ბეტასერკი (Betaserc) ფართოდ გამოყენებადი პრეპარატია, განსაკუთრებით ვესტიბულარული დარღვევებისა და მენიერის დაავადების სამკურნალოდ.
კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია კონკრეტულ პრობლემებთან გასამკლავებლად. აქ იგულისხმება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ყურებში შუილი და სმენის დაქვეითება, განსაკუთრებით მენიერის დაავადების დროს.
საგულისხმოა, რომ ბეტასერკის ეფექტიანობას მწარმოებელი ქვეყნების ვრცელი ჩამონათვალიც ადასტურებს. მათ შორის არიან საფრანგეთი, იტალია, გერმანია, აშშ და სხვა. ხოლო ქართულ ბაზარზე ძირითადად „ბეტასერკი ფრანგული“ და „ბეტასერკი თურქული“ გვხვდება.
რა არის მენიერის დაავადება და როგორ უმკლავდება მას ბეტასერკი?
მენიერის დაავადება წარმოადგენს ვესტიბულარულ და სმენის დარღვევას — ის გამოწვეულია შიდა ყურის ანთებით ან რაიმე პრობლემით. ამ დაავადებას ახასიათებს ძლიერი და განმეორებადი თავბრუსხვევა, ყურებში შუილის ან ყვირილის მსგავსი ხმები, დროებითი ან მუდმივი სმენის დაკარგვა. ბეტასერკი კი თითოეულ სიმპტომს სრულფასოვნად უმკლავდება. ამაში მედიკამენტს მისი აქტიური ნივთიერება — ბეტაჰისტინი — ეხმარება.
პირველ რიგში, მედიკამენტი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. კერძოდ, ბეტაჰისტინი შიდა ყურში აფართოებს სისხლძარღვებს — შესაბამისად, ბეტასერკი ხელს უწყობს შიდა ყურის წნევის შემცირებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენიერის დაავადების სიმპტომების, როგორებიცაა თავბრუსხვევა და ყურებში შუილი, შემცირებაში.
ამასთანავე, ბეტაჰისტინი აუმჯობესებს ვესტიბულარული ფუნქციების რეგულაციას და ამცირებს თავბრუსხვევის სიხშირესა და სიმძიმეს.
რა ჩვენებების დროს ინიშნება ბეტასერკი?
- მენიერის დაავადება — როგორც ზემოთ განვმარტეთ, ბეტასერკი აუმჯობესებს შიდა ყურის სისხლძარღვების მიმოქცევას და ამცირებს შიდა ყურის წნევას. შესაბამისად, ამცირებს მენიერის დაავადების სიმპტომებს;
- ვესტიბულარული თავბრუსხვევა — ბეტასერკი ვესტიბულარული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაშიც მონაწილეობს, რაც ამცირებს თავბრუსხვევის სიხშირესა და სიმძიმეს;
- ტინიტუსი (ყურებში შუილი) — ბეტასერკი შეიძლება ტინიტუსის სიმპტომების შემცირებაში დაგვეხმაროს;
- სმენის დაქვეითება — იგულისხმება სმენის დაკარგვა, რომელიც ხშირად დაკავშირებულია მენიერის დაავადებასთან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბეტასერკი ამ პრობლემის გადასაჭრელადაც ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა მისი ძირითადი ეფექტი მიმართულია ვესტიბულარული სიმპტომების შემცირებაზე.
რა სახით იწარმოება ბეტასერკი და როგორია სწორი დოზირება ?
აღნიშნული მედიკამენტი ძირითადადა ტაბლეტების სახით იწარმოება, თუმცა სხვადასხვა დოზითაა ხელმისაწვდომი. ეს ექიმებსა და პაციენტებს საშუალებას აძლევს, დოზირება კონკრეტული საჭიროების მიხედვით განსაზღვრონ:
- ბეტასერკი 8 მგ.
- ბეტასერკი 16 მგ.
- ბეტასერკი 24 მგ.
რაც შეეხება დოზირებას, ამას, ზოგადად, ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობის და ექიმის რეკომენდაციების მიხედვით განსაზღვრავენ… თუმცა ძირითადი რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიღოთ ბეტასერკი, ასეთია:
- 8-მილიგრამიანი ბეტასერკი — ჩვეულებრივ, ამ დოზის ტაბლეტებს დღეში 2-3-ჯერ ნიშნავენ. უბრალოდ, გასათვალისწინებელია კონკრეტული პაციენტის სიმპტომების სირთულე და ექიმის რეკომენდაცია;
- 16-მილიგრამიანი ბეტასერკი — როგორც წესი, ასეთ დოზას დღეში ერთხელ ან ორჯერ იღებენ. თავის მხრივ, ეს კვლავ საჭიროებასა და ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული;
- 24-მილიგრამიანი ბეტასერკი — ძირითადად, დღეში ერთხელ უნდა მიიღოს პაციენტმა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება 2-ჯერ მიღების საჭიროებაც დადგეს დღის წესრიგში.
გაითვალისწინეთ, რომ ბეტასერკის ჭარბ დოზირებას რამდენიმე სერიოზული თუ მსუბუქი სიმპტომის გამოწვევა შეუძლია. მათ შორისაა: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსია.
ჭარბი დოზირებისას აუცილებელია ექიმის მიერ მონიტორინგის გაწევა და პაციენტის მდგომარეობის რეგულარული შეფასება.
როდის არ შეიძლება ბეტასერკის მიღება?
ბეტასერკის უკუჩვენებები ისეთ მდგომარეობებთან თუ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, რომელთა არსებობის დროსაც მისი გამოყენება არაა რეკომენდებული:
- ჰიპერმგრძნობელობა — ბეტაჰისტინზე ან პრეპარატში შემავალ სხვა კომპონენტებზე ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ამან შეიძლება ისეთი ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსია ან სხვა;
- ფეოქრომოციტომა (ნეიროენდოკრინული სიმსივნე) — ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის ზედა შრეში წარმოქმნილი სიმსივნე, რომელსაც სისხლში ჰორმონების მაღალი დონე ახასიათებს. ბეტაჰისტინმა კი, როგორც ბეტასერკის აქტიურმა კომპონენტმა, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სისხლში ჰორმონების დონეზე — შესაბამისად, გააძლიერებს დაავადების თანმხლებ სიმპტომებს და გაუარესებს ზოგად მდგომარეობას;
- თირკმლისა და ღვიძლის პრობლემები — თირკმლის ან ღვიძლის სერიოზული დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება; ანდაც, შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს ბეტასერკის მიღება.
ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ბეტასერკის გამოყენება ბავშვებსა და არასრულწლოვანებში არაა ფართოდ შესწავლილი. ამიტომ, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფებში ნაკლებადაა რეკომენდებული. საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს პრეპარატის გამოყენების სიფრთხილე და დოზირება.
რომელ მედიკამენტებთან ერთად არ შეიძლება ბეტასერკის მიღება?
გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციამ შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიღოს:
- ანტიჰისტამინები — ანტისჰისტამინური პრეპარატების მიღებამ, რომლებიც ალერგიის დროს ინიშნება, შესაძლოა, ბეტაჰისტინის ეფექტურობაზე იქონიოს გავლენა;
- ჰიპერტენზიის მედიკამენტები — ბეტასრეკმა შეიძლება არტერიულ წნევაზე იმოქმედოს. ამიტომაც, ჰიპერტენზიისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან კომბინაციისას სიფრთხილეა საჭირო, რათა ცვლილებების გაძლიერებას ან ბალანსის დარღვევას არ ჰქონდეს ადგილი;
- ჰორმონალური მედიკამენტები — ბეტასერკი არ უნდა იქნას გამოყენებული ჰორმონალურ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ჰორმონების დონის ცვლილებები;
- ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების სამკურნალო მედიკამენტები — თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადებები, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.
ზოგადად, ნებისმიერი ახალი მედიკამენტის დაწყებისას ან არსებული მედიკამენტების დოზების ცვლილებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, რა პრეპარატებს იღებს პაციენტი ან როგორია მისი მკურნალობის ისტორია, რათა შესაძლო ნეგატიური ურთიერთქმედებები თავიდან იქნას აცილებული.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს ბეტასერკმა?
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობა კარგად იტანს ბეტასერკს, როგორც ბეტასერკის ანოტაცია გვეუბნება, შეიძლება რიგ შემთხვევებში არასასურველი ეფექტები გამოვლინდეს:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები:
- გულისრევა
- მუცლის ტკივილი
- დიარეა
- ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები:
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა
- ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი
- კანის სიწითლე
- ქავილი
- მარტივი და არასაგანგაშო გვერდითი ეფექტები:
- კუჭის გაღიზიანება — ძირითადად მაშინ, როცა ბეტასერკს უზმოზე იღებს პაციენტი
- საგანგაშო გვერდითი ეფექტები (იშვიათად):
- ანაფილაქსია — იშვიათი, მაგრამ სერიოზული რეაქცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, შეწყდეს ბეტასერკის მიღება ან სხვა, ალტერნატიული პრეპარატით ჩანაცვლდეს.
შეიძლება თუ არა ბეტასერკის მიღება ორსულობა-ლაქტაციის დროს?
საგულისხმოა, ბეტასერკის ორსულობის დროს გამოყენებასთან დაკავშირებული კლინიკური კვლევები საკმაოდ შეზღუდულია. ამიტომაც, მისი ამ პერიოდში მიღება სასურველი არაა. შესაბამისად, ფეხმძიმობისას ბეტასერკს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუკი პოტენციური სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს.
რაც შეეხება ლაქტაციას, ბეტაჰისტინი (ბეტასერკის აქტიური ნივთიერება) გადადის დედის რძეში. ამან კი შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე — ამიტომაც, სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია.
როგორც ბეტასერკის ინსტრუქცია გვეუბნება, ლაქტაციის დროს მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობითაა დასაშვები. შესაძლებელია, ლაქტაციის შეწყვეტის აუცილებლობა დადგეს ან მედიკამენტი უფრო უსაფრთხო ალტერნატივით ჩანაცვლდეს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account