
წამალი დოქსაფინი (Doxafin) სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატია. ეს ნიშნავს, რომ დოქსაფინი მიიღება ისეთი ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც სასუნთქი გზების შევიწროებითა და, შესაბამისად, სუნთქვის გაძნელებით მიმდინარეობს - მაგალითად, ბრონქული ასთმა.
ეს მედიკამენტი ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებსა და ფილტვებში გამავალ სისხლძარღვებს. სამედიცინო ენაზე ამ მოქმედებას ბრონქოდილატატორული ჰქვია - ის იწვევს ბრონქების "გაფართოებას" და კუნთების მოდუნებას - საბოლოო ჯამში კი ხსნის დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს.
გარდა ამისა, დოქსაფინს არ ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელი გავლენა. ის არ მოქმედებს არც იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს გული, სისხლძარღვები და თირკმელი.
რისგან შედგება თითოეული ტაბლეტი?
დოქსაფინი 400მგ-იანი ტაბლეტების სახით გვხვდება. მისი მთავარი, აქტიური ნივთიერება დოქსოფილინია. ყოველი დოქსაფინი 400 მგ დოქსოფილინს შეიცავს.
თუმცა, გარდა ამისა, ტაბლეტი შედგება შემდეგი ნივთიერებებისგანაც: სიმინდის სახამებელი, D-მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის გლიკონატის სახამებელი, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.
დოქსაფინი 400მგ-ის ანოტაცია გვეუბნება, რომ შემადგენლობის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან რომელიმე ნივთიერებაზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღება უნდა შევწყვიტოთ და ხელახალი კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან.
ვინ (არ) შეიძლება მიიღოს დოქსაფინი?
დოქსაფინის ანოტაციის მიხედვით, მედიკამენტი შეიძლება მიიღონ პაციენტებმა, ვისაც აწუხებთ ბრონქული ასთმა ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.
თუმცა, როგორც სხვა წამლების შემთხვევაში, დოქსაფინის მიღებაც ყველასთვის არ არის მიზანშეწონილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოქსაფინის მიღება არ შეიძლება, თუკი წარსულში მასში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე გქონიათ ალერგიული რეაქცია. ამის შესახებ კი აუცილებლად უნდა ვაცნობოთ ექიმს, რათა მან მიიღოს მკურნალობის წარმართვაზე შესაბამისი გადაწყვეტილება.
დოქსაფინის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტის მიღება თვითნებურად არ შეიძლება. როცა საქმე ორსულობას ან ლაქტაციას ეხება, ექიმის ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თუკი გაქვთ ეჭვი ორსულობაზე, ორსულად ან მეძუძური დედა ხართ - დოქსაფინის მიღების შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად მხოლოდ ექიმმა შეიძლება მიიღოს. მან უნდა შეაფასოს ნაყოფისა თუ ჩვილისთვის არსებული რისკები და მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნოს წამალი, თუკი მისი სარგებელი ბევრად აღემატება ამ რისკებს.
დოქსაფინი ბავშვებში იმავე სიფრთხილით გამოიყენება, როგორც ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებში.
გარდა ამისა, მედიკამენტის ანოტაციის თანახმად, დოქსაფინით მკურნალობა რეკომენდებული არ არის და უკუნაჩვენებია პაციენტებში, ვისაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ან აწუხებთ ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა).
დოქსაფინის მიღების წესი და საჭირო სიფრთხილის ზომები
დოქსაფინის 400მგ-იანი ტაბლეტები, როგორც წესი, მიიღება პერორალურად, შესაბამისი რაოდენობის წყალთან ერთად. მოზრდილების დღიური დოზა არის 1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ მისაღებად. თუმცა, თქვენი ავადობის მიმდინარეობისა და ჩივილების მიხედვით მკურნალმა ექიმმა, შეიძლება, ცვლილებები შეიტანოს სიხშირესა და დოზირებაში - სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კონსულტაცია ექიმთან, ხოლო გამოუვალ მდგომარეობაში ფარმაცევტთან მაინც.
დოქსაფინის მიღების დროს მთელი რისი უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ. მაგალითად, დოქსოფილინის მაღალი შემცველობის გამო წამალი არ უნდა დაინიშნოთ ქსანტინის სხვა წარმოებულებთან. როგორც წესი, ქსანტინის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივდება ღვიძლისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან მათში, ვინც მოიხმარენ ერითრომიცინს, ტროლეონდომიცინს, ლინკომიცინს, ალოპურინოლს, ციმეტიდინსა და პროპრანოლოლს. ასეთ დროს საჭირო ხდება დოქსაფინის დოზის შემცირება.
ისეთმა ნივთიერებებმა, როგორიცაა ფენიტოინი, ან სხვა ანტიკონვულანტები, შეიძლება ორგანიზმიდან ქსანტინის წარმოებულების გამოყოფა გააძლიეროს და ამით შეამციროს დოქსაფინის ორგანიზმში შეწოვის დროს. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ამ წამლის დოზის გაზრდა. იგივე ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევასაც.
თუკი დოქსაფინის მიღების დროს გამოგივლინდათ მწვავე არითმია, ეს შეიძლება დოზის გადაჭარბებასა და ინტოქსიკაციაზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. როგორც წესი, არასასურველი გვერდითი ეფექტები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ლაგდება.
რაც შეეხება სხვა გვერდით ეფექტებს - როგორც წესი, დოქსაფინი ძალიან იშვიათად იწვევს მათ. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღგენიშნებოდეთ: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა და გულძმარვა.
სად შევიძინოთ დოქსაფინი?
დოქსაფინის ტაბლეტები საქართველოშიც შეგვიძლია შევიძინოთ. მაგალითად, PSP-ს სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად აფთიაქში მისვლით შეძენა.
დოქსაფინი საბავშვო დოზირებით არ გვხვდება. ცნობილია, რომ გლობალურ ბაზარზე შესაძლებელია დოქსაფინის სიროფის (სუსპენზიის) შეძენა, თუმცა, საქართველოში ამ ფორმით პრეპარატი ნაკლებადაა გავრცელებული.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account