რა არის ნევროლოგია? — ფაქტები და ცნობები მეცნიერების შესახებ

ნევროლოგია სამედიცინო მიმართულებაა, რომელიც ნერვულ სისტემას და მის ფუნქციურ ან ორგანულ დარღვევებს იკვლევს. ნევროლოგები იკვლევენ და მკურნალობენ თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვულ დაავადებებსა და დარღვევებს. 

ძალიან ხშირად სიტყვა “ნევროლოგია” უარყოფითი კონოტაციისა და მისი ხსენებაც კი ასოცირდება რაიმე პრობლემასთან. თუმცა, ეს ასე არ არის - ნევროლოგები არა მხოლოდ დაავადებებსა და დარღვევებს, არამედ ზოგადად ნერვული სისტემის ფუნქციონირებას სწავლობენ, იქნება ეს თავის ტვინის, მუშაობა, ზურგის ტვინის ფუნქციები თუ სხვა.

ვინ არიან ნევროლოგები?

ჩვენი ნერვული სისტემა არის ორგანიზმში ერთგვარი მმართველი ცენტრი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ - თითის გატოკებიდან ფილტვებისა და გულის მუშაობამდე. 

ნერვული სისტემა ჩვენს ორგანიზმში არსებულ სისტემებს შორის ყველაზე რთული და დახვეწილია. მისი "საქმეა" მთელი ჩვენი ორგანიზმის მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია და რეგულაცია. მაგალითად, ჩვენი კიდურები რომ ერთმანეთის საპირისპირო ქმედებას არ სჩადიან და კოორდინირებულად მოქმედებენ, სწორედ ნერვული სისტემის დამსახურებაა. მას ორი ძირითადი განყოფილება აქვს:

  • ცენტრალური - ამ ნერვული სისტემის შემადგენელი ნაწილებია თავის ტვინი და ზურგის ტვინი;
  • პერიფერიული - ყველა სხვა ელემენტი აქ ერთიანდება, იქნება ეს თვალები, ყურები, კანი თუ სხვა სენსორული რეცეპტორები.

თუკი რომელიმე ზემოთ ხსენებული სისტემა გამართულად არ მუშაობს, საქმეში ნევროლოგი ერთვება. ნევროლოგი არის ექიმი, ვინც სვამს დიაგნოზს, მკურნალობს და მართავს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის (ტვინი, ზურგის ტვინი და ნერვები) დარღვევებს. ნევროლოგმა იცის ამ სისტემის ანატომია, ფუნქცია და გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ნერვებსა და ნერვულ სისტემაზე. 

ნევროლოგი მკურნალობს ისეთ დარღვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინზე, ზურგის ტვინსა და ნერვებზე, როგორიცაა:

  • ცერებროვასკულარული დაავადება, როგორიცაა ინსულტი
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინაციური დაავადებები, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი
  • თავის ტკივილი
  • თავის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის ინფექციები
  • მოძრაობის დარღვევები, როგორიცაა პარკინსონის დაავადება
  • ნეიროდეგენერაციული დარღვევები, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი (ლუ გერიგის დაავადება)
  • კრუნჩხვითი დარღვევები, როგორიცაა ეპილეფსია
  • ზურგის ტვინის დარღვევები
  • მეტყველებისა და ენის დარღვევები

თუმცა, ნევროლოგს არ ეხება ქირურგიული ჩარევები - თუკი ექიმი ზემოხსენებულ მიმართულებებზე ქირურგიულად მუშაობას, მას ნეიროქირურგი ეწოდება.

როდის უნდა მივიდეთ ნევროლოგთან ვიზიტზე?

თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ჯანმრთელობის კონტროლი ყოველთვის შეიძლება, ამიტომაც შესაბამის სპეციალისტთან, ნევროლოგთან, კონსულტაციები ნერვული სისტემის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ცხადია, რეკომენდებულია. 

თუმცა, არის შემთხვევები, როცა ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებელია - ეს მაშინ ხდება, როცა ე.წ. ნევროლოგიური სიმპტომები ვლინდება. 

მსგავსი სიმპტომები გამოწვეულია ხოლმე რაიმე სახის დარღვევით, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე ან მის რომელიმე ნაწილზე. სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად და იმის მიხედვით, სისტემის რა ნაწილია დაზიანებული. 

ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მრავალნაირ ტკივილს, მათ შორის თავის ტკივილს და ზურგის ტკივილს. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სენსორული თუ კუნთოვანი სისტემებიც ნერვებს ემორჩილება და ჩვენი ყველა შეგრძნება თუ მოტორიკა ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუნთების სისუსტეს ან კოორდინაციის ნაკლებობას, არანორმალურ შეგრძნებებს კანში და მხედველობის, გემოს, ყნოსვისა და სმენის დარღვევას.

სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა ეჩვენოთ ნევროლოგს:

  • მეხსიერების დარღვევა, გულმავიწყობა;
  • ცნობიერების დაკარგვა/ ხშირი გულის წასვლა;
  • კრუნჩხვები;
  • გემოვნების ან სუნის აღქმის დარღვევა;
  • მხედველობის პრობლემები;
  • დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება;
  • განვითარებული სახის ასიმეტრია, სახის დეფორმაცია;
  • ვერტიგო, ყურებში შუილი (ტინიტუსი) და სმენის უეცარი დაქვეითება;
  • ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა, მხრების აჩეჩვა ან კისრის მობრუნება, ენის მოძრაობის გაძნელება;
  • კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სპაზმები;
  • წვა ან ელექტროშოკის მსგავსი ტკივილი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
  • კისრის ან ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი;
  • კოორდინაციის დარღვევა სიარულის დროს;
  • ტრემორი;
  • შენელება მოძრაობაში.

ეს ყველაფერი შეიძლება ხელს გიშლიდეთ ნორმალურად ჩაძინებასა და დასვენებაში, იწვევდეს ღელვას, აშლილობებს, აღგზნებას. სიმპტომები შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო (ფეხის გათიშვა) ან სიცოცხლისთვის საშიშიც (ინსულტი, კომა).

სიმპტომებზე დაკვირვება ეხმარება ექიმებს, დასვან სწორი დიაგნოზი. გარდა ამისა, ცხადია ტარდება სამედიცინო გამოკვლევებიც, რომლის საშუალებითაც შეიძლება აღმოაჩინონ ნერვული სისტემის დარღვევები.

ნევროლოგია და პედიატრია

ბავშვთა ნევროლოგია ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობა შეიძლება იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილებსა და მოზარდებში ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, დიაგნოსტირება, მკურნალობა და შემდგომში პრევენცია განსხვავებულად შეიძლება იმართებოდეს. ბავშვთა ნევროლოგის პაციენტები არიან ჩვილებიც, მცირეწლოვნებიცა და მოზარდებიც. 

პედიატრიული ნევროლოგი, იგივე ბავშვთა ნევროლოგი, სწორედ პატარებთან მუშაობს იმავე საკითხებზე, რაზეც ზემოთ ნევროლოგის კომპეტენციების შესახებ ვისაუბრეთ. ის სვამს დიაგნოზს, სახავს მკურნალობის კურსს და მართავს სხვადასხვა სახის დარღვევებს თავის ტვინსა თუ ნერვული სისტემის სხვა შემადგენელ ნაწილში. ბევრი სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც ბავშვთა ნევროლოგები მკურნალობენ თუ მართავენ, შეიძლება, ჰგავდეს უფროსების ნერვულ დაავადებებს. თუმცა, პატარების შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქონდეს გენეტიკურ თუ განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებთანაც.