ნუროფენი — ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება


ტკივილი უსიამოვნო სენსორული და ემოციური გამოცდილებაა, მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს და მისი განცდა ინდივიდუალურია ნებისმიერი ადამიანისთვის, გამომდინარე ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური ფაქტორებიდან. 

 

განსხვავებულია ტკივილის ტიპებიც, იქნება ეს მოკლევადიანი, ქრონიკული, გრძელვადიანი, მსუბუქი თუ ძლიერი. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, მიზეზის დადგენა და შესაბამისი მედიკამენტის მიღება. 

 

რისთვის გამოიყენება ნუროფენი? 

 

ერთ-ერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, ნუროფენია. ის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. შესაბამისად, თუკი გაწუხებთ თავის ან კბილის ტკივილი, ნევრალგია, ზურგისა და კუნთების ტკივილი, შაკიკი, ციებ-ცხელება გრიპისა და გაცივების დროს ან მენსტრუალური ტკივილი – ამ შემთხვევებში ტკივილის გასაყუჩებლად, სიცხის დასაწევად ან ანთების საწინააღმდეგოდ მიზნობრივ მედიკამენტებს შორის ერთ-ერთი სწორედ ნუროფენია. მისი საერთაშორისო დასახელება იბუპროფენია — ibuprofen. 

 

ნუროფენის მიღების წესი და დოზირება

 

ნუროფენი აფთიაქებში შეგხვდებათ სხვადასხვა დოზირებითა და ფორმით: ტაბლეტის ან სიროფის სახით. მაგალითად, ნუროფენი 200 მგ, ნუროფენი 400 მგ (ცნობილი, როგორც ნუროფენ ფორტე) და, აგრეთვე, ნუროფენის სუსპენზია (ცნობილი, როგორც ნუროფენის საბავშვო სიროფი).

 

ნუროფენის ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ წყალთან ერთად, ექიმის დანიშნულების მიხედვით, ასევე საჭიროებისამებრ შეგიძლიათ, 1 ტაბლეტის მიღება ყოველ 4 საათში ერთხელ (ეს ეხება ნუროფენ ფორტეს დოზირებას). გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია, 24 საათის განმავლობაში ნუროფენ 400 მგ-ის 3 ტაბლეტზე მეტის მიღება.

 

ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტის დოზირებას ასაკის მიხედვით. მაგალითად, 12-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის ნუროფენის სადღეღამისო დოზა არის 1000 მგ (თითო აბის მიღება შესაბამისი დროის ინტერვალით). მოზრდილებისთვის კი ნუროფენის სადღეღამისო დოზა 1200 მგ-ია (მაგალითად, ნუროფენ 400 მგ 3-ჯერ, შესაბამისი დროის ინტერვალით). თუკი ნუროფენის აბებს 2-3 დღის განმავლობაში იღებთ და სიმპტომები კვლავ გაწუხებთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. 

 

ნუროფენის ანოტაციას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაეცნოთ იმ შემთხვევებში, თუკი ანამნეზში გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი,  ღვიძლისა ან/და თირკმელების თანმხლები დაავადებები, ნეფროზული სინდრომი, ქრონიკული გულის უკმარობა, სისხლის დაავადებები გაურკვეველი ეტიოლოგიის, ჰიპერბილირუბინემია. ასევე, თუკი ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს. პრეპარატის მიღების უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ძირითადად, სწორედ ამ მდგომარეობებთან არის დაკავშირებული, ამიტომ იყავით ყურადღებით და კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. 

 

ნუროფენი ბავშვებისთვის 

 

3-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც გრიპი, სიცხე, თავის ან კბილის ტკივილი, აცრის შემდგომი რეაქციები, ბავშვთა ინფექციები ან სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებები აწუხებთ მაღალი სიცხით, ხელმისაწვდომია ნუროფენის სუსპენზია, იგივე საბავშვო ნუროფენი

 

მსგავსად ნუროფენის აბებისა და მოზრდილების სიმპტომატიკისა, ბავშვებისთვისაც ნუროფენის სიროფი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ასევე პრეპარატის რეკომენდება შესაძლებელია სხვა ჩვენებების დროსაც; უბრალოდ, ამ დროს დოზირება და პრეპარატის გამოყენების სქემა შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან.

 

ნუროფენის სუსპენზიის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. პირველ რიგში, ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის მისაღები დოზირების გასამარტივებლად ფლაკონს თან ახლავს დოზირებული შპრიცი 5 მლ ტევადობით (5 მლ პრეპარატი შეიცავს 100 მგ იბუპროფენს). ბავშვებისთვის ნუროფენის დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის წონასა და მიზნობრიობაზე. მაგალითად: 

 

  • 3-6 თვის ბავშვები (ბავშვის წონა 5 კგ-ზე მეტია): 2.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 150 მგ-სა დღეში;
  • 6-12 თვის ბავშვები (ბავშვის საშუალო წონა 6-10 კგ): 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 200 მგ-სა დღეში და ა.შ.;

გაითვალისწინეთ, ეს მონაცემები დაზუსტებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის იღებს ბავშვი პრეპარატს, მაგალითად, როგორც სიცხის დამწევს (ამ შემთხვევაში რეკომენდებულია არაუმეტეს 3 დღისა), როგორც ტკივილგამაყუჩებელს (არაუმეტეს 5 დღისა). ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი სიმპტომები არ სუსტდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 

პრეპარატი არ შეიცავს შაქარსა და საღებავებს, ამიტომ მისი გამოყენება იმ ბავშვებისთვისაც შეიძლება, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ.