
ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელების, ცხიმიანი, მჟავე, ცხარე ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ, ალბათ, არაერთხელ განგიცდიათ გულძმარვა ან რაიმე ტიპის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში.
ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსის ნიშნებია, რომელიც უმეტესად უვნებელია და თავისით გაივლის, თუმცა როდესაც რეფლუქსი ხშირი და ინტენსიურია მას საკმაოდ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს რეფლუქს ეზოფაგიტი ანუ საყლაპავი მილის ანთება, საყლაპავის წყლულები. ხოლო ყველაზე სახიფათო გართულებაა ბარეტის საყლაპავის განვითარება, რომელიც თავის მხრივ საყლაპავის სიმსივნის გაზრდილ რისკთან ასოცირდება.
ამასთანავე, შესაძლოა გამოვლინდეს არასაყლაპავისეული გართულებებიც, როგორებიცაა ლარინგიტი, ფარინგიტი, ქრონიკული ბრონქიტი, ასპირაციული პნევმონია, რკინადეფიციტური ანემია და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ამ დაავადების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და ხშირი და ინტექსიური რეფლუქსის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. სამკურნალო მედიკამენტების ფართო სპექტრი არსებობს, მათ შორისაა ანტაციდური პრეპარატი - მაალოქსი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ.
მოდით, უფრო მეტი გავიგოთ მაალოქსის შესახებ, რომელიც გულძმარვისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნვადი პრეპარატია. იგი წარმოდგენილია, როგორც ტაბლეტების, ასევე სუსპენზიის სახით.
რა არის და რისთვის გამოიყენება მაალოქსი?
მაალოქსი - ანტაციდური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება გულძმარვისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს, 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
მაალოქსი წარმოადგენს მაგნიუმის ჰიდროჟანგისა და ალუმინის ჰიდროჟანგის კარგად დაბალანსებულ კომბინაციას, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ მანეიტრალებელ უნარს კუჭის მჟავიანობის მიმართ და საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ეფექტს.
პრეპარატი გამოიყენება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს, როგორც მაადსორბირებელი, შემომგარსველი და ანტაციდური საშუალება. იგი რამდენიმე საათით ხსნის ტკივილს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებში და რაც მთავარია, არ იწვევს შეკრულობას.
როგორია პრეპარატის დოზირება და მიღების წესი
მაალოქსის ტაბლეტები უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან 20-60 წუთის შემდეგ და ძილის წინ, რეკომენდებული დოზაა - 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში 4-ჯერ. ტაბლეტი უნდა გაწოვით ან კარგად დაღეჭოთ, შეგიძლიათ მიაყოლოთ წყალი ან რძე.
არ გადააჭარბოთ პრეპარატის მითითებულ მაქსიმალურ დოზას.
მაალოქსის სუსპენზია ჩვეულებრივ მიიღება საკვების მიღებიდან 1-1,5 სთ-ში ან ტკივილის დროს. რეკომენდებული დოზაა - 15 მლ (1 პაკეტი). პაკეტის შემადგენლობა უნდა მიიღოთ წყალში გაუხსნელად. გამოყენების წინ საჭიროა პაკეტის ხელით დაარბილოთ.
საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება შეგიძლიათ წინა მიღებიდან 2 საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 მიღებისა დღეში.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
თუ სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის შემდეგაც შენარჩუნდა ან მდგომარეობა გაუარესდა, უნდა იქნას დადგენილი ამ სიმპტომების მიზეზი და დაინიშნოს ახალი მკურნალობა.
დაიმახსოვრეთ, პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ 15 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად!
რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?
თუ მკურნალობისას პრეპარატის რეკომენდებულ დოზას გადააჭარბეთ, შესაძლოა აღინიშნოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა:
- არტერიული წნევის დაქვეითება;
- ღებინება, გულისრევა;
- დიარეა, ტკივილი მუცლის არეში;
- ძილიანობა, რეფლექსების დაქვეითება, კუნთების მოდუნება, ნერვ-კუნთოვანი დამბლა;
- ბრადიკარდია, ეკგ მაჩვენებლების ცვლილებები;
- ანურიული სინდრომი.
ყველაზე მძიმე შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დამბლა, კომა, თირკმლის ან გულის ფუნქციის დარღვევა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური - უნდა ჩატარდეს სითხის დაკარგვის აღდგენისა (რეჰიდრატაცია) და ფორსირებული დიურეზის საშუალებით; თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კი საჭიროა ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება.
ვისთვის არ შეიძლება მაალოქსის მიღება?
მაალოქსის ტაბლეტები და სუსპენზია უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც:
- აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში;
- კახექსიურ ადამიანებში;
- 15 წლამდე ბავშვებში.
- ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის ან საქაროზა-იზომალტაზის დეფიციტის შემთხვევაში.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებმა; პორფირიის მქონე პაციენტებმა, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი; ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა. ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატმა გამოიწვიოს ძვალ-სახსროვანი დაავადებების, ალცგეიმერის დაავადების გამწვავება.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის მიღებას?
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, მაალოქსსაც გააჩნია გარკვეული გვერდითი მოქმედებები - ზოგიერთი მათგანი ძალიან ხშირად, ზოგი კი იშვიათად გამოვლინდეს, ესენია:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ (სიხშირე უცნობია): კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (არც ისე ხშირი): ფაღარათი, ყაბზობა, მეტაბოლიზმისა და საჭმლის მონელების დარღვევა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები (სიხშირე უცნობია): ჰიპერმაგნიემია, ჰიპერალუმინემია, ჰიპოფოსფატემია (ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში).
ნებისმიერი ზემო ჩამოვლილი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს.
როგორ ურთიერთქმედებს პრეპარატი სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პერორალური ტეტრაციკლინებით თერაპიის დროს საჭიროა მაალოქსის გამოყენებისგან თავის შეკავება, რადგან ალუმინისა და მაგნიუმის მარილები ამცირებს ტეტრაციკლინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პრეპარატ ქინიდინისა და მაალოქსის ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია შრატში ქინიდინის კონცენტრაციის მომატება და ქინიდინის დოზის გადაჭარბების განვითარება.
მაალოქსისა და პოლისტიროლსულფონატის ეთრდოულად მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა კალიუმის ფისთან შეკავშირების ეფექტურობის შემცირების და მეტაბოლური ალკალოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა და ნაწლავის ობსტრუქცია.
გარდა ამისა, მაალოქსს შეუძლია შეამციროს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია, როგორებიცაა: H2-ანტიჰისტამინური საშუალებები, ცეფდინირი, ცეფლოდოქსინი, ატენოლოლი, ციკლინები, ტეტრაციკლინები, ქლოროქინი, დიფლუნიზალი, დიგოქსინი, ბიფოსფონატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი), ეტამბუტოლი, ფტორის შემცველი ნატრიუმი, ფტორქინოლონები, ინდომეტაცინი, იზონიაზიდი (პერორალური), კეტოკონაზოლი, ლევოთიროქსინი, ლინკოზამიდები, მეტოპროლოლი, პენიცილამინი, პროპრანოლოლი, როზუვასტატინი, ფენოთიაზინური ნეიროლეფსიური საშუალებები, რკინის მარილები.
ამ პრეპარატებისა და მაალოქსის ტაბლეტების მიღებას შორის თუ დაიცავთ 2-4-საათიან ინტერვალს უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია არასასურველი ურთიერთქმედების თავიდან აცილება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account