
მენსტრუაცია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი პროცესია, რომელიც ყოველთვიურად ხდება და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის განახლებას გულისხმობს. ის ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც იწყება სქესობრივი მომწიფების დროს და გრძელდება მენოპაუზამდე. მენსტრუაციის გარშემო ბევრი კითხვა და მითია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანი გაგება.
მენსტრუაცია გოგონებში, როგორც წესი, იწყება 9-დან 16 წლის ასაკამდე. საშუალოდ, მენსტრუაციული ციკლის პირველი დღე, რომელიც ცნობილია როგორც მენარქე, 12-13 წლის ასაკში ხდება. ეს პროცესი დაკავშირებულია ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებთან და მიანიშნებს რეპროდუქციული სისტემის მომწიფებაზე.
მენსტრუაცია, როგორც წესი, გრძელდება მენოპაუზამდე, რომელიც დაახლოებით 45-55 წლის ასაკში დგება. მენოპაუზის პერიოდში მენსტრუაციული ციკლი ნელ-ნელა ქრება, რაც რეპროდუქციული შესაძლებლობის დასრულებას ნიშნავს. თუმცა, ეს ასაკი ინდივიდუალურია და გენეტიკური და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება განსხვავდებოდეს.
მენსტრუაციული ციკლი: რას მოიცავს ის?
მენსტრუაციული ციკლი ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებების ციკლური პროცესი გახლავთ. მისი საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა, თუმცა ნორმალურად მიიჩნევა 21-დან 35 დღემდე ხანგრძლივობაც. ის მოიცავს ოთხ ძირითად ფაზას:
- მენსტრუალური ფაზა: ეს არის ის პერიოდი, როცა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი იშლება და სისხლდენა იწყება.
- ფოლიკულური ფაზა: ამ დროს ფოლიკულების მომწიფება ხდება, ხოლო ორგანიზმი ემზადება ოვულაციისთვის.
- ოვულაცია: ეს არის კვერცხუჯრედის გამოყოფის პროცესი, რომელიც ციკლის შუა ფაზაა.
- ლუთეალური ფაზა: ოვულაციის შემდეგ სხეული ან ემზადება ორსულობისთვის ან იწყებს ახალი ციკლის მომზადებას.
მენსტრუაციული ციკლის რეგულარულობა ქალის ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორია. მენსტრუაციის გადაცდენა ან თუნდაც, მენსტრუაციის დაგვიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა პრობლემის ნიშანი.
რამდენი დღე გრძელდება მენსტრუაცია? — როგორც წესი, უშუალოდ მენსტრუალური სისხლდენის პროცესი 3-დან 7 დღემდე გრძელდება. უფრო ხანგრძლივი ან მოკლე პერიოდი შეიძლება მიუთითებდეს ჰორმონალურ დარღვევებზე ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე.
მენსტრუაციის გადაცდენა და სიმპტომები
გადაცდენა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, მკვეთრი წონის ცვლილებები ან ორსულობა. მენსტრუაციის გადაცდენის სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, ტემპერატურის ცვლილებებს, დაღლილობასა და განწყობის ცვლილებებს. ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
მენსტრუაციის დაგვიანება ხშირად მოკლე დროის ჰორმონალური დარღვევების შედეგიც შეიძლება იყოს, თუმცა, თუ ეს რეგულარულად ხდება, სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია.
პრემენსტრუალური სინდრომი, დისმენორეა და ენდომეტრიოზი
საზოგადოებაში თემის ტაბუირების გამო, მრავლადაა გავრცელებული სხვადასხვა მითი, თუ რა შეიძლება იყოს მენსტრუაციის დროს ნორმა და რას მივაქციოთ ყურადღება. საკმაოდ ხშირია მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული სინდრომები და ტკივილები, რომელთა არსებობასაც ხშირად ჩვეულებრივ თანმდევ მოვლენად აღვიქვამთ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა პრემენსტრუალური სინდრომი (PMS), რომელიც მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია ჰორმონულ ცვლილებებთან და შეიძლება მოიცავდეს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის შებერვა, გაღიზიანება, ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა, ძილის პრობლემები და მკერდის მგრძნობელობის გაზრდა. ზოგიერთი ქალი უფრო მძიმედ განიცდის ამ სიმპტომებს, რაც აფერხებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.
მეორე გავრცელებული პრობლემა არის დისმენორეა, ანუ მენსტრუაციული ტკივილი. ეს ტკივილი ჩვეულებრივ მენსტრუაციის პირველ დღეებში ჩნდება და შეიძლება იყოს მსუბუქი, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე და შემაწუხებელიც. დისმენორეა გამოწვეულია საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვით. ეს ტკივილი შეიძლება მოიცავდეს სპაზმებს მუცლის ქვედა ნაწილში, რომლებიც ზოგჯერ ზურგის ან ბარძაყის არეში ვრცელდება.
ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ენდომეტრიოზი — ქრონიკული დაავადება, რომელიც მენსტრუაციასთან დაკავშირებულ ტკივილს და სხვა გართულებებს იწვევს. ამ მდგომარეობაში საშვილოსნოს ლორწოვანი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს მენსტრუაციის დროს და ზოგჯერ უნაყოფობის მიზეზიც ხდება. ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება ხშირად რთულია და მისი მართვა საჭიროებს სპეციფიკურ სამედიცინო ჩარევას.
მენსტრუაციული ტკივილის და სინდრომების მართვა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით, თბილი კომპრესებით და რეგულარული ვარჯიშით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი არის იბუპროფენი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ან აქრობს მენსტრუალურ ტკივილს.
თუ ტკივილები ძალიან ძლიერია ან ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს, აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
ასევე, არსებობს ე.წ. ჭარბი მენსტრუაცია, რომელიც ხშირად დაკავშირებულია საშვილოსნოს პრობლემებთან, როგორიცაა მიომები ან ენდომეტრიოზი და გულისხმობს დიდი რაოდენობით სისხლის გამოყოფას საშილოსნოდან. ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის დროს ასევე შეიძლება იყოს ჰორმონალური თერაპიის ან კვებითი დეფიციტის შედეგი.
ამის საპირისპიროდ არსებობს ე.წ. შემცირებული მენსტრუაციაც, ან ჰიპომენორეა. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით, საკვების დეფიციტით ან ქრონიკული დაავადებებით. ექიმთან დროული ვიზიტი ამ პრობლემის მართვაშიც დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, მენსტრალური ციკლის შემცირება და შემდეგ გაქრობა, შეიძლება, მენოპაუზის ნიშანიც იყოს - სწორედ ამიტომ ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია.
მენსტრუაცია ორსულობის/ლაქტაციის დროს: რა უნდა იცოდეთ?
კიდევ ერთი მითი დაკავშირებულია მენსტრუაციასთან ორსულობის დროს. შეიძლება ბევრისგან მოისმინოთ კიდეც, ორსულობის დროს მენსტრუაცია მქონდაო - რაც ფიზიკურად შეუძლებელია, ორსულობა და მენსტრუაცია ერთმანეთს გამორიცხავს.
მენსტრუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, როცა ოვულაციის დროს გამოყოფილი კვერცხუჯრედი არ ნაყოფიერდება - თუკი ორსულობა დადგა, ეს ციკლიც დროებით წყდება. სწორედ ამიტომ, ორსულობა და მენსტრუაცია ერთად მეცნიერულად შეუძლებელია, არსებობდეს.
ორსულობის დროს მენსტრუაცია არ ხდება, თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა სისხლდენა შესაძლებელია ემბრიონის საშვილოსნოში მიმაგრებასთან იყოს დაკავშირებული. მენსტრუაციის მსგავსი ტკივილი ორსულობისასაც ხშირად ნორმალურია, თუმცა თუ ტკივილი ძლიერია ან დიდხანს გრძელდება, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
მშობიარობის შემდეგ, გარკვეულ პერიოდში, მენსტრუალური ციკლი აღდგება. თუმცა, მეძუძურის მენსტრუაცია ხშირად არარეგულარულია, რადგან პროლაქტინი (რძის ჰორმონი) უშლის ხელს ოვულაციას. მენსტრუაციის ძველებურად აღდგენა ინდივიდუალურია და , ამას რამდენიმე თვე ან წელიწადიც კი დასჭირდეს.
როგორ შეგვიძლია სიმპტომების მართვა და შემსუბუქება?
მენსტრუაციის დროს ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და საკმარისი დასვენება ხელს უწყობს სიმპტომების მართვას. მაგალითად, მსუბუქი ვარჯიშები, როგორიცაა იოგა, ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ.
ამ პერიოდში ქალების ემოციური მდგომარეობა შეიძლება იცვლებოდეს. მენსტრუაციის სიმპტომები შეიძლება იყოს განწყობის ცვალებადობა, სენსიტიურობა და ტკივილი, რაც ხშირად ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული. რეგულარული ფიზიკური აქტივობა და მედიტაცია სიმპტომების შემცირებაში გეხმარებათ.
ბევრი მითი უკავშირდება სქესობრივ ცხოვრებასაც — მენსტრუაციის პერიოდში სექსი უსაფრთხოა, თუ დაცულია ჰიგიენური ნორმები. ზოგი ქალი აღნიშნავს, რომ სექსი ამ დროს ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს, თუმცა ეს ინდივიდუალურია.
მენსტრუაციის მოყვანა და მისი დაჩქარება ერთ-ერთი გავრცელებული საკითხია - სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენის გამო ხშირია შეკითხვა, „როგორია მენსტრუაციის მოყვანა ნაადრევად”. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ გინეკოლოგთან გავიაროთ კონსულტაცია.
მაგალითად, ე.წ. მენსტრუაციის მოსაყვანი აბები და სპეციალური მედიკამენტები გამოიყენება ჰორმონალური დისბალანსის რეგულირებისთვის, თუმცა მათი მოხმარება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.
შესაძლოა შენიშნოთ ე.წ. მენსტრუალური კოლტები — ეს მცირე რაოდენობით ნორმალურია, თუმცა მენსტრუაცია კოლტებით, განსკაუთრებით დიდი ზომით თუ სიხშირით, არ უნდა მიმდინარეობდეს — ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
ზოგადი რჩევები კი ასე გამოიყურება:
- რეგულარულად მიმართეთ ექიმს მენსტრუაციის დარღვევების შემთხვევაში;
- გამოიყენეთ ხარისხიანი ჰიგიენური საშუალებები;
- მიაქციეთ ყურადღება კვებას, განსაკუთრებით რკინისა და ვიტამინების მიღებას;
- უზრუნველყავით საკმარისი დასვენება და ფიზიკური აქტივობა.
მენსტრუაციის რეგულარული მონიტორინგი და მისი მართვა ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტია, რაც ქალს უკეთესად ცხოვრების საშუალებას აძლევს. მენსტრუაცია მხოლოდ ციკლური მოვლენა არაა, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობის სარკეა, რომელიც ქალის ცხოვრების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account