კოლედანი —  ეფექტიანი პრეპარატი  D ვიტამინის დეფიციტის დროს

ოცდამეერთე საუკუნეში ერთ-ერთი  ყველაზე  გავრცელებული  პრობლემა D ვიტამინის  დეფიციტია, არსებული გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე  სხვადასხვა  მნიშვნელოვანი მიკრო და  მაკრო ელემენტების, მათ შორის D ვიტამინის, სიმრავლე მკვეთრად შემცირდა.  

ცხიმში ხსნადი ვიტამინი ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებაში და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე.  

არსებობს D ვიტამინის ორი ფორმა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), რომელიც წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი), რომელიც ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა სახეობის საკვების დახმარებით.

D ვიტამინი, რომელსაც ჩვენ მზის ვიტამინს ვუწოდებთ არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციას. ასევე, იგი აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისთვის, რაც ხელს  უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. 

D ვიტამინის მიღება შესაძლებელია როგორც  ბუნებრივი, ისე  მედიკამენტური  საშუალებით. მისი  დეფიციტის ფართო გავრცელებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ისეთი პრეპარატების დამზადება, რომელთა მიღებაც დანამატების სახით იქნებოდა შესაძლებელი, ამიტომ დღესდღეობით D ვიტამინის დონის შესავსებად შექმნილია რამდენიმე საშუალება, რომელთა  შორის ძალზე  პოპულარულია კოლედანი.

კოლედანი სააფთიაქო ქსელებში წვეთებისა და ტაბლეტის სახით არის წარმოდგენილი და ისინი D ვიტამინის დეფიციტისა და პროფილაქტიკის დროს გამოიყენება.  ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ კოლედანის  ორი ფორმა: 

რა ჩვენებების დროს ინიშნება კოლედანი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაციენტები აქტიურად მოიხმარენ კოლედანის ტაბლეტებს და წვეთებს. მოდით, უკეთ გავერკვეთ პრეპარატის ორივე ფორმის თვისებებში:

კოლედანის ტაბლეტები საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებაა, რომლის აქტიური ნივთიერება ქოლეკალციფეროლია. კოლედანის ტაბლეტები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება ცხიმების გადამუშავებას. იგი ხელს უწყობს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას.

D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, ბავშვებში, რომლებიც იმყოფებიან მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტაზე. დღენაკლულ  ახალშობილებში, ჩვილებში, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე კალციუმის დანამატების გარეშე. ხოლო, მოზრდილებში D ვიტამინის იშვიათი დეფიციტის მიზეზებს შორის შეიძლება იყოს:

 

  • ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა;
  • საჭმლის მონელების დარღვევები;
  • ღვიძლის ციროზი;
  • თირკმლის უკმარისობა.

 

კოლედანის ტაბლეტები ჩვენს ორგანიზმში  მოქმედებს შემდეგნაირად: ქოლეკალციფეროლი სინთეზირდება კანში ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით. იგი ჯერ ღვიძლში და შემდეგ თირკმელებში გარდაიქმნება მის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. 

 

 გარდა ამისა, პარათირეოიდულ ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის და ფოსფატის ბალანსის რეგულაციაში. ვიტამინი D3, იგივე ქოლეკალციფეროლი ასტიმულირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, ოსტეოიდში და უზრუნველყოფს კალციუმის გამოთავისუფლებას ძვლოვანი ქსოვილიდან. 

 

კოლედანი წვეთები — D ვიტამინის დეფიციტის  პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. კოლედანის წვეთები კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატია, მისი აქტიური ნივთიერება ქოლეკალციფეროლია,  რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს პრეპარატის მოქმედების მექანიზმში.

კოლედანის წვეთები გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:

 

  • მალაბსორბცია;
  • წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
  • ღვიძლის ბილიარული ციროზი;
  • კუჭის ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა;
  • რაქიტი და რაქიტის მსგავსი დაავადებები;
  • ჰიპოკალცემიური ტეტანია;
  • ოსტეომალაცია;
  • მეტაბოლური ოსტეოპათიები.

 

 

ჩვეულებრივ,  ვიტამინ D-ს  უმთავრესი ფუნქცია კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რითაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და მის ზრდას. ვიტამინი D3 წარმოადგენს ვიტამინ D-ს ბუნებრივ ფორმას, რომელიც ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. კოლედანის წვეთების მთავარი შემადგენელი ნივთიერება — ქოლეკალციფეროლი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების შეწოვაში. იგი თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას არეგულირებს. ასევე,  სისხლში კალციუმის იონები  უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს და ხელს უწყობს ნერვულ აგზნებას.  

როგორია პრეპარატ კოლედანის დოზირება

 

პრეპარატის დოზა ინიშნება ექიმის მიერ როგორც სამკურნალო, ისე საპროფილაქტიკო გამოყენებისთვის.  

ტაბლეტების შემთხვევაში დოზირება ამგვარია:

 

  • ჩვეულებრივ, საპროფილაქტიკო დოზის სახით D ვიტამინის 500-1000 სე

დღე-ღამეში;

  • სამკურნალო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 5000-6000სე

დღე-ღამეში;

  • ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში - D ვიტამინის 1000 სე(0, 025 მგ) დღე-ღამეში;

კოლედანის სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა აუცილებელია, განისაზღვროს სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით.

წვეთების შემთხვევაში:

 

პროფილაქტიკური დოზები შემდეგნაირია

 

  • ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე პრეპარატი ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დოზით  დღე-ღამეში. 
  • დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში. 
  • ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში. 
  • ორსულებს ყოველდღიურად უნიშნავენ 500 სე (1 წვეთი) დღე-ღამეში მთელი ორსულობის პერიოდში ან 1000 სე (2 წვეთი) დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან. 

 

რაქიტის მკურნალობისთვის კოლედანის  წვეთების დოზირება დამოკიდებულია ადამიანის  ასაკსა და დაავადების სიმძიმეზე. პრეპარატის დოზას განსაზღვრავს ექიმი, პაციენტის საჭიროების შესაბამისად.  

 

რაქიტის დროს პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზებით:

 

  • ყოველდღიურად 2000-5000 სე (4-10 წვეთი) დღე-ღამეში 4-6 კვირის განმავლობაში, რაქიტის სიმძიმის ხარისხიდან (I, II ან III) და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე.
  • საწყისი დოზა არის  2000 სე (4 წვეთი) დღე-ღამეში 3-5 დღის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო 3000 სე (6 წვეთი)დოზამდე.
  • მხოლოდ გამოხატული ძვლოვანი ცვლილებებისას ინიშნება 5000 სე (10 წვეთი) დღე-ღამეში;
  • რაქიტის მსგავსი დაავადებების მკურნალობისთვის  ინიშნება 20000-30000 (40-60 წვეთი) დღე-ღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას.
  • პოსტმენოპაუზის ასაკის ოსტეოპოროზის მკურნალობისას ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 

 

როგორ ვლინდება  პრეპარატის გვერდითი ეფექტები

 

როგორც ყველა პრეპარატის  შემთხვევაში, კოლედანის მიღების დროსაც  შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები. ძირითადად, ეს ინდივიდუალურია და შესაძლოა წარმოჩინდეს სხვადასხვა  სახით: 

 

კოლედანის ტაბლეტების მიღების შემდეგ პაციენტს  შეიძლება აღენიშნებოდეს : დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები გამონაყარის და ქავილის სახით. 

 

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნაღვლის კენჭები (ქოლელითიაზი), ტკივილი ან

დისკომფორტი შეიძლება სიმპტომები გამძაფრდეს ნაღვლის აქტიური მოტივაციის გამო. იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თუმცა, ეს უფრო სერიოზული ან ქრონიკული დაავადებების დროს არის შესაძლებელი.

 

კოლდეანის წვეთების შემთხვევაში:   

 

ექიმის მიერ დანიშნული წვეთების საჭირო დოზის მიღებას არანაირი გვერდითი ეფექტი არ ახლავს თან. მიუხედავად ამისა, ინდივიდუალურ შემთხვევებში, კოლედანის წვეთებმაც  შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სახის გვერდითი მოვლენები, მაგალითად: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, შეკრულობა, პირის სიმშრალე, სისუსტე, ფსიქიკური დარღვევები. ასევე, პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს წონის კლება, ძილის დარღვევა და ტემპერატურის მომატება, შარდში ცილის, ლეიკოციტების, კალციუმის დონის მომატება. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების, სისხლძარღვების და ფილტვების კალცინოზი. 

 

პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. კოლედანის წვეთების გამოყენების დაწყებამდე საჭიროა ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები და ექიმის დანიშნულებით მიიღოთ იგი. გარკვეული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები. 

 

კოლედანი ორსულობის და  ლაქტაციის დროს

ორსულებმა უმჯობესია პრეპარატი გამოიყენონ  მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან D ვიტამინის დეფიციტი დიდ გავლენას ახდენს მათ ნაყოფზე. აუცილებელია, პაციენტმა ექიმის მიერ დანიშნული დოზები სწორად მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს დოზის გადაჭარბების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები. მაგალითად, პრეპარატის  მაღალი დოზით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რომელსაც არახელსაყრელი გავლენა აქვს ნაყოფის განვითარებაზე, იგი არღვევს ნაყოფის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებას, აორტის სტენოზს და რეტინოპათიას.

რაც შეეხება ლაქტაციის დროს ტაბლეტების გამოყენებას, D ვიტამინის მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. თუმცა,ლაქტაციის პერიოდში არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, რომ პრეპარატის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ყოფილიყო  საჭირო.

აღსანიშნია, რომ D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციასა და ფერტილურობაზე ჯერ არ არის სრულად გამოკვლეული. თუმცა, კვლევებში რაიმე კონკრეტული ეფექტი არ გამოვლენილა. 

კოლდეანის ტაბლეტების მსგავსად ორსულობისას მაღალი დოზების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, კოლედანის წვეთების შემთხვევაშიც. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს  ტერატოგენული მოქმედება. 


თავის მხრივ, კოლედანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში, რადგან მეძუძურ დედებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ბავშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა.

კოლედანის ტაბლეტების  ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

აუცილებელია გამოვყოთ სამკურნალო საშუალებები, რომელთან ერთადაც D ვიტამინის მიღება ამცირებს მათ სასიკეთო ქმედებას და უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე.  ქვემოთ,  განვიხილოთ ყველა მათგანი :                                                                                  

  • ფენიტოინი და ბარბიტურატები — აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება ამცირებს D ვიტამინის კონცენტრაციას პლაზმაში და ზრდის მის მეტაბოლიზმს;                                                                                                        
  • თიაზიდური შარდმდენები — იწვევს ჰიპერკალციემიას, რაც დაკავშირებულია კალციუმის გამოყოფის შემცირებასთან თირკმელებით;                                                            
  • გლუკოკორტიკოიდები — ამ მედიკამენტებთან ერთად  კოლედანის გამოყენება ამცირებს  D ვიტამინის ეფექტურობას;                                                                     
  • საგულე გლიკოზიდები — D ვიტამინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საგულე გლიკოზიდების, არითმიების განვითარება. საჭიროა კალციუმის დონის და ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) რეგულარული მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში - დიგოქსინის ან დიგიტოქსინის დონე პლაზმაში;                         
  • D ვიტამინის მეტაბოლიტები ან კალციტრიოლი —მათი ერთდროული მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თანაც საჭიროა სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის მუდმივი კონტროლი;      
  •  რიფამპიცინი და იზონიაზიდი — ეს  პრეპარატები ზრდის D ვიტამინის მეტაბოლიზმს და ამცირებს მის ეფექტურობას.  

რაც შეეხება კოლედანის წვეთების ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებთან, იგი  ამგვარია: კოლედანის გამოყენება ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად არ არის ხელსაყრელი — მაგ: რიფამპიცინთან და კოლესტირამინთან ერთად  ქოლეკალციფეროლის აბსორბცია მცირდება.

ამას გარდა, კოლედანისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთად გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი. ხოლო, მისი საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს მათი ტოქსიკური მოქმედება, მაგალითად გაიზარდოს გულის რითმის დარღვევების რისკი და სხვა.

ამრიგად, კოლედანის ტაბლეტებისა  და წვეთების მიღება სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, რეკომენდებულია მისი გამოყენება დაიწყოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რათა დადებითი შედეგი მაქსიმალურად სწრაფად დადგეს და ნაკლები ენერგია დახარჯვით მიიღოთ.