
მედიკამენტი პიკოლაქსი არის საქართველოში წარმოებული საფაღარათო, ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება. ის გამოიყენება ისეთი ჩვენებების დროს, როგორებიცაა: მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით და დუნე პერისტალტიკით განპირობებული ყაბზობა. ასევე, მედიკამენტი გამოიყენება ბუასილის, პროქტიტის ან ანალური ნაპრალის არსებობის დროს, ფეკალიების გამოყოფის შესამსუბუქებლად, ოპერაციის წინ და მის შემდგომ პერიოდში; ასევე რენტგენოლოგიური ან ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის მოსამზადებელ პერიოდში.
პიკოლაქსის წარმოების ფორმა — ტაბლეტი და წვეთები/ხსნარი
პიკოლაქსი იწარმოება ორი სახით: ტაბლეტისა და წვეთების/ხსნარის ფორმით.
პიკოლაქსის ტაბლეტი არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით.
ხოლო პიკოლაქსის წვეთები/ხსნარი არის უფერო ან მკრთალი მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე არომატული სითხე.
რაც შეეხება შედგენილობას, პიკოლაქსის 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის პიკოსულფატს (10 მგ) და დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.
ხოლო, პიკოლაქსის 1 მლ-იან პერორალური წვეთების/ხსნარის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება ნატრიუმის პიკოსულფატი (7.5 მგ) და დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის შემადგენელი მთავარი ნივთიერება - ნატრიუმის პიკოსულფატი - საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ამცირებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას და მისი ზემოქმედება აჩქარებს ნაწლავის შიგთავსის გამოთავისუფლებას.
პიკოლაქსის გამოყენების ინსტრუქცია — მიღების წესი და დოზირება
პიკოლაქსის ტაბლეტები ინიშნება ბავშვებში 10 წლის ზემოთ და მოზრდილებში. რეკომენდებულია 5-10 მგ-ის მიღება 1-ჯერ დღეში, ძილის წინ.
რაც შეეხება პიკოლაქსის წვეთებს/ხსნარს მისი მიღება არაა რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო 4 წლიდან ზემოთ წვეთების მიღების დოზები დამოკიდებულია ასაკზე, კერძოდ:
- 4-10 წლამდე ბავშვებში დასაშვებია 5-10 წვეთი (2.5-5.0 მგ) მიღება დღეში ერთხელ, ძილის წინ.
- 10+ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში კი ინიშნება 10-20 წვეთი (5-10 მგ) დღეში ერთხელ, ძილის წინ.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მედიკამენტის მიღებისას?
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, პიკოლაქსის მიღებასაც შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი მოვლენები, რომელთა გამოვლენის ალბათობა და სიხშირე ინდივიდუალურია.
უპირველეს ყოვლისა, მედიკამენტის მიღებით გამოვლენილმა ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.
გარდა ამისა, მედიკამენტის მიღებას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ელექტროლიტებისა და კალიუმის ნაკლებობა;
- კუნთების სისუსტე;
- დაღლილობა;
- აბდომინალური ტკივილი;
- არტერიული ჰიპოტონია.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიმართოთ მკურნალ ექიმს.
როდის არ შეიძლება პიკოლაქსის მიღება?
პიკოლაქსის ტაბლეტებსა და წვეთებს აქვთ უკუჩვენებები, შესაბამისად, მისი მიღება არაა რეკომენდებული როდესაც:
- გაქვთ ნაწლავის გაუვალობა;
- გაქვთ ჩაჭედილი თიაქარი;
- გაწუხებთ მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, გაურკვეველი გენეზის ტკივილი მუცლის არეში);
- გაწუხებთ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშვილოსნოდან;
- გაქვთ სპასტიური ყაბზობა;
- ხართ ორსულად - განსაკუთრებით I ტრიმესტრში (ორსულობის II და III ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე);
- აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- გაქვთ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობა;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი (წვეთების გამოყენება არაა დასაშვები, რადგან სითხე შეიქცავს საქაროზას).
მედიკამენტის შენახვის პირობები და ვადები
გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტი იწარმოება ორი ფორმით, მცირედად განსხვავდება მათი შენახვის პირობები.
კერძოდ, ტაბლეტები ინახება 3 წლის განმავლობაში არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პიკოლაქსის წვეთებიც ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, თუმცა მისი გამოყენება აღარ არის რეკომენდებული ფლაკონის გახსნიდან 30 დღის შემდეგ.
პიკოლაქსი განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოიყენება შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშეც და აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account