კოკლავი — ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატი

ინფექციური და ანთებითი დაავადებები, რომლებიც ხშირად თავს გვახსენებენ სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო სისტემის, კანის, რბილი ქსოვილებისა და სხვა ორგანო-ჯგუფების ინფექციების სახით, შეიძლება სერიოზულ პრობლემებად იქცეს, თუ მათ დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას. 

 

ეს დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, ხშირად სწრაფად პროგრესირებს და მძიმე გართულებების მიზეზი ხდება. დროული და სწორი მკურნალობის გარეშე, ამ დაავადებებმა შეიძლება დააზიანოს არა მარტო ორგანოები, სადაც ინფექცია უშუალოდ ვითარდება, არამედ გამოიწვიოს მთლიანი ორგანიზმის სერიოზული დარღვევები, რომელთა გამოსწორება ხანგრძლივ და რთულ პროცესად გადაიქცევა.

 

ამგვარი დაავადებების მართვა მოითხოვს გამორჩეულ ყურადღებას და სწორ მკურნალობას. ამ საკითხზე საუბრისას უნდა ვახსენოთ პრეპარატი კოკლავი, რომელიც შექმნილია სხვადასხვა ინფექციური და ანთებითი პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

რა არის კოკლავი და როგორ მოქმედებს? 

კოკლავი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული პრეპარატიაანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის ინფექციის სამკურნალოდ. მისი უნიკალური ფორმულა აერთიანებს ამოქსიცილინს, ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს და კლავულანის მჟავას, რაც საშუალებას აძლევს პრეპარატს, ეფექტიანად ებრძოლოს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით ბაქტერიებს. 

 

ამოქსიცილინი, როგორც ანტიბიოტიკი, მოქმედებს პირდაპირ ბაქტერიების უჯრედის კედელზე, რაც ხელს უშლის მათ ზრდასა და გამრავლებას. თუმცა, ბევრ ბაქტერიას გააჩნია მექანიზმი, რომლითაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა ამ ტიპის ანტიბიოტიკების მიმართ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლავულანის მჟავა, რომელიც იცავს ამოქსიცილინს ბაქტერიებისგან და აძლიერებს მის მოქმედებას. 

 

კოკლავი აქტიურად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და სწრაფად აღწევს სხვადასხვა ორგანოებში, ქსოვილებსა და სითხეებში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ შედეგს. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების, კანის, რბილი ქსოვილების, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების ინფექციების დროს. მისი დალევა რეკომენდებულია ჭამამდე, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაქსიმალურ ეფექტიანობას. 

 

ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ორგანიზმში სწრაფად აღწევს თერაპიული კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს ინფექციების განეიტრალებას. მისი ძირითადი კომპონენტები, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, ნაწილობრივ აკავშირებენ პლაზმის ცილებს და შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, გამოიდევნებიან შარდთან ერთად. 

 

კოკლავი არის ის საშუალება, რომელიც არამხოლოდ მკურნალობისთვის არის განკუთვნილი, არამედ მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ინფექციების პროფილაქტიკას. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ინფექციების განვითარების მაღალი რისკი ან უკვე გამოხატული ინფექციები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ მკურნალობას. 

 

კოკლავი წარმოადგენს მედიცინისა და მეცნიერების მოწინავე მიღწევას, რომელიც ეხმარება პაციენტებს სწრაფად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას.

რისთვის გამოიყენება კოკლავი 

კოკლავი გამოიყენება ფართო სპექტრის ინფექციური და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. ეს პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტიანია სასუნთქი გზების, ყელ-ყურ-ცხვირის, შარდ-სასქესო სისტემის, კანის, რბილი ქსოვილების და საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციების მკურნალობისთვის.

 

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ბრონქიტი, ტონზილიტი, სინუსიტი და ფილტვის დაავადებები, შეიძლება სერიოზულ გართულებებად გადაიქცეს, თუ მათ დროულად არ უმკურნალებთ. Კოკლავი ებრძვის ამ დაავადებებს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

 

შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, როგორიცაა ცისტიტი, ურეთრიტი და პიელონეფრიტი, ასევე ექვემდებარება ამ მედიკამენტით მკურნალობას. პრეპარატი ხელს უწყობს დაავადებების სწრაფ და ეფექტურ განკურნებას.

 

კოკლავს ასევე იღებენ კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, მათ შორის ფლეგმონისა და ინფიცირებული ჭრილობების, სამკურნალოდ. მისი მოქმედება მიმართულია ინფექციის მიზეზის განეიტრალებაზე და ანთების შემსუბუქებაზე.

 

გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა ორგანოების პოსტოპერაციული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. 

 

საბოლოო ჯამში, კოკლავი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ პრეპარატს.

კოკლავის მიღების წესები და დოზირება 

პრეპარატის დოზირება და მიღების წესი განსხვავდება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციის და ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მისი დალევა რეკომენდებულია ჭამამდე, რათა შემცირდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის გვერდითი მოვლენების რისკი.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ბავშვები 

 

მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებს, რომელთა წონაც 40 კილოგრამზე მეტია, პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგნაირად:

  • 875 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა - 1 ტაბლეტი, 2-ჯერ დღე-ღამეში;
  • 500 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა - 1 ტაბლეტი, 3-ჯერ დღე-ღამეში.

კოკლავი საბავშვო გამოყენებისთვის 

12 წლამდე ბავშვებში დოზირება მკაცრად იცვლება მათი ასაკისა და წონის მიხედვით. მცირე ასაკის პაციენტებში, პრეპარატი ინიშნება მცირე დოზებით, ორჯერ ან სამჯერ დღეში, რათა უზრუნველყოფილ იქნას საჭირო თერაპიული ეფექტი და უსაფრთხოება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები 

რაც შეეხება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს, მათთვის დოზირება სპეციალურად კორექტირდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს მათი თირკმლები. პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია, სჭირდებათ პრეპარატის უფრო დაბალი დოზები, რათა არ მოხდეს მისი ზედმეტი დაგროვება ორგანიზმში.

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები 

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის დოზა განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

  • მოზრდილები: 500 მგ / 125 მგ - 1 ტაბლეტი, ყოველ 24 საათში. დამატებით, ერთი დოზა ინიშნება დიალიზის პროცედურის წინ და კიდევ ერთი დოზა დიალიზის შემდეგ.
  • ბავშვები: 15 მგ (ამოქსიცილინი) + 3.75 მგ (კლავულანის მჟავა)/კგ, ერთხელ, დიალიზის წინ და შემდეგ.

 

ასაკოვანი პაციენტები იღებენ პრეპარატს მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზებით, რადგან ასაკი დოზირების კორექციის საჭიროებას არ იწვევს.

 

მკურნალობა კოკლავით არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ არ არის ჩატარებული პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შემოწმება და შეფასება. 


საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საფეხურებრივი თერაპია, რაც გულისხმობს მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ინტრავენურად შეყვანას და შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლას. 

 

შენიშვნა: პრეპარატის მიღების წესი და დოზირება ყოველთვის უნდა შეირჩეს ექიმის რეკომენდაციით და შესაბამისი სამედიცინო შეფასების საფუძველზე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები 

კოკლავის მიღებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება და უმეტესწილად, მსუბუქი ხასიათისაა. თუმცა, როგორც ყველა მედიკამენტს, მასაც შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული რეაქციები.

 

ალერგიული რეაქციების მხრივ, შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და იშვიათად ანაფილაქსიური შოკი. ასევე, არსებობს მცირე რისკი ინტერსტიციალური ნეფრიტის განვითარებისა.

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, კოკლავმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, გულისრევა, ღებინება და საჭმლის მონელების დარღვევა. უფრო იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე და ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტის განვითარება. 

 

კანდიდოზის (სოკოვანი ინფექციის) განვითარებაც იშვიათი, მაგრამ შესაძლო გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე.

 

სისხლმბადი სისტემის მხრივ, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და თრომბოციტოპენია. ამასთან, სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება ასევე იშვიათი, მაგრამ შესაძლო გვერდითი მოვლენაა.

 

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მედიკამენტმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულყრები. ეს უფრო მეტად იმ პაციენტებში ხდება, რომლებიც თირკმლის ფუნქციის დარღვევით იტანჯებიან ან მიიღებენ მედიკამენტის მაღალ დოზას.

 

კოკლავის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატმა მათში გამოიწვია სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კოკლავი რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, გარდა უკიდურესი საჭიროების შემთხვევებისა. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.

 

კოკლავის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის რჩევების გათვალისწინება და გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კონსულტაცია სპეციალისტთან.

რა უნდა ვიცოდეთ კოკლავის გამოყენებამდე 

კოკლავის გამოყენებამდე საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს პენიცილინის, ცეფალოსპორინებისა და სხვა ალერგენების მიმართ მგრძნობელობის ტესტირება. თუ პრეპარატის მიღებისას განვითარდება ალერგიული რეაქცია, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. 

 

ამ პრეპარატს ზოგადად ახასიათებს კარგი ტოლერანტობა და დაბალი ტოქსიკურობა, თუმცა, ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და ჰემოპოეზის (სისხლის წარმოქმნის პროცესის) კონტროლი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს რეზისტენტული ბაქტერიული შტამები, რაც დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს.

 

კოკლავის დანიშვნისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე, ხოლო თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, დოზირება უნდა იქნას მორგებული თირკმლის უკმარისობის სიმძიმეზე. ასევე, პრეპარატი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს, რაც ნაწლავური მიკროფლორის ცვლილების გამო ვიტამინ K-ს სინთეზის შემცირებასა და პროთრომბინის ინდექსის დაქვეითებას იწვევს. ამიტომ, კოკლავის და ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

 

დიურეზული საშუალებები, ფენილბუტაზონი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ამცირებენ ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას და შესაბამისად, ზრდიან მის კონცენტრაციას სისხლში, რაც არ არის რეკომენდებული. ამავე დროს, აღნიშნული პრეპარატები გავლენას არ ახდენენ თირკმლის მიერ კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.

 

ასევე, კოკლავის და ალოპურინოლის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობას.

 

რაც შეეხება კოკლავის გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე, ამ კუთხით ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

 

პრეპარატის ჭარბი დოზირება იშვიათად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ამოქსიცილინური კრისტალურიის განვითარება. ასეთ შემთხვევებში ტარდება სიმპტომური თერაპია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსადევნად გამოიყენება ჰემოდიალიზი.

 

კოკლავი ინახება 25°C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, მისი ვარგისიანობის ვადა კი 3 წელს შეადგენს. პრეპარატი გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტის მიხედვით.