ლიოფილიზატის ფლაკონი შეიცავს:

  • ჰიდროქსიკობალამინი – 10.00 მგ
  • დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი – 87.00 მგ

 

შესაძლოა ბლოკიუმის ანოტაციაში ჩამოთვლილი ნივთიერებები  სპეციფიკურ განათლებას საჭიროებს და ჩვეულებრივი პაციენტისთვის მისი წაკითხვა დამაბნეველია, სამაგიეროდ გამოყენებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ბლოკიუმ B12-ის, როგორც ამპულის, ასევე აბების გამოყენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან მას საკმაოდ მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები თუ უკუჩვენებები გააჩნია.

 

ბლოკიუმ B12 — რა უნდა ვიცოდეთ გამოყენებამდე 

 

Blokium B12-ის მიღებისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ალერგიული პაციენტები. ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თუ გაქვთ ალერგია მედიკამენტში შემავალი აქტიური ნივთიერებების ან  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ. 

ასევე თუ გაწუხებთ გასტროდუოდენალური წყლული, თირკმლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა , დეკომპენსი,  გულის უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, სისტემური მიკოზი, აქტიური ტუბერკულოზი, პოდაგრა, A , B და არა - A -   და სხვა ვირუსული ინფექციები.

ექიმმა უნდა იცოდეს ბლოკიუმის დანიშვნამდე თუ გაქვთ გავლილი ანტიკოაგულაციური მკურნალობა,  ან ხომ არ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

გახსოვდეთ, უკუჩვენება ვლინდება მცირეწლოვან ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

 

ბლოკიუმ B12-ის  ინიექციის გვერდითი მოვლენები 
 

ბლოკიუმ B12-მა ადამიანის სხვადასხვა ორგანოში შესაძლოა სხვადასხვა   რეაქციები გამოიწვიოს:

კუჭ-ნაწლავის სისტემაზე რეაქციამ შესაძლოა გამოწვიოს  ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის შებერვა, სისხლდენა კუჭ - ნაწლავიდან, კუჭის და თორმეტგოჯას წყლული ჰემორაგიის და პერფორაციის თანხლებით ან მის გარეშე.

ცენტრალური ნერვული სისტემის კუთხით პრეპარატს იშვიათ შემთხვევებში შეუძლია გულყრა, გაზრდილი ქალასშიდა წნევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილიანობა გამოიწვიოს.

ღვიძლში იშვიათად, მაგრამ მაინც ტრანსამინაზების დონის მომატების მიზეზი შეიძლება გახდეს, ასევე ჰეპატიტის — სიყვითლით ან მის გარეშე .

მედიკამენტის მიღების შედეგად იშვიათად ვლინდება ერითემა, კანის გამონაყარი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება). ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა, დაფიქსირდეს  სტივენ ჯონსონის სინდრომი (ალერგიის საშიში ფორმა), მრავლობითი ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმოლიზი, ჭრილობის შენელებული შეხორცება, სისხლჩაქცევები, სახის წამოწითლება.

ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია, კანის და კანქვეშა ატროფია, სტერილური აბსცესები.

ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატის მიღების შემდეგ, დაფიქსირებულია თირკმლის მწვავე უკმარისობის, ჰემატურიის და პროტეინურიის შემთხვევები.

სისხლში შესაძლოა გამოვლინდეს ლეიკოპენიის, ჰემოლიზური ანემიის და აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ძალიან ცოტა შემთხვევაა აღრიცხული.

მედიკამენტის კარდიოვასკულარული სისტემაზე რეააქციისას იშვიათად დაფიქსირებულია არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა და გულის ფრიალი.

პრეპარატს ახასიათებს ელექტროლიტური დარღვევები - ნატრიუმის შეკავება, შეშუპება, კალიუმის გამოყოფა და ჰიპოკალემიური ალკალოზი.

ბლოკიუმ B12-ის მიღებისას შესაძლოა გვერდითი ეფექტი გამოვლინდეს ძვალ - კუნთოვანი სისტემში, კერძოდ, პაციენტმა იგრძნოს კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, ოსტეოპოროზი და ა.შ.

გვერდითი მოვლენები ვლინდება ენდოკრინული სისტემშიც. კერძოდ შესაძლოა დაირღვეს  მენსტრუალური ციკლი, გამოვლინდეს კუშინგოიდური მდგომარეობა (ადამიანები მთვარისებრი სახით), ბავშვებში ზრდის შეფერხება, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება სტრესული სიტუაციების დროს, როგორიც არის ტრავმა, ოპერაცია, სისტემური დაავადებები.

დიაბეტიან პაციენტებში კი ფიქსირდება ნახშირწყლების მიმართ შემცირებული ტოლერანტობა და ინსულინის ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გაზრდილი მოთხოვნილება.

რაც შეეხება  გრძნობათა ორგანოებს იშვიათად ვლინდება უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გაზრდილი თვალშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფთალმი და შუილი ყურებში.

სავარაუდოდ ცვლილებაა მოსალოდნელი მეტაბოლიზმის მიმართულებითაც - ნეგატიური აზოტის ბალანსი, რაც გამოწვეულია ცილების კატაბოლიზმით.

 

ბლოგში ჩამოთვლილი გვერდითი და უკუჩვენებების წაკითხვის შემდეგ  ალბათ დარწმუნდით, რომ ბლოკიუმის ამპულის მიღებისას  განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

 

ვინ უნდა იყოს ფრთხილად ბლოკიუმ B12-ის მიღებისას 

 

დიკლოფენაკის შემცველი ბლოკიუმ B12-ით მკურნალობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ან უსიმპტომო კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია. ამ და სხვა გვერდითი მოვლენების გამო ბლოკიუმი ხანდაზმულ პაციენტებში მინიმალური დოზით ინიშნება.

უნდა გახსოვდეთ,  რომ ბლოკიუმის მიღებისას იშვიათად, მაგრამ მაინც მოსალოდნელია მძიმე ალერგიული ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციების წარმოქმნა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ექიმის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ ის ავადმყოფები, რომლებშიც Strongyloides -ით გამოწვეულ ინვაზიის არსებობაზე ეჭვობენ, ასევე   ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინისადმი მგრძნობიარე პაციენტები.

თუ კორტიკოთერაპია გრძელდება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი. ამიტომ რეკომენდირებულია სწრაფმოქმედი კორტიკოსტეროიდის შეყვანა.

იმის გამო, რომ ბლოკიუმ B12 შეიცავს დიკლოფენაკს, იგი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის, გულის და ღვიძლის უკმარისობის დროს, ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ოპერაცია.  სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის პორფირიით, ბრონქული ასთმით, თორმეტგოჯას წყლულით დაავადებულ პაციენტებთან, ასევე დივერტიკულიტის, ნაწლავის ანასტომოზის, პეპტიური წყლულის, წყლულოვანი კოლიტის, აბსცესის და სხვა ჩირქოვანი ინფექციების, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის და მიასთენია გრავისის დროს.

განსაკუთრებულია დაკვირვებაა საჭირო ემოციურად არასტაბილური ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პაციენტებისთვის ბლოკიულ B12-ის დანიშვნისას. ყურადღება მიაქციეთ ხომ არ გაქვთ  თვალის ჰერპესი ან ჰიპოთიროიდიზმი.  

გახსოვდეთ, ბლოკიუმ B12 და სხვა სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი გვერდითი მოვლენების განვითარებას. ამიტომ, თქვენ მკურნალ ექიმს აუცილებლად უთხარით სხვა რა მედიკამენტს მოიხმართ, რომ ზუსტად განსაზღვროს მოსალოდნელი საფრთხეები.

 

როგორ და რა დოზით ინიშნება ბლოკიუმ B12-ის  ამპულა 

 

რადგან უკვე იცით რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ახლავს ბლოკიუმ B12-ს და რა სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოთ ძლიერი  არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის დანიშვნისას, კარგად დაიმახსოვრეთ და დაიცავით მიღების წესები.

ბლოკიუმ B12  ამპულა უნდა გაკეთდეს ინტრამუსკულარული ინიექციის გზით, დღეში 1-2 ფლაკონი. ამპულის შემადგენლობა უნდა შეერიოს ფლაკონისას და ოდნავ უნდა შეინჯღრეს.

ბლოკიუმის ინიექცია 3 დღეზე მეტ ხანს არ არის სასურველი. თუმცა მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე და პაციენტის მდგომარეობაზე. 

აქვე ავღნიშნავთ, რომ 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული კორტიკოთერაპიის დროს, არსებობს კორტიკოსუპრარენალური უკმარისობის განვითარების რისკი. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს პროგრესიულად, რომ გამოირიცხოს  გართულებები.

 

 არ გადააჭარბოთ დოზას 

 

თუ ბლოკიუმის ტაბლეტები გადაჭარბებული დოზით მიიღეთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაშინვე უნდა გამოიძახოთ სასწარაფო დახმარება. უკეთეს შემთხვევაში კი სწრაფად უნდა ამოირეცხოთ   კუჭი, ღებინების გამოწვევით ან კუჭის ზონდირების საშუალებით. შემდგომ უნდა მიიღოთ გააქტივებული  ნახშირი, რათა შემცირდეს პრეპარატის აბსორბცია (აირის შთანთქმა სითხის ან მყარი სხეულის მიერ) და შეწყდეს დიკლოფენაკის ენტეროჰეპატური ცირკულაცია.

ანტაციდებმა და შარდის სხვა გამატუტიანებელმა პრეპარატებმა შესაძლებელია გააძლიეროს ისეთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ექსკრეცია (ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავებული მავნე ან გამოუყენებელი პროდუქტების გამოყოფის პროცესი), როგორიც არის დიფლუნიზალი და სულინდაკი.

თუ პრეპარატებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობის შემთხვევა დაგიფიქსირდათ, შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰემოდიალიზის გამოყენება. პარალელურად საჭიროა  პაციენტის ჰემოდინამიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება, ხოლო ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პლაზმის მოცულობის გამზრდელი პრეპარატების შეყვანა.

იმ შემთხვევაში თუ განვითარდა გულყრა ინტრავენურად ინიშნება დიაზეპამი და სხვა ბენზოდიაზეპინები. გასათვალისწინებელია ჰემორაგიის და კუჭ-ნაწლავის წყლულის განვითარების ალბათობა. შესაბამისად, ჰიპოპროთრომბინემიის სამკურნალოდ დამატებით რეკომენდირებულია ვიტამინი K-ს დანიშვნა.

და მთავარი, ბლოკიუმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიმართოთ უახლოეს ჰოსპიტალს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

 

შესაძლებელია თუ არა ბლოკიუმ B12-ის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს?

 

თუ არ არის განსაკუთრებული აუცილებლობა, რასაც თან ახლავს ექიმის სრული შეფასება, ბლოკიუმ B12 ორსულობის დროს არ ინიშნება, მით უფრო ბოლო სამი თვის განმავლობაში, რადგანაც დიკლოფენაკმა შესაძლოა შეასუსტოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი და გამოიწვიოს ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა.

ასევე, არ არის რეკომენდებული ბლოკიუმის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში, რადგან კორტიკოსტეროიდები ნაწილობრივ გადადის დედის რძეში, ეს კი ბავშვის ორგანიზმისთვის არ არის მიზანშეწონილი.

ბლოკიუმ B12-ის ამპულები უნდა შეინახოთ  ცივ და მშრალ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე, იქ სადაც ბავშვებისთვის იქნება მიუწვდომელი. პრეპარატის შენახვის ვადა არის 2 წელი. ვადაგასული წამლის მიღება დაუშვებელია.

 

ბლოკიუმ B12  ერთ-ერთი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალებაა, რომლის მიღებისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადრება ბლოგში დასახელებულ ყველა რჩევას და გაფრთხილებას. თუ ყველა მითითებულ პუნქტს სწორად შეაფასებთ და დაიცავთ, ბლოკიუმით მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და გათავისუფლდებით დამღლელი და აუტანელი ტკივილისგან.