პუროქსანი — პრეპარატი ქრონიკული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ

ისეთმა ქრონიკულმა რესპირატორულმა დაავადებებმა, როგორებიცაა, მაგალითად, ბრონქული ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს. 

სუნთქვის გაძნელება დიდი დისკომფორტია და ის სხვა არაერთი პრობლემის მიზეზიც შეიძლება გახდეს, თუმცა ამან სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მიგიყვანოთ, რადგან თანამედროვე მედიცინას შეუძლია შემოგთავაზოთ არაერთი მედიკამენტი, რომლებითაც ამ პროცესების გაკონტროლებას შეძლებთ. მათ შორისაა პრეპარატი პუროქსანი

რა არის პუროქსანი 

პუროქსანი ქრონიკული რესპირატორული დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. პუროქსანი ტოპის (საერთაშორისო დასახელებით — დოქსოფილინი) თითოეული ტაბლეტი 650მგ დოქსოფილინს შეიცავს. ტაბლეტების გარდა, ხელმისაწვდომია პუროქსანის სიროფიც

დოქსოფილინი ახალი ბრონქოდილატორი ქსანთინია, რომელიც თეოფილინისგან მე-7 პოზიციაში დიოქსალანის ჯგუფის არსებობით განსხვავდება. თეოფილინის მსგავსად, დოქსოფილინის მოქმედების მექანიზმი ფოსფოდიესტერაზას აქტივობის ინჰიბირებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მისგან განსხვავებით, დოქსოფილინს ნაკლები აფინურობა აქვს ადენოზინ A1 და A2 რეცეპტორების მიმართ, რაც მას მეტად უსაფრთხოდ აქცევს. 

პუროქსანის შემადგენელი მთავარი ნივთიერების, დოქსოფილინის, ეფექტიანობა არაერთი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული, რომლებშიც ბრონქული ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები მონაწილეობდნენ.

კვლევებმა დაადასტურა დოქსოფილინის ეფექტიანობა ასთმური შეტევებისა და ბეტა-2-აგონისტთა მიღების სიხშირეთა შემცირების კუთხით. უსაფრთხოების პროფილით კვლევამ აჩვენა, რომ კარდიოვასკულური, საჭმლის მომნელებელი და ცენტრალური ნერვული სისტემები ამ მედიკამენტს ანალოგებზე უკეთ იტანს. კვლევის პროცესში არ აღნიშნულა ურთიერთკავშირი შრატში დოქსოფილინის დონესა და არასასურველი სიმპტომების გამოვლენას შორის. აგრეთვე, არ გამოვლენილა არც ძილის დარღვევა, არც გულზე ქრონოტროპული ეფექტი და არც კუჭის სეკრეციის მომატება.

რაც შეეხება ფარმაკოკინეტიკას, დოქსოფილინის ნახევარდაშლის პერიოდი შვიდ საათზე  მეტია. დოზირების ჩვეულებრივი ფორმის პერორალური მიღებისას პლაზმის პიკური დონე ერთი საათის შემდეგ მიიღწევა. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 62.6%-ს; PH 7.4 დონეზე პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 48%-ია. პერორალურად მიღებული დოზის 4%-ზე ნაკლები უცვლელად გამოიყოფა შარდით. ამასთანავე, დოქსოფილინი თითქმის მთლიანად ღვიძლში მეტაბოლიზდება. 

 

პუროქსანის მიღების წესი — ინსტრუქცია  

პუროქსან ტოპ 650მგ-ის შემთხვევაში მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები იმის საშუალებას იძლევა, რომ პაციენტმა ტაბლეტი დღეში ერთხელ მიიღოს, ნაცვლად დღეში ორჯერ დოქსოფილინის 400მგ-იანი ტაბლეტების მიღებისა. ექიმის დანიშნულების მიხედვით, დოზა შეიძლება 1200მგ-მდე გაიზარდოს, ხოლო ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები აღენიშნებათ, პირიქით — შემცირდეს. 

რაც შეეხება პუროქსანის სიროფის დოზას, მოზრდილებში გამოიყენება 2 საზომი ჭიქა, 20მლ (400მგ), ხანდაზმულებში კი - 1 საზომი ჭიქა, 10მლ (200მგ), ორივე შემთხვევაში დღეში ორჯერ. 

პუროქსანის სიროფი ბავშვებში: დოქსოფილინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 12მგ/კგ-ს ორ მიღებაზე. თუ შედეგი არ დადგა, ექიმის მეთვალყურეობით, დოზა შესაძლოა 18მგ/კგ-მდე გაიზარდოს. 

პუროქსანის გვერდითი ეფექტები და უსაფრთხოების ზომები 

პუროქსან ტოპის უკუჩვენებები გამოვლენილია ისეთ პირებში, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებოდათ მისი კომპონენტების მიმართ.  

პუროქსანის მიღებისას იშვიათად აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, გულის ფრიალი და ტაქიკარდია.

ქსანთინის ნახევარდაშლის პერიოდზე ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ცნობილი ცვლადი. ის შესაძლოა გახანგრძლივდეს პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, პაციენტებში ბოლო სტადიის გულის შეგუბებითი უკმარისობით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან თანმხლები ინფექციების მქონე პაციენტებში და ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოგიერთ  სხვა  მედიკამენტს (ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი და სხვა ანტიბიოტიკები ამავე ჯგუფიდან, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპრანოლოლი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა), შესაძლოა, საჭირო გახდეს პრეპარატის უფრო დაბალი დოზა. 

პუროქსანი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, ჰიპოქსემიის, ჰიპერთიროიდიზმის, მარჯვენა პარკუჭოვანი ქრონიკული უკმარისობის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის დაავადების, თირკმლის დაავადების, ანამნეზში პეპტიკური წყლულის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის ფუნქციის მოშლა აქვთ.  

რაც შეეხება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდს, ცხოველებში რეპროდუქციული კვლევები მიუთითებს, რომ დოქსოფილინი არ აზიანებს ნაყოფს და არ ზემოქმედებს რეპროდუქციულ უნარზე. მიუხედავად ამისა, ორსულ ადამიანებზე მედიკამენტის ზემოქმედების კვლევის შეზღუდული რაოდენობის გამო,  ქსანთინები ორსულ ქალს მხოლოდ აშკარა საჭიროების დროს, უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაენიშნოს.  დოქსოფილინის უკუჩვენებები გამოვლენილია მეძუძურ დედებში.

მიუხედავად იმისა, რომ დოქსოფილინის დოზის გადაჭარბებისას არ არის დამტკიცებული გულის რიტმის სერიოზული დარღვევა, მისი სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ქსანთინის რიგის ნივთიერებასთან. დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას, შესაძლოა გამოვლინდეს გულყრები. გვერდითი მოვლენების განვითარებისას აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. 

პუროქსანის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

დოქსოფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანთინის სხვა წარმოებულებთან ერთად. აღწერილია ქსანთინებისა და ეფედრინის ტოქსიკური ურთიერთქმედების შემთხვევები. 

ზოგიერთი პრეპარატი აფერხებს ქსანთინების (და მათ შორის დოქსოფილინის) გამოყოფას ორგანიზმიდან, მაგალითად: ერითრომიცინის, ტროლეანდომიცინის, ლინკომიცინის (და ამ ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების), ალოპურინოლის, ციმეტიდინის, რანიტიდინის, პროპრანოლოლის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის.

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები  

პუროქსანის სიროფი წარმოდგენილია 100-მილილიტრიანი ფლაკონით. ყოველი 5 მილილიტრი შეიცავს 100მგ დოქსოფილინს, ხოლო პუროქსან ტოპი 650მგ-ის შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს. 

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, აუცილებლად ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პუროქსანი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. ხშირი დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე. ამ კონკრეტული მედიკამენტის შენახვის ვადა კი 2 წელიწადს შეადგენს. 

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც - ნუ გადააგდებთ პუროქსანს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

რესპირატორულ დაავადებებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ და მკურნალობას დროულად მიმართოთ, რადგან სიმპტომების უგულებელყოფით შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნათ. 

პუროქსანი ექიმის დანიშნულებით, რეცეპტით გაიცემა და ამიტომ მნიშვნელოვანია, შეგახსენოთ: ნუ გადასცემთ პრეპარატს სხვა პირებს, რადგან ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები იდენტურია.