ნერვული სისტემა — ფუნქციები, დარღვევები და მათი მკურნალობა

ნერვული სისტემა არის ბიოლოგიური სისტემა, ნერვებისა და უჯრედების რთული ქსელი. ის მთავარი მაკონტროლებელი, მარეგულირებელი და კომუნიკაციური სისტემაა ორგანიზმში. 

 

ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური (CNS) და პერიფერიული (PNS) ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან. ცენტრალური ნერვული სისტემა მოიცავს თავისა და ზურგის ტვინს, პერიფერიული კი – ნერვულ კვანძებს და მათგან გამომავალ ნერვებსა და ნერვულ წნულებს. 

 

ნერვული სისტემა გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს ორგანოების ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, მეხსიერებას, ემოციებს და ა.შ.

 

როგორია ნერვული სისტემის ფუნქცია  

 

ნერვული სისტემის მთავარი ფუნქციაა სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან ტვინში შეტყობინებების გაგზავნა და პირიქით, ტვინიდან სხეულში დაბრუნება. მისი მუშაობა ხორციელდება სიგნალის (ნერვული იმპულსის) გაცემის და მიღების გზით. სიგნალების გასაგზავნად ნერვული სისტემა იყენებს ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს).

 

არსებობს ნეირონების სამი მთავარი ჯგუფი, ესენია: მოტორული (მამოძრავებელი) ნეირონები, სენსორული (მგრძნობიარე) ნეირონები და ინტერნეირონები.

მოტორული ნეირონები ინფორმაციას ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთებისა და ჯირკვლებისკენ ატარებენ. მოტორული ნეირონები არიან დამხმარე გადაადგილებისას, სუნთქვისას, ყლაპვისას და ლაპარაკისას.

სენსორული ნეირონები ინფორმაციას იღებენ სენსორული რეცეპტორებიდან და მას ცენტრალური ნერვული სისტემისკენ ატარებენ. სენსორული ნეირონები პასუხისმგებელი არიან გრძნობათა სისტემაზე - მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება.  

ინტერნეირონები აწესრიგებენ ურთიერთქმედებას მოტორულ და სენსორულ ნეირონებს შორის. უნტერნეირონები არეგულირებენ სენსორულ ინფორმაციაზე თქვენს საპასუხო რეაქციას, მაგალითად, მოძრაობას. ასევე გავლენას ახდენენ იმაზეც, თუ როგორ სწავლობთ, ფიქრობთ და იმახსოვრებთ ინფორმაციას.

ნერვული უჯრედების მიერ გადაცემული ნერვული იმპულსები განსაზღვრავს ადამიანის სხეულის ფუნქციონირებას, მათ შორის სუნთქვას, მოძრაობას, ემოციებს, საჭმლის მონელებას და ისეთ რთულ პროცესებსაც კი, როგორებიცაა აზროვნება და მეხსიერება. გარდა ამისა, ნერვული სისტემის იმპულსები განაპირობებს დაუფიქრებელ რეაქციებსაც კი გარე გამღიზიანებლებსა და სტრესულ სიტუაციებზე, მაგალითად: გაწითლებას, ოფლიანობას, თვალის დახამხამებას და ა.შ.

 

რისგან შედგება ნერვული სისტემა? 

 

როგორც ზემოთ ვნახეთ, ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური ნერვული სისტემისგან (ცნს) და პერიფერიული ნერვული სისტემისგან. 

 

ცენტრალური ნერვული სისტემა (თავის და ზურგის ტვინი) ამუშავებს სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მიღებულ ინფორმაციას, აგზავნის საპასუხო იმპულსებს საჭირო მიმართულებით და აღძრავს სათანადო რეაქციებს. 

 

პერიფერიული ნერვული სისტემა (თავის ქალისა და ზურგის ტვინის ნერვები) შუამავალია ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და შეგრძნებების აღმქმელ რეცეპტორებს - კუნთებსა და ჯირკვლებს - შორის.

 

თავის მხრივ, პერიფერიული ნერვული სისტემა სომატური და ავტონომიური ნაწილებისგან შედგება. სომატური ნერვული სისტემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას აკავშირებს კანსა და ჩონჩხის კუნთებთან. შესაბამისად, მისი მეშვეობით ხორციელდება ნებითი მოძრაობები.

 

რაც შეეხება ავტონომიურ (ვეგეტატიურ) ნერვულ სისტემას, იგი ავტომატურად (ავტონომიურად) მუშაობს და უნებლიე მოქმედებებზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, ავტონომიური ნერვული სისტემა მართავს და არეგულირებს: სუნთქვას და გულისცემას, სხეულის ტემპერატურას, საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, ოფლის გამოყოფას, შარდვასა და დეფეკაციას და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ თავად ავტონომიური ნერვული სისტემაც ორ ნაწილად იყოფა - სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნაწილებად. როგორც წესი, სიმპათიკური ნერვული სისტემა ასტიმულირებს სხვადასხვა პროცესს ორგანიზმში, პარასიმპათიკური კი პირიქით - თრგუნავს.

 

მაგალითად, სიმპათიკური ნერვული სისტემა ადამიანის სხეულს ამზადებს სტრესული სიტუაციებისთვის, თავდაცვისთვის და გაქცევისთვის, რომლის დროსაც ხდება გულისცემის აჩქარება, სასუნთქი გზების გაფართოება, ოფლის გამოყოფა, თმის აბურძგვლა და სხვა. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა კი აკონტროლებს ადამიანის ორგანიზმში ჩვეულებრივ სიტუაციებში მიმდინარე პროცესებს. 



როდის ვითარდება ნერვული სისტემის დარღვევები და როგორია მისი სიმპტომები 

 

ნერვული სისტემის დარღვევები შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლად, ან მეორე მხრივ, წარმოიქმნას ისეთი დაავადებების ფონზე, რომლებიც ნერვების ან ტვინის დაზიანებას იწვევს. მაგალითად:

 

  • ალცჰაიმერი
  • კიბო
  • ცერებრული დამბლა
  • ეპილეფსია
  • ჰანტინგტონის დაავადება
  • ინფექცია (მენინგიტი)
  • პარკინსონის დაავადება
  • ინსულტი
  • ტვინის ტრავმული დაზიანება
  • დიაბეტი
  • პერიფერიული ნერვების დაზიანება
  • ავტონომიური ნეიროპათია
  • მრავლობითი სისტემური ატროფია
  • ზურგის ტვინის ფუნქციის მოშლა და ა.შ.

 

ნერვული სისტემის დარღვევის სიმპტომები განსხვავდება დარღვევის ტიპის მიხედვით, თუმცა სიმპტომატიკა შეიძლება მოიცავდეს:

  • მოძრაობისა და კოორდინაციის ცვლილებას
  • მეხსიერების დაკარგვას
  • ტკივილს, დაბუჟებასა და ჩხვლეტის შეგრძნებას
  • ქცევისა და გუნება-განწყობის ცვლილებებს
  • აზროვნებისა და მსჯელობის სირთულეებს
  • კრუნჩხვებს
  • კუნთების სისუსტეს ან დამბლას სხეულის ერთ მხარეს
  • თვალებისა და პირის სიმშრალეს
  • მხედველობის უეცარ დაკარგვას
  • მეტყველების ბუნდოვანებას
  • ღებინებას
  • დაბნეულობას
  • ერექციის პრობლემებს.



როგორ ხდება ამ მხრივ არსებული დარღვევების დიაგნოსტირება და მკურნალობა 

 

ნერვულის სისტემის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა ტიპის  სადიაგნოსტიკო მექანიზმი, მაგალითად:

  • გასინჯვა - პაციენტს ჯერ მწოლიარეს ან მჯდომარეს, მერე კი ფეხზე მდგომს ეზომება გულისცემა და არტერიული წნევა. გარდა ამისა, გასინჯვა მოიზრებს სინათლეზე გუგების რეაქციის შემოწმებასაც.
  • ოფლის ტესტი  - ოფლის ტესტის დროს ფეხებსა და წინამხრებზე მაგრდება ელექტროდები, რომლებიც სავსეა აცეტილქოლინით. ელექტრული იმპულსი ასტიმულირებს საოფლე ჯირკვლებს, რის შემდეგაც იზომება გამოყოფილი ოფლის რაოდენობა.
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) - არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს რენტგენის სხივებზე დაფუძნებულ კვლევას. მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით, კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი საშაუალებითაც შესაძლებელია დიაგნოსტირება იმისა, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში.
  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) - გულის ფიზიოლოგიურ თვისებათა გამოკვლევის მეთოდი, გულის მოქმედ კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გრაფიკული რეგისტრაციის გზით. ელექტროკარდიოგრაფიის საშუალებით ფასდება გულის კუნთის მდგომარეობა, შეკუმშვათა სიხშირე და რეგულარულობა.     
  • ელექტროენცეფალოგრამა (EEG) - არის თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ამსახველი ერთგვარი მოზაიკა.
  • წელის პუნქცია - პროცედურა, რომელიც გამოიყენება ცერებროსპინალური სითხის - CSF (სითხე, რომელიც იცავს თავისა და ზურგის ტვინს) ნიმუშის შესაგროვებლად. 
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) - მეთოდი, რომელიც შინაგანი ორგანოების, ორგანოთა სისტემების და რბილი ქსოვილების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება.

 

ნერვული სისტემების დარღვევების მკურნალობის მეთოდები განისაზღვრება  სიმპტომებზე დაყრდნობით. შესაბამისად, მკურნალობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. 

 

ნერვული სისტემის დარღვევების მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

 

  • მედიკამენტურ მკურნალობას
  • ქირურგიულ ჩარევას
  • თერაპიას
  • დამხმარე საშუალებების გამოყენებას და ა.შ.