რას ნიშნავს გლიკოზირებული ჰემოგლობინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელსაც მედიცინაში ასევე უწოდებენ HbA1c-ს, არის ჰემოგლობინის ფორმა, რომელიც ქიმიურად უკავშირდება გლუკოზას. 

HbA1c ტესტი ზომავს სისხლში იმ ჰემოგლობინის მოლეკულების პროცენტს, რომელსაც აქვს გლუკოზა, საბოლოო ჯამში კი ეს ასახავს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს. ბოლო ორიდან სამ თვეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დიაბეტის მართვისა და დიაგნოსტიკისთვის. 

შესაძლოა, ეს ტერმინი შეგხვდეთ გლიკირებული ჰემოგლობინის სახელითაც, თუმცა, ორივე ერთსა და იმავეს აღნიშნავს. 

HbA1c წარმოიქმნება ჰემოგლობინის, სისხლის წითელი უჯრედების პროტეინის გლუკოზის მოლეკულებთან შეერთების შედეგად, რომელიც ატარებს ჟანგბადს. იმის გამო, რომ სისხლის ეს წითელი უჯრედები ცოცხლობენ და ფუნქციონირებენ დაახლოებით 120 დღის განმავლობაში, გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონე ავლენს სისხლში შაქრის საშუალო დონეს ამ პერიოდის განმავლობაში. HbA1c-ის მაღალი დონე მიუთითებს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეზე და დიაბეტით გამოწვეული გართულებების უფრო დიდ რისკზე.

როგორ ტარდება HbA1c -ის ტესტირება?

ანალიზი გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის შესამოწმებლად მარტივი სისხლის ტესტია, რომელიც ლაბორატორიაში ტარდება. გლუკოზის ყოველდღიური ტესტებისგან განსხვავებით, რომლებიც ზომავენ სისხლში შაქრის მყისიერ დონეს, ის უზრუნველყოფს უფრო გრძელვადიან ხედვას და გლიკოზირებული ჰემოგლობინი უზმოზეც არ იზომება.

გლიკოზირებული ჰემოგლობინის ნორმა ამ ტესტის მაჩვენებლით წარმოადგენს 5.7%-ზე ნაკლებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ანალიზის პასუხი ჰემოგლობინის ნორმაში არ აგვერიოს, თუკი ეს ორი ტესტი ერთად ჩაიტარეთ. თუკი მაჩვენებელი 5.7%-ს ქვემოთაა, ამას ხშირად დაბალ გლიკოზირებულ ჰემოგლობინსაც უწოდებენ.

მაჩვენებლის შემდეგი დონე არის ე.წ. საშუალო, ან პრედიაბეტურ მაჩვენებლად მოხსენიებული. ამ დროს გლიკოზირებული ჰემოგლობინის ნორმიდან გადახრა რამდენიმე პროცენტია ხოლმე. როგორც წესი, დონე 5.7% - 6.4%-ებს შორის მერყეობს.

ხოლო, მაღალი გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი გვაქვს მაშინ, როცა ორ ცალკეულ ტესტზე პროცენტულობა 6.5% ან მეტია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი ორმა ტესტმა დაადასტუროს. ეს რიცხვი, შესაძლოა, დიაბეტის არსებობას მიანიშნებდეს.

როგორ ვმართოთ მდგომარეობა?

იმისათვის, რომ გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაღალი დონე მართოთ, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტური ჩარევაც. 

მაგალითად, მნიშვნელოვანია დაბალანსებული, დაბალგლიკემიური დიეტა - ამ დროს უნდა მივიღოთ ბოჭკოვანი უჯრედებით, ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი საკვები. კარგია, თუკი ყოველდღიურობაში შემოიტანთ ვარჯიშსა და გაზრდილ ფიზიკურ აქტივობას - ეს აუმჯობესებს ინსულინმგრძნობელობას და ხელს უწყობს HbA1c-ის შემცირებას. საბოლოო ჯამში ცხოვრების ჯანსაღი სტილი აისახება წონის კორექციაზეც - ეს კი დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე.

თუკი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, რომ საჭიროა მედიკამენტური ჩარევა, ის თავად დაგინიშნავთ შესაბამის წამლებს - მსგავს მდგომარეობაში მოერიდეთ თვითმკურნალობას და სხვების რჩევით პრეპარატების მიღებას.

ამის შესახებ ექიმიც მოგცემთ რეკომენდაციას, თუმცა, უნდა გახსოვდეთ - მნიშვნელოვანია რეგულარული ტესტირება და გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის კონტროლი.