ომეპრაზოლი — 50-წლიანი წარმატებული პრაქტიკა გასტროენტეროლოგიაში


მსოფლიოს უწყვეტ განვითარებასთან ერთად, ადამიანის ცხოვრების წესიც მუდმივად იცვლება – იცვლება საკვები, რომელსაც მოვიხმართ და იცვლება ყოველდღიურობა, რაც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე სხვადასხვაგვარად აისახება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემთხვევითი არ არის, რომ მომნელებელი სისტემის პრობლემები უფრო და უფრო ხშირია და მეტ ინდივიდს აწუხებს. 

გულძმარვა, შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში – ეს ის სიმპტომებია, რომელიც ერთხელ მაინც, ალბათ, ყველას გამოუცდია. ხშირ შემთხვევაში დისკომფორტის გამომწვევი ეს სიმპტომები უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანია. მომნელებელი სისტემის პრობლემათა შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს, რეფლუქს-ეზოფაგიტს, ზოლინგერ-ელისონის სინდრომს და ა.შ.   

საბედნიეროდ, დაავადებათა სიხშირის მატებასთან ერთად ვითარდება მედიცინაც. შესაბამისად, მეცნიერების პასუხი უფრო და უფრო სრულყოფილი და პრობლემასთან შესაბამისია. მედიცინის არსენალში ერთ-ერთ ასეთ პასუხს ომეპრაზოლი წარმოადგენ – პრეპარატი, რომელიც მომნელებელი სისტემის პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.  

 

რა არის ომეპრაზოლი – ანოტაცია 

ომეპრაზოლი პირველი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია, რომელიც 1979 წელს აღმოაჩინეს და ის კუჭის წვენის სეკრეციას ბლოკავს. პრეპარატმა შეცვალა არაერთი გასტროენტეროლოგიური დაავადების მკურნალობის ფორმა. 

მისი ერთი კაფსულა აქტიური ნივთიერება ომეპრაზოლის 20მგ-ს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებათა შორის ვხვდებით მანიტს, მეთილჰიდროქსიცელულოზას ფტალატს, ლაქტოზას, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას, ჰიდროქსიპროპილცელულოზას, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ცეტილის სპირტს, ნატრიუმის ფოსფატსა და ნატრიუმის ლაურილსულფატს. თუ ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევით, მოერიდეთ პრეპარატის მიღებას ექიმთან კონსულტაციამდე. 

ომეპრაზოლი ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალური უჯრედების აქტიურობას, იწვევს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას და ამ გზით, ბაზალური და სტიმულირებული გამოყოფის დონეს აქვეითებს. 

კუჭში კაფსულა სწრაფად იშლება და მასში მოთავსებული მიკროგრანულები გამოთავისუფლდება, რომლებიც 12-გოჯა ნაწლავში ხვდება – ეს კი პრეპარატის აბსორბციას უზრუნველყოფს. პრეპარატის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად ხდება, მაქსიმალური კონცენტრაცია 0.5-1 საათში მიიღწევა, ბიოშეღწევადობა კი 30-40%-ს შეადგენს. ომეპრაზოლი თითქმის სრულად ღვიძლში მეტაბოლიზდება, გამოყოფა კი თირკმელებიდან, შარდის სახით ხდება.  

ექიმი ომეპრაზოლით მკურნალობას დაგინიშნავთ იმ შემთხვევაში, თუ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან რეფლუქს-ეზოფაგიტის გამწვავების ფაზაში იმყოფებით, ან ზოლინგერ-ელისონის სინდრომი აღგენიშნებათ. რა თქმა უნდა, სიფრთხილის ზომები უნდა დაიცვათ და ექიმს შეატყობინოთ ნებისმიერი პათოლოგიისა და ალერგიული რეაქციის შესახებ, რომელთაც გავლენა შეიძლება იქონიოს მკურნალობის პროცესსა და ომეპრაზოლის მოქმედებაზე. 

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ომეპრაზოლს მივიღებთ – უსაფრთხოების ზომები 

სანამ ომეპრაზოლით მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებელია, გამორიცხოთ ავთვისებიანი პროცესების არსებობა, რადგან შეიძლება, პრეპარატმა მძიმე დაავადების სიმპტომატიკა შენიღბოს და დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გააძნელოს.

ომეპრაზოლი გავლენას არ ახდენს კუჭიდან მყარი და თხევადი საკვების ევაკუაციაზე, შინაგანი ფაქტორის სეკრეციასა და პეფსინის გამომუშავებაზე. 

პრეპარატმა ზოგ პაციენტში, შესაძლოა, ძილიანობა, სისუსტე და კოორდინაციის გამართულებელი სხვა არასასიამოვნო სიმპტომები გამოიწვიოს. ამიტომ, ასეთი სიმპტომების სუსტად გამოვლენის შემთხვევაშიც კი, უნდა მოერიდოთ ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვას – ასე გაუფრთხილდებით როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანების ჯანმრთელობასაც. 

ზედოზირების მნიშვნელოვანი გართულებების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. შეიძლება ასეთ დროს გამოვლინდეს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, აგზნებადობა, თავის ტკივილი, ოფლიანობა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ტაქიკარდია. როგორც წესი, პაციენტები დღეში 360მგ ომეპრაზოლსაც ჩვეულებრივ იტანენ, შესაბამისად, ასეთი შემთხვევებისათვის ანტიდოტი არ არსებობს. 

ვინაიდან პრეპარატი მყარად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, დიალიზით  მისი გამოდევნა  ნაკლებად პროდუქტიულია. შესაბამისად, ზედოზირების შემდგომი გართულების არსებობის შემთხვევაში (რისი ალბათობაც დაბალია), სიმპტომური  მკურნალობაა მოსალოდნელი.

თუ დოზის მიღება გამოგრჩებათ, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით – დაელოდეთ შემდეგი დოზის დროს და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ გააგრძელეთ.

ომეპრაზოლით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას, ვინაიდან ორივე მათგანი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს, იწვევს პრეპარატის შეწოვის შემცირებას, რაც გამოჯანმრთელების პერიოდს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.

ომეპრაზოლის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას გაითვალისწინეთ, რომ მან შესაძლებელია შეაფერხოს დიაზეპამის, ვარფარინის, ფენიტოინის და სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყოფა, რომლებიც ღვიძლში დაჟანგვის გზით მეტაბოლიზდებიან. ასევე, ომეპრაზოლი დიდი ხნის განმავლობაში ძლიერად თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამოყოფას, რამაც, შესაძლოა, იმ მედიკამენტების შეწოვის დაქვეითება გამოიწვიოს, რომელთა აბსორბციისთვისაც კუჭის წვენის მჟავიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს – ასეთი პრეპარატებია ამპიცილინი, კეტონაზოლი, იტრაკონაზოლი და ა.შ. 

ომეპრაზოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა გადახრა მკურნალობის შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ, როგორც წესი, ნორმას უბრუნდება. 

გაითვალისწინეთ, რომ კუჭის მჟავიანობის შემცირება პერორალურად გადაცემული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო იმუნური სისტემის პათოლოგიების მქონე პაციენტებში ომეპრაზოლით მკურნალობისას. 

ომეპრაზოლის გავლენა ორსულობასა და ლაქტაციაზე 

ვინაიდან საკითხის ირგვლის საკმარისი რაოდენობით კვლევები არ არსებობს, ომეპრაზოლის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თუ ლაქტაციის პერიოდში დედას, ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე, დაუდგა ომეპრაზოლის მიღების აუცილებლობა, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. დაუშვებელია ომეპრაზოლის გამოყენება ჩვილ ბავშვებშიც. 

როგორ მივიღოთ ომეპრაზოლი – მიღების წესი და დოზები 

როგორც ნებისმიერი ძლიერმოქმედი პრეპარატის შემთხვევაში, ომეპრაზოლის დანიშნულების მიხედვით  მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.  პრეპარატის კაფსულა ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, წყლის მიყოლებით  მიიღება. 

თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაწუხებთ, ომეპრაზოლის 20მგ (1 კაფსულა) დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ. თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, დოზის 2 კაფსულამდე გაზრდაც  არ არის გამორიცხული. 

როგორც წესი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის კურსი 4 კვირის განმავლობაში გრძელდება, ხოლო კუჭის წყლულის შემთხვევაში ეს დრო 6-8 კვირას შეადგენს.  

შედარებით მოკლე, 1-2 კვირიანი კურსი ინიშნება მაშინ, როცა გასტრიტის, ჰიპერაციდულობის (მჟავიანობის), ან გაღიზიანებული კუჭის მკურნალობა მიმდინარეობს.  

ჰელიკობაქტერიის ინფექციის შემთხვევაში დღეში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში 20-40მგ ომეპრაზოლი უნდა მიიღოთ 750მგ ამოქსიცილთან ერთად.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზა დღეში ერთხელ 60 მგ-ია. ეს დოზა შესაძლებელია დღეში 3-ჯერ 120 მგ-მდე მივიდეს. თუ თქვენ მიერ მისაღები დოზა აჭარბებს 80 მგ-ს, მიიღეთ ის დილასა და საღამოს.

რეფლუქს-ეზოფაგიტისა და წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ომეპრაზოლი 20-40 მგ-ის ოდენობით 4-8 კვირის განმავლობაში მიიღება. ამ პრობლემების მქონე ბავშვების შემთხვევაში, მკურნალობა 4-8 კვირის განმავლობაში გრძელდება:

  • 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთა წონაც 10-20კგ-ს შეადგენს, პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ 10მგ-ის, საჭიროების შემთხვევაში კი 20მგ-ის ოდენობით;
  • 2 წელსა და 20კგ-ს გადაცილებულ ბავშვებში ომეპრაზოლი დღეში ერთხელ, 20 ან 40მგ-ის ოდენობით მიიღება;
  • ხოლო, 4 წელს გადაცილებულ ბავშვებში, რომელთა წონაც 30კგ-ს აჭარბებს, თორმეტგოჯა წყლულის სამკურნალოდ, მედიკამენტი ინიშნება ანტიბიოტიკთან ერთად, დღეში ორჯერ 20მგ-ის ოდენობით.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ომეპრაზოლის რეკომენდებული დოზაა დღეში 20 მგ. მოხუცებულობის ასაკში და ღვიძლის ან თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის ინდივიდუალური კორექცია.

ომეპრაზოლის გვერდითი მოვლენები 

როგორც წესი, ომეპრაზოლს პაციენტების უმრავლესობა უპრობლემოდ იტანს. მიუხედავად ამისა, იშვიათ შემთხვევებში მაინც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ფაღარათის, გულისრევის, ყაბზობის, მეტეორიზმის, თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, უძილობის ან ძილიანობის, გამონაყარისა და ქავილის სახით. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტაც გახდეს საჭირო. 

თუ ისეთი გვერდითი მოვლენა გამოგივლინდათ, რომელიც მითითებული არ არის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ასე ეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ისე მედიცინის განვითარებას. 

ომეპრაზოლის შენახვის პირობები და დამატებითი მონაცემები 

ომეპრაზოლის შეფუთვაში მოთავსებულია 6 ბლისტერი, თითოეული 10 კაფსულით. პრეპარატი უნდა შეინახოთ 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ომეპრაზოლის ვარგისობის ვადა 2 წელს შეადგენს, მისი ამოწურვის თარიღი კი შეფუთვაზეა დატანილი. დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად გეტყვით, რომ ვარგისობის ვადაში იგულისხმება შეფუთვაზე დატანილი თვის ბოლო დღე. 

პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, გთხოვთ, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს, რომელთაც ექიმთან კონსულტაცია არ გაუვლიათ, რადგან ეს, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები თქვენის იდენტურია — თითოეული ინდივიდი, შესაძლოა, პრეპარატის განსხვავებულ დოზას საჭიროებდეს. 

იზრუნეთ გარემოზეც — ნუ გადააგდებთ ომეპრაზოლს გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

გახსოვდეთ, რომ ომეპრაზოლი ძალიან საიმედო საშუალებაა – ბოლოს და ბოლოს, ის პროტონული ტუმბოს პირველი ინჰიბიტორი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს აღმოაჩინეს და სწორედ მან შეცვალა არაერთი გასტროენტეროლოგიური დაავადების მკურნალობის ფორმა. შესაბამისად, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ თითქმის  50-წლიან წარმატებულ პრაქტიკას გამოუცხადებთ ნდობას.