ნატრიუმის ქლორიდი — ხსნარი ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის დასარეგულირებლად

ნატრიუმის ქლორიდი (Sodium Chloride) არის 0.9%-იანი ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება დეჰიდრატაციის, ტოქსიკური დისპეფსიის, ქოლერას, ღებინების, დიარეის, სხვადასხვა ეტიოლოგიის შოკის, დიაბეტური კომის, გაუწყლოვანებით მიმდინარე ჰიპოქლორემიისა და ჰიპონატრემიის, ნაწლავების გაუვალობის, დამწვრობების, ოპერაციის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად. 

გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი გამოიყენება ინტოქსიკაციისა და მწვავე ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც აღინიშნება დეჰიდრატაცია. 

ასევე ნატრიუმის ქლორიდს იყენებენ ჭრილობის მოსაბანად, თვალის, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად და სხვადასხვა სამკურნალო საშუალების გაზავებისა და გახსნისათვის.

ნატრიუმის ქლორიდის შედგენილობა და გამოყენების გზები 

ნატრიუმის ქლორიდი არის უფერო, გამჭვირვალე სითხე, რომლის 100 მლ ხსნარი შეიცავს 0.9 გრამ ნატრიუმის ქლორიდსა და 10 მლ-მდე საინიექციო წყალს. 

ეს ხსნარი პლაზმის შემცვლელი საშუალებაა. მას აქვს დეზინტოქსიკაციური და რეჰიდრატაციული მოქმედება. 

ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ძირითადად შეჰყავთ ვენაში (წვეთოვნად) და კანქვეშ. ამასთან, ხსნარი გამოიყენება რექტალურად და გარეგანი დამუშავებისთვისაც. 

მისი დოზა განისაზღვრება ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხის რაოდენობის მიხედვით, თუმცა ვენაში საშუალოდ შეჰყავთ 5 მლ-დან 2 ლ-მდე ხსნარი დღეში. ინტოქსიკაციებისა და დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის შემთხვევაში კი შესაძლებელია დღეში 3 ლ-მდე ხსნარის შეყვანაც. 

ვენაში შეყვანამდე ხსნარი უნდა გათბეს 36-38°C ტემპერატურამდე. როგორც წესი, შეყვანის სიჩქარე არის 540 მლ/სთ-ში, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, შეყვანის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს. 

რაც შეეხება კანქვეშ ხსნარის ინიექციას, შეიძლება შეიყვანონ 5 მლ ან მეტი ჩვენებების მიხედვით. რექტალურად კი იყენებენ 75_100 მლ  ხსნარს, ერთ შეყვანაზე.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ნატრიუმის ქლორიდის გამოყენებას? 

ნატრიუმის ქლორიდის დიდი მოცულობის შეყვანამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ქლორიდული აციდოზი და ჰიპერჰიდრატაცია, აგრეთვე,  ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა).

როდის არ არის რეკომენდებული ამ საშუალების გამოყენება? 

ნატრიუმის ქლორიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული და ახასიათებს უკუჩვენებები შემდეგი მდგომარეოებების დროს:

  • ჰიპერნატრემია;
  • აციდოზი;
  • ჰიპერქლორემია;
  • ჰიპოკალემია; 
  • უჯრედგარე ჰიპერჰიდრატაცია; 
  • ცირკულატორული დარღვევები, რომლებიც ქმნის ტვინისა და ფილტვების შეშუპების საფრთხეს; 
  • ტვინის შეშუპება; 
  • ფილტვების შეშუპება; 
  • მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა; 
  • კორტიკოსტეროიდული საშუალებებით დიდი დოზებით მკურნალობის დროს.

გარდა ამისა, მედიკამენტი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობისა (ოლიგურია, ანურია) და გულის ქრონიკული დეკომპენსირებული უკმარისობის დროს. 

შენახვის პირობები და ვადები 

ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის (წარმოებიდან 2 წელი) გასვლის შემდეგ.

ნატრიუმის ქლორიდი განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფთიაქიდან მისი გაცემა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.